17 ივნისი 2026 - 16:22

თქვენი ძაღლი ცაციაა თუ მემარჯვენე? მეცნიერებმა მოამზადეს ტესტი, რომელიც ამის გარკვევაში დაგეხმარებათ

მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოგიერთი ძაღლი უპირატესობას მარცხენა წინა თათს ანიჭებს, ზოგი კი — მარჯვენას. ამის დასადგენად კვლევებში ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტესტს იყენებდნენ, თუმცა ისინი დიდად სანდო არ იყო. ივნისში გამოქვეყნდა იტალიელი მკვლევრების ახალი სტატია, რომლებმაც უფრო სანდო შედეგების მისაღებად სპეციალური სკალა შექმნეს, თუმცა ის ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და დახვეწას საჭიროებს. ტესტის შემქმნელებმა მას Doginburgh Inventory უწოდეს და ადამიანებზე ჩატარებული მსგავსი ტესტის ანალოგია. მკვლევრების თქმით, შინაური ცხოველისთვის ტესტის ჩატარება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. მეცნიერების რეკომენდაციით,  თითოეული ტესტი, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაიმეოროთ იმდენჯერ, რომ სულ ცოტა, 10 შემთხვევაში ყველა პირობა იყოს დაცული და ნათლად დაფიქსირდეს, თუ რომელ თათს იყენებს ძაღლი. მეტი დამაჯერებლობისთვის, უმჯობესია, ყველაფერი ვიდეოზე ჩაიწეროთ.

1. მიეცით ძაღლს სასუსნავით სავსე კონუსი

დასაწყისისთვის საჭიროა ინვენტარის მომზადება. მკვლევრები იყენებდნენ ცნობილ სათამაშო „კონგს“ - კონუსის ფორმის სათამაშო, რომელიც სასუსნავით ივსება. როდესაც სათამაშო მზად გექნებათ, მოქმედება დაიწყეთ ისე, რომ ძაღლი სწორად იდგეს, იჯდეს ან იწვეს. ამის შემდეგ დაუდეთ მას კონუსი განიერი ჭრილით და ნება მიეცით, სასუსნავი აიღოს. ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელი თათით შეეხება ძაღლი სათამაშოს პირველად. თუ ის ორივე თათით ეპოტინება, ეს ცდა არ უნდა ჩაითვალოს.

2. სთხოვეთ ძაღლს სასუსნავის ამოღება

იპოვეთ სახლში ვიწრო ჰორიზონტალური სივრცე, სადაც ძაღლის დინგი ვერ შეეტევა, მაგრამ თათი - კი. მაგალითად, დივნის, საწოლის ან კარადას ქვეშ. დადეთ იქ სასუსნავი (უმჯობესია, ღრმად, რათა ცხოველი ენით ვერაფრით მისწვდეს) და მოშორდით ამ ადგილს, სულ ცოტა, ერთი მეტრით — ისე, რომ იდგეთ ძაღლის უკან, როდესაც ის საკვების მოპოვებას შეეცდება. ამის შემდეგ შესთავაზეთ თქვენს შინაურ ცხოველს სასუსნავის პოვნა და მეტი აღარაფერი თქვათ, არც მიუთითოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელი თათით შეეცდება ძაღლი, რომ სასუსნავს მისწვდეს. უმჯობესია, რომ ტესტი სხვადასხვა დღეს გაიმეოროთ. თუ ძაღლი ვერ ახერხებს სასუსნავს მისწვდეს და ღიზიანდება (მაგალითად, წკმუტუნს იწყებს), მიეცით მას რამე გემრიელობა.

3. სთხოვეთ ძაღლს კიბეზე ჩამოსვლა

სწორად დასვით ძაღლი ზედა საფეხურზე, დინგით კიბისკენ. შესთავაზეთ მას ჩამოსვლა და დააკვირდით, რომელი თათით დაიწყებს მოძრაობას. კვლევის დროს ამ ტესტში მონაწილეობდა ორი ადამიანი: ერთი სვამდა ძაღლს ზემოთ, მეორე იდგა ქვემოთ და ეძახდა მას. თუ თქვენს ძაღლს შეუძლია ზემოთ დაჯდეს, მშვიდად დაელოდოს თქვენს ქვემოთ ჩასვლას და მხოლოდ ბრძანების შემდეგ გამოიქცეს, სავარაუდოდ, ყველაფერს მეორე ადამიანის გარეშეც გააკეთებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოთ მყოფმა ადამიანმა ძაღლი მისგან თანაბარი დაშორებით უნდა დასვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება ძაღლის ქცევაზე გავლენა იქონიოს და არაზუსტი შედეგი მოგცეთ.

4. სთხოვეთ ძაღლს შემაღლებული ადგილიდან ჩამოსვლა

ამ დავალებისთვის გამოდგება ბორდიური ან ერთი საფეხურის სიმაღლის სხვა შემაღლებული ადგილი. ძაღლი უნდა მიიყვანოთ ჩასასვლელთან სწორი ხაზით და არა - ირიბად. შინაურ ცხოველს საბელი მოშვებული უნდა ჰქონდეს. ადამიანი, რომელსაც ის მიჰყავს, როგორც წინა დავალებაში, უნდა იდგეს ხან ერთი მხრიდან, ხან — მეორე მხრიდან. დააკვირდით, რომელი თათი დაადგამს ძაღლი ქვემოთ პირველად. თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.
 

