09 ივლისი 2017

პასუხები ყველა გახმაურებულ საქმეზე

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრთან

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეებზე და სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე შინაგან საქმეთა მინისტრს ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ესაუბრა. ინტერვიუ კვირის დასაწყისშია ჩაწერილი, ვიდრე გიორგი მღებრიშვილი საქმიანი ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრებოდა.

რა ხდება აფგან მუხტარლის საქმეზე? ის გაიტაცეს, მოიპარეს თუ გადაკვეთა საზღვარი და შემდეგ დააკავეს? რა ინფორმაცია გაქვთ?

ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ. ამ ვერსიების გაცვლა-გამოცვლაში საზოგადოებას დაავიწყდა, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანი საქმე და საჭიროებს სახელმწიფოებრივ მიდგომას. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები ვიდეომეთვალყურეობის კამერებიდან ანუ გამოძიება ერთ ადგილზე არ დგას, ის მიმდინარეობს.

ფირები ახსენეთ. ამ ფირებზე სხვადასხვა ვერსია გაჩნდა. ითქვა, რომ ზოგიერთი წაიშალა. ყველა ის მასალა, რომელიც ასახავს ამ პირის გადაადგილებას, შესაბამისს ორგანოს აქვს?

ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოვიღეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიგვითითა მუხტარლის ადვოკატმა, ეს ჩანაწერები ამოღებულია ყველა ლოკაციიდან. ხდება ამ ჩანაწერების ანალიტიკური დამუშავება. სხვათა შორის, ეს ჩანაწერები გადაეცა მის ადვოკატსაც, მაგრამ მას არ მოეწონა, რადგან იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ, ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენებს, მისთვის სასურველ სცენას. მივყვებით ობიექტურ მოცემულობას და როგორც გითხარით, გამოძიება მიმდინარეობს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნდათ თუ არ უნდათ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება კონკრეტული დასკვნა.

ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ აფგან მუხტარლის ბაქოს იზოლატორში გადაყვანას, აცხადებდნენ, რომ ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ ქართული სპეცსამსხურები. ამის ალბათობა გამორიცხულია?

კატეგორიულად გამოვრციხავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობას მასში, მეტსაც გეტყვით, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ყველა სხვა ძალოვანი უწყების ჩართულობას ამ მოცემულობაში, რასაც გვთავაზობს მუხტარლი და მისი ადვოკატი. არ მჯერა, რომ ვინმეს სჯერა, თითქოს შუადღით, თბილისის შუაგულ ცენტრში, ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები იტაცებენ ჯანღონით სავსე ადამიანს, და ამის დამნახავი არავინაა. არ არსებობს მოწმე, არ არსებობს არცერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც შეიძლება ჩანდეს ფორმაში გამოწყობილი ადამიანების გადაადგილებაც კი, არათუ...

თუმცა ამისთვის ფორმა საერთოდ არ იყო აუცილებელი ალბათ?

რა თქმა უნდა, ამისთვის ფორმა არ იყო აუცილებელი და მე ზუსტად იმ გარემოებებზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ რატომღაც ასეთი მოცემულობა შემოგვთავაზეს, რომ კრიმინალური პოლიციის ფორმებში გამოწყობილმა ადამიანებმა გაიტაცეს აფგან მუხტარლი. ცოტა ღიმილისმომგვრელი და აშკარად დაუჯერებელია. არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ვერსიას შეიძლება ემხრობოდეს, რომ რატომღაც ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, ფორმაში გამოწყობილები მონაწილეობენ ასეთ ღონისძიებაში. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, რომლის გარემოებებსაც გამოძიება ალბათ დაადგენს, რა გავლენას ახდენს როგორც შიგნით ასევე გარეთ ქვეყნის იმიჯზე, რომელიც რეგიონში დემოკრატიის კუნძულად არის მიჩნეული და იგივე აზერბაიჯანიდან თუ თურქეთიდან ჩამოსული ადამიანები დაცულად სწორედ ჩვენს ქვეყანაში გრძნობდენ თავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმემ ქვეყნის იმიჯს უკვე მიაყენა ზიანი?

შინაგან საქმეთა საქმინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში, და მიაწოდეს მათ ინფორმაცია. საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა დასავლური ღირებულებებით და ამას ადასტურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. არსებობენ ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან ჩვენი ქვეყნის, სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას.

