ვინ არის მადუროს „მემკვიდრე“ დელსი როდრიგესი - ტრამპის მარიონეტი თუ ვენესუელის დამცველი?
ფოტო: AFP
დელსი როდრიგესმა ჩაანაცვლა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც ამერიკელებმა ტყვედ აიყვანეს და „იმპერიის“ წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ როდრიგესი ვაშინგტონის პირდაპირ მითითებებს შეასრულებს და ფაქტობრივად, კარაკასში მისი წარმომადგენელი იქნება. თუ რა არის ცნობილი დელსი როდრიგესის შესახებ, BBC-მ გაარკვია.
დელსი როდრიგესი მადუროს მარჯვენა ხელი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. სწორედ ამიტომ გადასცა უზენაესმა სასამართლომ მას სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები, მადუროს „იძულებითი არყოფნის“ პერიოდში. საინტერესო ფაქტია ის, რომ როდრიგესი მაშინვე გამოჩნდა საჯაროდ ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკებისა და ძალოვნების გარემოცვაში. გარდა ამისა, მან დაიწყო აშშ-ის მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთება თითქოს იმის სადემონსტრაციოდ, რომ მადუროს გატაცებას არ გამოუწვევია არც რეჟიმის შეცვლა, არც ქვეყნის კურსის ცვლილება და არც უთანხმოება ელიტაში. „ვენესუელაში მხოლოდ ერთი პრეზიდენტია და მას ჰქვია ნიკოლას მადურო“, - განაცხადა როდრიგესმა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის პირობა დადო. „ჩვენი ხალხი არ ნებდება, არც კაპიტულაციას აპირებს და არასდროს გავხდებით არცერთი იმპერიის კოლონია - არც ძველის, არც ახლის და არც მილევადის“, - დასძინა მან.
ამ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს განსხვავებული აზრი აქვს. კითხვაზე, თუ ვინ არის დღეს პასუხისმგებელი სიტუაციაზე ვენესუელაში, ტრამპმა პირდაპირ უპასუხა: „ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი სამხედრო ოპერაციაც ახსენა და განაცხადა, რომ როდრიგესს „მადუროზე უარესი“ ელის, თუ ის თეთრი სახლის ნებას არ დაემორჩილება და აშშ-ს არ მისცემს „სრულ წვდომას ყველაფერზე - ნავთობსა და სხვა დანარჩენზე“.
„ვეფხვი“
დელსი როდრიგესის მამა იყო პარტიზანი მებრძოლი, რომელიც 1976 წელს პოლიციის მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა. სამართლიანობის ძიებისას, მან გადაწყვიტა, იურისპრუდენცია ესწავლა ჯერ სამშობლოში, შემდეგ კი - საფრანგეთში. ბოლივარიული რევოლუცია და უგო ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლა, როგორც მოგვიანებით როდრიგესი თავად აღიარებდა, მისი ოჯახისთვის წინა მთავრობის მხრიდან მამის წამებით მოკვლაზე „პირადი შურისძიების“ ტრიუმფად იქცა.
ჩავესის მთავრობის პირობებში მუშაობამ დელსი როდრიგესის კარიერა მინისტრის პოსტამდე მიიყვანა. თუმცა ნამდვილი წარმატება მას ხელისუფლებაში ნიკოლას მადუროს მოსვლის შემდეგ ეწვია. ის სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა კომუნიკაციების, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საბოლოოდ კი დაწინაურდა ვიცე-პრეზიდენტობამდე, რომელიც ასევე პასუხისმგებელი იყო ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე - ფაქტობრივად, გაღატაკებული ვენესუელის შემოსავლის ერთადერთ წყაროზე. ჩავიზმის იდეებისადმი მგზნებარე ერთგულების გამო, მადურომ როდრიგესს მეტსახელად „ვეფხვი“ შეარქვა. ის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი იყო როგორც სამშობლოში, ასევე - მის ფარგლებს გარეთ. „დელსი ძმასთან ერთად მუშაობს. მისი როლი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე - ინტელექტუალური. ისინი (და-ძმა რედ.) ძალიან განათლებული ადამიანები არიან, რომელთაც შეავსეს კომპეტენტური სპეციალისტების სრული გადინების შედეგად მთავრობაში დატოვებული სიცარიელე“, - განუცხადა პოლიტოლოგმა ნიკმერ ევანსმა BBC Mundo-ს 2024 წელს.
რეჟიმის სახე
დელსი როდრიგესი, ფაქტობრივად, მადუროს რეჟიმის სახე გახდა. ეს უკანასკნელი, ვენესუელაში თავისუფლების ჩახშობისა და არჩევნების გაყალბების გამო, დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა. თავად მადურო ბოლო დროს იშვიათად მოგზაურობდა საზღვარგარეთ და როდრიგესი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ მოკავშირე ქვეყნებთან ურთიერთობაში, როგორიცაა თურქეთი, ჩინეთი და ირანი.
შეუპოვარმა და მოუსვენარმა როდრიგესმა არაერთხელ მოაწყო სკანდალის პროვოცირება. მას შემდეგ, რაც ვენესუელა სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკ „მერკოსურიდან“ გარიცხეს, მან ბუენოს-აირესში აღნიშნული გაერთიანების შეხვედრაზე შესვლა სცადა. 2020 წელს კი, შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის მიუხედავად, კერძო თვითმფრინავით ესპანეთში ჩაფრინდა. ამასთანავე, აშშ-მა და ევროკავშირმა როდრიგესს სანქციები დაუწესეს ვენესუელაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევის გამო.
როდრიგესი ყოველთვის გმობდა შეერთებულ შტატებს, პარალელურად, თავგამოდებით იცავდა მადუროსა და მისი გარემოცვის უფლებას, აეშენებინათ სოციალიზმი უგო ჩავესის იდეოლოგიის მიხედვით და გაეგრძელებინათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ახლა ის იძულებულია, ვაშინგტონის დიქტატის მიხედვით იმუშაოს. ამ მხრივ, როდრიგესმა უკვე გამოავლინა მოქნილობა. თავდაპირველი ხისტი განცხადებების შემდეგ, მან ტონი შეარბილა. „ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ხელისუფლებას, ერთად ვიმუშავოთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე“, - განაცხადა როდრიგესმა. „პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობასა და დიალოგს და არა - ომს“, - ამ სიტყვებით მიმართა მან დონალდ ტრამპს.


