ტკბილი ტესტი: ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შოკოლადის სახეობის მიხედვით
შოკოლადი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეული და საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი დღესასწაულისთვის, რადგან წარმოუდგენელია ადამიანი, ვისაც უგემრიელესი ნუგბარი არ უყვარს. რა თქმა უნდა, ღორმუცელობა და ზედმეტად გატაცება მავნებელია, მაგრამ შოკოლადის ზომიერად მირთმევა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა.

„ტკბილი მკურნალი“,
სამხრეთ ამერიკის უძველესი ცივილიზაციები შოკოლადს, რომელსაც "კაკაუატალს" და "ჩოკოლატალს" ანუ "მწარე წყალს" უწოდებდნენ, კაკაოს მარცვლებით, ცხარე ჩილით, ტკბილი წიწაკით ამზადებდნენ და ღმერთების სასმელად მიიჩნევდნენ. მეტიც, უძველესი აცტეკები, რომელთაც პირველებმა გაუსინჯეს გემო ნუგბარს და მეცნიერებზე ადრე აღმოაჩინეს მისი სასარგებლო თვისებები, აქტიურად იყენებდნენ შოკოლადს ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მით უფრო, რომ თუთიით, კალიუმით და მაგნიუმით, სელენითა და რკინით მდიდარ "ჯადოსნურ ნაყოფს" ადამიანის ორგანიზმი სწრაფად და მარტივად ითვისებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სასარგებლო მხოლოდ 100%-იანი შოკოლადია ნაზავებისა და დანამატების გარეშე.

შოკოლადი ჭარბი წონის წინააღმდეგ
შოკოლადის ზომიერად მირთმევა ხელს უწყობს ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას, რადგან ამცირებს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინს და ზრდის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვისაა მნიშვნელოვანი. სადილამდე 20 дней ადრე შოკოლადის რამდენიმე ნატეხის მირთმევით, ორგანიზმი სეროტონინის ჰორმონის გამომუშავებას იწყებს და ტვინს "დანაყრების სიგნალს" აძლევს, რისი წყალობით ქვეითდება მადა, საგრძნობლად მცირდება საკვების მოცულობა და კალორიულობა. გარდა ამისა, 100%-იანი შავი შოკოლადი დიაბეტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან აძლიერებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.

შოკოლადი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის
ანტიოქსიდანტები, რომელთაც შოკოლადი შეიცავს, თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ ორგანიზმს, აწესრიგებენ არტერიულ წნევას და საგრძნობლად ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ამასთანავე, შოკოლადის სისტემატური, თუმცა ზომიერი მირთმევა ამცირებს გულის შეტევის საფრთხეს, რადგან აღადგენს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ზრდის გამტარობას, წმენდს და იცავს მათ დახშობისგან.

"შოკოლადის ეიფორია"
შოკოლადი, რომელიც დიდი ხანია ერთ-ერთ საუკეთესო აფროდიზიაკადაა მიჩნეული, ამცირებს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამოყოფას და აუმჯობესებს ადამიანის განწყობას. მეტიც, "სიყვარულის ჰორმონად" წოდებული ბუნებრივი ნივთიერების - ფენილეთილამინის წყალობით, რომელსაც ადამიანის ტვინი მცირე ოდენობით გამოიმუშავებს, შოკოლადი კი, საკმარისად შეიცავს, ნუგბარის მირთმევისას ადამიანს ეიფორიის გრძნობა უჩნდება და თავს შეყვარებულად გრძნობს, სწორედ ამიტომ ითვლება შოკოლადი იდეალურ ტკბილეულად რომანტიკული შეხვედრისთვის.

შოკოლადი გონების სამსახურში
მრავალგზის კვლევებმა დაადასტურეს, რომ ფლავონოიდები, რომელთაც კაკაოს მარცვლები შეიცავენ, არეგულირებენ სისხლის ნაკადის ტვინისთვის მიწოდებას, ამიტომ შავი შოკოლადის რეგულარული მირთმევით საგრძნობლად უმჯობესდება ტვინის მუშაობა და იზრდება შრომისუნარიანობა, ძლიერდება მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციის უნარი.

"ჭორები" შოკოლადზე
გავრცელებული ვერსია, თითქოს შოკოლადი ალერგიული პროდუქტია და გამონაყარს აჩენს, სინამდვილეში, მცდარია, ისე როგორც მოსაზრება, რომ შოკოლადი კარიესს იწვევს, რადგან ნატურალური კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული შოკოლადი, რომელიც თეობრომინს შეიცავს, პირიქით, მხოლოდ ამაგრებს კბილის ემალს. სხვათა შორის, თუ შოკოლადი პირში არ დნება, ე.ი. ის ნამდვილი არაა და ნატურალურის ნაცვლად კაკაოს ზეთის შემცვლელითაა დამზადებული.

შოკოლადი კოსმეტიკაში
ნატურალური შოკოლადი არა მხოლოდ გემრიელი ნუგბარი, არამედ შეუცვლელი კოსმეტიკური პროდუქტია, რადგან კაკაოს ზეთი სასარგებლო ნივთიერებების მთელ კომპლექსს შეიცავს - В1, В2, Е ვიტამინები ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას უნარჩუნებს, აფერხებს დაბერებას და ნაოჭების გაჩენას, კოფეინი - შიგნიდან კვებავს კანს და ააქტიურებს მის დამცავ თვისებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ლიმფის ცირკულაციას, ასუფთავებს ფორებს და ამკვრივებს კანს სახის ოვალის გასწვრივ, გლუკოზა - არბილებს, ახალისებს და აახალგაზრდავებს კანს, დუბილური ნივთიერებები (ტანინები) კი, საიმედოდ აქრობენ მიკრობზარებს.

შოკოლადის ნიღაბი სხვადასხვა ტიპის კანისთვის
კოსმეტიკური პროცედურისთვის მხოლოდ შავი შოკოლადი გამოდგება კაკაოს მაღალი შემცველობითა და დანამატების გარეშე, თუმცა კანის ტიპის გათვალისწინებით ყოველთვის შეიძლება ნიღბის შემადგენლობის სხვა კომპონენტებით - ზეითუნის ზეთით და თაფლით, კოსმეტიკური თიხითა და ზღვის მარილით გამდიდრება. გაითვალისწინეთ, რომ ნიღბის გამოყენება მხოლოდ სუფთა კანზეა რეკომენდირებული, თუმცა არ ღირს პროცედურის ჩატარება სახლიდან გასვლამდე, განსაკუთრებით მზიან ამინდში. ამასთანავე, მოერიდეთ შოკოლადის მოხვედრას ტუჩებზე და თვალების გარშემო მგრძნობიარე კანზე.

* შოკოლადის ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის - გაადნეთ შავი შოკოლადის ნახევარი ფილა, დაუმატეთ 5 გრამი ზეითუნის ზეთი, მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ სახესა და დეკოლტის არეში.
* შოკოლადის ნიღაბი სიმკვრივის ეფექტით - გაადნეთ ნახევარი ფილა შავი შოკოლადი, დაუმატეთ ნებისმიერი ხილის ნატურალური წვენი და კოსმეტიკური თიხა. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთი, მერე კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* შოკოლადის ნიღაბი გამომშრალი და მგრძნობიარე კანისთვის - გაადნეთ 25 გრამი შოკოლადი, დაუმატეთ 20 გრამი თაფლი, 1 სუფრის კოვზი არაჟანი და ამდენივე კოსმეტიკური თიხა. აურიეთ ინგრედიენტები, წაისვით მიღებული მასა სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი.
* შოკოლადის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - გაადნეთ 25 გრამი შავი შოკოლადი, დაუმატეთ 1 მწიკვი ქურქუმა, დარიჩინი და 5 გრამი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ინგრედიენტები, მიღებული მასა მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახისა და ყელის არეში.
* შოკოლადის ნიღაბი ნორმალური და შერეული კანისთვის - გაადნეთ ნახევარი ფილა შავი შოკოლადი, დაუმატეთ 1 კოვზი ფორთოხლის წვენი და 1 კოვზი თაფლი. კარგად გაანაწილეთ შოკოლადის მასა სახისა და დეკოლტეს არეში, გაიჩერეთ 10–15 წუთი და ჩამოიბანეთ.
* შოკოლადის ნიღაბი შერეული კანისთვის - გამდნარ შოკოლადს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნაღები, 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებულ ზღვის მარილი და ყავისფერი შაქარი. მიღებული მასა მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახეზე.
* შოკოლადის ნიღაბი ნორმალური კანისთვის - გაადნეთ 25 გრამი შავი შოკოლადი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ყავის მარცვლის ზეთი და ამდენივე სახამებელი. მიღებული მასა წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 25 წუთი, მერე კი ჩამოიბანეთ თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობით.
ადამიანის ხასიათი შოკოლადის სახეობის მიხედვით
ფსიქოლოგთა მტკიცებით, სხვა მახასიათებლებთან ერთად, ადამიანის ხასიათს მისი გასტრონომიულ მისწრაფებებიც განსაზღვრავენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შოკოლადის იმ სახეობის მიხედვით, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს, მარტივად შეიძლება მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, მით უფრო, რომ 400-ზე მეტი არომატის და ტექსტურის შოკოლადი არსებობს - მყარით და უხეშით დაწყებული, მარცვლოვანით და ზეთოვანით დამთავრებული. მეტიც, მის გემოს ხშირად ფორმაც განსაზღვავს, რადგან შოკოლადი გამდნარი და მყარ ფილაში, ტრიუფელში და განაშში სრულიად განსხვავებული "არომატული ნიუანსებით" ხასიათდება. ამასთანავე, არსებობს ორგანული შოკოლადი, რომელიც ბუნებრივ პირობებში, სასუქის და პესტიციდების გარეშე მოყვანილი კაკაოს მარცვლებით და სხვა ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება, ე.წ. RAW-შოკოლადი კი, თერმული დამუშავების გარეშე იწარმოება და მაქსიმალურად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს.

სხვათა შორის, ტერმინი "შოკოჰოლიკი" ანუ შოკოლადის განსაკუთრებული მოყვარული, 1960 წელს გაჩნდა ამერიკულ პრესაში, ბევრად "სტაჟიანია" შოკოლატიეს პროფესია, რომელიც უნიკალური რეცეპტებით ამზადებს ნუგბარს და შოკოლადის დეგუსტატორი, რომელიც 200-ზე მეტი პარამეტრის მიხედვით აფასებს და ადგენს მის ხარისხს.
შავი შოკოლადი და შავი შოკოლადი დანამატით
შავი შოკოლადის მოყვარულები, რომელთაც კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, ზოგჯერ მკაცრი, უხეში და აგრესიული, თუმცა ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი, მორალურად ძლიერი ადამიანები არიან ლიდერის თანდაყოლილი თვისებებით, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობენ დომინირებას. ასეთი ადამიანები ყოველთვის თამამად მიუყვებიან ცხოვრების გზას და გაბედულად უყურებენ მომავალს, რადგან სჯერათ, რომ ზუსტად ისეთი მომავალი ექნებათ, როგორსაც მოისურვებენ და თავად შექმნიან.

ისინი, ვისაც შავი შოკოლადი სხვადასხვა დანამატით მოსწონთ, არასდროს კარგავენ დროს გულუბრყვილო სურვილებსა და თავქარიან ოცნებებზე, რადგან ჯერ მოქმედებაზე, მერე შედეგზე აქვთ ფოკუსი გასწორებული. ასეთი ადამიანები ყოველთვის კარგი ხელმძღვანელები არიან, რადგან ავტორიტეტითა და კოლეგების პატივისცემით სარგებლობენ. სხვათა შორის, შავ შოკოლადს დანამატებით ან მის გარეშე მეტწილად ძლიერი ნებისყოფის, თავდაჯერებული მამაკაცები ირჩევენ სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობით, რომლებიც არასდროს კარგავენ გონიერებას, საღად აზროვნების უნარს და ყოველთვის მაქსიმალურ შედეგს აღწევენ.
თეთრი შოკოლადი და თეთრი შოკოლადი დანამატით
თეთრ შოკოლადს გამოუსწორებელი ოპტიმისტები და რომანტიკოსები ირჩევენ, ვინც დარწმუნებულია, რომ სამყაროს უკეთესისკენ შეცვლა შეიძლება, თუმცა თვითონ ნაკლებად არიან განწყობილი მოქმედებისთვის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გულწრფელად სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების, მარადიული სიყვარულის, იდეალური ურთიერთობის და არც მრავალგზის იმედგაცრუების შემდეგ კარგავენ ოპტიმიზმს.

დანამატით თეთრი შოკოლადის მოყვარულები, რომლებიც მეტწილად სანდო და მზრუნველი მეგობრები არიან, არასდროს ამბობენ უარს დახმარებაზე, ყოველთვის თავგამოდებით იცავენ სამართლიანობას და მაშინაც დაუფიქრებლად ებმებიან ბრძოლაში, როცა იციან რომ სხვისი გულისთვის იზარალებენ. თუმცა, ასეთი ადამიანები ძალიან ქაოტურები, იმპულსურები არიან და სპონტანური ქცევით ხასიათდებიან, საშინლად არ უყვართ ერთფეროვნება და რუტინა, ამიტომ ყოველდღე "სუფთა ფურცლიდან" იწყებენ ცხოვრებას.
რძიანი შოკოლადი და რძიანი შოკოლადი დანამატით
რძიან შოკოლადს მეტწილად მგრძნობიარე, სენტიმენტალური ქალბატონები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ყოველთვის ნოსტალგიით იხსენებენ წარსულს და სიფრთხილით, ხშირად გაუცნობიერებელი შიშით შესცქერიან მომავალს. ასეთი ქალბატონები ყოველთვის სიამოვნებით გაცვლიან საქმიან შეხვედრას და მნიშვნელოვან მოლაპარაკებას პარკში მშვიდად სეირნობასა და კაფეში მეგობრებთან ერთად წახემსებაზე, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა არ აძლევთ "ყალთაბანდობის" უფლებას.

დანამატით რძიანი შოკოლადის მოყვარულები ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სინამდვილეში, მეოცნებე ემპათები და ემოციური რომანტიკოსები არიან, რომლებიც მეტწილად ფანტაზიების და ილუზიების სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა ყოველთვის შეუძლიათ რთულ სიტუაციაში ახლობლების დახმარება, მით უფრო, რომ მდიდარი წარმოსახვის წყალობით ყოველთვის ახერხებენ გამოსავლის პოვნას და პრობლემების გადაჭრას.
ცხელი შოკოლადი და შოკოლადის პასტა
ცხელი შოკოლადი აზარტულ, ცნობისმოყვარე ადამიანებს უყვართ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გაიღრმავონ ცოდნა, ჩაატარონ ექსპერიმენტები და საკუთარ თავზე გამოსცადონ ყველა სიახლე, რადიკალურად შეიცვალონ გარეგნობა და თავდაყირა დააყენონ მთელი სახლი ახალი დიზაინის ძიებაში, მით უფრო, მყუდროების და კომფორტული გარემოს შექმნის სურვილით პრაქტიკულად ყოველდღე უცვლიან ავეჯს ადგილს.

შოკოლადის პასტას აზარტული ავანტიურისტები ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც არასდროს უფრთხიან სირთულეებს, რადგან თვლიან, რომ ნებისმიერი პრობლემა - თავსატეხია, რომლის ამოხსნა სწორი გზის მოძიებითაა შესაძლებელი. ასეთი ადამიანები ცხოვრებასაც ისეთივე აზარტითა და ინტერესით უსინჯავენ გემოს, როგორც საყვარელ ნუგბარს, ამიტომ ხშირად თვითონვე ებმებიან უსიამოვნებებში.

შოკოლადის დრაჟე და შოკოლადი კრისპით
შოკოლადის დრაჟეს ხალისიანი, ხშირად თავქარიანი, თუმცა საოცრად იღბლიანი ადამიანები ირჩევენ, ვინც არასდროს "იხარჯება" პრობლემების მოგვარებაზე, რადგან გულწრფელად სჯერა, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. უცნაურია, მაგრამ ასეთ ადამიანებს მეტწილად უმართლებთ, რადგან იქ იმარჯვებენ, სადაც სხვები მარცხდებიან.

შოკოლადი კრისპით ანუ გაბერილი ბრინჯის ხრაშუნა შიგთავსით, მხიარულ ადამიანებს მოსწონთ კარგი იუმორის გრძნობით, ვინც მუდამ სიცილის ხასიათზეა და სხვებსაც ხალისიან განწყობას უქმნის. ასეთი ადამიანები ნებისმიერ ასაკში ინარჩუნებენ ახალგაზრდულ განწყობას, ამიტომ ინტერესით იღებენ ყველა სიახლეს და ენთუზიაზმით ერთვებიან ასაკისთვის შეუფერებელ გართობებში, მით უფრო, არასდროს ინტერესდებიან რას ფიქრობენ სხვები მათზე.

შოკოლადის ფაჯი და შოკოლადის ტრიუფელი
შოკოლადის ფაჯს (შოკოლადით, შესქელებული რძით, კარაქითა და ვანილით მომზადებული კრემისებრი ტექსტურის ნაწარმი) მეტწილად ძლიერი ნებისყოფის და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას, ვინც უსიტყვოდ დემონსტრირებს საკუთარ ღირსებებს და ვისთვისაც ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა.

შოკოლადის ტრიუფელს, რომელიც დახვეწილი გემოვნების და ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება, მეტწილად მგრძნობიარე და ინტუიციური, თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანები ირჩევენ, ვინც ნაკლებად ცდილობს ყურადღების მიქცევას, თუმცა თვითონ ყველაფერს ამჩნევს, ცოტას საუბრობს, თუმცა ნათქვამზე მეტი ესმის, საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და არავის აძლევს მისი საზღვრების დარღვევის უფლებას.
.jpg)
შოკოლადი ირისით, კარამელით და ქოქოსით
ტოფი ანუ შოკოლადი ირისით გონიერი, ცხოვრებით დაბრძენებული ადამიანების საყვარელი ნუგბარია, რომელთაც ძალიან არ უყვართ სიცრუე და სიყალბე, ყოველთვის სიმართლეს ამბობენ და გარშემომყოფებისგანაც იმავეს მოითხოვენ. თვითრწმენისა და შინაგანი ძალის, სიმტკიცისა და ნებისყოფის წყალობით ასეთი ადამიანები ყოველთვის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ, ამიტომ ხშირად მიმართავენ რჩევისა და დახმარებისთვის.

კარამელით შოკოლადის მოყვარულები მხიარული და ხელგაშლილი, უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანები არიან ზედმეტი კაპრიზებისა და პრეტენზიების გარეშე, ვისაც ლაპარაკიც ძალიან უყვარს და მოსმენაც შეუძლია, ამიტომ უცნობებთანაც სწრაფად პოულობენ საერთო ენას, ნებისმიერ საზოგადოებაში ყურადღების ცენტრში არიან და მარტივად მოიპოვებენ პოპულარობას.

შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით მდიდარი წარმოსახვის რომანტიკოსებს, უშუალო და კომუნიკაბელურ ადამიანებს მოსწონთ, რომლებიც გულწრფელი ღიმილით აშენებენ "ოცნების კოშკებს" და მაშინაც ჯიუტად სჯერათ საოცრებების, როცა "კოშკები" თავზე ენგრევათ. ასეთ ადამიანები ყოველთვის მზრუნველი, ყურადღებიანი მეგობრები და საუკეთესო მშობლები არიან, რადგან ყველაზე ძვირფასი მათთვის სწორედ მყუდროება და ოჯახური ჰარმონიაა.

შოკოლადი თხილით, ნუშით და არაქისით
თხილიანი შოკოლადის მოყვარულები თვითონაც აზარტულები არიან და სხვებსაც იმავესკენ მოუწოდებენ, მით უფრო, რომ ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებულებს ყოველთვის მრავლად ჰყავთ თანამოაზრეები, რომელთაც საკუთარი იდეებითა და ოცნებებით შთააგონებენ. მართალია, ასეთი ადამიანები საოცრად მგრძნობიარეები არიან, მაგრამ ყოველთვის კარგად მალავენ საკუთარ გრძნობებს სიმკაცრითა და ზოგჯერ აგრესიით, რადგან სისუსტედ მიაჩნიათ გულწრფელობა და ემოციების გამოხატვა.

ნუშის შიგთავსით შოკოლადს სტაბილური და ემოციურად გაწონასწორებული, პრაქტიკული და დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ძლიერი ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას, ვინც ყოველთვის ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას და ნებისმიერი სირთულიდან გამოსავლის პოვნას, თუმცა არასდროს ხმაურობს და არ მოაქვს თავი საკუთარი მიღწევებით.

არაქისიან შოკოლადს ძლიერი და გამბედავი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ყოველთვის თამამად, მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების იმედით მიიწევენ დასახული მიზნებისკენ, შიშის გარეშე უმკლავდებიან პრობლემებს და არასდროს ცვლიან ერთხელ არჩეულ კურსს, რადგან სწორედ სირთულეების დაძლევაა მათთვის მთავარი მოტივაცია.
შოკოლადი წიწაკით და ყავის არომატით
წიწაკიანი შოკოლადის მოყვარულები ორიგინალურობითა და ინდივიდუალურობით გამოირჩევიან. საყვარელი ნუგბარის მსგავსად, რომელიც ტკბილ და ცხარე გემოებს აერთიანებს, მათაც ორგვარი "შიგთავსი" აქვთ, რადგან ერთი შეხედვით მკაცრი და უხეშები, ამპარტავანი და ყველასთან დისტანციურები, სინამდვილეში, საოცრად გულჩვილები და ემოციურები, მეოცნებე რომანტიკოსები არიან, თუმცა არასდროს ენდობიან გარშემომყოფებს და ყოველთვის საგულდაგულოდ ინიღბებიან უცხოებისგან.

შოკოლადს ყავის შიგთავსით იმპულსური და სპონტანური ავანტიურისტები ირჩევენ მრავალმხრივი ინტერესებით, დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობითა და შეუზღუდავი წარმოსახვით, რომლებიც ყოველთვის თამამად რისკავენ. თუმცა, ასეთები ზედმეტად ფიცხები და მოუთმენლები, ემოციურები და "სწრაფად აალებადი" ადამიანები არიან, რადგან ნებისმიერი იდეით ერთიანად "ფეთქდებიან" და სწრაფადვე ქრებიან, ყველაფერი ერთ წამში, ერთდროულად უნდათ, ვერ მიღების შემთხვევაში კი, ინტერესთან ერთად სურვილსაც კარგავენ.

შოკოლადი ციტრუსის შიგთავსით და მენთოლის არომატით
შოკოლადს ციტრუსის შიგთავსით ენერგიული და ამბიციური, ქარიზმითა და ინდივიდუალურობით გამორჩეული, თუმცა სპონტანური და არაპროგნოზირებადი ადამიანები ირჩევენ, ვისთანაც ყოველთვის საინტერესოა ურთიერთობა, რადგან მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარულებს ყოველთვის მრავლად აქვთ სათქმელი და მოსათხრობი.

მენთოლის არომატით შოკოლადის მოყვარულებს მახვილი თვალი და გამჭრიახი გონება აქვთ, ყველა წვრილმანს ამჩნევენ და ყველა დეტალს გულდასმით იკვლევენ, თუმცა უცნაური და ექსტრავაგანტული ადამიანები არიან, ვისი ქცევის პროგნოზირება და მოტივაციის ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ თვითონაც გაურბიან გარშემომყოფებთან ურთიერთობას და სხვებიც ნაკლები ხალისით ურთიერთობენ მათთან.
შოკოლადი ალუბლის, მარწყვის და ჟოლოს შიგთავსით
შოკოლადს ალუბლის შიგთავსით სანდო და სტაბილური, მორალურად ძლიერი და გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას, რომელთაც ერთგულებაც შეუძლიათ და ახლობლებისთვის თავის გაწირვაც, თუმცა ღალატის შემთხვევაში ნებისმიერს მტრად ექცევიან, ყველა სიკეთეს "ცხვირში ადენენ" და ცხოვრებას სანანებელს გაუხდიან.

მარწყვის შიგთავსით შოკოლადს შემოქმედებითი, მეოცნებე რომანტიკოსები ირჩევენ, რომელთაც წვრილმანებშიც შეუძლიათ სილამაზის დანახვა. ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება და მზრუნველობა, რადგან მათი მისამართით გამოხატულ მინიმალურ სიმპათიასაც ასმაგი კეთილგანწყობით პასუხობენ.

შოკოლადი ჟოლოს შიგთავსით თამამ და გამბედავ ადამიანებს მოსწონთ, ვისაც არც საკუთარი აზრის ხმამაღლა თქმის ეშინია, არც ინდივიდუალურობის დემონსტრირების. ასეთი ადამიანები ყოველთვის პირდაპირ ამბობენ სათქმელს და ნაკლებად ფიქრობენ, რამდენად მტკივნეული იქნება მათი სიმართლე სხვისთვის.
შოკოლადი ნუგით და ქიშმიშით
შოკოლადი ნუგით მზრუნველი და ყურადღებიანი, კეთილი და ხელგაშლილი ადამიანების არჩევანია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და სხვათა სასარგებლოდ საკუთარი ინტერესების დათმობისთვის, რადგან გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც გასცემენ.

ქიშმიშით შოკოლადის მოყვარულებს კარგი ალღო და ინტუიცია აქვთ, ამიტომ მეტწილად წარმატებული ბიზნესმენები არიან, მით უფრო, რომ თვითონაც მრავლად აქვთ იდეები და სხვის შეთავაზებებსაც ყოველთვის ენთუზიაზმით განიხილავენ, არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეულით და მუდმივად ახალი აღმოჩენებით ცდილობენ ცხოვრების გახალისებას.


