16 ნოემბერი 2021

ზოგიერთ პოლიტიკურად აღგზნებულ სასულიერო პირს შევახსენებ, ქრისტე ღმერთს იესო ერქვა და არა მიშა - დათო მაღრაძე

„მშვიდობიანი რევოლუციისკენ“ მოწოდება „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ მაგონებს

"ღირებულებები და ფასეულობები, რომელთაც ილია ემსახურებოდა, დღემდე ცოცხლობს. ეს ასულდგმულებს საზოგადოებას, ვინაიდან არაერთხელ გადაგვარჩინა და მომავალშიც გადაგვარჩენს უღმერთობისა და სხვა უბედურებისგან", - ასე აფასებს პოეტი დათო მაღრაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ოქტომბრის ბოლოს, პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, სენ-სულპისის მოედანზე დათო მაღრაძის წიგნის, "ბარაქიანი მიწის" ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობა Editions du Signe-მა გამოსცა, ფრანგულად კი ვერონიკა ბერგენმა თარგმნა. პოეტი ემზადება კიდევ ერთი პრეზენტაციისთვის, რომელიც გაიმართება 23 ნოემბერს რომში, საკანცელარიო სასახლეში, სადაც მისი ლექსების კრებულს "ხიდი ჰორიზონტზე" წარადგენენ. პრეზენტაცია გაიმართება ვატიკანშიც საქართველოს საელჩოსა და პირადად ქეთევან ბატონიშვილის ინიციატივით.

- საით მივდივართ, რა გზას ადგას ქართველი ხალხი?
- ამაზე ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ. ადრეც მითქვამს, ქართველმა ხალხმა­ სამწლიან სტაბილურობას მისცა ხმა. მოწოდებები "მშვიდობიანი რევოლუციისა" და საზოგადოდ, რევოლუციისკენ, გაბრიელ გარსია მარკესის "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ იქ მართლა ხდება მკვლელობა­, საქართველო კი რომანის პერსონაჟი არ არის, რომლის მოკვლასაც დააანონსებ - სახელმწიფოა, რომელმაც უამრავ რამეს გაუძლო და "ნაციონალების" ჯანჯღარსაც გაუძლებს... რევანშიზმს ბოლშევიკებმა ჩაუყარეს საფუძველი 20-იანი წლების დამდეგს და დღემდე გრძელდება. თუ ვიღაც მატერიალურად ან ზნეობრივად არის სხვაზე უკეთ, მათ მიმართ შური და აგრესია უჩნდებათ. ამას კი პროვოკატორები აღვივებენ. დოსტოევსკიმ რომანში "ეშმაკები" განჭვრიტა, რა მოელოდა ქვეყნიერებას. ამიტომაც ვერ იტანენ დღევანდელი პროგრესისტები მას. საქართველოში ვინც დოსტოევსკის ემტერება, სინამდვილეში მას კი არა, იმ ქართველებს ებრძვის, ვინც დოსტოევსკის ფასი იცის, ანუ კულტურულ და ინტელექტუალურ საზოგადოებას.

საქართველოში ეს ყველაფერი ილიას მკვლელობით დაიწყო. მათ მოსპეს ილია, შემდეგ მისი ხსენება აკრძალეს, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოიღეს. არადა, თავადაც იცოდნენ, რომ მისი არსებობა გრძელდება... ვერც ეკლესიას ერევიან, ვერც მამულსა და სარწმუნოებას. შემდეგ სტალინს მისმა რეაბილიტაციამ მოუწია, რათა დაემტკიცებინა, რომ ველური კავკასიიდან კი არა, კულტურული ქვეყნის წიაღიდან იყო და ის ფასეულობები, რომელთაც ილია ემსახურა, დაუშვა. ესენიც ბოლშევიკური უღმერთოების ტენდენციებით ხელმძღვანელობენ, მაგრამ ვეღარ მოერევიან ვერც ენას, ვერც მამულსა და ვერც სარწმუნოებას, რადგან ილია არსებობს, სუნთქავს საქართველოში და მისი ღირებულებებიც მარადიულია. როგორც ამბობდა, მას დროშა სოლომონ დოდაშვილისგან ერგო და ის ქართული სულიერების თავზე სამუდამოდ იფრიალებს. სანამ მისი ფილტვებით სუნთქავს ეს ქვეყანა, უღმერთოები ვერაფერს დააკლებენ.

