სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაზე ეროვნული უმცირესობების მომართვიანობა გაზრდილია - ინტერვიუ ქეთევან ჯაყელთან
ბოლო კვლევების თანახმად, დღეისათვის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედს შეადგენენ, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობით გამოირჩევიან. ეს ქართული დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი დაახლოებით 260,000 მოქალაქე ჯერ კიდევ ვერ ფლობს ქართულ ენას.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი მიიჩნევს, ერთ-ერთი ბარიერი ეროვნულ უმცირესობების ინტეგრაციაში, სახელმწიფო ენის არცოდნაა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მუშაობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სკოლისთვის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. ამ კუთხით მუშაობა განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ, მაღალმთიან რეგიონებსა და ე.წ. სასაზღვრო ზოლთან.
თუ რა გამოწვევებია ამ ორი მიმართულებით და რა კეთდება მათთან გასამკლავებლად, სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი გვესაუბრება.

- დავიწყოთ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით. რა როლი აქვს ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის არცოდნას უკავშირდება?
- სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა ჟვანიას სკოლის საამაყო პროექტია. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
პროგრამა სრულად შეესაბამება როგორც ევროპულ, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ქართული ენის სტანდარტებს.
- როგორ ხდება მოქალაქეების ინფორმირება ამგვარი შესაძლებლობის შესახებ და რამდენად მაღალია მომართვიანობა?
- ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს 12 რეგიონული სასწავლო ცენტრი, გვყავს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის 80-მდე ტრენერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ამაზე სტატისტიკა მეტყველებს - 2015 წელს, დაახლოებით, 1500-მა ადამიანმა გამოთქვა სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი, დღეს მომართვიანობა წელიწადში გასცდა უკვე 5000 ადამიანს. 2014 წლიდან დღემდე ამ პროგრამას 20 000 ბენეფიციარი ჰყავს. დღეს მათ უკვე ვთავაზობთ არა ენის ზოგად კურსს, არამედ პროგრამებსაც ვიწრო სპეციალიზაციით, მაგალითად, როგორიც არის სამოქალაქო განათლება, სამართალმცოდნეობა, საექთნო საქმე, ტურიზმი, მენეჯმენტი და სხვ. გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, უცხოელების მომართვიანობა გაიზარდა, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად იმყოფებიან ან დიპლომატიური მისიით არიან ჩამოსულები. ასევე, მოგვმართავენ ემიგრანტებიც - ელექტრონულმა სწავლებამ, რომელიც წარმატებით დაინერგა, შესაძლებელი გახადა მათი წვდომა ამ პროგრამებზე.
- როგორც ვიცით, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმის თანახმად, არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99% უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, რამდენად რეალისტურია ეს მიზანი და რა წვლილი შეაქვს მის განვითარებაში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას?
- სრულიად რეალისტურია და ძალიან მიხარია, რომ ეროვნულ უმცირესობებში ქართული ენის სწავლება იქცა სახელმწიფო სტრატეგიად. ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბევრს მუშაობს და ამაში ჩვენც ვართ ჩართულები - არაქართულენოვან პედაგოგებს ვთავაზობთ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას. ამ მიმართულებით წელიწადში 1200 პედაგოგის გადამზადება გვაქვს დაგეგმილი. ამას გარდა, ჩვენი პროგრამით, სადაც ენის შესწავლის საჭიროებაა, ყველგან შეგვიძლია ჩართვა. წელს უკვე გვყავს 4000 ბენეფიციარი და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 5000-ს გასცდება წლის ბოლომდე
- კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო სკოლა ახორციელებს, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამაა. კონკრეტულად ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
- ჩვენი სამიზნეები არიან მუნიციპალიტეტები, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებული საჯარო მოხელეები. ჩვენ მათ ვთავაზობთ სატრენინგო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს მათი ცოდნისა და უნარების შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან. 2014 წლიდან დღემდე, დაახლოებით, 800-მდე საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა პროგრამით. ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის სატრენინგო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი პროგრამების შემუშავება.
- ვისთან თანამშრომლობთ ამ ეტაპზე და რა პროექტებს ახორციელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად?
- ჟვანიას სკოლის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახლავთ პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლა – KSAP-ი. მათი გამოცდილება არის ფასდაუდებელი. სკოლა მიჰყვება იმ გამოცდილებას, რომელიც გაიარეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვმუშაობთ სატრენინგო პროგრამების შექმნაზე. შარშან უკვე ჩატარდა პირველი საპილოტე პროგრამა და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და მემორანდუმის ხელმოწერიდან 3 თვეში შევიმუშავეთ პირველი სატრენინგო პროგრამა. ეს იყო ქართულ - პოლონური ტრენინგი, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც პოლონელი, ასევე, ქართველი ექსპერტები.
- როგორია ამ მიმართულებით ჟვანიას სკოლის სამომავლო გეგმები?
- ჩვენ ვგეგმავთ, ევროპულ სკოლებთან პარტნიორობით შევქმნათ მრავალფეროვანი სატრენინგო პროგრამები. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNICEF, USAID). მაგალითად, შარშან ჩვენ UNICEF-თან ერთად შევიმუშავეთ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვის სატრენინგო კურსი, წელს USAID-თან ერთად ვიწყებთ შემდეგი სატრენინგო პროგრამების შემუშავებას: დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლა, კარგი მმართველობა, ნატო და ევროკავშირი, დეცენტრალიზაცია და საჯარო სისტემის რეფორმა.