02 ივლისი 2017

ვიცეპრემიერის თბილისური გამბიტი

რას ჰპირდება დედაქალაქის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს

1 ივლისს, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2017 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. ენერგეტიკის მინისტრს და ვიცეპრემიერს წინა- და პოსტსაარჩევნო გეგმებზე ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ესაუბრა.  


შაბათს ოფიციალურად წარგადგინეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი. ოცნებამ და მმართველმა გუნდმა ნდობა გამოგიცხადათ. მაგრამ მაინც თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება დედაქალაქის პირველი პირი. კახა კალაძე თავისი იმიჯიდან და წარმატებული პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე გახდება მათთვის რჩეული თუ მთავარი ფაქტორი იქნება ის, რომ თქვენ ხართ მმართველი გუნდის კანდიდატი?

შაბათს ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იყო. ამიტომ, პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადი პოლიტიკურ გუნდს, პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", მის ლიდერს გიორგი კვირიკაშვილს ნდობისთვის. გუშინ წარმადგინეს თბილისის მერობის კანდიდატად. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი წერილი მივიღე წარდგენის შემდეგ და დიდი მადლობა ასევე თბილისს, თბილისელებს მხარდაჭერისთვის. მაქსიმალურად ვეცდები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც მე გამომიცხადეს ჩემმა თანაგუნდელებმა, გავამართლო. რაც შეეხება განსახორციელებელ პროექტებს, ძალიან ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს...

დეტალურად ვილაპარაკებთ გეგმებზე, რომელზეც თქვენ იმუშავებთ თუკი თბილისელები აგირჩევენ. მაგრამ, მანამდე, მაინც, რომელი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი თქვენი შეფასებისას - გუნდი, რომელიც თქვენ უკან დგას, თუ იმიჯი, რომელიც შეიქმნა კახა კალაძემ ბოლო წლების განმავლობაში?

მე არ მგონია ზოგადად კანდიდატს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით აფასებდნენ. რა თქმა უნდა, ამომრჩეველმა, თბილისის მოსახლეობამ უნდა შეაფასოს კანდიდატები იმის მიხედვით, თუ ვინ რა გეგმას წარადგენს, ვის რა შესაძლებლობები აქვს მათი განხორციელებისათვის, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის შესრულებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, და ეს შეიძლება ჩემი მოსაზრება იყოს მხოლოდ, რომ სახელისუფლებო კანდიდატს გააჩნია პრივილეგია, აქვს დაპირებების და წარმოდგენილი პროექტების განხორციელების მეტი შესაძლებლობა. თუმცა ვიმეორებ, რომ მხოლოდ ამის გამოყოფა არ შეიძლება, ეს განხილული უნდა იყოს საერთო ჭრილში. არის სხვადასხვა მიმართულებები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დედაქალაქის მერი.

ხშირად არის ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე. როდესაც ადგილობრივი ან საპარლამენტო არჩევნების დრო მოდის, ყოველთვის ამბობენ, რომ კანდიდატს რომელიც წარმოადგენს მმართველ გუნდს, არჩევნებში იმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით და მისი მხარდაჭერით. უნდა ველოდოთ იმას, რომ "ქართული ოცნების" შემქმნელი ამ არჩევნებში მხარდაჭერას გამოგიცხადებთ?

რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, ცოტა თავიდან დავიწყებ. ჩვენ ბოლო თვეების, კვირების განმავლობაში ვხედავთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები ავრცელებენ დეზინფორმაციას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის ავად არის, მძიმედ არის და ასე შემდეგ, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია ოპონენტების მედია საშუალებების მხრიდან.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც 2011 წელს გამოვიდა და ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობებზე. მან დაიწყო ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენდა. ამ ადამიანის გარშემო გაერთიანდა, შეიძლება ითქვას, სრულიად საქართველო და მეც იმ რიგით ადამიანებს მივეკუთვნები, რომელმაც მას მხარდაჭერა, თანადგომა გამოვუცხადე, რადგან ვეწინააღმდეგებოდი იმ მძიმე ფაქტებს, რაც ქვეყანაში იყო. ამ ადამიანმა ქართველი ხალხის მხარდაჭერით მიაღწია წარმატებას. თუმცა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე მან თქვა, რომ ერთი წელი ან წელიწადნახევარი დარჩებოდა ხელისუფლებაში და შემდეგ დატოვებდა თანამდებობას. თავიდან ამის არავის სჯეროდა, რადგან იცით, რომ როდესაც პოლიტიკაში მოდიან, მერე წასვლა არავის აღარ უნდა, მით უფრო თუ ხელისუფლებაში ხარ. მან სიტყვა შეასრულა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მას რომ სდომოდა ხელისუფლებაში ყოფნა, ხელისუფლების კონტროლი, დატოვებდა თანამდებობას? ის იყო პრემირმინისტრი, მაგრამ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლა. ახლა გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს, ის მართავს ხელისუფლებას, მართავს მინისტრებს, მინისტრთა კაბინეტს, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი

სჭირდება კახა კალაძეს და მმართველ გუნდს მისი ღია მხარდაჭერა და გამოჩენა?

ბატონი ბიძინას მხარდაჭერა, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ კონკრეტულ პროექტებში დახმარებას. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც. როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა და ამაყობდა რეფორმებით, მაგალითად პატრულის რეფორმით, ავტომობილები ბატონი ბიძინას დახმარებით შეიძინეს, ჯარზე დახმარება და ასე შემდეგ. მე ახლა არ დავიწყებ ყველა იმ საქმის ჩამოთვლას, რაც ამ ადამიანმა წლების განმავლობაში აკეთა. ასე რომ, მისი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პირველი გულანთებული მხარდამჭერი და  რა თქმა უნდა, მას აქვს სურვილი და მოტივაცია, რომ წარმატებული იყოს მთავრობა, ხელისუფლება, ისევ და ისევ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ სადაც კახი კალაძე იქნება იქ იქნება წარმატებაო. მის ამ შეფასებას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოდის, რომ თუ თქვენ გახდებით ქალაქის მერი, ეს ქალაქი იქნება უფრო წარმატებული ვიდრე არის დღეს და იყო გუშინ. ხართ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად?

მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული თუ რას ნიშნავს იყო დედაქალაქის მერი. კარგად მაქვს გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს. მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე მზად ვარ, მე მზად ვარ... რადგან მე მყავს გუნდი. ყველგან სადაც ვიყავი, ეს იყო ფეხბურთი, რეჟიმთან ბრძოლა თუ ენერგეტიკა, ყოველთვის გვერდით მყავდა გუნდი და ჩემი წარმატებაც განპირობებულია იმით, რომ ძლიერი ადამიანები მყავდა შემოკრებილი. ასე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მოსახლეობა ამირჩევს და გავხდები მერი. ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ის პრობლემები რაც თბილისელებს აწუხებს, მოგვარდეს. ჩემ თავზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს, უხერხულია და არ მჩვევია, მაგრამ შედეგები ალბათ ბევრის მანიშნებელია. ჩვენ ენერგეტიკაში 5 წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ იმისთვის, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი მეზობელი ქვეყნებისგან. 

ჩვენ გვყავს თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელსაც ვადა ეწურება და მალე ავირჩევთ ახალ მერს. რა კრიტერიუმით შეაჩერა ოცნებამ არჩევანი თქვენზე? თქვენ გქონდათ წარმატებული საფეხბურთო კარიერა, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსიც წარმატებული ხართ, მაგრამ ამ ქალაქში ძალიან ბევრი რეალური პრობლემაა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თანამდებობა შეიძლება თქვენ პოლიტიკურ კარიერაში ბოლო აღმოჩნდეს?

ჩემ კანდიდატურაზე გუნდში იყო განხილვა და ერთხმად გადაწყდა, რომ მე ვიქნებოდი მერობის კანდიდატი. ვიმეორებ, რომ ძალიან კარგად მესმის და კარგად მაქვს გააზრებული რას ნიშნავს ეს, და მზად ვარ ამ ბრძოლისთვის და მჯერა, რომ გუნდათ ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ დედაქალაქის საკეთილდღეოდ. რაც შეეხება დავით ნარმანიას, მისი მერობის დროს ძალიან ბევრი საინტრესო პროექტები განხორციელდა, თუმცა, საზოგადოება ვითარდება, უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ძალიან კარგია, რომ ეს მოთხოვნა არსებობს ზოგადად ქვეყანაში და თბილისშიც.

