10 დეკემბერი 2020

არჩილ ძულიაშვილი: ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც სტუმრებს შესაძლებლობების ძალიან ფართო წრეს სთავაზობს

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური საკითხების კომისიასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, არჩილ ძულიაშვილის ინტერვიუ დიპლომატიურ ჟურნალთან „Embassy Magazine-TravelJingles“, რომელსაც ,,იმედინიუსი“  უცვლელად გთავაზობთ:

რას სთავაზობს საქართველო მათ, ვინც ქვეყანას პირველად სტუმრობს?

ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნიკალური სტუმართმოყვარეობა არის უპირველესი რამ, რასაც საქართველო პირველად ჩასულ სტუმრებს სთავაზობს და მათში დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც სტუმრებს შესაძლებლობების ძალიან ფართო წრეს სთავაზობს, უნიკალური კლიმატური ზონა და ხატოვანი ბუნება, საერთო ჯამში, 26 000 მდინარე, რის ხარჯზეც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსის მხრივ, ასევე აღსანიშნავია აბსოლუტურად თვითმყოფადი და გამორჩეული ადგილობრივი საკვები და ღვინო. საქართველოში ძალიან ბევრი განსაკუთრებულის ნახვა და აღმოჩენა არის შესაძლებელი.

რაში მდგომარეობს ქართული ღვინის საიდუმლო?

ქართული ღვინის პოპულარიზაცია ინდოეთში ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ 2019 წელს, ჟურნალთან „Fine Magazines“ თანამშრომლობით, ჩვენ თანამასპინძლობა გავუწიეთ ქ. დელიში ქართული ღვინის პირველ დეგუსტაციას. ჩვენ წარმატებით გავაცანით ადგილობრივი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს უაღრესად გამორჩეული  და უნიკალური ღვინის სახეობების წარმომადგენლობითი სპექტრი.

საქართველოში არსებულ ტრადიციებს ღვინის დამზადების და მისი მოხმარების თვალსაზრისით საკმაოდ ღრმა ფესვები გააჩნია. ღვინო ჩემს ქვეყანაში ეროვნული სიამაყის საბაბია. თითოეულ ქართველს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული თავისი ბაბუის მიერ დამზადებული ღვინო. თითქმის ყველა ქართველი აშენებს ვენახებს, ხოლო ბევრი მათგანი, ჩემი ჩათვლით, ამზადებს საკუთარ ღვინოს საცხოვრებელი სახლის პირობებში. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მიუხედავად, ჩვენ გამორჩეულები ვართ ღვინის დამზადების ტრადიციით, რომელიც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე დარჩა ურღვევი.

საქართველო არის უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში, რომლის ისტორია 8 000-ზე მეტ წელს ითვლის და სადაც ღვინის კულტურის, მევენახეობისა და ვინიფიკაციის ფესვები ღრმად არის გამჯდარი. ადგილობრივი ფოლკლორის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანმა იფიქროს, რომ ქართული ანბანის ასოებს ვაზის ხვეული ტოტების მაგვარი მოხატულობა და ფორმა გააჩნია. თავად სიტყვები vin, vino, შესაძლებელია, წარმოქმნილი იყოს ქართული სიტყვიდან „ღვინო“. ღვინო უძველესი ტრადიციაა საქართველოში, იგი წმიდათაწმიდაა და სისხლიდან ხორცამდე შერწყმულია ადგილობრივ კულტურასთან. მკვლევარებმა და ისტორიკოსებმა მიაკვლიეს თიხის ჭურჭელში მოთავსებული ყურძნის სახეობებს, რაც მიუთითებს ადგილობრივი vitis vinifera ჯიშების არსებობაზე საქართველოს სხვადასხვა ლოკაციის მიხედვით. პირველი ვაზის მოთვინიერებასთან და გაზრდასთან დაკავშირებული უძველესი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც დღეს მევენახეობის სახელითაა ცნობილი, ბევრი ადამიანი მოხიბლა, რომელთაც ისტორიული „აბრეშუმის გზა“ გაიარეს და მოხსენიებულნი არიან იმდროინდელ ლეგენდებსა და ხელნაწერებში. თანამედროვე საქართველო არის ისტორიისა და კულტურის კვეთა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ეს გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც ღვინო წარმოიშვა. საყოველთაოდ ცნობილი ქართული ღვინო ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად. ჩვენი ქვეყანა მიიჩნევა ღვინის აკვნად, ღვინის დამზადების ყველა დიდი ხნის განმავლობაში ურღვევი ტრადიციებითა და ასეულობით ყურძნის ადგილობრივი, ძირძველი სახეობების ნაირსახეობით. ღვინის დამზადების ტრადიციული ქართული მეთოდი (ქვევრის ღვინო) იუნესკოს მიერ იქნა აღიარებული და შეტანილი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ მომავალში გადაიქცეს ღვინის ახალ დანიშნულების ადგილად.

ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენი ქვეყნის კვების კულტურის შესახებ.

საქართველო გახლავთ პატარა ქვეყანა, თუმცა - საოცრად გამორჩეული საკვებისა და ღვინის მრავალფეროვნებით. ამის წყალობით გურმანები საქართველოში დაუვიწყარ გამოცდილებას და მოგონებებს იძენენ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მდებარეობს უძველეს სანელებლების მარშრუტზე ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, ქართული სამზარეულო არის გემოვნებისა და ტექსტურების სიმფონია. მისი ინსპირაციის წყაროა სხვადასხვა კულტურა და ერი, რომელთაც საქართველო დაპყრობილი ჰყავდათ. ვფიქრობ, რომ ქართული სამზარეულოს საფირმო კერძი არის ხაჭაპური, საფუარზე დამზადებული ცომი ნაჭრები, რომელიც შიგნიდან არის ამოვსებული მდნარი ყველით. აღსანიშნავია ასევე ხინკალი, ხორცით ამოვსებული დიდი ზომის პელმენები, ყველაზე ცნობადი კერძი საქართველოში. გვაქვს ასევე ბევრი ცივი მადის აღმძვრელი კერძი (აპეტაიზერი) და სხვადასხვა სახის სალათები, რომლებსაც მოჰყვება ხორცისა და ბოსტნეულის მთავარი კერძები. რაც შეეხება დესერტს, სავალდებულოა ჩურჩხელის გასინჯვა - ეს არის კაკლისა და სხვა თხილეულის მასაში ამოვლებული ყურძნის ან ბროწეულის სიროფი, წვენი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იკიდება გასაშრობად.

გვიამბეთ საქართველოს კულტურისა და ფესტივალების შესახებ

საქართველოს მდიდარი კულტურა მოიცავს უამრავ ფესტივალსა და ტრადიციას, მათ შორის, ყურძნის ყოველწლიურ რთველს, რომელიც, ჩვეულებრივ, შემოდგომის შუა პერიოდში ტარდება  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ ასევე ვამაყობთ ძალიან უნიკალური ქართული პოლიფონიური, მრავალხმიანი მუსიკის ტრადიციით, რომლის მოსმენაც შესაძლებელია ეკლესიებსა და მონასტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველო ასევე ცნობილია ბალეტით და ტრადიციული ქართული ცეკვით, როდესაც მამაკაცების ნაწილი მაღლა ხტება ჰაერში ხმლებით ხელში, ხოლო დანარჩენები ხანჯლებითა და ფარებით, ისევე როგორც ულამაზეს კოსტუმებში გამოწყობილი მანდილოსნები, ელეგანტურ ცეკვებს ასრულებენ. ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო სხვადასხვა ქართული ფესტივალის და ტრადიციის შესახებ, მუსიკალური და რელიგიური ტრადიციების ჩათვლით.

რომელია თქვენი საყვარელი ადგილი საქართველოში და რატომ? 

გამიჭირდება ერთი ადგილის გამორჩევა, რადგან მთელი საქართველო შეიძლება ჩაითვალოს ჩემს საყვარელ ადგილად. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე გრძნობა და აღქმა დაეუფლება ნებისმიერ საერთაშორის ვიზიტორს, როდესაც ისინი ესტუმრებიან საქართველოს.

საქართველოში არის წარმოდგენილი ინდური სამზარეულო?

დიახ, საქართველოში არის რამდენიმე ინდური სამზარეულო, კერძოდ, დედაქალაქ თბილისში. ინდური სამზარეულო სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ხალხში.

იმოგზაურეთ...ერთი სიტყვით

საქართველოში - ქვეყანაში, სადაც წარსული ხვდება მომავალს.

რომელია საუკეთესო გზა ქვეყნის შიგნით მოგზაურობისთვის?

