07 სექტემბერი 2026 - 16:48

ნაკლები ხორცი, მეტი ბოსტნეული? რას გულისხმობს სწორი კვება?

ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების საფუძველია. თუმცა შეიცავს თუ არა ისინი დღეს იმდენივე ვიტამინსა და მიკროელემენტს, რამდენსაც ადრე? Deutsche Welle-მ გამოიკვლია, თუ როგორ შეიცვალა ნაცნობი პროდუქტების შემადგენლობა და რომელთა მიღება არის სასარგებლო.

რა ხდება?

მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, რას ნიშნავს ჯანსაღი კვება, სასურველი ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია. სოციალური მედია სავსეა რჩევებით და ადამიანების უმეტესობამ უკვე იცის საბაზისო ინფორმაცია: უარი თქვით ჩიფსებსა და გაზიან სასმელებზე ახალი ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლოდ. თუმცა ისმის კითხვა, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთანავე, საინტერესოა, ნამდვილად არის თუ არა სასარგებლო ის საკვები, რომელსაც „ჯანსაღად“ მივიჩნევთ? მაგალითად, ახალი ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და პარკოსნების ხარისხი რამდენად შეესაბამება მათ რეპუტაციას. პასუხი მოკლეა: ეს ყოველთვის ასე არ არის. „მინერალების შემცველობა ბევრ საკვებში შემცირდა“, - აღნიშნავს დევიდ მონტგომერი, სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი. რატომ ხდება ეს? 

საკვებში სასარგებლო მინერალების დონე მცირდება

მონტგომერიმ გამოიკვლია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა პრაქტიკა, მათი გავლენა ნიადაგზე და შესაბამისად, ჩვენს საკვებზეც. თავის წიგნში - „რითი იკვებებოდა თქვენი საკვები“, მან გააანალიზა თითქმის 1000 რეცენზირებული კვლევა საკვები პროდუქტების, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეული კულტურების შემცველობაზე. მან აღმოაჩინა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საკვების მაკროელემენტების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული ცვლილებები არ მომხდარა. თუმცა იგივე არ შეიძლება ითქვას ისეთ მიკროელემენტებზე, როგორიცაა ვიტამინები და მინერალები, კერძოდ, რკინა და თუთია. „ჩვენ ისინი დიდი რაოდენობით არ გვჭირდება, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მინერალების დონეზე გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების პრაქტიკა“, - განმარტა პროფესორმა DW-სთან ინტერვიუში. კერძოდ, როდესაც მარცვლეული კულტურები ისე მოჰყავთ, რომ მათი მოსავალი ხორბლისაზე ორჯერ მეტია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ხორბლის თითოეულ თავთავში საკვები ნივთიერებების შემცველობის შემცირება, - დასძინა მონტგომერიმ. 

ეს შეიძლება მოხდეს მარცვლეულის იმ ჯიშებთან მიმართებით, რომლებიც ნიადაგიდან იმავე რაოდენობის მინერალებსა და საკვებ ნივთიერებებს შთანთქავენ, როგორც ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ისინი ხორბლის ორჯერ მეტი მოსავლის მისაღებად არიან გამოყვანილი. შედეგად, საკვები ნივთიერებების იგივე რაოდენობა ნაწილდება მარცვლის უფრო დიდ რაოდენობაზე და მათი კონცენტრაცია მცირდება. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც „განზავების ეფექტი“. მონტგომერის განმარტებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დღეს ზოგიერთი ჯანსაღი საკვები ისეთი სასარგებლო აღარ არის, როგორც ეს  ჩვენი ბებია-ბაბუების დროს იყოს. 

აუცილებელია ნიადაგზე ზემოქმედების მინიმიზაცია

ნიადაგი, სადაც ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ, ჩვენს თეფშზე არსებული საკვების სიჯანსაღეში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პრაქტიკა, როგორიცაა ხვნა და მინერალური სასუქებისა თუ პესტიციდების გამოყენება, ნიადაგში მცხოვრები სოკოებისა და მიკროორგანიზმების ბალანსს არღვევს. თუ ეს მოხდა, საკვები ნივთიერებების, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ფიტოქიმიკატების შეწოვის უნარი მცენარეებს შეიძლება დაუქვეითდეთ. სწორედ ამიტომ, დევიდ მონტგომერი მხარს უჭერს „რეგენერაციული მეურნეობის მეთოდების გამოყენებას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ნიადაგზე ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედება, ინარჩუნებს ცოცხალ მცენარეთა ფესვებსა და მრავალფეროვან სასოფლო-სამეურნეო კულტურას“. აღნიშნული მეთოდი აძლიერებს ე.წ. „საკვები ნივთიერებების ციკლსა“ და ფიტოქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას. თავის მხრივ, ეს „იწვევს იმას, რომ ჩვენს საკვებში რეალურად იმაზე მეტი ნაერთია, ვიდრე ჩვენ გვჭირდება“, - განმარტა მონტგომერიმ. 