საზოგადოების კიდევ უფრო დახლეჩის საფრთხე აშკარაა. ამისგან უნდა დაიცვას ქვეყანა ხელისუფლებამ. რას განიხილავენ, არ ვიცი, მაგრამ მივმართავ მათ - როდესაც­ საერთაშორისო საზოგადოებრიობას გასაოცარი დემოკრატიის ხარისხს ჰპირდებ­ოდა, რას გულისხმობდა? ოპოზიციას რომ პარლამენტზე შტურმის, პოლიციელებზე ფიზიკური ძალადობის უფლება აქვს, ეს არის მაღალი ხარისხი?! მხოლოდ შეწყალების უფლება დაიტოვეს და კანონის აღსრულებაზე უარი აქვთ ნათქვამი? "ნაცმოძრაობასთან" ამდენი წლის თითლიბაზობითა და გარიგებებით სახიფათო მდგომარეობამდე მიგვიყვანეს. იმის ნაცვლად, კანონს აღასრულებდნენ და მოსახლეობას იცავდნენ, პირიქით ხდება - ყოველი არჩევნების შემდეგ მოსახლეობას უწევს ხელისუფლების დაცვა. ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება კანონის მიმართ სიმტკიცეს ვერ იჩენს, ეს რყევებისკენ მოწოდებულ ადამიანებს ახალისებს და აქეზებს, შესაბამისად, საფრთხეც ჩნდე­ბა. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში თავისი ნება გამოხატა და ეს უნდა აღსრულდეს.

- არ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება კანონს ხშირად არც სხვა მიმართულებით ასრულებს და მეტწილად ამან განაპირობა ის მძიმე შედეგი, რაც დადგა?
- ყველა სფეროზე ვსაუბრობ. ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
პრივილეგირებული პატიმარი არ უნდა არსებობდეს და არც მოქალაქეებს შორის გრადაცია უნდა იყოს, რადგან ეს სახელმწიფოსთვის დეგრადირების დასაწყისი იქნება. ქვეყანაში გაჩნდებიან პირველ- და მეორეხარისხოვანი ადამიანები. ამას მოითხოვს სამოქალაქო შეგნებაც - კანონის წინაშე ყველა ერთნაირად უნდა იყოს პასუხისმგებელი.

ის, რომ "ოცნების" ხელისუფლება თავს ვერ ართმევს დემოკრატიული სასამართლო სისტემის შექმნას, ახალი არ არის და ამის შესახებ ამ გუნდთან დიდი ხანია მწვავე პოლემიკა მაქვს, მაგრამ "ნაცმოძრაობა" ხელს უშლის ჯანსაღ ოპონირებას. ვგულისხმობ საზოგადოებაში გაჩენილ პროტესტს. ისინი ნებისმიერი საკითხის კრიტიკული დამოკიდებულების რევოლუციურ სცენარში გადატანას ცდილობენ. თუ რევოლუციის მომხრე არა ხარ, ხელისუფლებასთან პოლემიკის ასპარეზი გერთმევა. ამიტომ ბევრი, ალბათ, თავს იკავებს მწვავე კრიტიკისგან. არადა, ცხრა წლის განმავლობაში პოლიტიკაში სრულიად გაუცნობიერებელ ადამიანსაც კი ემპირიული ცოდნა მაინც გაუჩნდებოდა.
"ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რა ინიციატივები აქვს და რა ღირებულებებს აღიარებს. თუ მისი ფუნქცია მხოლოდ "ნაციონალებთან" კინკლაობით შემოიფარგლება, ქვეყანა დაზარალდება.

