imedi /  20 მარტი 2017, 16:17 / სანდო წყარო

ვეტოს დაძლევის შემდეგ ფარული მოსმენების კანონი ევროსასამართლოში წავა

ლევან ავალიშვილი

ფარული მოსმენების კანონზე არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სრულად ემთხვევა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. "ცვლილებები, რომელიც " ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, ადამიანის უფლებებს ლახავს. ეს კანონი ევროპულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. სწორედ ამიტომ კამპანია "ეს შენ გეხება" ვეტოს დაძლევის შემდეგ ევროსასამართლოში დაიწყებს სამართლებრივ პროცედურებს,"- განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების, განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან ავალიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონზე ვეტო რამდენიმე შენიშნვნით ახსნა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიღებული კანონში გამოიკვეთა 2 ხარვეზი. პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი და მეორე არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონი აკისრებს კომპანიებს. 

საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.

უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა საჭირო. სასამართლომ დააკმაყოფილა კამპანია "ეს შენ გეხებას" სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები.

კომენტარები ()