როდესაც გარკვეული პერიოდის წინ, მოქმედი მერის მიმართ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრეტენზიები გამოითქვა, თქვენ განაცხადეთ, რომ მეც ვითხოვ ნარმანიასგან მეტის გაკეთებასო, "ვიცი, რომ ბატონი დავითი და მისი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, მაგრამ კარგი იქნება თუ გზების მშენებლობა უფრო დროულად მოხდება და არა ისე, რომ ჯერ საფარს აიღებენ და სამუშაოები გარკვეული დროის შემდეგ დაგვიანებით ტარდება", - თქვით თქვენ. და კიდევ ერთ საკითხს გამოეხმაურეთ, კერძოდ როდესაც ნარმანია ოპონენტს შეეკამათა, თქვენ განაცხადეთ, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს. თქვენ მზად ხართ რომ იყოთ, როგორც თქვენი ასევე ოპოზიციის მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი მერი?

მე ეს დავამტკიცე ჩემი მინისტრობის პერიოდშიც. რომ მე არ ვარ მხოლოდ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის, არამედ ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ და ასე ვაპირებ მომავალში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ მერის თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, ვიქნები ყველა თბილისელის მერი და იმ პრობლემებს, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, მათთან ერთად მოვაგვარებთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმებით. ზოგადად, რაც შეეხება ჩემ მიერ გაჟღერებულ შენიშვნებს, ვფიქრობ, აქ სიახლე და განსაკუთრებული არაფერია. ზოგადად, რასაც ვფიქრობ ყოველთვის იმას ვამბობ, და პირიქით, კარგი მინდა, რადგან ის ჩემი თანაგუნდელია. თუნდაც მინისტრთა კაბინეტი რომ ავიღოთ, მინდა ყველა მინისტრი იყოს წარმატებული. რადგან მათი წარმატება აისახება ზოგადად გუნდის წარატებაზე, ქვეყნის წარმატებაზე, დედაქალაქის წარმატებაზე და ასე შემდეგ.

ვთანხმდებით ალბათ, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანია არ იქნება მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე რთული კამპანიაც გვახსოვს 2012 წელს. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებიდან, 2014 წლის არჩევნები გაცილებით უფრო მშვიდ გარემოში ჩატარდა. მაშინ "ქართული ოცნება" ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და მის კანდიდატს მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. ასე აღარ იქნება 2017 წლის არჩევნებში, რადგან ნარმანიას არ თვლიან ეფექტურ ლიდერად და არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ის დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს, ელოდება კონკრეტული ადამიანების ან გუნდის ლიდერების მხრიდან დავალებებს და გადაწყვეტილებებსაც მათ უთანხმებს. თქვენ როგორ აპირებთ რიგითი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას და მათ დარწმუნებას, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი მერი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ ადამიანების საკეთილდღეოდ?

მე პროგრამაზე ვსაუბრობდი და ვფიქრობ, ამ არჩევნეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, და ეს არ ეხება მხოლოდ დედაქალაქს, არამედ საქართველოს, რომ მოქალაქეები ძალიან კარგად გაეცნონ პროგრამებს, დაპირებებს, რომელიც კონკრეტული პარტიების, კანდიდატების მხრიდან გაიცემა, იმისთვის, რომ ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, მოსახლეობამ მათ დაპირებების შესრულება მოსთხოვოს.

თქვენ ლაპარაკობთ ეგრეთ წოდებულ დეკლარაციაზე. თუ არის უკვე შესაძლებელი, რომ ვიდრე თქვენ მოხვალთ ჩემს ქუჩაზე ან ნებისმიერ უბანში, უკვე გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებს კახა კალაძე?

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ რა დაპირებაც იქნება გაცემული, ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს დაპირებები შესრულდეს. შეიძლება ოქროს ვარსკვლავებს არავის დავპირდე, მაგრამ ჩემს კონკრეტულ დაპირებებს, აუცილებლად შევასრულებ. მე ასე მიცხოვრია, ასე ვცხოვრობ და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას.

გადავიდეთ კონკრეტიკაზე. თუ კახა კალაძე გახდება თბილისის მერი, რომელია ის პირველი სამი საკითხი, რო​მელიც დღის წესრიგში დადგება და რომელსაც თქვენ ეფექტურად და მარტივად გადაჭრით?

