როგორ შეიცვლება დამამთავრებელი გამოცდების მოდელი
ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ტრადიციულად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. წელს საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა პირველად ჩაირთო. ამ პრობლემის გადაჭრაზე განათლების სამინისტრომ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრმა საკითხი მთავრობის სხდომაზე დააყენა. ეროვნულ გამოცდებამდე მოსწავლეებს საატესტატო გამოცდის გავლა უწევთ და როგორც მშობლებისა და ბავშვების ნაწილი ჩივის, განსაკუთრებულად გართულდა გამოცდის ჩაბარება ტექნიკურ საგნებში, რის გამოც ფიზიკის საგნის დაძლევა 5000-მდე მე-11 კლასელმა ვერ შეძლო. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხს სიღრმისეული შესწავლა სჭირდება, რომლის მიხედვითაც მომავალი სასწავლო სტრატეგია უნდა შემუშავდეს. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა უპასუხა.
ფოტო: shutterstock.com
დღეს ეროვნული გამოცდების პირველი დღე იყო და გარკვეული თვალსაზრისით უფრო მეტი ინტერესი ახლდა ამ პროცესს, ვიდრე გასულ წლებში, რადგან წელს განსაკუთრებით გამძაფრდა დისკუსია კონდიცირების სისტემის არარსებობაზე. რატომ იქცა ეს საკითხი ასეთ პრობლემად? რატომ გახდა თუნდაც პრემიერის საგანგებო დავალება-მითითება საჭირო, რომ ამ პრობლემის გადაჭრაზე ემუშავა სამინისტროს?
სამინისტრო მუშაობდა ამ პრობლემის გადაჭრაზე. მოგეხსენებათ, ყველა იდეას აქვს ხოლმე კონტრარგუმენტები, შესაბამისად, როდესაც კონდიცირების სისტემაზე იყო საუბარი, გაჩნდა საპირისპირო შემოთავაზებებიც და პრობლემების იდენტიფიკაცია მოხდა, რომ შეიძლება ამ კონდიცირებას ჰქონდეს ისეთი ხმაური, რომ აბიტურიენტებს გაუჭირდეთ მუშაობა იმ სივრცეში, რომელშიც ისინი გამოცდის დროს იქნებიან განთავსებულნი, ამიტომ გადაწყდა, რომ საპილოტე რეჟიმში დაწყებულიყო. თუმცა მეორე პრობლემა წარმოიშვა ძალიან მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით და შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საპილოტე რეჟიმის გარეშე ძალიან სწრაფად აღჭურვილიყო გამაგრილებელი სისტემებით ყველა საგამოცდო ცენტრი. როგორც თქვენს სიუჟეტში იყო აღნიშნული, 4 საგამოცდო ცენტრში ფაქტობრივად სრულად მოხდა კონდიცირების სისტემების დამონტაჟება, ფაქტობრივად ყველა ცენტრი აღჭურვილია მოძრავი კონდიციონერებით და ვენტილატორებით და რაც შეეხება სტაბილურ კონდიცირებას, კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. ამასთანავე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შუა დღის სესიები გაუქმებულიყო და მხოლოდ დილის სესიები დარჩენილიყო, გამომდინარე იმ განსაკუთრებული მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც ჩვენ ამ კვირაში გვაქვს.
რა გააკეთა სამინისტომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი პრემიერმა დააყენა დღის წესრიგში და მანამდე იყო თუ არა ამაზე მუშაობა დაწყებული. თქვენ ამბობთ, რომ კი, მუშაობდით ამ საკითხზე, მაგრამ რომ არა ეს დავალება, ჩვენ, ალბათ, წელსაც ვერ ვნახავდით კონდიციონერებს თუნდაც საგამოცდო ცენტრების ნაწილში?
კონდიციონერები ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ის დავალება და განსაკუთრებული სიცხე, თუმცა ვინტილატორებით აღჭურვა გადაწყვეტილი იყო ყველა საგამოცდო ცენტრის.
მოკლედ, შეძლება ვთქვათ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდა?