მიუხედავად იმისა, რომ ფიტოქიმიკატები არ არის აუცილებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ ითვლება საკვებ ნივთიერებებად, ისინი იცავენ ჩვენს უჯრედებს გარემოს ტოქსინებით გამოწვეული დაზიანებისგან და ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას, რომელთაც ჩვენი დნმ-ის დაზიანება შეუძლიათ. ყველა მცენარე აწარმოებს მათ, ამიტომ ისინი ყველაფერში გვხვდება, მარცვლეულიდან დაწყებული, სალათებში შემავალი ბოსტნეულითა და ფაფების დანამატი კენკრით დამსრულებული. უფრო მეტიც, რაც უფრო მდიდარია საკვები ფიტოქიმიკატებით, მით უფრო ინტენსიურია მისი არომატი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიკროელემენტია C ვიტამინი, რომელიც სასარგებლოა ჯანსაღი კბილებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესანარჩუნებლად. ის ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, გვხვდება წიწაკაში, კომბოსტოში, მარწყვსა და ფორთოხალში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია თუთია. ადამიანის ორგანიზმი მას დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებს, მაგრამ ის აუცილებელია ნორმალური ზრდისა და ჭრილობების შეხორცებისთვის. თუთია გვხვდება ზღვის პროდუქტებში, შვრიის ფანტელებსა და კვერცხში.

დაბალანსებული კვების უპირატესობა

გერმანიის ფედერალური კვების ცენტრის (BZfE) ნუტრიციოლოგი ასტრიდ დონალისი ადგილობრივი წარმოების საკვები ნივთიერებების შემცველობაზე დიდად არ ღელავს. მისი თქმით, მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი კვების რაციონის დივერსიფიკაციაა. დონალისი აღნიშნავს, რომ ჩვენთვის უფრო ადვილია დაბალანსებული კვების მიღწევა, ვიდრე ჩვენი ბებია-ბაბუებისთვის, რადგან მთელი წლის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის უფრო ფართო ასორტიმენტზე გვაქვს წვდომა. მაგალითად, წარსულში გერმანიაში ზამთარი ნიშნავდა დიდი რაოდენობით ჭარხლისა და კარტოფილის, ძირითადად კი ვაშლისა და მსხლის ჭამას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა მთელი ზამთრის განმავლობაში მარწყვი უნდა მივირთვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. „ჩვენ უნდა ავირჩიოთ ადგილობრივი და სეზონური პროდუქტები. ამ გზით, ხილი და ბოსტნეული განსაკუთრებით ახალი იქნება. გარდა ამისა, რაც უფრო მოკლეა გავლილი მანძილი, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება გარემოს“, - დასძენს BzfE-ის ნუტრიციოლოგი. 


გერმანიის კვების საზოგადოების (DGE) ნუტრიციოლოგი სილკე რესტემაიერი მრავალფეროვანი კვების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. მას რამდენიმე რეკომენდაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რისგან უნდა შედეგებოდეს სწორი კვების რაციონი. „ადამიანებში, რომლებიც ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ჰიპერტენზიის, გულის დაავადებებისა და ინსულტის შემთხვევები უფრო დაბალია“, - განმარტა DGE-ს ნუტრიციოლოგმა DW-სთან ინტერვიუში. „ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ მტკიცებულება, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო და დემენცია, ნაკლებად გავრცელებულია იმ ადამიანებში, რომლებიც მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ“, - დასძენს რესტემაიერი.

მეტი მარცვლეულის პროდუქტი და ნაკლები ხორცი

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რაც ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელია. რესტემაიერი ასევე გვირჩევს პარკოსნებს, როგორიცაა ლობიო და ოსპი, რადგან მათ მაღალი ბოჭკოვანი შემცველობა აქვთ. ისინი ასევე უზრუნველყოფენ მიკროელემენტებს, როგორიცაა ვიტამინი B1, ვიტამინი B6, ასევე - რკინა, თუთია და მაგნიუმი. ისინი არ იწვევენ სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსპის წვნიანის სტანდარტული პორცია კრუასანზე ან ჰამბურგერზე დიდხანს შეგინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. სილკე რესტემაიერი გვირჩევს დღეში ერთი მუჭა თხილის ჭამას, რადგან ისინი მდიდარია ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავებით და სასარგებლო გავლენას ახდენენ გულზე. ხორბლის პროდუქტების, როგორიცაა პური ან მაკარონი, არჩევისას უმჯობესია აირჩიოთ მარცვლეული, რადგან მათ მეტი ბოჭკო აქვთ. ეს „ამცირებს მე-2 ტიპის დიაბეტის, ლიპიდური ცვლის დარღვევების, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს“, ამბობს DGE-ს ნუტრიციოლოგი.

სხვა თემები