19 აგვისტო 2026 - 16:15

აშშ-ში Meta-ს ბავშვებში დამოკიდებულების გამოწვევის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან. შეიცვლება თუ არა Facebook-ი და Instagram-ი?

აშშ-ში Meta-ს წინააღმდეგ აღიძრა სარჩელი, რომლის თანახმადაც, კომპანიამ თავისი სოციალური მედიის პლატფორმებისადმი დამოკიდებულება ბავშვებში განზრახ განავითარა, რათა მოგება მიეღო. 18 აგვისტოს დაიწყო სასამართლო პროცესი, რომლის მოსარჩელეები კომპანიას Facebook-ისა და Instagram-ის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასაც ედავებიან. 

რა ხდება? 

სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 2023 წელს აშშ-ის 30 შტატის, მათ შორის, კალიფორნიისა და ნიუ-იორკის სარჩელის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას ბავშვთა კონფიდენციალურობის შესახებ ფედერალური და სახელმწიფო კანონების მრავალგზის დარღვევაში ედება ბრალი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით 1,5 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. მოსარჩელეები ითხოვენ არა მხოლოდ 1 ტრილიონ დოლარზე მეტ კომპენსაციას, არამედ - Instagram-სა და Facebook-ზე გარკვეულ ცვლილებებსაც, მათ შორის, მოწონების მრიცხველის გაუქმებას. 

თუ Meta ამ მასშტაბის საქმეს საბოლოოდ წააგებს, ამან ახალგაზრდების მიერ სოციალური მედიის გამოყენების წესში შესაძლოა ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვიოს. კერძოდ, 
მოსარჩელეები მოითხოვენ:

• მოზარდი მომხმარებლების შემთხვევაში, მშობლების მიერ მათი სოციალური ქსელის გადამოწმების შესაძლებლობის დანერგვას;
• „დოფამინზე დაფუძნებული რეკომენდაციის ალგორითმის“ შეცვლას;
• გარეგნობის შემცვლელი ფილტრების მოხსნას;
• ავტომატური ჩართვის ფუნქციის მქონე ვიდეოების შეცვლას;
• სხვადასხვა ანგარიშის შექმნის აკრძალვას;
• „ეფემერული“ პოსტების, განსაკუთრებით Instagram Stories-ის გაქრობას. 

მოსარჩელეების მტკიცებით, ეს ფუნქციები შექმნილია იმისთვის, რომ წაახალისოს მომხმარებლები, მათ შორის - მოზარდები, რათა სოციალურ ქსელებში რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ. ხშირი შეტყობინებები, რომლებიც მომხმარებლებს აპლიკაციაში შესვლისკენ მოუწოდებს, ასევე ხელს უშლის ონლაინ სივრცეში ნაკლები დროის გატარებას. სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ Meta-მ „აირჩია ახალგაზრდების ექსპლუატაცია“ და მათი „მოზიდვა“, რათა გაეფართოებინა მომხმარებელთა ბაზა და გაეზარდა ბიზნესი. „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ ბრალდებებს და დარწმუნებულები ვართ, რომ მტკიცებულებები აჩვენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროცესი მიჰყავს ივონ გონსალეს როჯერსს, რომელიც კალიფორნიის მთავარი ფედერალური მოსამართლეა. ის იყო გახმაურებულ საქმის - „ილონ მასკი სემ ალტმანის წინააღმდეგ“ - მოსამართლე და თითქმის 20 - წლიანი სასამართლო გამოცდილების პერიოდში, მან მოიპოვა გამჭრიახი და უკომპრომისო იურისტის რეპუტაცია.

სოციალური ქსელი, როგორც საზოგადოებრივი პრობლემა

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლემ ბრაიან ბიდშაიდმა Meta 942 მილიონი დოლარით დააჯარიმა და სხვა შტატების მიერ ამჟამად მოთხოვნილი ცვლილებების ანალოგიური კორექტივების შეტანა დაავალა. კომპანიამ 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის მოწონებების მრიცხველი უნდა ამოიღოს, push-შეტყობინებები დღის გარკვეულ საათებში შეზღუდოს და უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვნებს შიშველი სურათების გაგზავნა ან მიღება არ შეეძლოთ. 

მოსამართლემ Meta საზოგადოებრივ საფრთხედ მოიხსენია. კერძოდ, მას უწოდა ქარხანა, რომელიც ატმოსფეროში მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, აბინძურებს გარემოს და ამით სუფთა ჰაერის უნივერსალურ უფლებას არღვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ Meta-ს პლატფორმების მავნე ზემოქმედება თავად პლატფორმებს სცდება. კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მოსამართლე ბიდშაიდის გადაწყვეტილება Meta-სგან ცვლილებების შეტანას მხოლოდ ნიუ-მექსიკოში მოითხოვს, მაგრამ თუ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელის ავტორი 30 შტატიც გაიმარჯვებს, პლატფორმაში ცვლილებები თითქმის მთელ შეერთებულ შტატებში (50-ვე შტატში) უნდა განხორციელდეს. სარჩელში ჩართული შტატები ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ორ მესამედს წარმოადგენენ. თუ Meta ამ ცვლილებებს განახორციელებს, ეს მისი პლატფორმებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციური სიახლე იქნება. სხვათა შორის, მოწონებების მრიცხველი არსებობს Facebook-ის, კომპანიის პირველი პლატფორმის შექმნის დღიდან, როდესაც მას ჯერ კიდევ Facebook-ი ერქვა და არა - Meta.

სწორედ მოწონების ფუნქცია არის ის ძირითადი გზა, რომლითაც ადამიანები სოციალურ მედიაში განთავსებულ ტექსტებთან, ფოტოებსა და ვიდეოებთან ურთიერთქმედებენ. თუმცა ე.წ. like-ები სულ უფრო ხშირად განიხილება როგორც ემოციების წყარო, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. კეილიმ, ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი მოიგო, სასამართლო პროცესის დროს აღწერა, თუ როგორ შექმნა  Instagram-ისა და YouTube-ის ათობით ანგარიში. ის საკუთარ პროფილზე განთავსებულ „კონტენტს“ იწონებდა იმ იმედით, რომ სხვა მომხმარებლების ყურადღებას მიიპყრობდა და ამით თვითშეფასებას აიმაღლებდა. ქალის თქმით, ის იტანჯებოდა დეპრესიით და ეს დიაგნოზი მას მოგვიანებით, 10 წლის ასაკში დაუსვეს. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შეფასების ისეთმა საზომებმა, როგორიცაა მოწონებები, შეიძლება მოზარდებში უარყოფისა და დეპრესიის განცდა გამოიწვიოს. საქმის განხილვის პროცესში, Meta-მ ორ მილიონზე მეტი დოკუმენტი წარმოადგინა. მოსარჩელე მხარის იურისტები კი კომპანიას მიუთითებენ თავისსავე კვლევაზე, რომლის თანახმადაც, ფოტოებზე მოწონებების რაოდენობა ადამიანს უბიძგებს, საკუთარი თავი შეადაროს სხვას, რომელსაც მეტი მოწონება აქვს. ეს კი პიროვნების თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს, ზრდის მარტოობის შეგრძნებას, საკუთარი სხეულის მიმღებლობას ამცირებს, იწვევს ნეგატიურ განწყობასა და აფექტურობასაც კი. მოსამართლე ბიდშაიდმა თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ  Meta-ს პლატფორმების ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებამ გაამწვავა „ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი“ ნიუ-მექსიკოსა და სხვა რეგიონებში. შესაბამისად, ის თავის კოლეგას, მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსს მსგავსი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდებს. 

სხვა თემები