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სკოლის შენობები ძირითადად არის ძალიან ძველი შენობები, რომლებიც აშენებულია გასულ საუკუნეში, შესაბამისად კონდიცირების სისტემისთვის მზაობა არც ელექტრო გაყვანილობას და არც თვითონ შენობას შეიძლება არ ჰქონდეს. შესაბამისად პერიოდულად ხდება ხოლმე შენობების გამაგრება, შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ, სადაც იქნება საშუალება, რომ სტაბილური კონდიცირების სისტემა იყოს, დამონტაჟდება, თუ არა, ისევ, ალბათ, იქნება ეს მოძრავი კონდიცირების სისტემები გამოყენებული სხვადასხვა საგამოცდო სივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული და იმ ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებული, რომელიც სკოლებში არსებობს, ამიტომ მთელ რიგ სკოლებში, სადაც ახლა მონტაჟდება კონდიცირების სისტემები, სწორედ გარედან გადადის დამატებითი ელექტრო ხაზები იმისათვის, რომ სკოლებში გაგრილების სისტემა იყოს მოწესრიგებული.
საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით, ზოგიერთი მოსწავლე და მათი მშობლები ამბობენ, რომ ორი რთული გამოცდის ჩაბარება უწევთ ძალიან მოკლე შუალედით ერთსა და იმავე დღეს, მაგალითად ისტორიის და ფიზიკის და ასევე არის ისეთი საკითხები ტექსტში, რომელიც სკოლის პროგრამაში არ შედის. რამდენად რეალურია ეს განცხადებები და სამინისტრო თუ ფიქრობს საატესტატო გამოცდის მოდელის ცვლილებაზე?
არაერთხელ გავაჟღერეთ ის, რომ ზოგადად საშუალო საფეხურის მოდელი იცვლება და შესაბამისად იცვლება დამამთავრებელი გამოცდების მოდელიც. რაც შეეხება კონკრეტულად საუბარს იმაზე, რომ იყო განსაკუთრებულად რთული, არ შეიძლება, რომ იყოს პროგრამის გარეთ შეთავაზებული რომელიმე ამოცანა, მით უმეტეს, რომ საატესტატო გამოცდები ემსახურება ერთ მიზანს - მოსწავლემ უნდა დაადასტუროს კომპეტენცია, ანუ უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. რამდენადაც გაჩნდა ასეთი მოსაზრებები და ჩვენც მოგვმართეს, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ის ტესტები, რომელიც ამ გამოცდების პროცესში იყო გამოყენებული და მოხდება საპროგრამო მასალასთან შედარება.
ანუ შესაძლებელია რომ ასეთი რამ ყოფილიყო?
ამას ვხსნი ზუსტად, რომ წინმსწრებად ყოველთვის ხდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ პროგრამების შეჯერება, თუ რა საკითხები უნდა იყოს შეტანილი დამამთავრებელ გამოცდაზე და შესაბამისად ვეჭვობთ, რომ იყოს ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები, მაგრამ რამდენადაც გაჩნდა პრეტენზია, ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელია მშობლების და მოსწავლეების მოსაზრება და კონკრეტულად გადასამოწმებელია ნამდვილად ხომ არ იყო ცოტა ზედმეტი სირთულის მქონე დავალებები, რამაც მოსწავლეებს შეუქმნა პრობლემები. თუმცა მათ მინდა ვუთხრა, რომ მომავალ წელს კიდევ ექნებათ ჩაბარების საშუალება და ეს შანსი უნდა გამოიყენონ.
მანდატურის შესახებ კანონში ცვლილებას რაც შეეხება, ამოქმედდა ეს სიახლე? ამ მიმართულებით რა შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად დაიცავს ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად სკოლაში უსაფრთხოების წესებს? აქ ყველაზე სენსიტიური ეს მიმართულება იყო, მანდატურს რამდენად ექნება უფრო მეტი რესურსი, უფრო მეტად რამდენად იქნება მზად იმისთვის, რომ ინციდენტების პრევენცია შეძლოს სკოლის ფარგლებში?
