25 თებერვალი 2026 - 07:54

უკანონოდ მოპოვებული მილიონები - როგორ გამდიდრდა ჯეფრი ეპშტეინი?

ჯეფრი ეპშტეინის საქმის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გამოითქვა არაერთი შეთქმულების თეორია და დაისვა უამრავი კითხვა. კერძოდ, როგორ დააგროვა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ქონება გავლენიანმა ფინანსისტმა, რომელიც სექსუალური დანაშაულისთვის იყო გასამართლებული; როგორ მოახერხა ჯეფრი ეპშტეინმა კარიერა დაეწყო მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად ისე, რომ კოლეჯის დიპლომიც კი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ნიუ-იორკის კონი-აილენდის მუშათა კლასის ოჯახში დაბადებული ბიჭი საკმაოდ იღბლიანი იყო. პირადი კონტაქტების წყალობით, 1976 წელს ეპშტეინმა საინვესტიციო ბანკ Bear Stearns-ში დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ გაიგო მან, თუ როგორ მუშაობს მსხვილი ფინანსების სამყარო. 1980 წელს ეპშტეინი შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორი გახდა და ერთი წლის შემდეგ ბანკი დატოვა, თუმცა სამომავლოდ იქ მოპოვებული კონტაქტები კარგად გამოიყენა.

ფინანსურ სამყაროში ეპშტეინი საიდუმლოებით მოცული ადამიანი იყო

Bear Stearns-ის დატოვების შემდეგ, ეპშტეინის სახელი ფინანსურ წრეებში კვლავ გამოჩნდა, თუმცა რთული იყო იმის დადგენა, თუ რას აკეთებდა სინამდვილეში. „ის მუდმივ გამოცანად რჩებოდა“, - განაცხადა Fox Business Network-ის კორესპონდენტმა ჩარლზ გასპარინომ 2020 წელს, Netflix-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში - „ჯეფრი ეპშტეინი: ბინძური მდიდარი“. უოლ სტრიტზე მომუშავე ადამიანები, როგორც წესი, ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ ეპშტეინი ამ ყველაფერს ოსტატურად ერიდებოდა. „ის იყო კაცი, რომელზეც ყველა საუბრობდა, მაგრამ რომელსაც საინვესტიციო სამყაროში, პრაქტიკულად, არანაირი კვალი არ დაუტოვებია “, - განმარტავს გასპარინო. 

ეპშტეინის სავარაუდო კავშირი ჩამოშლილ პირამიდის სქემასთან

საინკასაციო სააგენტო „Towers Financial Corporation“-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ჰოფენბერგი აცხადებდა, რომ ამ ისტორიის ნაწილის შესახებ ინფორმაციას ფლობდა. 1980-იანი წლების ბოლოს მან დაიქირავა ეპშტეინი, რომელიც, Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში ჰოფენბერგთან ინტერვიუს თანახმად, მისი „თანამზრახველი“ გახდა. უკვე 1993 წელს, „Towers Financial Corporation“-ი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური პირამიდის სქემად გამოაშკარავდა, რის შედეგადაც ინვესტორებმა 460 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგეს. ჰოფენბერგის მტკიცებით, ეპშტეინი „აკონტროლებდა ფასიან ქაღალდებსა და ფიქტიურ აქტივებს, მანიპულირებდა აქციების ფასებით და უკანონოდ ვაჭრობდა“. როდესაც პირამიდა ჩამოიშალა, ჰოფენბერგმა თავი დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, ეპშტეინისთვის, რომელმაც კომპანია მის გაკოტრებამდე დატოვა, ამ მიმართულებით ბრალი არასდროს წაუყენებიათ. ამიტომაც ძნელი სათქმელია, რა როლი შეასრულა მან „Towers Financial Corporation“-ში ან რა ფინანსური მოგება მიიღო.  