მარტო სამ საკითხზე ნუ შევჩერდებით, რადგან პრობლემები ძალიან ბევრია. მაგრამ პირველი, რაც მნიშვნელოვანი იქნება, ეს არის სტრუქტურის გადახალისება, იმისთვის რომ მერია უფრო მოქნილი გახდეს და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს, სწრაფად განახორციელოს პროექტები, რომელზეც დაპირებები გაიცა. რაც შეეხება იმ ზოგად პრობლემებს, რაც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს, მე ძალიან მალე წარმოვადგენ ჩემს საარჩევნო პროგრამას, რომელსაც გავაცნობ მოსახლეობას; ვგეგმავ ბევრ შეხვედრას მთელი თბილისის მასშტაბით ამომრჩევლებთან და მჯერა მათი მხარდაჭერის, რადგან ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი ან პარტიის გამარჯვება, არამედ თითოეული თბილისელის გამარჯვება. რადგან დღეს, "ქართულ ოცნებას" და კახა კალაძეს შესწევთ ძალა, რომ ჩვენს მიერ გაჟღერებული ყველა პროექტი შესრულდეს.

არჩევნების წინ მედია აქტიურად აშუქებს კამპანიას და ჩვენ ვხედავთ, როგორ ხვდებიან კანდიდატები ამომრჩევლებს, დადიან სტუდიებში. არჩევნების შემდეგ, როდესაც თქვენ გახდებით მერი, ხომ არ გაჩნდება ბარიერი თქვენ და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მხარი დაგიჭირეს, გაგრძელდება თუ არა ამ ადამინებთან სიარული, გაგრძელდება თუ არა იმ პრობლემების მოსმენა, რაც მათ ალბათ ყოველდღე ექნებათ?

რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მე მერიდება ჩემ თავზე ლაპარაკი, ალბათ ჯობს იმ ადამიანებმა ილაპარაკონ ჩემზე ვინც მიცნობს. მე სრულიად საქართველო მაქვს ფეხით მოვლილი და ვიცი ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც არის მთელ ქვეყანაში და არამარტო თბილისში. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ყოველთვის გაგრძელდება და სულ მაქვს ხოლმე სურვილი შევხვდე ადგილობრივ მოსახლეობას, მათთან ერთად გავიაროთ და გადავჭრათ პრობლემები, რომლებიც აწუხებთ, კონკრეტულ უბნებში, რაიონებში, ქუჩებზე. როგორ უნდა იჯდე კაბინეტში, როდესაც თბილისში არსებობს გადაუდებელი პრობლემები. მე ასე ვმუშაობდი ბოლო 5 წლის განმავლობაში და ასე ვაპირებ გაგრძელებას. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, გახსოვთ ალბათ, პრობლემები აჭარაში, როდესაც აჭარა ჩაბნელდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩემს ენერგეტიკოსებთან ერთად დავდიოდით ტყე ღრე, რომ ეს პრობლემები მოგვეგვარებინა. მე ასეთი ვარ, უბრალო, უშუალო ადამიანი და ასე ვაპირებ გაგრძელებას.

რა არის ის პრობლემები, რომელსაც როგორც რიგითი მოქალაქე ხედავთ თბილისში? თქვენ ხშირად საკუთარი მანქანით გადაადგილდებით, თავად მართავთ მანქანას. ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია თუ გეხმარებათ იმაში, რომ უკეთ აღიქვათ რეალობა?

რაც შეეხება ავტომობილით გადაადგილებას, ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სააგენტოში დაიბეჭდა და ჩამითვალეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად. ამ დროს, ჩემი წინა საქმიანობიდან, სპორტიდან გამომდინარე, ხშირად თავად ვატარებ ავტომობილს. მინისტრობის დროსაც, ალბათ ბევრს დავუნახივარ საჭესთან. 

მაგრამ ამ დროს ხომ უფრო რეალურად ხედავთ პრობლემებს. რა პრობლემებია თბილისში?         