თუმცა, მუხტარლის საქმეზე კითხვები გაჩნდა

შესაძლებელია​ კითხვები გაჩნდეს, მაგრამ ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. გამოძიება აუცილებლად გასცემს პასუხებს ამ კითხვებს.

თქვენ შეხვდით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, უმრავლესობის წევრებს, ჰქონდათ თუ არა მათ კითხვები აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით? და რატომ აარიდა მინისტრმა თავი დეპუტატების უფრო დიდ ჯგუფთან შეხვედრას? ოპოზიციის წარმომადგენლებს სურდათ თქვენთან მუხტარლის საქმეზე შეხვედრა. მე მესმის, რომ ეს არ იქნებოდა თქვენთვის მშვიდი და კომფორტული შეხვედრა და ბევრ კითხვაზე მოგიწევდათ პასუხის გაცემა. აპირებთ თუ არა მისვლას პარლამენტში?

მე თავს არაფერს არ ვარიდებ, როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას ჩემ მიმართ. მე ამ კითხვებს არ გავურბივარ. მე არასდროს პასუხისგებლობას არ გავქცევივარ. მე შევხვდი უმრავლესობის წევრებს, იქ კონსტრუქციული საუბარი გაიმართა. მე ვესაუბრები ხოლმე ადამიანებს, ვისაც ესმით არგუმენტების და ითვალისწინებენ ფაქტებს. ადამიანები, რომლებიც თავის პოზიციაზე რჩებიან და არ უნდათ გაიგონ მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტები და არ უნდათ მოისმინონ არგუმენტები, ასეთ ადამიანებთან შეხვედრაზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ. ასე რომ, მე პრობლემა არ მაქვს, პასუხს გავცემ ყველანაირ მწვავე კითხვას, მაგრამ იმ ადამიანების კითხვებს, ვინც ამას გაიგებს და არა იმათსას, ვინც მაინც თავის პოზიციაზე რჩება. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გახდა რეზონანსული, ბირჟა მაფიას წევრების დაკავებაა. პირველი ვერსიით, ეს უკავშირდებოდა კლიპს, რომელშიც პოლიციელი იყო გაშარჟებული. ერთი პროცენტით მაინც თუ უშვებს მინისტრი იმის ალბათობას, რომ მართლაც ამის გამო დააკავეს ეს ახალგაზრდები? და მათ დაკავებამდე გქონდათ თუ არა თქვენ ინფორმაცია იმ კლიპის შესახებ, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული?

გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ მქონდა ნანახი ეს კლიპი. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით იმასაც, რო არავითარ შემთხვევაში მათი დაკავება არ უკავშირდება მათ ნამუშევარს, და არ შეიძლება რომ შური იძიოს ვინმემ მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს პოლიციელებმა. მე ეს კლიპი ვნახე მხოლოდ მათი დაკავების შემდეგ, მან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა, უბრალოდ სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება, მაშინ როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯხების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, მაშინ როდესაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე და არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ჩვენი პოლიციელები ემსხვერპლნენ ამ უსაფრთხოების შენარჩუნებას... ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში და შესაბამისად, შეიძლება შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკს ვერ უძლებს. მე სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი, კიდევ ერთხელ განვმარტავ და ვიტყვი, რომ იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს.

ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას, მაგრამ ის პოლიციელები მუშაობენ თუ არა კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

ეს პოლიციელები მუშაობენ პირდაპირ გეტყვით, და კითხვასაც დაგისვამთ - როგორ ფიქრობთ, უდანაშაულობის პრეზუმცია მარტო კრიმინალებს ეხებათ და პოლიციელებს არა? მე დაველოდები გამოძიების შედეგებს, დაველოდები გამოიკვეთება თუ არა ამ თანამშრომლების ბრალეულობა და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით ვიქმომედებთ.

ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია ასევე დიდი ინტერესის თემაა. არსებობს აზრი, რომ ლიბერალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში იმის გამო, რომ ეს არის ადამიანების დაჭერის ერთ-ერთი ბერკეტი, ადამიანებისა რომლებიც შეიძლება არიან მომხმარებლები, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ნარკოტიკი არ აქვთ. და ჩნდება ეჭვი "ჩადებასთან" დაკავშირებით, რაც ზრდის უნდობლობას პოლიციის მიმართ

რაც შეეხება ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, ეს არის საკანონმდებლო ორგანოს განსასაზღვრი. ჩვენ ვართ აღმასრულებელი და ვეწევით კანონის აღსრულებას. ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით ამ პროცესში. როგორ კანონსაც მიიღებს პარლამენტი, ისეთ კანონს აღვასრულებთ. 