ეპშტეინი და მილიარდერი ლეს ვექსნერი

1980-იანი წლების შუა პერიოდში ჯეფრი ეპშტეინმა გაიცნო ლეს ვექსნერი, რომელიც იყო საცალო ვაჭრობის მაგნატი და L Brands-ის დამფუძნებელი, რომლის ფლაგმანი ბრენდიც Victoria's Secret-ია. ეპშტეინმა ფინანსური მრჩევლის პოზიციით დაიწყო და მალევე მილიარდერის მრჩეველი გახდა. მან ვექსნერის ფინანსებზე კონტროლი თავად აიღო, საკუთარ თავს მაღალ ხელფასს უწერდა, შეიძინა დიდძალი უძრავი ქონება და კერძო თვითმფრინავი. ეპშტეინი და ვექსნერი დაშორდნენ  2007 წელს, როდესაც ფინანსისტი სექსუალური ძალადობის სკანდალში გაეხვა. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინა ვექსნერმა, რომ ეპშტეინს „მითვისებული ჰქონდა უზარმაზარი თანხები - ჩემი და ჩემი ოჯახის“. 

საიდან გაჩნდა ეპშტეინის საწყისი სიმდიდრე?

აშშ-ის პროკურორების მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჯეფრი ეპშტეინმა ვექსნერს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მოპარა ან მიითვისა. პროკურორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს თანხა ეპშტეინის მიერ ვექსნერის მომსახურებისთვის გადახდილ ჰონორარებთან ერთად, სავარაუდოდ, ფინანსისტის თითქმის მთელ ქონებას შეადგენს. ეპშტეინმა ვექსნერის კერძო თვითმფრინავი საკუთარ თავს მიჰყიდა ბევრად იაფად, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. მან იგივე გააკეთა მილიარდერის ნიუ-იორკული თაუნჰაუსის შემთხვევაშიც. პროკურორების დასკვნით, ეპშტეინმა ასევე შეიძინა უძრავი ქონება ვექსნერის სახელით და შემდეგ ის თავისთვის შემცირებულ ფასში გადაყიდა. 2008 წელს ჯეფრი ეპშტეინმა ლექს ვექსნერს კერძო შეთანხმებით, საჯარო სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად, 100 მილიონი დოლარი დაუბრუნა. ვექსნერმა ფინანსისტთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, მაგრამ სარჩელი არასდროს შეუტანია. ასეა თუ ისე, ეპშტეინმა საბოლოოდ მიიღო აქტივები და კოლოსალური თანხა. იმის გამო, რომ ლეს ვექსნერმა ამ საკითხთან დაკავშირებით ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არანაირი საჯარო განცხადება არ გააკეთა, არავინ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში. 

როგორ იყენებდა ეპშტეინი ვექსნერის კავშირებს?

უზარმაზარი ქონების გარდა, ვექსნერმა ეპშტეინს სხვა რამეც მისცა. თუ ყველა ხედავდა, რომ მილიარდერი თავის ფინანსისტს ენდობოდა, ბევრს შეეძლო ეფიქრა, რომ მათაც შეეძლოთ ეპშტეინს ნდობოდნენ და მისი რჩევები გაეთვალისწინებინათ. ამ გზით მოპოვებული რეპუტაცია ფინანსისტმა გავლენიანი ადამიანების სანაცნობო წრის გასაფართოებლად კარგად გამოიყენა. მას უყოყმანოდ შეეძლო დაესახელებინა ისეთი გვარები, როგორიცაა კლინტონი და როკფელერი. როგორც ჩანს, ამან გაამართლა და ცნობილი ბიზნესმენები, როგორიცაა კერძო საინვესტიციო ფირმის მფლობელი მილიარდერი ლეონ ბლეკი, მის ქსელში გაებნენ. წლების განმავლობაში ისმოდა ბრალდებები, რომ ეპშტეინი თავის ჰონორარებს  ზრდიდა ან  არაავტორიზებულ შეღავათებს იღებდა. თუმცა როგორც ჩანს, ლეს ვექსნერი ერთადერთია, ვინც მისი ყოფილი მრჩევლის მიერ ჩადენილი აშკარა ქურდობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. 

რა დოზით ფიგურირებენ ეპშტეინის საქმეში ბანკები - JP Morgan-ი და Deutsche Bank-ი?

მას შემდეგაც კი, რაც ეპშტეინმა არასრულწლოვნების პროსტიტუციისთვის იძულების ბრალი აღიარა და 2008 წლის ივნისში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ნიუ-იორკის შტატში სექსუალურ დამნაშავედ ოფიციალურად დარეგისტრირდა, ბევრი მაინც მიმართავდა მას რჩევისთვის. ამას ადასტურებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტები - ე.წ. „ეპშტეინის ფაილები“. უფრო მეტიც, ბევრი კომპანია მასთან სიამოვნებით თანამშრომლობდა. ის ბანკები, სადაც ეპშტეინი თავის ფინანსებს ინახავდა, ყურადღების ქვეშ მოექცა. 1998-დან 2013 წლამდე ეპშტეინი JP Morgan-ის მომსახურებით სარგებლობდა, რის შემდეგაც ბანკმა მისი ანგარიშები დახურა. ათი წლის შემდეგ, დანაშაულის აღიარების გარეშე, JP Morgan-მა ერთი მხრივ, 75 მილიონი დოლარი გადაიხადა  აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებიდან შემოსული საჩივრის დასაკმაყოფილებლად, ხოლო 290 მილიონი დოლარი - ეპშტეინის მსხვერპლთა ჯგუფის საჩივრის საპასუხოდ. მას შემდეგ, რაც ეპშტეინი იძულებული გახდა, JPMorgan-დან წასულიყო, გერმანულმა Deutsche Bank-მა მას ანგარიშის გახსნის უფლება 2013 წელს მისცა. მოგვიანებით, ეპშტეინს დაახლოებით 40 ანგარიში ჰქონდა Deutsche Bank-ში და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ბანკი მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ფინანსისტთან კავშირს გაწყვეტდა. Deutsche Bank-მა განაცხადა, რომ ნანობდა ეპშტეინთან კავშირს და დასთანხმდა მისი მსხვერპლთა ჯგუფისთვის 75 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაეხადა, თუმცა ბრალი არ უღიარებია.

რა ბედი ეწია ჯეფრი ეპშტეინის ქონებას?

ჯეფრი ეპშტეინი 2019 წლის 6 ივლისს დააკავეს და არასრულწლოვნების სექსუალურ ტრეფიკინგში დაადანაშაულეს. იმავე წლის 10 აგვისტოს ის ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურად, ეს თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. როდესაც ეპშტეინის ანდერძი ვირჯინიის კუნძულების სამემკვიდრეო სასამართლოში წარადგინეს, სადაც ის რეზიდენტად იყო რეგისტრირებული, დოკუმენტში მითითებული იყო 577 მილიონი დოლარის აქტივები, მათ შორის 56,5 მილიონი დოლარი ნაღდი ფული, თითქმის 194 მილიონი დოლარი ჰეჯ-ფონდებითა და კერძო კაპიტალით, ასევე - 112 მილიონი დოლარი აქციებით. ანდერძში ჩამოთვლილია კომპანიები, რომლებიც გარდაცვლილის ქონებას ვირჯინიის კუნძულებზე, ნიუ-მექსიკოში, ნიუ-იორკში, პალმ-ბიჩსა და პარიზში ფლობდნენ. აქტივებმა, იურიდიულმა ხარჯებმა და დიდმა გადახდებმა თანდათან შთანთქა ეს უზარმაზარი ქონება. 2025 წლის დეკემბერში The New York Times-მა ამ საკითხზე რამდენიმეთვიანი გამოძიება დაასრულა. ათასობით გვერდიანი დოკუმენტის განხილვის შემდეგ, გამოცემამ დაასკვნა, რომ ჯეფრი ეპშტეინმა თავისი ასობით მილიონი „თაღლითობის, ქურდობისა და ტყუილის“ მეშვეობით დააგროვა. „ეპშტეინი იყო არა ფინანსური გენიოსი, არამედ - კარგი მანიპულატორი და მატყუარა. ის მზად იყო კრიმინალის ზღვარზე ემოქმედა და სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე ყველა ხიდი დაეწვა“, - დაასკვნა The New York Times-მა. 

სხვა თემები