მეც იმას ვხედავ რასაც სხვები. პირველ რიგში ეს არის ეკოლოგიის პრობლემა. კვლევებიც ამაზე მეტყველებს, რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა... მაგრამ ეკოლოგიურ პრობლემებს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე მუშაობით ვერ გადავჭრით. სერიოზული პრობლემებია ტრანსპორტის მიმართულებით, პარკების და სკვერების მიმართულებით. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ჯანმრთელობას, მომავალს, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ასევე, იმის მიუხედავად, რომ ახალი დიდი ავტობუსები შემოიყვანა მერიამ, რისთვისაც მათ დიდი მადლობა, ამ მხრივ რჩება პრობლემები, ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, ყვითელი ავტობსების პარკის მთლიანად ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ავტობუსებით, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის დედაქალაქის მოსახლეობას. მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზება და ძველი ვაგონების ახლებით ჩანაცვლება. მნიშვნელოვანია, ქაოტური მშენებლობების შეჩერება, ასევე ძველი თბილისის რეაბილიტაცია-კონსერვაცია, რაც ჩემი აზრით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. რადგან ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტებით უფრო მეტ სიცოცხლეს შევძენთ დედაქალაქს: უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება მოსახლეობას მიიღოს დამატებითი შემოსავალი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ვიყავი გუდიაშვილის მოედანზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ იქნება ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი დედაქალაქში. თუ რა თქმა უნდა, მოსახლეობა მხარს დამიჭერს, მაშინვე მოხდება ამ მოედნის რეაბილიტაცია.

გეგმები გრანდიოზულია, მაგრამ მათი განხორციელების ფინანსური რესურსი თუ არსებობს?

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ბიუჯეტზე. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საინვესტიციო კლიმატი შევქმნათ, როგორც ეს მოვახერხეთ და გავაკეთეთ ენერგეტიკაში. თუკი შევხედავთ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რა ინვესტიციები შემოვიდა ენერგეტიკაში, მეორე ადგილზე ვართ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ჩვენ იგივეს გავაკეთებთ თბილისის შემთხვევაშიც... კონკრეტული პროექტებისთვის უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ.

"სითი პარკი" მძღოლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატები ამ თემით მანიპულირებენ ხოლმე. მოახერხებთ თუ არა გიგი უგულავას მერობის დროს გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების შეწყვეტას?            
       
ხელშეკრულება შესასწავლია. როგორც მეუბნებიან, ძალიან მძიმე ხელშეკრულებაა. ის ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი იურისტებმა კარგად უნდა გაიარონ. მეც მაწუხებს ის, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას "სითი პარკთან" დაკავშირებით. ძალიან უხეშად ექცევიან ადამიანებს და ეს ძალიან გამაღიზიანებელია. იურისტების მიერაა შესასწავლი ხელშეკრულება და გარკვევა თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი გაუქმება და ჩვენი მხრიდან მოთხოვნების ისე დაყენება, როგორც ეს ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ დედაქალაქებშია. ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხის შესწავლას და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ არც სახელმწიფო დაზიანდეს და ამ მხრივ დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემებიც მოვაგვაროთ.

"ოცნების თბილისი" ალბათ ბევრი ადამიანის წარმოდგენაში არის ადგილი, სადაც ადამიანები დასაქმებულები არიან და სამუშაო ადგილების მხრივ ნაკლები პრობლემებია. ეს არ არის მხოლოდ მერის პრეროგატივა და თქვენ ვერ განსაზღვრავთ ზოგად ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ შეუძლია თუ არა კახა კალაძის იმის თქმა, რომ თუკი მას აირჩევენ, თბილისში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანები დასაქმდებიან?

"ოცნების თბილისს" რაც შეეხება ამაზეც მინდა პატარა განმარტება გავაკეთო. შაბათს, ჩემი წარდგენის დროს დიდ ბანერზე ეწერა "ჩემი ოცნების თბილისი" და ყველა იქ მყოფ ადამიანს შეეძლო მისვლა და ამ ბანერზე იმის დაწერა, თუ როგორ წარმოუდგენია მისი "ოცების თბილისი". ბევრმა ეს თარგმნა, როგორც ჩვენი საარჩევნო სლოგანი. ეს ასე არ არის. სლოგანს უახლოეს მომავალში, საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას წარმოვადგენთ. რაც შეეხება დასაქმების თემას, გეთანხმებით, რომ ეს პირდაპირ მერის პრეროგატივა არ არის, თუმცა, თქვენ იცით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენ წარმოვადგინეთ ქვეყნის ოთხპუნქტიანი განვითარების ძალიან მასშტაბური და კომპლექსური გეგმა და ამ გეგმის განხორციელების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნის დიდი შესაძლებლობებია. რაც შეეხება კონკრეტულად დედაქალაქს, მე აქტიურად და პირდაპირ ჩავერთვები იმ პროქტების განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ სამომავლოდ, ეს არის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროექტები, ახალი, თანამედროვე პროექტები. და აქვე გავაჟღერებ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე და მალე უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ თბილისის ზღვაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ერთი ისტორიული ძველი თბილისი, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება და მოვლა და ასევე თბილისის ზღვა, სადაც შეგვიძლია განვავითაროთ ახალი, თანამედროვე თბილისი, რაც გახდება დიდი სტიმული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და წინსვლისათვის. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, დედაქალაქის მოსახლეობას გაუჩნდეს მეტი შემოსავალი.