უნდა გამოკვეთონ ინიციატივები. 9 წელია­ ქვეყნის სათავეში არიან. "ნაციონალებთან" დაპირისპირება მათი მთავარი მიზანი ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო, ახლა კი მხოლოდ ლუთერ კინგის I Have a Dream-ის ძახილი არ არის საკმარისი. ეს უკვე თქვა მისმა ავტორმა ბევრად უკეთ და მასზე კარგად ვეღარ იტყვიან. სახელისუფლებო გუნდმა უნდა გამოკვეთოს პოზიცია, რა ინიციატივას სთავაზობენ ქვეყანას, მოსახლეობას... იმედია,­ გაუძლებენ გამოწვევებს,­ აღასრულებენ კანონს და მოსახლეობის დაცვას შეძლებენ. საზოგადოებასთან, კონტაქტი აქვთ დაკარგული. ერთადერთი, რაც იმედს მაძლევს, ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებასთან კონტაქტის აღდგენის თვალსაჩინო მცდელობები იკვეთება. მას და კახა კალაძეს აქვთ ამის რესურსი.

- ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნამ და შიმშილობამ უფრო დაძაბა ვითარება. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ სცენარს?
- როდესაც ადამიანი შიმშილობს, ამას აკეთებს უკიდურეს შემთხვევაში. აცხადებს, ამ მიზეზით, ამ მოთხოვნით მივმართავ უკიდურეს ზომას, მაგრამ გულწრფელად ვერ გავიგე, მას რა მოთხოვნა აქვს. სააკაშვილის განცხადებით, მისი პარტია ვერ იგებს არჩევნებს, მაგრამ ისე მინდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ შიმშილობას ვაცხადებ და თავს მოვიკლავო. როგორც გაირკვა, არც შიმშილობს - ნატურალურ წვენებს სვამს და ფაფებს ჭამს. მოკლედ, ექსპრეზიდენტი საზოგადოებას მიხეილ ფაფიაშვილის დიეტას სთავაზობს.

- მისი მხარდამჭერების ცნობით, კონსილიუმის მითითებებს ასრულებდა­ და შიმშილობის პროტოკოლი არ დაურღვევია.
- ეს ნიუანსები ჩემთვის საინტერესო აღარ არის, ისევე როგორც ის ულტიმატუმები, რომლებზეც საუბრობენ. ატარონ აქციები და იყვნენ... უკრაინის მოქალაქემ უკანონოდ გადმოლახა საზღვარი და სხვა დანაშაულებს რომც არ შევეხოთ, მხოლოდ ამის გამო უნდა აგოს პასუხი. მაშინ სხვასაც შეუძლია არჩევნების წაგების შემდეგ იშიმშილოს პრეზიდენტად ან პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით... ეს კლოუნადაა. ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც უფრო საინტერესო ცხოვრება სურს. თუმცა მხოლოდ იმ დღის წესრიგით ცხოვრობენ, რომელიც ოპოზიციურ ტელევიზიებშიD იქმნება, ხელისუფლება კი მოპასუხის როლშია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ იმ მოჯადოებული წრიდან, თორემ დრო გადის და საქართველოსთანა ქვეყანას დროის ფლანგვის ფუფუნება არა აქვს.

ჩემი აზრით, "ოცნებას", როგორც პარტიას, ბევრი მხარდამჭერი სულაც არა ჰყავს, უბრალოდ, მოსახლეობა "ნაცმოძრაობის" რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ აძლევს ხმას, თორემ უმრავლესობის იმ რამდენიმე პარლამენტარის გამოსვლით კი არ არის აღფრთოვანებული. ეს უნდა გაიაზრონ მათ და იპოვონ ძალა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნან, თორემ მოსახლეობა სულაც არ არის ვალდებული ყოველ არჩევნებზე, როდესაც მათი არსებობა ახსენდებათ, ხელისუფლების დაცვა უწევდეს.