საქართველო თანამედროვე ქვეყანა გახლავთ, რომელიც ტურისტებს სთავაზობს სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეყნის ფარგლებში გადაადგილების შესაძლებლობების ფართო სპექტრს. კარგად განვითარებული საგზაო და გზატკეცილების ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს ტურისტებს, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს შორის. სარკინიგზო და საჰაერო გადაადგილება არის კიდევ ერთი მისაღები ვარიანტი. ბუნებრივია, ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების გამოყენება, ისევე როგორც ცხენით ჯირითი, განსაკუთრებით საქართველოს მთიან ზონებში. ყველაფერი დამოკიდებულია ტურისტების კონკრეტულ პრიორიტეტებსა და სურვილებზე.

რა სახის თავგადასავალი შეიძლება გადახდეთ თავს თავგადასავლების მოყვარულებს?

საქართველოში გვაქვს უაღრესად მიმზიდველი ტურისტული ადგილების დიდი რაოდენობა, როგორც ზღვაზე, ასევე მთებში, რომლებსაც უამრავი თავგადასავლის შემოთავაზება შეუძლია. არსებობს უსაზღვრო შესაძლებლობები მთაზე ლაშქრობისთვის და თხილამურებით სრიალისთვის. საქართველო ტურისტებს სთავაზობს ზამთრის კურორტებისა და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული პლიაჟების ნამდვილად უნიკალურ კომბინაციას. ჩვენ კანიონებიც კი გვაქვს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში (მარტვილი, სამეგრელოს რეგიონი), ხოლო უდაბნოს მაგვარი ლანდშაფტებით ტკბობა შესაძლებელია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში (კახეთის რეგიონი). ბათუმი, მთავარი და ყველაზე დიდი ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ტურისტული დანიშნულების ადგილად საქართველოში, სადაც განთავსებულია მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროებისა და ტრადიციული ქართული კაფე-რესტორნების ფართო სპექტრი. გუდაური, საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, აღიარებულია საქართველოს საუკეთესო სათხილამურო კურორტად კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით და უდიდესი განსხვავებით სიმაღლეში, ხოლო ყაზბეგის ეროვნული პარკი განლაგებულია უკიდეგანო კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებზე და მისი დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი 8, 700 ჰექტარზე მეტს მოიცავს. 5, 047 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ყაზბეგის მთა არის მესამე უდიდესი მთა საქართველოში და მის ირგვლივ სხვადასხვა მითი და რელიგიური ტრადიცია იყრის თავს. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას დაისაჯა ტიტანი პრომეთეუსი და სამუდამოდ იქნა მიჯაჭვული კავკასიის მთების ერთ-ერთ კალთაზე იმისთვის, რომ მან ადამიანთა მოდგმას ცეცხლის მოპოვება ასწავლა. მესტია, ზემო სვანეთის რეგიონის მთავარი რეგიონული ცენტრი, მდებარეობს 456 კილომეტრის მანძილზე დედაქალაქ თბილისიდან და განლაგებულია 1, 500 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს გახლავთ საწყისი წერტილი სვანეთისა და თუშეთის მიმართულებით დაგეგმილი მოგზაურობისთვის, სადაც ასევე არის წარმოდგენილი სასტუმროების, ოჯახური სასტუმროებისა და ადგილობრივი სამოგზაურო მომსახურებების ფართო სპექტრი, ეს ყოველივე კი კომფორტულ საფუძველს ქმნის ხსენებული ადგილების დასათვალიერებლად და აღმოსაჩენად.

ვინც ეძებს ნამდვილ „ექსტრიმს“  და თავგადასავალს, მათთვის ნამდვილად გამომწვევი არჩევანი იქნება სატრანსპორტო საშუალების მართვა თუშეთის გზაზე. 2016 წელს, ცნობილმა ბრიტანულმა არხმა BBC ფართოდ გააშუქა თუშეთის გზები და ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიში გზების კატეგორიას მიაკუთვნა.