13 ივნისს, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი პირველი გამოჩნდით და შეეცადეთ ადგილობრივების დახმარებას. ეს ერთგვარ გაკვეთილადაც შეიძლება ჩაითვალოს მომავალი მერისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობების კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები სტიქიის შემდეგაც გრძელდება. შეგიძლიათ დღეს თქვათ, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

ეს ძალიან მძიმე დღეები იყო. ახლაც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას ახალგაზრდობას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო გაწმენდვით სამუშაოებში. ჩვენ დავინახეთ გაერთიანებული თბილისი, საქართველო. ასეთი სოლიდარობა დიდი ხანია არ მახსოვს. დავინახეთ თუ რამხელა ძალა აქვს ერთობას, თანადგომას.

რაც შეეეხება პოლიტიკას ამ სარისკო ზონებთან დაკავშირებით?

სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს, იქ მომავალი წლების განმავლობაში არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ შეიძლება განხორციელდეს. ამაზე დასკვნებიც არსებობს. ნამდვილად, იყო ადგილები, სადაც ოჯახები ცხოვრობდნენ, და 13 ივნისის შემდეგ ისინი იქიდან გაიყვანეს. იმ ადგილების გამოყენება არც საცხოვრებლად და არც სხვა მიმართულებით არ შეიძლება. ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები აუცილებლად გამკაცრდება, ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ და თავს ვერ დავხრით, რადგან თვე არ გავა, რომ ერთი ადამიანი მაინც არ დაიღუპოს ამ მშენებლობებზე. ეს არის ძალიან მძიმე, ამიტომ ამ მიმართულებით იქნება ძალიან მკაცრი რეგულაციები. მკაცრი რეგულაციები იქნება ასევე ფასადების მიმართულებით. როდესაც მიმდინარეობს, მაგალითად საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ის ჩაბარებულად ითვლება, მას შემდეგ რაც გარედან შეღებავენ. არ შეიძლება ქალაქში ყველაფრის ატანა. ჩვენ თუ გვინდა, რომ თბილისი იყოს ლამაზი და ჰქონდეს თავისი ხიბლი, ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი რეგულაციები იქნება გასატარებელი.

ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებენ ამომრჩევლები. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, "განაწყენებულები, ჩამოსულები, თბილისელები" - ასეთი შეფასებები ხშირად გვესმის კანდიდატების მიმართ კამპანიის დაწყებამდეც. თქვენი აზრით, აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა იმას, თუ სად არის დაბადებული მომავალი მერი, რომელიმე რაიონულ ცენტრში, სხვა ქალაქში თუ თბილისში?

ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გიყვარდეს შენი დედაქალაქი. შეიზლება ადამიანი იყოს ჩამოსული და მას უფრო მეტად უყვარდეს და სტკიოდეს თბილისი, ვიდრე ცხრა თაობის თბილისელს. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ თბილისის მერი უნდა იყოს თბილისელი, თუმცა მე ამ მოსაზრების ლოგიკა არ მესმის და ვერც მოვისმინე არგუმენტები - რატომ? ვფიქრობ, უნდა იყოს ადამიანი, ვისაც უყვარს, სტკივა ეს ქალაქი, ვისაც აქვს სურვილი რომ ეს ქალაქი იყოს თანამედროვე. მე ვილაპარაკე ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე, ძველ თბილისზე. ეს არის ის რაც უნდა შევინარჩუნოთ, ვიამაყოთ. ჩვენ ვერ შევადარებთ თბილისს პარიზს და ვერც პარიზი შეედრება თბილისს. თბილისს აქვს თავისი ხიბლი, სილამაზე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და ამით უნდა ვიამაყოთ.

წარმატებებს გისურვებთ

გმადლობ

2 ივლისი. "იმედის კვირა"               

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები