BBC: ბილ და ჰილარი კლინტონები ეპშტეინთან კავშირის შესახებ კონგრესისთვის ჩვენების მიცემას დასთანხმდნენ. უარის შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის საქმე ემუქრებოდათ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე ჰილარი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემას დასთანხმდნენ. აღნიშნული ორგანო, რომელსაც რესპუბლიკელები ხელმძღვანელობენ, პედოფილი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის გავლენიან ფიგურებთან კავშირებს იძიებს.
რა მოხდა?
ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მილიონობით დოკუმენტში კლინტონი არაერთხელ არის ნახსენები, მათ შორის, გამოქვეყნდა ყოფილი პრეზიდენტის ფოტოები ზემოთ ხსენებულ ფინანსისტთან ერთად. თუმცა ეპშტეინის არცერთ მსხვერპლს არასდროს წაუყენებია ბრალდება ყოფილი პრეზიდენტის ან მისი მეუღლის წინააღმდეგ, თავად კლინტონები კი აცხადებენ, რომ აწ გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ არაფერი იცოდნენ. ბილ კლინტონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი იქ მოვლენ“. უკანასკნელად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის კონგრესის კომიტეტის წინაშე ჩვენება 1983 წელს, ჯერალდ ფორდმა მისცა. წარმომადგენელთა პალატა, რომელიც ძირითადად რესპუბლიკელებით არის დაკომპლექტებული, აპირებდა კენჭისყრის ჩატარებას იმის თაობაზე, წაეყენებინათ თუ არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდება კლინტონებისთვის, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში გამოცხადებაზე უარის თქმის გამო.
აშშ-ის კონგრესს უფლება აქვს დააკავოს ის ადამიანები, რომლებიც ჩვენების მიცემაზე ან მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენაზე უარს ამბობენ. კონგრესს ასევე შეუძლია მოითხოვოს იუსტიციის დეპარტამენტისგან, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც სასამართლოს უპატივცემულობაში არიან ბრალდებულნი. გარდა ამისა, კონგრესს უფლება აქვს, სასამართლოსგან მოითხოვოს იმ გადაყვეტილების მიღება, რაც შესაბამის პირს კანონმდებლების მიერ გაცემული უწყების შესრულებას დაავალდებულებს. კონგრესის უპატივცემულობა არის დანაშაული, რაც 100 000 აშშ დოლარამდე ჯარიმითა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს კომერმა განაცხადა, რომ კლინტონები, დაახლოებით, ხუთი თვის წინ დაიბარეს სასამართლოში, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ. ამის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების გადაწყვეტილებას, რასაც რამდენიმე დემოკრატმა დეპუტატმაც დაუჭირა მხარი.
რას ამბობენ კლინტონები?
კლინტონების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათზე გაცემული უწყებების შესრულება შეუძლებელი იყო და განმარტეს, რომ წყვილმა ეპშტეინის შესახებ მათ ხელთ არსებული „შეზღუდული ინფორმაცია“ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიაწოდა. კლინტონები ამტკიცებდნენ, რომ მათ გადაწყვიტეს კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი ეთქვათ, რადგან აღნიშნული პროცესი აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. „ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ოპონენტების შერცხვენის მცდელობა პრეზიდენტ ტრამპის დავალებით“, - განაცხადეს ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა. ორშაბათს, ბილ კლინტონის პრესსპიკერმა, ანხელ ურენიამ განაცხადა, რომ წყვილი კონგრესის მოსმენებზე გამოცხადდებოდა. „ისინი კეთილსინდისიერად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, თქვენ კი - არა“, - მისწერა მან ზედამხედველობის კომიტეტს. „მათ ყველაფერი გითხრეს, რაც იცოდნენ, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. ისინი ელოდებიან შესაძლებლობას, შექმნან პრეცედენტი, რომელიც ყველაზე იმოქმედებს“, - დასძინა მან.
კლინტონისა და ეპშტეინის ფოტოები სხვადასხვა დროს, 1990-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდეა გადაღებული. ეს ის პერიოდია, სანამ ეპშტეინს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დააპატიმრებდნენ. ერთ ფოტოზე ყოფილი პრეზიდენტი ეპშტეინის ვილაში, აუზშია გადაღებული, მეორე ფოტოზე კი აბაზანაში წევს. კლინტონის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მან ეპშტეინთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მანამ, სანამ მისი დანაშაულებრივი ქმედებები გამჟღავნდებოდა. ისინი ასევე აღიარებენ, რომ ბილ კლინტონმა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით ოთხჯერ იფრინა 2002 და 2003 წლებში, ამასთანავე, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ფინანსისტს ნიუ-იორკში 2002 წელს შეხვდა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ის მილიონერის ნიუ-იორკში, მის კერძო ბინაში სტუმრობდა. ამერიკული მედიის ცნობით, კლინტონი ეპშტეინის თვითმფრინავით გაცილებით ხშირად დაფრინავდა. კერძოდ, მსგავს ფაქტს 20-ზე მეტჯერ ჰქონდა ადგილი და ზოგჯერ ამ ვოიაჟებში არ მონაწილეობდნენ საიდუმლო სამსახურის აგენტები, რომლებიც კლინტონს, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, დაცვის რანგში დაყვებოდნენ.


