19 მარტი 2026 - 14:40

როგორ და რატომ გამოიწვია ირანთან ომმა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოაღვიძა წარსული კრიზისის აჩრდილებს, რომლებმაც ევროკავშირი შეძრა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ევროპარლამენტის ტრიბუნაზე მდგომმა ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის მანიპულირებაში დაადანაშაულა. „მათ ურჩევნიათ, გაზი ააფეთქონ, ვიდრე - მოგვაწოდონ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშინ, რადგან ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების ზრდამ კონტინენტზე მომხმარებლები დააზარალა. „ეს ბაზარი აღარ ფუნქციონირებს. ეს არის ომი ჩვენი ენერგიის, ეკონომიკის, ჩვენი ღირებულებებისა და მომავლის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ევროპას უკვე გადააქვს ყურადღება რუსული გაზიდან უფრო საიმედო პარტნიორებზე, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ნორვეგია. 

თუმცა ოთხი წლის შემდეგ, ევროპა ისევ ენერგეტიკასთან დაკავშირებული დიდი იმედგაცრუების წინაშე დგას. „ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ აი, აქ ვართ“, - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა. მან ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რათა ღიად ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ევროპაში მზარდ ენერგეტიკულ კრიზისზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გამოიწვია. „(ევროპელი) პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები ახლა პანიკაში არიან ენერგიის ფასების გამო. ისინი ღელავენ ამომრჩეველთა უკმაყოფილებაზე და მოკლევადიანი გადაწყვეტილებების პოვნას  ცდილობენ,“ - განაცხადა რესპონდენტმა.  ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა ევროპას, იქნება ეს მთელი კონტინენტი თუ თუნდაც მხოლოდ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, თავისი მრავალფეროვანი ინდუსტრიით, მაღალი ენერგეტიკული საჭიროებებითა და განახლებადი ენერგიის შესახებ შეხედულებებით, რეალურად გახდეს თვითკმარი ენერგეტიკის მიმართულებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას BBC შეეცადა.

რომელი ევროპული ქვეყნები დაზარალდნენ ყველაზე მეტად?

ბევრი რამ შეიცვალა 2022 წლიდან, როდესაც ევროპამ გადაწყვიტა თანდათან გათავისუფლებულიყო რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის დამოკიდებულებისგან და უფრო ენერგოდამოუკიდებელი გამხდარიყო. ევროკავშირის, როგორც შენელებული რეაქციის მქონე  გაერთიანების რეპუტაციის გათვალისწინებით, მან რუსეთის ენერგომომწოდებლებთან ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპერატიულად იმოქმედა. ამჟამად ევროკავშირის ნავთობის იმპორტის მხოლოდ 2% მოდის რუსეთიდან, კერძოდ, მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან. მომავალი წლისთვის, ევროკავშირი რუსული გაზის, მათ შორის, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრულად შეჩერებას გეგმავს. 

2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და კრემლსა და ევროპას შორის ენერგეტიკული დაპირისპირების საპასუხოდ, ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და ბევრი ქვეყანა, როგორიცაა იტალია და დიდი ბრიტანეთი, იძულებული გახდა, მომხმარებლებსა და ბიზნესს გადასახადების გადახდაში დახმარებოდა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შემდეგ, ისედაც ფინანსური პრობლემების მქონე სახელმწიფოებმა ზეწოლა  ნამდვილად იგრძნეს. „დივერსიფიკაცია“ ბრიუსელის დერეფნებში პოპულარულ ტერმინად იქცა. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ერთ ენერგომომწოდებელზე ასეთი დონის დამოკიდებულებას აღარასდროს დაუშვებდა. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, დამოკიდებულება კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთზე მეტი მომწოდებელი არსებობს. ენერგეტიკული კუთხით, ევროპა ახლა ძალიან არის დამოკიდებული ნორვეგიასა და აშშ-ზე. როგორც უკვე ცხადი გახდა, ზემოთ ხსენებული სქემიდან რუსეთის უბრალოდ ამოღებამ კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემა ნამდვილად ვერ გადაჭრა. 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი როლი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ენერგომომარაგების მთავარ რგოლად იქცა და ამ მიმართულებით რუსეთი ჩაანაცვლა. 2022 წელს ევროპამ რუსული მილსადენებიდან თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) სწრაფად გადაინაცვლა. კონტინენტი ამჟამად მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია, ამ კუთხით ყველაზე დიდი მიმწოდებელი კი აშშ-ია (შეერთებულ შტატებზე ევროკავშირში LNG-ის მთლიანი იმპორტის 57% მოდის). 

თხევადი ბუნებრივი აირის თითქმის 96%-ს  გერმანია აშშ-დან იღებს. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას ის, თუ რატომ დუმდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, როდესაც ორი კვირის წინ, თეთრ სახლში ტრამპის გვერდით იჯდა და აშშ-ის პრეზიდენტი ესპანეთს აკრიტიკებდა. ის სავაჭრო ემბარგოთი დაემუქრა ოფიციალურ მადრიდს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თეთრ სახლს ირანზე თავდასხმისთვის ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა. შესაძლოა, მერცი ამ დროს გერმანიის ეკონომიკურ პრობლემებსა და ამერიკული ენერგეტიკული რესურსებისადმი მის დამოკიდებულებაზე იყო კონცენტრირებული. სავარაუდოდ, მას არ სურდა რისკზე წასულიყო და შურისმაძიებელი ამერიკელი პრეზიდენტის რისხვა გამოეწვია. თუმცა ეს დღე ევროპის ერთიანობის განმტკიცებისკენ მიმართული ნამდვილად არ ყოფილა. 