მესტიის ცენტრიდან შესაძლებელია ასევე ფეხით ლაშქრობა მთა უშბას ძირში განთავსებულ მყინვარებზე, ასევე ცხენით ჯირითი ხელუხლებელ, აუთვისებელ ალპურ მდელოებზე. აღსანიშნავია ასევე ახალი სათხიმალურო კურორტები, ჰაწვალი და თეთნულდი, რომლებიც იპყრობს ზამთრის სპორტის მოყვარულების ყურადღებას, რომლებიც ახალი ადგილებისა და გამოწვევების ძიებაში არიან. რელიგიის ისტორიით დაინტერსებული ტურისტები შეძლებენ შუა საუკუნეების პერიოდიდან შემონახული კედლის ნახატების, ფრესკებისა და ხატების არაერთი ნიმუშის დათვალიერებას, რომლებიც შემონახულია მესტიის ირგვლივ არსებულ ეკლესიებში. იმავე მესტიაში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში არის დაცული საკმაოდ კარგად შემონახული, XII საუკუნით დათარიღებული ჯვრები და ხატები.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად ინდოეთის და რატომ?

ინდოეთში ვიმყოფები უკვე 4 წლის განმავლობაში, თუმცა რაც უნდა დიდი დრო გაატარო აქ, მაინც მცირედად გეჩვენება. ამ ქვეყანაში მდიდარი ცოდნის, გამოცდილებისა და ისტორიის იმგვარი სიუხვეა დაგროვილი, რომ ამ ყველაფრის გაცნობას მთელი ცხოვრებაც კი არ ეყოფა. მე საფუძვლიანად ვატარებ ამ ქვეყანაში ყოფნის პერიოდს და ვაპირებ, ბოლომდე ვეზიარო ინდოეთის მდიდარი კულტურისა და მემკვიდრეობის ფართო არეალს, საკმაოდ ბევრი ადგილი მაქვს უკვე მონახულებული და იმედი მაქვს, რომ მოვინახულებ კიდევ უფრო მეტს არა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებით, არამედ ამ შესანიშნავი ქვეყნის კულტურითა და გარემოთი დასატკბობად. ჩემი ყველა მოგზაურობა ინდოეთში შთაგონებულია იმ მდიდარი მემკვიდრეობით, რომელიც ღრმა ფესვებით არის გამჯდარი საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში და კარგად შემონახული დღევანდელობამდე ისტორიული მტკიცებულებებისა და ხელნაწერების მეშვეობით, ქართველი მეფეების, მწერლების, პოეტებისა და მოგზაურების დამსახურებით, რომლებიც მოგზაურობდნენ ინდოეთში და სიამოვნებას იღებდნენ ამ ქვეყანაში ყოფნით.

ინდოეთს გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს გულებში, რადგან ჩვენ წმინდა კავშირი გვაკავშირებს. ჩვენი წმინდანის, ქეთევან დედოფლის ნარჩენები წმინდა ავგუსტინეს სახელობის ეკლესიაში, გოაში იყო შენახული პორტუგალიელი ბერების მიერ. ხსენებული ნარჩენები აღმოჩენილ იქნა 2006 წელს ჩატარებული ერთობლივი არქეოლოგიური გათხრის შედეგად და საქართველოში დაბრუნდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი საუკუნოვანი კავშირებისა, გახლავთ ქართული პოეზიის გვირგვინი და მიუწვდომელი მწვერვალი, სახელგანთქმული ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის მიერ შექმნილი ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი“. მე-12 საუკუნეში შექმნილი პოემა, არის ქართულ ლიტერატურასთან და საქართველოს ისტორიასთან ინდოეთის კავშირის ნათელი მაგალითი. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენს ინდოელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად გაწეული ერთობლივი ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ახლახანს მოვახერხეთ ზემოხსენებული პოემის ჰინდი ენაზე გამოქვეყნება ქ. დელიში.

დაგვისახელეთ ბოლივუდის რომელიმე ფილმი, რომელიც საქართველოში იქნა გადაღებული. დაგვისახელეთ რამდენიმე.

მსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული პროგრამა „გადაიღე საქართველოში (2016 წლის იანვრიდან), როგორც ახალი კომპონენტი პროგრამისა „აწარმოე საქართველოში“, მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ფილმების გადაღებისთვის შესაფერისი ადგილის პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის და სთავაზობს საერთაშორისო კინო მწარმოებლებს იმ ხარჯების 25%-ის ნაღდი ფულით ანაზღაურებას, რომლებსაც ისინი გასწევენ საქართველოში გადაღების პერიოდში. ეს არის გზა და საშუალება, მოვუწოდოთ მათ, გადაიღონ ფილმები საქართველოში და ხელი შეუწყონ ადგილობრივი კინო ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ, წარმოების სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ამოქმედებულია ე.წ. „ერთი გაჩერების მაღაზიის“ პრინციპი, რომელიც მიზნად ისახავს კინო მწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და ნებისმიერი სახის ბიუროკრატიული დაბრკოლების აღმოფხვრას, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. მთავრობის მიერ შეთავაზებული მომსახურებების სპექტრი მოიცავს შემდეგს: ლოკაციის შესწავლა, დაგეგმვა, დახმარება ნებართვების მიღებაში, კოორდინაცია და კომუნიკაცია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან.

