ბროკ ბიერმანი: რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სწრაფად ფეხზე დადგომაში დავეხმაროთ
ინტერვიუ USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბიერმანთან
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ყველაზე მეტი, კოვიდ19-ით ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავს და ქვეყანა ბოლო რამდენიმე თვეა უხილავ მტერთან საომარ მდგომარეობაშია, ის მაინც განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აშშ-მა მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანას უკვე აღმოუჩინა 775 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა, რაც ჯანდაცვის სისტემებისა და კრიზისთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერებას, მცირე ბიზნესის დახმარებას და ეკონომიკის სტიმულირებას ითვალისწინებს.

საქართველომ, კოვიდ19-თან ბრძოლაში, აშშ-სგან უკვე მიიღო 1.7 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება, რაც ქვეყანას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე დაეხმარება ვითარების უკეთ მართვასა და მიყენებული სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირებაში. საქართველოსადმი გაწეულ დახმარებაზე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე და სააგენტოს გლობალურ როლზე, ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტი ვაშინგტონში, დემნა დევდარიანი USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციის თანაშემწეს, ბროკ ბიერმანს ექსკლუზიურად ესაუბრა.
- ბატონო ბიერმან, მადლობას გიხდით, რომ ამ ექსტრაორდინალურ სამუშაო დღეებში ჩვენთვის დრო მაინც გამონახეთ. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დიდი და პოზიტიური ისტორია აქვს საქართველოში და შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვის გულუხვი იყო ქართველი ხალხისადმი. ქვეყნისთვის ამ ტიპის დახმარებას, გლობალური პანდემიის ფონზე, განსკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაინტერესებს, როგორ ეხმარება შეერთებული შტატების მთავრობა თავის პარტნიორ ქვეყანას - საქართველოს კრიზისის დაძლევაში და რა კონკრეტული მექანიზმებია გამოყენებული მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად?
- დემნა, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა ვრცლად ვისაუბრო აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის საქართველოში საქმიანობის შესახებ. მე მჭიდროდ ვთანამშრომლობ საქართველოს ელჩთან აშშ-ში, დავით ბაქრაძესთან, ჩვენ რეგულარულად ვიმყოფებით კავშირზე. USAID-ს ძალიან ძლიერი და შესანიშნავი გუნდი ჰყავს თბილისში. ისინი თავდადებულად მუშაობენ და არ იშურებენ ძალისხმევას. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს, საქართველოში ვიზიტი მაქვს დაგეგმილი და როგორც კი საჰაერო მიმოსვლა აღდგება, აუცილებლად ჩავალ და ადგილზე, პირადად ვნახავ თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება.
შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე მხარდაჭერას. ამ ეტაპზე, კოვიდ 19-თან ბრძოლაში, შეერთებული შტატები საქართველოს 3 ძირითადი მიმართულებით ეხმარება: საგანგებო რეჟიმში საქართველოსთვის გამოიყო 1.7 მილიონი დოლარი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ინფექციის პრევენციისა და შემთხვევების იდენტიფიცირების სამუშაოების ჩატარების მიზნით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან იმ მიზნითაც, რომ პანდემიის დროს, შენარჩუნდეს არსებით საჯარო სერვისებზე მოსახლეობის წვდომა. მაგალითისთვის, ჩვენ სპეციალური პროგრამირებით უზრუნველვყავით საჯარო უწყებები, რათა მათ თანამშრომლებს შეძლებოდათ სახლიდან მუშაობა. ასევე მოვახდინეთ დისტანციური სწავლების რესურსების მოდერნიზება, რათა მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის პროცესის გაგრძელების საშუალება ჰქონოდათ. ჩვენ ასევე ვეხმარებით საქართველოს ვირუსისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღდგენაში. ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ მუშაობას ეკონომიკური აღდგენის გეგმის ფორმულირებაზე. ჩვენი დახმარება ასევე განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რათა მათ უკეთ მოახერხონ ახალ ეკონომიკურ პირობებზე მორგება. ჩვენი დახმარება ასევე მოიცავს ახალი ფინანსური საშუალებების იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის შემუშავებას ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის. ვეხმარებით სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს, რათა შეზღუდული გადაადგილების პირობებში, მათ შეძლონ ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. ეროვნულ დონეზე ჩვენი დახმარება, აგრეთვე მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, როგორიც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოა, რათა შევიმუშაოთ მიზანმიმართული, პოსტპანდემიური გეგმა. საქართველო ბუნების სილამაზეა და ტურიზმი წარმოადგენს ჩვენი მხარდაჭერის პრიორიტეტს. მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ საქართველოს ფეხზე რაც შეიძლება სწრაფად დადგომაში.
- თქვენი სააგენტო არამხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, არამედ ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან და ფონდებთან თანამშრომლობს. ამ თვალსაზრისით, როგორია USAID-ის პარტნიორული საქმიანობა საქართველოში?
- შეერთებული შტატების ხედვა, ფინანსური დახმარების გაწევაზე, ემყარება პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით ისეთი კრიზისის დროს, როგორიც კოვიდ 19-ია. საქართველოში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ უკვე გავეცით 15 სწრაფი რეაგირების გრანტი. ჩვენ ძალიან მოვიხიბლეთ ქართული ორგანიზაციების მუშაობით, განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე ზიანის შემცირებისა და აღდგენითი სამუშაოების განხორციელებით. ეს გრანტები სპეციფიკურია და ითვალისწინებს საკვები პროდუქტებითა და სამედიცინო ინვენტარით მომარაგებას განსაკუთრებით ხანშიშესული მოქალაქეებისთვის. გრანტების ფარგლებში ასევე ხორციელდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა გადამზადება ვირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, ასევე მათ ტრენინგები უტარდებათ კოვიდ19-თან დაკავშირებულ, დეზინფორმაციულ კამპანიებთან ბრძოლის თაობაზეც. ჩვენ ასევე ვეხმარებით ქართულ კომპანიებს სამედიცინო ნიღბების დამზადებაში. USAID-ის მხარდაჭერით, ადგილობრივი კომპანიები ეხმარებიან საქართველოს მთავრობას 1 მილიონამდე სამედიცინო ნიღბის მიწოდებაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
დამატებით იმასაც გეტყვით, რომ ტექნიკური მხარდაჭერით, ჩვენ ბიზნეს სექტორს, ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტირებაშიც ვეხმარებით, რაც ასევე გულისხმობს მათი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაძლიერებას, ნიღბების მწარმოებელ კომპანიებს კი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის უკეთ მართვაში ვეხმარებით.
ასევე, ჩვენ განვაგრძობთ დამოუკიდებელი, ადგილობრივი და რეგიონული მედია ორგანიზაციების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ზუსტი, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენაზე, რათა მოსახლეობამდე მიიტანონ ცნობები მთავრობის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.
- არსებობს ვარაუდი, რომ გლობალურ პანდემიას გარდაუვალი ეფექტი ექნება USAID-ის გლობალურ საქმიანობაზეც. სააგენტოს შიგნით, ხომ არ მიმდინარეობს დისკუსიები პარტნიორი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შეკვეცის შესახებ?
- USAID-ის ძალისხმევა, რომ დაეხმაროს მსოფლიოს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პრიორიტეტს, რაც არის ქვეყნების მხარდაჭერა, გახდნენ დამოუკიდებლები კრიზისებთან გამკლავებაში. შეერთებული შტატები ათწლეულებია მსოფლიოს ლიდერია გლობალური ჯანდაცვის სფეროში პარტნიორული მხარდაჭერის უზრუნველყოფაში და ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. კოვიდ19-თან ბრძოლაში, აშშ-ის მთავრობის მიერ გაღებულმა ფინასურმა დახმარებამ 775 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ეტაპზე ჩვენ ვაფასებთ კრიზისის მიერ მიყენებულ ზიანს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და ვგეგმავთ შესაბამის, საპასუხო ნაბიჯებსაც, რაც მათ შორის გულისხმობს პასუხებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, ეკონომიკაზე, საჯარო სერვისებზე და წვდომას ენერგო რესურსებზე. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნების მხარდაჭერას მათი მხრიდან ზიანის შემცირების პროცესში და ამავე დროს, ვეხმარებით მათ განვითარებაში.
ეს მხარდაჭერა კვლავ ძლიერია საქართველოში, სადაც გვაქვს ღრმა და მტკიცე პარტნიორობა, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ ქართველ ხალხს დავეხმაროთ კოვიდ19-თან ბრძოლაში და შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას მისი გრძელვადიანი მიზნების, ეკონომიკისა და ძლიერ დემოკრატიის მხარდასაჭერად.
ტელეკომპანია „იმედი“
დემნა დევდარიანი