მოგეხსენებათ, რომ პარასკევს, ბოლო სესიაზე დასრულდა ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა, დამტკიცდა, ისევე როგორც ჩვენი სხვა ინიციატივა ზოგადი განათლების შესახებ ცვლილებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ზოგადი განათლების ამოცანების გადასაჭრელად, იმიტომ რომ, ძნელია ვისაუბროთ განათლების ხარისხზე, თუ მოსწავლეს არ ექნება მის მიმართ კეთილგანწყობილი, მშვიდი და პოზიტიური გარემო, სადაც ძალადობა მინიმუმამდე დასული ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს, აქეთ უნდა წავიდეთ ჩვენ. შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც სტრატეგიაშიც შევიდა და კანონშიც აისახა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კანონი დამტკიცების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალაში შევიდა. რამოდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გახლავთ მოქმედი მანდატურების გადამზადება, ასევე მანდატურების მისაღებად კონკურსია გამოცხადებული მთელ რიგ რეგიონებში და ახალი კონტიგენტი გაივლის იმ ძალიან გრძელ გზას იმისათვის, რომ გახდნენ მანდატურები. ეს არის უფრო ხანგრძლივი მოსამზადებელი კურსი, რომელშიც თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკული ნაწილიც არის ჩართული და ასევე ფიზიკური მომზადების კომპონენტი არის გაძლიერებული. შესაბამისად, სხვა არის დანარჩენი ცვლილებებიც და ყველაზე უფრო მასშტაბური იქნება, რა თქმა უნდა, გარე პერიმეტრის ვიდეოთვალებით აღჭურვა. 2019 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უნდა იყოს გარე ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილი და ეს პროექტი გახლავთ 11-მილიონიანი. საკმაოდ მასშტაბური პროგრამა გახლავთ, დაიწყება დიდი სკოლებიდან და ნელ-ნელა ფაქტობრივად ყველა სკოლასთან იქნება დამონტაჟებული ასეთი ვიდეო მეთვალყურეობა. სხვა დანარჩენი კომპონენტები, რაც ეხება ასაკის ცენზს, რომელიც უფრო ამაღლდა, რაც ეხება თვითონ მოსამზადებელ პროგრამებს, რაც ეხება გადასამზადებელ პროგრამებს იმისათვის, რომ მანდატურებმა სწორად გაიაზრონ ახალი უფლებამოსილებები, რა თქმა უნდა, ტრენინგების პროცესი იქნება დაყვანილი თითოეულ მანდატურამდე და მანდატურების კორპუსი ახალ სასწავლო წელს სრულად მომზადებული შეხვდება. ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტორი, რომ 501 სკოლაში გვყავს მანდატური და სხვა დანარჩენ სკოლაში გამოიყო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლებიც ასევე გაივლიან გადამზადებას, იმიტომ რომ, მათ უნდა მოახდინონ მეთვალყურეობა სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოაგროვონ ინფორმაცია და მიაწოდონ მანდატურის სამსახურს.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში კიდევ ერთი ცვლილების თაობაზე, რაც ინკლუზიურ განათლებას ეხება. სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ჰქონდათ ადამიანებს, მათ ეს სტატუსი შეეცვალათ, ამ მიმართულებით საპროტესტო აქციებიც იყო და მაინტერესებს რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი? ჩვენ ახლა უკვე გვაქვს შედეგი და რამდენად მიიღეს ამ ადამიანებმა ის, რასაც ითხოვდნენ და რამდენად საკმარისი ეს ინკლუზიური განათლების სექტორში წინსვლისთვის?
ინკლუზიური განათლების განვითარება გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და რა თქმა უნდა, ამ კომპონენტის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, რომ ჩვენ გვყავდეს კვალიფიციური სპეციალისტები ინკლუზიური განათლების მიმართულებით, შესაბამისად რამდენადაც მასწავლებლის სტატუსი კანონით ჰქონდა მხოლოდ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების ნაწილი ტექნიკური პერსონალის სტატუსით სარგებლობდა, იყო გარკვეული პრეტენზიაც და მოთხოვნაც, რომ თუ გვინდა ხარისხი ავამაღლოთ, ჩვენ გვჭირდება ინკლუზიური განათლების პედაგოგები, სწორედ ამიტომ შევიდა კანონში ცვლილება და განისაზღვრა ინკლუზიური განათლების პედაგოგის სტატუსი. ამავდროულად ამავე ცვლილებებს მოჰყვა ალტერნატიული სასწავლო გეგმებთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ. ასევე რესურს სკოლებად გადაიქცა ყველა ის სკოლა, რომელსაც აქამდე სპეციალიზირებულ სკოლებს ვეძახდით, რადგან სწორედ მათ ბაზაზე მოხდება ინკლუზიური განათლების სპეციალისტების გადამზადება და მათ ბაზაზე შემუშავდება მთელი რიგი საგანმანათლებლო რესურსები, რამდენადაც არსებობს ძალიან დიდი გამოცდილება, ცოდნა და მონდომება იმისათვის, რომ სხვადასხვა მიმართულების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისათვის სრულად იყოს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ის ცოდნა, რაც გვაქვს. ის საერთაშორისო გამოცდილება, რასაც ყოველდღიურად ვიზიარებთ და შეიქმნას სწორედ ისეთი რესურსები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მეტად მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ. ამავდროულად მუშავდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი. რადგან ისინი სტატუსით გაუტოლდნენ მასწავლებლებს, ამავდროულად უნდა ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში და მათთვის ცალკე გზა იქნება პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებით.
ვიდეო