დაითვალეთ ქულები

რადგან ეს სკალა ახალი შექმნილია, მოსახერხებელი ონლაინ-კალკულატორი ჯერჯერობით არ არსებობს. ამიტომაც ყველაფრის დათვლა დამოუკიდებლად მოგიწევთ. საქმის გასამარტივებლად, შევეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად და გასაგებად აღგვეწერა საჭირო პროცესი. უბრალოდ, მიჰყევით პუნქტებს და დათვალეთ ისე, როგორც მითითებულია. არაფრის ანალიზი არ არის საჭირო.

დაითვალეთ თითოეული ტესტის შედეგი:

1.    რამდენჯერ გამოიყენა თქვენმა ძაღლმა მარჯვენა თათი კონკრეტულ ტესტში? გამოაკელით ამ ციფრს იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ძაღლმა მარცხენა თათი გამოიყენა.
2.    კიდევ ერთხელ მიუბრუნდით იმას, თუ რამდენჯერ გამოიყენა თქვენმა ძაღლმა მარჯვენა თათი? და მარცხენა? შეკრიბეთ ეს რიცხვები.
3.    პირველი შედეგი გაყავით მეორეზე.
4.    მიღებული რიცხვი გაამრავლეთ 100-ზე.
5.    გაიმეორეთ ეს გამოთვლები დარჩენილი სამი ტესტისთვისაც (თუ ყველა ტესტის შესრულება ვერ მოახერხეთ, არაუშავს, დათვალეთ იმდენი, რამდენიც გაქვთ).

ერთ ტესტში მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია:

•    თუ შედეგი არის -100-დან -60-მდე, მაშინ ამ კონკრეტულ ტესტში ძაღლმა თავი გამოიჩინა როგორც გამოხატულმა ცაციამ. ამ შედეგისთვის გაიცემა ორი ქულა.
•    თუ შედეგი არის -60-დან (ჩათვლით) -20-მდე, ძაღლი არის სუსტად გამოხატული ცაცია. ამ შედეგისთვის გაიცემა ერთი ქულა.
•    თუ შედეგი არის -20-დან (ჩათვლით) 20-მდე (ჩათვლით), ძაღლი თანაბრად იყენებს ორივე თათს (სხვა სიტყვებით, ის ამბიდექსტრია). ამ შედეგისთვის ქულები არ გაიცემა.
•    თუ შედეგი არის 20-დან 60-მდე (ჩათვლით), ძაღლი არის სუსტად გამოხატული მემარჯვენე. ამ შედეგისთვის გაიცემა ერთი ქულა.
•    თუ შედეგი არის 60-დან 100-მდე, ძაღლი არის გამოხატული მემარჯვენე. ამ შედეგისთვის გაიცემა ორი ქულა.
გამოიყენეთ ეს გამოთვლები თითოეული ტესტისთვის. ჯამში, ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. ჩაიწერეთ თითოეული ტესტის შედეგი: რამდენი ქულა მიიღო ძაღლმა და როგორ გამოავლინა თავი — როგორც მემარჯვენემ თუ ცაციამ. ეს გამოგადგებათ შემდგომი დათვლებისთვის.

საერთო შედეგის დათვლა:

1.    მაშასადამე, თქვენმა ძაღლმა გაიარა, სულ მცირე, ოთხი ტესტი. რამდენ მათგანში გამოავლინა მან რაიმე უპირატესობა? გაყავით ეს რიცხვი გავლილი ტესტების საერთო რაოდენობაზე. (მაგალითად: თუ 4 ტესტიდან 3-ში გამოავლინა უპირატესობა, მაშინ 3 ÷ 4 = 0,75). ჩაიწერეთ ეს ციფრი, ის მოგვიანებით დაგჭირდებათ.
2.    დაიმახსოვრეთ, რამდენი ქულა მიიღო ძაღლმა წინა ტესტში, სადაც ფიგურირებდა 1 და 2? ეს მონაცემები ახლა გამოგადგებათ. ჯერ დათვალეთ, რამდენი ქულა დააგროვა თქვენმა ძაღლმა ჯამში იმ ტესტებში, სადაც თავი მემარჯვენედ გამოავლინა (გამოხატულად ან სუსტად).
3.    ახლა შეკრიბეთ ქულები, რომლებიც ძაღლმა მიიღო ცაციად თავის გამოვლენით.
4.    გამოაკელით მემარჯვენეობის ქულების ჯამს ცაციას შედეგი.
5.    ახლა, პირიქით, შეკრიბეთ მემარჯვენეობის შედეგი და ცაციას შედეგი.
6.    გაყავით მე-4 პუნქტის შედეგი მე-5 პუნქტის შედეგზე.
7.    გაამრავლეთ 100-ზე.
8.    გაამრავლეთ პირველი პუნქტის შედეგზე.

საერთო შედეგების ინტერპრეტაცია:

•    თუ შედეგი არის -100-დან -60-მდე — ძაღლი არის გამოხატული ცაცია.
•    თუ შედეგი არის -60-დან (ჩათვლით) -20-მდე — ძაღლი არის სუსტად გამოხატული ცაცია.
•    თუ შედეგი არის -20-დან (ჩათვლით) 20-მდე (ჩათვლით) — ძაღლი თანაბრად იყენებს ორივე თათს (ამბიდექსტრია).
•    თუ შედეგი არის 20-დან 60-მდე (ჩათვლით) — ძაღლი არის სუსტად გამოხატული მემარჯვენე.
•    თუ შედეგი არის 60-დან 100-მდე — ძაღლი არის გამოხატული მემარჯვენე.
ამ და სხვა კვლევებში მეცნიერები ხედავენ, რომ ძაღლებთან, ადამიანებისგან განსხვავებით, მემარჯვენეები აბსოლუტურ უმრავლესობას არ წარმოადგენენ. გარდა ამისა, ყველა ძაღლი არ ავლენს რაიმე სახის უპირატესობას.

სხვა თემები