20 იანვარი 2026 - 15:00

ევროპა შოკშია. როგორ უპასუხებს ევროკავშირი ტრამპის მუქარას, რომელიც გრენლანდიის გამო ტარიფების დაწესებას გულისხმობს?

ფოტო: Getty Images

დონალდ ტრამპმა შაბათს გააკეთა განცხადება რვა ევროპული ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გრენლანდიასთან მიმართებით მის მიერ შემუშავებულ გეგმას მხარს არ დაუჭერენ. აღნიშნულმა ინფორმაციამ ევროპა შოკში ჩააგდო. რა ბერკეტებს ფლობს ევროპა და რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირს, BBC-მ გაარკვია. 

აქ საუბარია საფრანგეთზე, გერმანიაზე, დიდ ბრიტანეთზე, დანიაზე, ნორვეგიაზე, შვედეთზე, ნიდერლანდებსა და ფინეთზე. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს და თუ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, ტარიფები მიმდინარე წლის ზაფხულში 25%-მდე გაიზრდება. ჯერჯერობით უცნობია, დაემატება თუ არა ეს ტარიფები უკვე მოქმედ გადასახადს. საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს საპასუხო ზომებისთვის, თუ ტრამპი თავის მუქარას განახორციელებს. თუმცა ისმის კითხვა, რა ბერკეტებს ფლობს ევროპა შეერთებული შტატების საპასუხოდ?

შეუძლია თუ არა ევროპას საპასუხო ტარიფებით რეაგირება?

ექვს თვეზე ნაკლები ხნის წინ აშშ და ევროკავშირი ტრანსატლანტიკური ვაჭრობის სტაბილიზაციაზე, ასევე ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შოტლანდიაში პრეზიდენტ ტრამპის გოლფის კურორტიდან დაბრუნდა შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც 15%-იანი ტარიფები დაწესდებოდა ყველა იმ საქონელზე, რომელსაც ევროკავშირი აშშ-ში ყიდის. აღნიშნული გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯი იყო იმ 30%-იან ტარიფთან შედარებით, რომლითაც აშშ იქამდე იმუქრებოდა. ამავდროულად, ბრიუსელმა მოამზადა ტარიფების პაკეტი, რომელიც აშშ-სთან შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში ამოქმედდებოდა. 

აღნიშნული პაკეტი მოიცავს ტარიფებს აშშ-ის მიერ ევროკავშირში გაყიდული საქონლის ფართო სპექტრზე - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებითა და თვითმფრინავის კომპლექტაციით დაწყებული, ვისკით დამთავრებული, რომელთა საერთო ღირებულება 93 მილიარდ ევროს (108 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმება ნიშნავდა, რომ ეს ტარიფები შეჩერებული იყო დეტალების დამუშავებამდე და ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირებას მომავალ კვირას გეგმავდა. თუმცა, დონალდ ტრამპის მუქარიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, გავლენიანმა გერმანელმა ევროპარლამენტარმა მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ შეთანხმების დამტკიცება „ამ ეტაპზე შეუძლებელია“. 

თუ ევროკავშირი გასული წლის შეთანხმებას  ვერ დაამტკიცებს ან ზომების შეჩერებას ვეღარ დატოვებს ძალაში, მილიარდობით ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები 7 თებერვლიდან ამოქმედდება. შესაძლოა, ამან პოლიტიკური დარტყმა მიაყენოს ტრამპს თავად აშშ-ში, ევროპაში ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან. ტრამპის მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებას ეხება, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა უკიდურესად რთული იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად კვეთს საქონელი ევროკავშირის შიდა საზღვრებს აშშ-ში ექსპორტამდე. ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლოფ გილმა განაცხადა, რომ ბრიუსელი გააკეთებს „ყველაფერს, რაც აუცილებელია ევროკავშირის ეკონომიკური ინტერესების დასაცავად“. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ტარიფები მხოლოდ ზიანს მიაყენებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. 

რა არის ევროკავშირის „სავაჭრო ბაზუკა“?

ე.წ. „სავაჭრო ბაზუკა“, ოფიციალურად ცნობილი როგორც იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი (Anti-Coercion Instrument, ACI), არის კანონი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, მისი არაწევრი ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურ შანტაჟს  უპასუხოს. ის ითვალისწინებს ძალიან მკაცრ ზომებს, თუ სხვა ქვეყნები შეეცდებიან თავიანთი ნების თავს მოხვევას როგორც ევროკავშირისთვის, ასევე - მისი წევრი სახელმწიფოებისთვის. 

ევროკავშირის რეაგირება შეიძლება მოიცავდეს სავაჭრო ზომების ფართო სპექტრს: ტარიფებს, იმპორტსა და ექსპორტზე შეზღუდვებს, სავაჭრო მომსახურების, საბანკო და ფინანსურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვებს. საბოლოო ჯამში, ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დაბლოკოს ერთიანი ბაზრის უმეტეს ნაწილზე წვდომა, ამავდროულად, უგულებელყოს არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. ყველაზე ექსტრემალური არის ბირთვული ვარიანტი. „ბაზუკას“ რეალური მიზანია არა მისი გამოყენება, არამედ სხვა ქვეყნების იძულება, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ამ ინსტრუმენტის ფაქტობრივმა გამოყენებამ, შესაძლოა, სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენოს თავად ევროკავშირს, ამიტომაც ის მხოლოდ უკიდურეს საშუალებად განიხილება. გარდა ამისა, აღნიშნული ბერკეტი სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტი არ არის. 

მოქმედი წესების თანახმად, ევროკომისიას სავარაუდო ეკონომიკური იძულების შემთხვევების გამოსაძიებლად ოთხ თვემდე ვადა აქვს. გარდა ამისა, შესაბამის ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოებასა და საპასუხო ზომების მიღების საფუძვლის დადგენას შეიძლება ექვს თვემდე დასჭირდეს. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი ქმედების დასამტკიცებლად 10 კვირამდე ვადა აქვთ. ამდენად, მაშინაც კი, თუ ევროკომისია მოქმედების დაწყების ნიშნად მწვანე შუქს აანთებს, „სავაჭრო ბაზუკას“ რეალურად ამოქმედებას შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს. 

როგორ რეაგირებს დიდი ბრიტანეთი?

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს თავის გამოსვლაში მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას სურს, დონალდ ტრამპთან სავაჭრო ომი თავიდან აიცილოს. ამით კირ სტარმერმა შეერთებული შტატებისთვის საპასუხო ტარიფების დაუყოვნებლივ დაწესების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გამორიცხა. მან განაცხადა, რომ ტრამპმა ტარიფებით მუქარას „მოკავშირეების წინააღმდეგ ამ გზით“ არ უნდა მიმართოს. სტარმერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „ტარიფების ომი არავის ინტერესებში არ შედის“. „ჩვენ ჯერ არ მივსულვართ ამ ეტაპამდე და ამიტომაც, ჩემი საქმეა ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს“, - დასძინა მან.

სხვა თემები