"ჩადებებთან" დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა?

ეს ტერმინი მოდად იქცა. ეს არის ეფექტური საშუალება იმისა, რომ ამა თუ იმ კრიმინალმა, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, დააბრალოს პოლიციელს, რომ თითქოს პოლიციელმა მას რაღაც "ჩაუდო", ან ნარკოტიკი ან იარაღი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ტენდენციასთან გვაქვს საქმე. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი კომპონენტია იმ დიდი შემოტევის, რასაც ჰქვია ჩვენი სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. სისტემაში მუშაობს დაახლოებით 40 ათასი თანამშრომელი. თეორიული შანსი იმისა, რომ ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ თქვენ თუ გადახედავთ გენერალური ინსპექციის სტატისტიკას, მიხვდებით რომ ჩვენ შეუწყნარებლები ვართ ჩვენი თითოეული თანამშრომლის გადაცდომის მიმართ. არაერთი თანამშრომელია დასჯილი, არაერთი თანამშრომელი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ როგორც ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ასევე ვრეაგირებთ ჩვენი თანამშრომლების ყველა გადაცდომაზე. და ერთეული შემთხვევებით არ შეიძლება მთელ სისტემას ჩირქი მოვცხოთ და ერთეული გადაცდომებით არ შეიძლება შევაფასოთ მთელი სისტემის მუშაობა.

ჩვენ შეგვიძლია ერთეული გადაცდომა ვუწოდოთ იმას, რაც მე-7 განყოფილებაში მოხდა? ჩვენ ვიცით, რომ ამ განყოფილების უფროსი თქვენ გადააყენეთ თანამდებობიდან, თუმცა შოთა პაკელიანის თემაზე მედიაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, როდესაც ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა მისი დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ ნამდვილად არის გადაცდომა. პირველივე განცდა იყო ის, რომ მას არ ეპყრობოდნენ ისე როგორც დაკავებულს უნდა მოპყრობოდნენ და რომ მისი უფლებები დაირღვა

პაკელიანი სიკვდილს გადაარჩინა პოლიციამ და პოლიციელებმა, რომლებიც იქ იყვნენ. ეს თვითონაც აღიარა, რომ როდესაც ხორციელდებოდა დევნა, მას თან ჰქონდა ეგრეთ წოდებული ბიო, ნარკოტიკი, რომელიც მან მიიღო, გადაყლაპა. რომ არა პოლიციელების მყისიერი რეაგირება, ეს ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მაგრამ იქნა დაშვებული შეცდომა. მისი ამ ფორმით გაჩხრეკის უფლება პოლიციელს ჰქონდა, მაგრამ არა სხვა პირების თანდასწრებით. თქვენ კადრებში ნახეთ ალბათ, რომ მის ჩხრეკას ესწრებიან სხვა პირებიც. ამაზე მე მქონდა ასევე მყისიერი რეაქცია. მე ეს კადრები არ მინახავს მაშინ, როდესაც ის მედია საშუალებებით გავრცელდა, ეს კადრები ბევრად ადრე ვნახე. ჩვენი მხრიდან ამაზე ოპერატიული რეაგირება მოხდა, მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში, ამ ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამ განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან არა მას შემდეგ რაც კადრები გავრცელდა, არამედ ბევრად უფრო ადრე, ამ ფაქტიდან მეორე თუ მესამე დღესვე.

არსებობდა ვერსია, თითქოს ეს კადრები ჩუმად გაიტანეს უწყებიდან და გაავრცელეს იმ მოტივით, რომ უწყების შიგნით მინისტრს ებრძოდნენ. როგორ მოხვდა ეს კადრები მედიაში, შეგვიძლია დღეს ამაზე ლაპარაკი?