რაც შეეხება ინდოელ კინო მწარმოებლებს, ისინი ეწვივნენ საქართველოს 3 სხვადასხვა ფილმის გადასაღებად და დასამზადებლად. ორი მათგანი გახლავთ „Billa 2-2011“ ტამილი ენაზე და „მეორე სამყარო“, „Irandam Ulagam”, “A Second World“) ტამილი-ტელუგუ ენაზე, მათ ასევე გადაიღეს 2 მუსიკალური კლიპი და 5 სარეკლამო ვიდეო. 2016 წლის მაისში თბილისს ეწვია ბოლივუდის ლეგენდა და ინდოეთის პარლამენტის მოქმედი წევრი მმართველი პარტიიდან (BJP party), ქალბატონი ჰემა მალინი (რომელიც ასრულებს წამყვან როლს ფილმში „Zeeta and Geeta“) და სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა თბილისის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „ქალები ხელოვნებაში ეკონომიკის განვითარებისთვის“ (AIWA, “Women in Art for the Economy Development”).

აღსანიშნავია ასევე, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მზარდია ბოლივუდის პროდიუსერების ინტერესი საქართველოს მიმართ. დიდად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ბოლივუდის ცნობილმა პროდიუსერებმა, ძმებმა აბას და მუსტან ბურმავალებმა, გადაიღეს საქართველოში ფილმის „Machine“ სრული ვერსია, რომელიც ინდოეთის კინოთეატრებში 2017 წლის მარტიდან გამოვიდა. ჩვენი სიხარულით ინსპირირებული  ჩანს. სიხარულით მსურს იმის ხაზგასმა, რომ ინდოელ აუდიტორიას მიეცა საშუალება, გასცნობოდა საქართველოს ბუნებისა და ისტორიული ადგილების სილამაზეს - ეს ყოველივე ძალიან კარგად ჩანს ზემოხსენებულ ფილმში.

სულ ბოლო ფილმი, რომელიც საქართველოში იქნა გადაღებული, გახლავთ „გოგონა კარგილიდან“, „“The Kargil Girl“, ჯანჰვი კაპურისა და ანგად ბედის მონაწილეობით. ფილმის საკმაოდ ინტენსიური და დაძაბული სცენები გადაღებულ იქნა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, ქალაქ ყაზბეგში.

რითი იყავით დაკავებული ე.წ. „ლოქდაუნის“ დროს?

ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საელჩოს სრული შემადგენლობისთვის. ინდოეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული და 2020 წელს დაგეგმილი ბევრი ღონისძიება გადაიდო ან გადავადდა. ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვძებნეთ ალტერნატიული საშუალებები მუშაობის ონლაინ რეჟიმში გასაგრძელებლად და შეხვედრებზე თუ ღონისძიებებზე მონაწილეობის მისაღებად ე.წ. ვებინარების მეშვეობით. ხსენებული პრაქტიკა ჯერ კიდევ გრძელდება საკმაოდ ეფექტურად. წლევანდელი წელი აბსოლუტურად მოულოდნელადა და დაუგეგმავად დაიწყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ბუნებრივია, „ლოქდაუნის“ პერიოდში, ზრუნვა ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩემი და ჩემი თანამშრომლების ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი იყო. საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დროული და უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა, რომლსაც ჩვენ შევეჭიდეთ და ეს მისია წარმატებით დავასრულეთ. ეს შესაძლებელი აღმოჩნდა ინდოეთის შესაბამის უწყებებთან შესანიშნავი თანამშრომლობისა და კოორდინაციის წყალობით. მსურს ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გადავუხადო მადლობა ჩემს ინდოელ კოლეგებს იმ დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელიც მათ ზემოხსენებულ რთულ პერიოდში გაგვიწიეს.

სხვა ინტერვიუები