27 იანვარი 2026 - 13:54

ჩინური ინვესტიციები ცენტრალური აზიის ქვეყნებში: რისკი მეტია თუ სარგებელი?

2016 წლიდან ჩინეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში  ინვესტიცია თითქმის გააორმაგა. ამასობაში, უზბეკეთმა რეკორდული ზრდა აჩვენა და ჩინური კაპიტალის შემოდინების მამოძრავებელი ძალა გახდა. 

რა ხდება?

ცენტრალურ აზიაში პირდაპირი ჩინური ინვესტიციები 2016 წელს დაფიქსირებული 19.6 მილიარდი დოლარიდან 2025 წლის შუა პერიოდისთვის 35.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ინვესტიციების დაახლოებით 90% სამ ქვეყანაშია თავმოყრილი: ყაზახეთი (32%), უზბეკეთი (30%) და თურქმენეთი (27%). ინვესტიციები ძირითადად ნედლეულის სექტორშია, რაც 46%-ს შეადგენს. თუმცა იზრდება მრეწველობისა და ენერგეტიკის წილი, რაც უკვე რეგიონში ჩინეთის ინვესტიციების მესამედზე მეტს შეადგენს. ეს მონაცემები წარმოდგენილია ევრაზიის განვითარების ბანკის ანგარიშში „ჩინეთი და ევრაზიის რეგიონი: საინვესტიციო ნაკადების ანალიზი“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. 

ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს მიმღებად რჩება. შესაბამისი მაჩვენებლი 11.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წლის შემდეგ, აღნიშნულ ჩამონათვალში მეორე ადგილს უზბეკეთი იკავებს. გარდა ამისა, უზბეკეთის ეკონომიკაში ინვესტიციები 35-ჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2016 წელს 300 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო, 2025 წლის პირველ ნახევარში კი 10.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რა განაპირობებს რეგიონში ჩინური ინვესტიციების ზრდას, არის თუ არა ეს ყველაფერი მაღალი რისკის შემცველი და რატომ გახდა უზბეკეთი ჩინური კაპიტალის შემოდინების მამოძრავებელი ძალა? - ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle - მ მოიძია. 

ცვლილებები ცენტრალურ აზიაში

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინური ინვესტიციების მოცულობა სწრაფად იზრდება, - აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს უზბეკეთის მოწინავე საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის აზია-წყნარი ოკეანის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი აბბოს ბობოხონოვი. ის ამას რიგ ფაქტორებს მიაწერს. პირველ რიგში, ჩინური ინვესტიციების ზრდას ხელს უწყობს ინიციატივა - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომლის მეშვეობითაც პეკინი ინვესტიციებს ძირითადად ახორციელებს ისეთ სექტორებში, რომლებსაც მისთვის პირდაპირი სარგებელი მოაქვთ. ესენია: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და მრეწველობა.

მეორე ფაქტორი იყო ლიდერების ცვლილება რეგიონის ოთხ ქვეყანაში: ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და თურქმენეთში. ექსპერტის განმარტებით, ყოფილი ლიდერები კონსერვატიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო პოლიტიკას ატარებდნენ, ახლები კი უფრო ლიბერალურისკენ იხრებიან. სწორედ ამ მიზეზით, ადრე ჩინეთი რეგიონს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების პრიორიტეტად არ მიიჩნევდა, - განმარტავს საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი. თუმცა ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, პეკინს ცენტრალური აზიის მიმართ ნდობა გაუჩნდა. შესაბამისად, ჩინელმა ინვესტორებმა რეგიონში დაგეგმილ ინვესტიციებში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები დაინახეს. 

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩინეთსა და უზბეკეთს შორის არსებული ურთიერთობების ცვლილება. ბობოხონოვი იხსენებს, რომ 2017 წლის მაისში უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი პირველად ეწვია ჩინეთს, სადაც ხელი მოაწერა 100-მდე დოკუმენტს, რომელთა ღირებულებაც 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. „ამით ჩვენმა ქვეყანამ დაინახა ჩინეთის პოტენციალი... ბიზნეს წრეებმა დაინახეს ინვესტიციებისა და ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა“, - განმარტავს ის. 

რატომ ირჩევს ცენტრალური აზია პარტნიორად ჩინეთს?

ამ ტენდენციის გარკვეული ასპექტები შეიძლება აღინიშნოს კონკრეტული ქვეყნების დონეზე. ტაჯიკეთისთვის ჩინური ინვესტიციები მთავარ როლს ასრულებს და ამჟამად ყველაზე მიმზიდველად რჩება, - ამბობს ტაჯიკი პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მუჰამედ შამსუდინოვი. მისი თქმით, ჩინეთი რესპუბლიკის უმსხვილესი ინვესტორია, რომელმაც 2017 წელს ამ მიმართულებით რუსეთს გაუსწრო. 

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინური ინვესტიციების მიმზიდველობაში. კერძოდ, ტაჯიკეთის საერთო საზღვარი ჩინეთთან საშუალებას იძლევა, სავაჭრო და ლოგისტიკური ჯაჭვები მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე შეიქმნას. გარდა ამისა, ჩინური ინვესტიციები ევროპულისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს ინვესტიციების მოზიდვის უფრო მარტივი მექანიზმები და არ ექვემდებარება დამატებით პირობებს, - დასძენს შამსუდდინოვი. ის აღნიშნავს, რომ დასავლურ ინვესტიციებს, როგორც წესი, თან ახლავს კითხვები გარემოსდაცვითი და ეთიკური მოთხოვნების, ზოგჯერ კი ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ. 

რა რისკი ახლავს ჩინურ ფულს?

ამავდროულად, შამსუდდინოვი აღიარებს, რომ ჩინური ინვესტიციები გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. „რისკები არსებობს არა მხოლოდ ცენტრალურ აზიაში, არამედ იმ ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, სადაც ჩინეთი ინვესტირებას ახორციელებს“, - ამბობს პოლიტოლოგი. მათ შორისაა სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისა და რესურსების ნაწილობრივი კონტროლი, რამაც შეიძლება ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა გამოიწვიოს. 

ამავდროულად, აბბოს ბობოხონოვი მიიჩნევს, რომ ჩინური ინვესტიციები თავისთავად რისკს არ წარმოადგენს. თუმცა პროექტების არასაკმარისმა დაგეგმვამ და მათი განხორციელების სუსტმა ზედამხედველობამ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კორუფციის არსებობამ, შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, მათ შორის, პროექტის ჩაშლა და შედეგად, ჩინეთის წინაშე ფინანსური დავალიანების დაგროვება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაპაროვმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი შეიძლებოდა ჩინეთს გადასცემოდა სამართავად, თუ ბიშკეკი პეკინის დავალიანებას ვერ დაფარავდა, - იხსენებს ბობოხონოვი. ამიტომაც ჩინური სახსრების მოზიდვა მოითხოვს წინასწარ გათვლებს, მხარეებს შორის დეტალურ შეთანხმებასა და პროექტის განხორციელების შემდგომ სისტემატურ მონიტორინგს.„ 

როდესაც ბობოხონოვს რეგიონში ანტიჩინურ განწყობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ადრე ეს, ძირითადად, სასაზღვრო სახელმწიფოებში შეინიშნებოდა. კერძოდ, ყაზახეთსა და ყირგიზეთში, ნაკლებად, ტაჯიკეთში. თუმცა 2025 წელს კრიტიკული დამოკიდებულება უზბეკეთშიც დაფიქსირდა. მაგალითად, სოციალურ მედიაში გავრცელდა პოსტები იმის შესახებ, რომ ჩინური კომპანიები და ფიზიკური პირები უზბეკეთის დიდ ქალაქებში მიწასა და უძრავ ქონებას ყიდულობდნენ. ბობოხონოვი მიიჩნევს, რომ ეს ჩინეთთან საქმიანი კავშირების სწრაფი გაფართოებითა და შესაბამისად, ჩინური კაპიტალის მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. მათი რიცხვი 2016 წელს 700 იყო, 2025 წელს კი 5 000-ს გადააჭარბა. ადგილობრივი ბიზნესი ამ კონკურენციისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ჩინური კომპანიები მათ ბაზრის წილს ართმევენ და ადგილობრივ შრომის ბაზარზე კონკურენციას ქმნიან, - განმარტავს ბობოხონოვი. 

ჩინური ინვესტიციის ხარისხი მიმღებ ქვეყანაში არსებულ პირობებზე არის დამოკიდებული

ექსპერტები თანხმდებიან, რომ რისკების მიუხედავად, ჩინური ინვესტიციები ამჟამად საკმაოდ მომგებიანია ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ნაწილობრივ შეღავათიანი პირობების გამო. თუმცა ჩინური ინვესტიციების ხარისხი, უმეტესწილად, მასპინძელი ქვეყნების მიერ დადგენილი პირობებით განისაზღვრება. რუსლან იზიმოვი აღნიშნავს, რომ ლოკალიზაციის, ტექნოლოგიების გადაცემისა და პროექტების ეროვნულ ინდუსტრიულ სტრატეგიებში ინტეგრაციის სუსტი მოთხოვნების გამო, ჩინური კაპიტალი პერიფერიული განვითარების მოდელს იმეორებს. თუმცა უფრო მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკით, ინვესტიციები შეიძლება სტრუქტურული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად იქცეს. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ჩინეთთან მოლაპარაკებები თანაბარი პირობებით უნდა აწარმოონ. აქ იგულისხმება პროექტის გამჭვირვალობის მოთხოვნა და სპეციალისტების მოსაზიდად კვოტების დაწესება, ასევე - ცენტრალური აზიის საქონლის ჩინეთის ბაზარზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, - ასკვნის აბბოს ბობოხონოვი. 

სხვა თემები