თუ მოსახლეობას არ ექნება განცდა, რომ ხელისუფლება მას ქაოსს აარი­დებს, ერთ დღესაც მხარდამჭერები შემოეცლებათ, ვინაიდან რყევების დროს ძნელი გასარჩევია, დემოკრატიული ღირებულებების მომხრე ხარ თუ აგრესიული რევანშიზმის.
ისიც გვახსოვს, რომ ვიღაცები ვითომ წინა მენტალიტეტებს უარყოფდნენ და ირონიულად ამბობდნენ, ვიღაცებს 90-იანი წლების­ ინერციით შავი "ვოლგები" ენატრებათო, მერე კი ამ სიტყვების ავტორი, ის ორი დაწრეტილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი,­ ისეთ ჯიპებში ჩასხდნენ, არც ჩანდნენ.
"ოცნებას" ეძლევა შანსი, დაუმტკიცოს მოსახლეობას, რომ "ნაციონალ­ებთან" მხოლოდ სახელისუფლებო კი არა, მორალური კონფლიქტიც აქვთ. რადგან მოსამართლეების თემა იყო თუ სხვა რამ, რა საკითხებშიც ისინი მათ გაურიგდნენ, მორალური კონფლიქტი მკაფიოდ არ ჩანდა.

- ბოლო ხანებში ისევ გააქტიურდა ეკლესიის თემა, რაც ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში უფრო დიდ ბზარს აჩენს. ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული დაპირისპირება მიმდინარე პროცესების გამოძახილია?
- კონკრეტულად რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ იმ ვიდეოფირიდან მძიმე სურათი გამოიკვეთა. ქრისტიანობა სიმდიდრისა და კომფორტის რელიგია კი არა, უქონლობის,­ სიყვარულისა და განსაცდელისთვის მზადყოფნის რელიგიაა. ვფიქრობ, საპატრიარქოში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს პატრიარქის კურთხევით. ზოგიერთ პოლიტიკურად აღგზნებულ სასულიერო პირს შევახსენებ, ქრისტე ღმერთს იესო ერქვა და არა მიშა. ერი და ბერი ემოციურ ბმაშია ერთმანეთთან. მოსახლეობიდან მიდიან სასულიერო სამყაროშიც და პოლიტიკაშიც, მაგრამ სასულიერო პირი იქნება, ექიმი, ჟურნალისტი, პოეტი თუ პრეზიდენტი, კანონის წინაშე პასუხი ყველამ ერთნაირად უნდა აგოს. თუ ეპისკოპოსი განკვეთეს, ის უკვე სამოქალაქო პირია, განკვეთილი პირი ბერად აღარ იხსენიება.
ახლა სულიერებაზე შეტევა ხელს აძლევს მათ, ვინც უღმერთობას ქადაგებენ. ღვთის გმობის მოწადინე ადამიანებს სურთ ღმერთი კანონით აიკრძალოს და ეკლესიას უტევენ.

პრობლემები არის როგორც ერში, ასევე საეკლესიო სამყაროში, მაგრამ როდესაც ადამიანი თავისი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი, იმ ღირებულებების წასაშლელად, რომლებიც ეკლესიამ მოგვცა, რაზეც დგას ევროპა და ევროპული რენესანსი, ეკლესიას ებრძვის. შარლ მიშელს პატივს ვცემ, მაგრამ ევროპის სიმბოლო მიქელანჯელო, რაფაელი, დანტე ალიგიერი, შექსპირი, ბაირონია...

- თუმცა მიშელი არის იმ გუნდიდან, რომელმაც ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარებისკენ უნდა წაიყვანოს.
- მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,­ პირიქით, მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვემხ­რობი ვინმეს გაკერპებასა და გაღმერთებას, არც პოლიტიკური ისტებლიშმენტია ევროპის ერთადერთი გამოხატულება. თუმცა მართალი ხართ, სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე მათთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი დაჟინებული მხარდაჭერა, პოლიტიკური კავშირები ევროპის გასაცნობად აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენში ევროპა ისეთი ჰგონიათ, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. არადა, ბევრად ღრმა და საინტერესო­ სივრცეა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკა.

ლალი პაპასკირი

„კვირის პალიტრა“

სხვა ინტერვიუები