თეთრ სახლში ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა კარგად გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები და ევროპის სასოწარკვეთილი სურვილი - აშშ დაეხმაროს უკრაინას მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, რათა ევროკავშირზე ზეწოლა მოეხდინა და ამ უკანასკნელს უფრო ძვირადღირებული ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი შეეძინა. ივლისში ტრამპი ევროკავშირს აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე 30%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებოდა მხოლოდ ფოლადს, რომელზეც ისედაც მაღალი ტარიფები მოქმედებს. ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად, ევროკავშირმა ამერიკულ იმპორტზე ნულოვანი ტარიფების დაწესების პირობა დადო. ამის სანაცვლოდ, ტრამპმა აშშ-ში ევროკავშირის ექსპორტის უმეტეს ნაწილზე 30%-იანი ტარიფების დაწესების მუქარა 15%-მდე „შეამცირა“. 

მოწყვლადი ევროპა

თუმცა სრულებით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ევროკავშირის ენერგეტიკული მოთხოვნილებების ან აშშ-ის ექსპორტის დაკმაყოფილებას ის მასშტაბი, რომელიც ამჟამად ევროპარლამენტში განხილული შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ევროპის დამოკიდებულება თხევად ბუნებრივ აირზე მას უკიდურესად დაუცველს ხდის კრიზისების დროს გლობალური ფასების რყევების მიმართ, როგორც ეს ამჟამად სპარსეთის ყურეში ხდება. ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტი და ნავთობის გადამწყვეტი სატრანზიტო პუნქტია. გლობალური ნავთობის მარაგის, დაახლოებით, 20% აქ გადის. 28 თებერვალს თეირანზე ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის შემდეგ, სრუტე ირანმა, ფაქტობრივად, დაბლოკა. გამონაკლისი იყო რამდენიმე გემი, რომელთაც ირანული ნავთობი ინდოეთსა და ჩინეთში გადააქვთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ახლო აღმოსავლეთიდან დიდი რაოდენობის ნავთობს ან თხევად ბუნებრივ აირს არ ყიდულობს, ორივე მათგანზე გლობალური ბაზრის პრინციპი მოქმედებს: ჰორმუზის სრუტის ნებისმიერმა ბლოკირებამ, ახლა თუ მომავალში, შეიძლება გამოიწვიოს ფასების მკვეთრი ზრდა, რაც გავლენას იქონიებს ევროპაზე, მისი იმპორტის შეზღუდული ფიზიკური გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. მიწოდების უეცარმა დეფიციტმა და მიმდინარე კრიზისის ხანგრძლივობის გაურკვევლობამ, 2 მარტის დილის მონაცემებით, ნავთობის ფასების, დაახლოებით, 8%-ით და ევროპული გაზის ფასების 20%-მდე ზრდა გამოიწვია. 

იქნება თუ არა ირანის ომი გარდამტეხი მომენტი ევროპის მიერ ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით?

ევროკავშირის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, ესპანეთმა, შვედეთმა და დანიამ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ემისიების სავაჭრო სისტემის (ETS) შესუსტება დასჯის მოდერნიზაციასა და გარემოსდაცვითი მდგრადობაზე ორიენტირებულ კომპანიებს,  მეორე მხრივ კი დააჯილდოვებს ჩამორჩენილ ინდუსტრიებს, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივით წიაღისეულ საწვავზე არიან დამოკიდებული. თუმცა ცენტრალური ევროპის ქვეყნები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ETS-ს, ავსტრიასა და იტალიას კი სურთ, გადაჭრან ETS-ის გავლენა ელექტროენერგიის ფასებზე. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გასულ კვირას განაცხადა: „ახლო აღმოსავლეთის კრიზისის დაწყებით, ენერგიის ფასების საკითხი აშკარად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომაც ევროპულ დონეზე ჩვენ მოვითხოვთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ETS-ის სასწრაფოდ შეჩერებას“.  

მაშ ასე, იქნება თუ არა ირანთან ომი გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის? „ყოველ ჯერზე, როდესაც ნავთობისა და გაზის კრიზისია, ყველა ფიქრობს, რომ ეს გარდამტეხი მომენტია“, - ამბობს თავდაცვის ანალიტიკური ცენტრის ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტი დენ მარკსი. „გაიხსენეთ 1970-იანი და 80-იანი წლები, როდესაც აშშ-ის კონგრესი განიხილავდა ენერგოდამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებას. ახლა 2026 წელია და აი, ისევ აქ ვართ, გაზის უფრო მასშტაბური კრიზისით და ისეთი დაუცველები, როგორც არასდროს“, - დასძენს ის. უდავოა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ბრიუსელში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერები ამას შესანიშნავად ხვდებიან. უბრალოდ, ისმის კითხვა, აქვთ თუ არა მათ ერთიანობა ან გამბედაობა, რომ ცვლილებები განახორციელონ. 

სხვა თემები