ამ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს პროკურატურა. ეს კადრები დართულია სისხლის სამართლის საქმეზე. ჩემი ინფორმაციით, როგორც მხარის, პაკელიანის ადვოკატის ხელში ეს კადრები მტკიცებულებების გაცვლის დროს მოხვდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი ადვოკატის მიერ იყოს ეს კადრები გავრცელებული, მაგრამ 100%-ით, დაზუსტებით ამას ვერ გეტყვით. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ წვდომა ამ კადრებთან პოლიციელებს ნამდვილად არ ჰქონდათ.

ანუ ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ სისტემაში რეალურად პრობლემები არ არის, და ამიტომ არ ვაღიარებთ იმას, რაც შეიძლება ერთეული შემთხვევები იყოს

ძალიან არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ პრობლემები არ შეიძლება იყოს, წეღანაც ვახსენე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი თანამშრომელია. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ ეს არ არის სისტემური ხასიათის, არის ცალკეული პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვასწორებთ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რომ ვინმე ვინმეს ან ნარკოტიკს უდებდეს, ან იარაღს, ამის თეორიული შანსი, რაღა თქმა უნდა, არის, მაგრამ ასეთ გამოვლინებებს ჩვენ ხელს არ დავაფარებთ. საზოგადოება ჩვენ გვთხოვს წესრიგს. დაკვეთა არის ძალიან მარტივი, უნდა იყოს წესრიგი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც ჩვენ ვაკავებთ ამა თუ იმ პირს, კრიმინალს იარაღით, მაშინვე იწყებს ყვირილს, რომ ეს იარაღი არის ჩადებული პოლიციელის მიერ. მაშინ როდესაც მედია საშუალებები ასეთ ადამიანებს მსხვერპლად გამოიყვანენ, მაშინ როდესაც მიზანმიმართულად ხორციელდება თავდასხმა პოლიციაზე და...  ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და მინდა გითხრათ, რომ ცეცხლს ვეთამაშებით.

როდესაც მანკიერ პრაქტიკაზე ვალაპარაკობთ, მინდა გავიხსენო დემურ სტურუას საქმე, როდესაც მან წერილი დატოვა, რომლის მიხედვითაც მან თავი პოლიციელის გამო მოიკლა. მაგრამ მოგვიანებით, ეს პოლიციელი გაამართლეს, თუმცა საქმის ძიება პროკურატურაში, როგორც ცნობილია, გრძელდება.

თავიდანვე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცას აწყობდა ეს ფაქტი დაბრალებოდა პოლიციელს. ამიტომ გიდასტურებთ, რომ კითხვები მქონდა. ეს კითხვები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გაუჩნდა გარდაცვლილის დედასაც. სასამართლომ გოდერძი თევზაძე გაამართლა, პროკურატურას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ის რომ პირველმა ინსტანციამ პოლიციელი გაამართლა, პირდაპირ გეტყვით, რომ მე ეს მახარებს.

თუმცა, თუ პროკურატურას მაინც აქვს ეჭვი და ასაჩივრებს იმას რომ პოლიციელი გამართლდა?

მას თუ კითხვები აქვს, შესაბამისადაც მოქმედებს და გასაჩივრებული აქვს ზემდგომ ინსტანციაში, და რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას.

ბატონო მინისტრო, თქვენ ხშირად საუბრობთ რეფორმებზე, რომელიც დაანონსებულია. რა სახის რეფორმები განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში? და აქვე გეტყვით, რომ ალბათ ამ ფონზე არ უნდა არსებობდეს ეჭვი იმისა, რომ მინისტრი დატოვებს პოსტს. ერთი მხრივ ძალიან ბევრი გეგმა გაქვთ, მაგრამ იმავდროულად ასეთი ცნობებიც ვრცელდება...

ესეც ერთგვარი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, ერთ-ერთი კომპონენტია ამ დიდი შემოტევისა, რომ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მინისტრი უნდა გადადგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაწყებული მაქვს რიგითიდან და ხშირად მესმოდა ხოლმე ცნობები მინისტრის გადადგომის თაობაზე და ზუსტად ვიცი ასეთ დროს ქვედა რგოლების განწყობები როგორია. ჩემზე ვისაც რა უნდა ის თქვას, მე ამის პრობლემა არ მაქვს, მე არ მინდა პოლიციელებს გაუჩნდეთ დემოტივაცია და არ მინდა ნიჰილიზმმა დაისადგუროს სისტემაში.

საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვართ რეფორმირების პროცესში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეთანხმება, რაც კი ევროპოლს გაუფორმებია ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან. ჩვენ ოპერატიულ დონეზე ვხდებით მათი პარტნიორები. ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ჩვენ დაცული არხებით შეგვიძლია გავცვალოთ ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიზე, და რაღა თქმა უნდა, მათაც ეძლევათ იგივეს საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ შევქმენით, მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის ანალოგი, პირდაპირ გეტყვით, რომ მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. დღეს, ჩვენთან ჩამოდიან ევროკავშირის ქვეყნებიდან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ამ პროექტის გასაცნობად და გვთხოვენ თანამშრომლობას, რომ ეს პროექტი მივაწოდოთ და დავეხმაროთ მის გაკეთებაში ამა თუ იმ ქვეყანაში. 

გაიზრდება თუ არა ამ რეფორმების შედეგად მოქალაქეების ნდობა პოლიციის მიმართ?

მხოლოდ ამისკენაა მიმართული ჩვენი რეფორმები, რომ პოლიციას და მოქალაქეებს შორის ნდობა გაიზარდოს, ასევე რეფორმები მიმართულია რა თქმა უნდა დანაშაულის შემცირებისკენ. საპილოტე რეჟიმში, საქართველოს ტერიტორიაზე, სამ სამმართველოში მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ასევე ახალ პროექტს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ნაწილში, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიცია საზოგადოებასთან ერთად გამოავლენს ყველა იმ პრობლემას რაც მას აწუხებს და იმსჯელებს მათი გადაჭრის გზებზე. უახლოეს პერიოდში, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის, დამონტაჟებული გვექნება ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დავიწყეთ ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის, ყველაზე მძლავრი იარაღი, შეიძლება ითქვას, არის განათლება, რაღა თქმა უნდა, ინფორმაციასთან ერთად. და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩვენი პოლიციის აკადემიის შესაძლებლობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გარდაიქმნება საერთაშორისო საპოლიციო ცენტრად, ეს არის ჩვენი მიზანი, რაზეც დიდი ხანია ვმუშაობთ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან და ევროკავშირთან ერთად ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.       

და ჩვენი საუბრის ბოლოს, მინდა გკითხოთ 100-ქულიან სისტემაზე... ამ სისტემის ამოქმედებიდან ერთ კვირაში რა შეგვიძლია ვთქვათ მის ეფექტურობაზე?

საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ვადარებთ სისტემის ამოქმედებამდელ პერიოდს და შემიძლია გითხრათ, რომ დღეში 1000 ერთეულზე ნაკლები ჯარიმა იწერება უკვე. კარგია, რომ ჩვენი მძღოლები უკვე ფრთხილობენ. ამ 100-ქულიანი სისტემის შემოღების წინაპირობა იყო ისიც, რომ მანამდე ერთგვარ ნებართვას ყიდულობდნენ ის ადამიანები, ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო, შეეძლოთ ნებისმიერი დარღვევა ჩაედინათ და ამისთვის იხდიდნენ თანხას. მათ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ფულით ყველაფერი არ იყიდება და ის, რომ 100 ქულის ამოწურვის შემდეგ მათ ექმნებათ საფრთხე იმისა, რომ დაკარგავენ მართვის მოწმობას ერთი წლით, ეს განაპირობებს იმას, რომ უფრო გაფრთხილდებიან.                      
 
100-ქულიანი სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ ნდობა იყოს თქვენი უწყების მიმართ, რაზეც ჩვენ მთელი ამ ინტერვიუს განმავლობაში ვილაპარაკეთ და ამის იმედი უნდა გვქონდეს ალბათ

ამის იმედი უნდა გქონდეთ. მე არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩვენი საზოგადოება ალტერნატიულ რეალობაში აცხოვროს და ყოველდღე უკიჟინოს, რომ თითქოს კრიმინალი გაზრდილია. ვერავის მივცემ იმის უფლებას და საშუალებას, რომ გააჩინოს არასტაბილურობის განცდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდ გარემოში ვცხოვრობთ და ქვეყანაში არაფრის უნდა გვეშინოდეს? დაცულები ვართ?

აბსოლუტურად დაცულები ხართ. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, დანაშული ხდება და დანაშული მოხდება. მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს.

9 ივლისი. "იმედის კვირა"

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები