„იმედია ჩვენი შეხვედრაც ჩაწერილი აქვს, მაგრამ მეეჭვება გამოაქვეყნოს“
ფინანსთა მინისტრი „ომეგას“ საქმის შესახებ
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელება ტელეეთერებიდან გრძელდება. როგორც სიუჟეტების ავტორები საჯაროდ აცხადებენ, კულმინაციას სკანდალი არჩევნების წინა დღეებში მიაღწევს. დამონტაჟებული და სერიალებად ქცეული ჩანაწერების ტირაჟირების ფონზე ლეგიტიმური კითხვაა, რატომ მივიდა საქმე კომპრომატების ომამდე, სად იყო ხელისუფლება, კერძოდ კი გადასახადების ამკრეფი უწყება, როცა დავალიანება ყოველდღიურად იზრდებოდა, რატომ დაიწყო მხოლოდ 2 წლის შემდეგ ღიად ლაპარაკი იმაზე, რომ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, 50 მილიონ ლარზე მეტი, არ გადაიხადა და რატომ დააგროვებინეს მილიონები „ომეგა ჯგუფს“, რომელიც მისივე პირობით შედგენილ გადახდის გრაფიკს ყოველ ჯერზე არღვევდა? „იმედთან“ საუბარში ლევან ყიფიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ყვება, რომ ზაზა ოქუაშვილი 52-მილიონიანი ვალის კიდევ ერთხელ გადავადებას ფინანსთა ახალ მინისტრს სთხოვდა. შეხვედრა ლევან ყიფიანის მეშვეობით დაიგეგმა, თუმცა ვალის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ოქუაშვილს ვალი 1 წლის განმვალობაში უნდა დაეფარა, რის გამოც გაბრაზებულმა ოქუაშვილმა და მისი კომპანიის დირექტორებმა შეხვედრა დატოვეს. ერთი ვერსიით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა ოქუაშვილმა წამოეწყო პოლიტიკური შანტაჟი. თემაზე „იმედის კვირის“ წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის კითხვებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უპასუხა.
ივანე მაჭავარიანი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, რატომ დაუგროვდა კონკრეტულ ბიზნესმენს მილიონები სახელმწიფოს წინაშე? რა იყო ამის მთავარი მიზეზი, რის სანაცვლოდაც მას ჰქონდა შესაძლებლობა 50 მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონოდა?
სანამ შეკითხვაზე გიპასუხებდეთ, მოდით, გადავხედოთ როგორ განვითარდა მოვლენები. ეს ჩანაწერების სერია, როგორც აღმოჩნდა, დამონტაჟებულია, დადგმულია და ამის წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს. თუმცა მოდით იმ დაშვებით წავიდეთ დღეს და გავაგრძელოთ საუბარი, რომ თითქოს ეს ყველაფერი ავთენტურია და ვცადოთ, გავერკვეთ რაზეა საუბარი. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ხელისუფლებას „იბერიის“ წართმევა უნდოდა. შემდგომში ეს ვერსია ისე გაქრა, რომ მე მგონი, თვითონაც, „ომეგას“ და „იბერიის“ წარმომადგენლებსაც აღარ სჯერათ ამ ვერსიის. ამის შემდეგ იყო ვერსია, თითქოს ის ფულს იხდიდა იმისთვის, რომ ბიზნესი არ წაერთვათ. იყო ასევე ვერსია, ფულს იხდიდა, რომ ბიზნესი დაებრუნებინათ. ამ სიუჟეტის ბოლო განვითარებაა, ფულს იხდიდა იმისთვის, რომ გადავადება მომხდარიყო. მოდით, გავყვეთ ბოლოს ყველაზე პოპულარულ ვერსიას. თუმცა მანამდე იმას გეტყვით, რომ მარტივი მიზეზით არ ხდება იმის დაჯერება, რომ ტელევიზიის ან ბიზნესის წართმევა უნდოდათ. ძალიან მარტივი მიზეზით. ჩვენი ქვეყანა პატარაა. ეს გვიქმნის პრობლემებს, როგორც ეკონომიკაში, ისე უსაფრთხოების კუთხით, თუმცა ამას აქვს ერთი პლუსი - ჩვენთან არაფორმალური კომუნიკაციის არხები არის საკმაოდ მძლავრი და პრაქტიკულად ყველამ ყველაფერი იცის. რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ მედია საშუალებები, თუ მართლა არ ხდება, ეს ამბავი ძალიან მალე ხდება ცხადი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, ამაზე პასუხის გაცემა ხელისუფლებასაც უწევს.
დამამთავრებინეთ. ჯერ არ გამიცია პასუხი თქვენი შეკითხვისთვის და მივალ შეკითხვამდე. თქვენ გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მედია პრაქტიკულად დუმდა, მაგრამ მაინც ყველამ იცოდა, რომ ბიზნესს ატერორებდნენ და ართმევდნენ. ახლა აბსოლუტურად მთელი მედია რომ იძახდეს, ბიზნესს ატერორებენ, ბიზნესმენებმა ხომ იციან, საზოგადოებამ ხომ იცის, რომ ასეთი მეგობრული გარემო, ასეთი დაცული საკუთრების უფლება არასდროს ყოფილა თავისუფალი საქართველოს პირობებში. ასევეა მედიის შემთხვევაშიც. ჟურნალისტებმაც ხომ იციან, რომ მედიას არავინ ატერორებს და ავიწროებს? ამიტომ ის პირველი ორი ვერსია პრაქტიკულად თავისთავად მოკვდა. ახლა გადავიდეთ ბოლო ვერსიაზე, რომელიც აქტუალურია, რომ თითქოს გადავადებაში ფულს იხდიდა. თუ არ მეშლება, ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის აპრილში იხდიდა ამ ფულს. იმ პერიოდში „ომეგას“ დავალიანება იყო დაახლოებით 6-8 მილიონის მიდამოში, თვის დასაწყისში დაფიქსირდა ექვსი და აპრილის ბოლოს იყო რვა, მე მგონი. ის, რაშიც ქრთამს იხდიდა, იმის გრაფიკი რომ შემოეთავაზებინა, აბსოლუტურად უპრობლემოდ გააგრძელებდა მუშაობას. მაგ პერიოდში ორი გრაფიკი დაარღვია ზუსტად, რომელიც თავისი ოდენობით უფრო დაბალი იყო თანხაში, ვიდრე რასაც ამბობენ - 4 მილიონი თუ რაღაც. შესაბამისად, აბსურდია იმის თქმა, რომ ვინმე გადავადებაში ცალკე ფულს იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ოქუაშვილი ჩემთვის ცოტა გაურკვევლად ლაპარაკობს-ხოლმე და ცოტა მიჭირს აზრის გამოტანა, მე მაინც მგონია, რომ მას იმდენი ჭკუა ჰქონდა, არ გადაეხადა ფული იმაში, რომ გადაევადებინა. ვთქვათ, მერე შეიცვლებოდა მინისტრი, ან ვის უხდიდა, არ ვიცი და ახალი მინისტრი მაინც მოსთხოვდა. შესაბამისად, გადახდა რომ ყოფილიყო, რომ ან პატიობდნენ, ან ჩამოწერას უკეთებდნენ, კიდევ შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო. გადავადებაში ფულის გადახდა აბსურდია. შეიძლებოდა ზუსტად ის თანხა გამოეყენებინა გრაფიკისთვის.
თქვენ უშვებთ შესაძლებლობას, რომ ვინმე ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში?
შეუძლებელია. ეს საღ აზრს არის მოკლებული. საგანი არ არსებობს, რის გამოც ფული უნდა გადაეხადათ. იმედი მაქვს, თქვენ ოდესმე გექნებათ ინტერვიუ მასთან და ჰკითხეთ, რაში იხდიდა ამდენ ფულს?! ამდენ ჩანაწერს ვუყურე და ვერ მივხვდი ფულს რაში იხდიდა. ბიზნესის წართმევა-არ წართმევაში, თუ დაბრუნებაში, გადავადებაში, თუ ტელევიზია რომ არ წაერთვათ?! მე აზრი ვერ გამოვიტანე. მე თვითონ დავინტერესდი, რატომ მოხდა გადავადება, როგორ ხდებოდა გადავადება და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ის ამბობს, რომ თითქოს ვიღაცას ფულს უხდიდა, ის ფული საკმარისზე მეტი იყო, რომ მშვენიერი გრაფიკი ჰქონოდა და ამ გრაფიკით მისი ვალი შემცირდებოდა. იმ ქრთამით კი ვალი არ მცირდებოდა. რომ მიეცა ვიღაცისთვის, მაინც მოუწევდა, როგორც უწევს ახლა 50 მილიონის გადახდა. აგეთი სულელიც არ მგონია, რომ არაფერში ფულს იხდიდა. თვითონ საგანი უნდა იყოს, რაშიც ადამიანი ფულს იხდის, შესაბამისად აზრს მოკლებულია. ისიც აზრს მოკლებულია, რომ ვიღაცასთან ჰქონდა გარიგება. რაში იხდიდა ფულს, პასუხი მე ვერ გავიგე და თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ და გაიგოთ.
როგორც ვიცი, თქვენც გქონდათ შეხვედრა ოქუაშვილთან გარკვეული დროის წინ. მისი მჭერმეტყველების შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, რა გაიგეთ მისი საუბრიდან, თქვენს კაბინეტში როცა შედგა შეხვედრა და კიდევ ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას? მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრა იყო საკმაოდ ხმაურიანი, ულტიმატუმის ენამ ვერ გაჭრა და მას ხმაურის ფონზე მოუწია თქვენი კაბინეტის დატოვება. რას ითხოვდა?
სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც მე თვითონაც ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა შეხვედრას. ცოტა ხნის წინ გაიჟღერა, მე მგონი მისმა მეუღლემ თქვა, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ერთი კვირა ცდილობდნენ ჩემთან შეხვედრას და საბოლოოდ დავთანხმდი. აგვისტოს პირველ ნახევარში შევხვდი, სადაც ის იყო წარმოდგენილი თავისი დირექტორებით და ასევე ლევან ყიფიანით და კიდევ ვიღაც თანმხლები პირებით.
როდის იყო ეს შეხვედრა?
ეს იყო აგვისტოს პირველ ნახევარში. ერთ-ერთი შაბათი დღე იყო. ზუსტ თარიღსაც ვნახავ. ღია შეხვედრა იყო. სამინისტროს მხრიდან იყვნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის შემოსავლების სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი და მე მაინტერესებდა ის, თუ რა უნდოდა. ასევე მზად ვიყავით, ახალი გრაფიკი და ახალი ხელშეწყობა ყოფილიყო. ვთხოვდით, რომ თუ საბანკო გარანტიას მოიტანდა ან მაგალითად გრაფიკის პირველ ჩამორიცხვას გააკეთებდა, თავისუფლად შეეძლო ისევ გაეგრძელებინა მუშაობა, ისევ წაეღო სააქციზო მარკები, ოღონდ ვალი ყოველთვიურად უნდა შემცირებულიყო. იყო ერთი ვერსია, რომელიც მე მოვთხოვე, დაახლოებით შარშან ბოლოს მას ჰქონდა დაახლოებით 30 მილიონამდე დავალიანება და მის შემდეგ გაზარდა, ამიტომ ვეუბნებოდით, რომ დაუბრუნდი ძველ ნიშნულს, შეამცირე 30 მილიონამდე, დაახლოებით 20 მილიონი იყო სხვაობა, და 30-ზე მობრძანდი ახალი გრაფიკით. ამაზე უარი თქვა. უარი კი არ თქვა, საერთოდ ვერ გავიგე მისი არგუმენტები, იმიტომ რომ, მან ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომ შევარდნაძის დროს ავანსებს სთხოვდა საგადასახადო, შემდეგ სააკაშვილის დროს მას პრობლემები შეექმნა. მე ვერ მივხვდი რა კავშირი ჰქონდა ამას დღევანდელობასთან. მე ვუთხარი, თუ მას პრობლემები ჰქონდა სახელმწიფოსთან და მიაჩნდა, რომ დაჩაგრულია, შეეძლო წასულიყო სასამართლოში, თუმცა რომ ვკითხე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხომ არ ჰქონია პრობლემა, არანაირად-ო. შესაბამისად, ვერ მივხვდი არგუმენტები, რატომ არ იხდიდა.
მოტივიც ვერ გაიგეთ საბოლოო ჯამში, უარს რატომ ამბობდა თქვენს შეთავაზებაზე და რას ითხოვდა ამ შეხვედრისას?
არ უნდოდა ვალის შემცირება. უნდოდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც მუშაობდა. როგორ წარმოედგინა, რომ ამისთვის მოვიდოდა და დადებით პასუხს მიიღებდა?! ამიტომ ჩემთვის ცოტა, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ აბდაუბდა იყო ეს შეხვედრა. იმედი მაქვს ჩაწერილი აქვს, მაგრამ მეეჭვება გამოაქვეყნოს. თუმცა, ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებს, მაგრამ არ მგონია წაადგეს ამ სპექტაკლს, რომელიც ერთ თვეზე მეტია გრძელდება. იქ დამსწრე პირებიც იყვნენ და შეუძლია მისმა მხარემ კომენტარი გააკეთოს. აბსოლუტურად გაუგებარი იყო მოსვლა იმის სათქმელად, რომ ის არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, არც ვალი შეემცირებინა და გაგრძელებულიყო ისე, როგორც არის. მე მგონი, ამისთვის მინისტრებს არ ხვდებიან.
ამის გამო დასრულდა ეს შეხვედრა ხმაურით, როგორც ჩვენი წყარო ამბობს?
დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, ადგა და გაიქცა იმ ოთახიდან. ხმაურიანი არ იყო, იყო, ასე ვთქვათ, ცოტა ემოციური, შემდეგ წამოდგა და გაიქცა. დატოვა ის ხალხი, ცოტა ხნის შემდეგ გაყვნენ ისინიც.
დღეის მდგომარეობით როგორია სახელმწიფო პოლიტიკა, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახელმწიფო „ომეგა ჯგუფთან“ მიმართებაში?
სახელმწიფო პოლიტიკა „ომეგა ჯგუფთან“ და ნებისმიერ სხვასთან არის შემდეგი: კიდევ ვიმეორებ, ასეთი დაცული ბიზნესი და ასეთი მეგობრული გარემო, კარგად იცით მე თვითონ ბიზნესიდან მოსული ვარ, მე არ მახსოვს. დამერწმუნეთ, ბიზნესმენების 99%, თუ არა 100%, ასე ფიქრობენ. შესაბამისად პოლიტიკა არის ასეთი: ჩვენ, რასაკვირველია, ბიზნესის მდგომარეობაში შევდივართ. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს პრობლემები და გაკოტრების პირას დგას, შევდივართ მის მდგომარეობაში, ხან გრაფიკს ვთავაზობთ, შეიძლება რაღაც შეღავათი გავუკეთოთ, თუმცა ამავდროულად, ეს არის გამონაკლისი შემთხვევები, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული არგუმენტები ბიზნესის მხრიდან, უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, როგორც „ომეგას“ შემთხვევაში იყო და ზუსტად იმიტომ იყო, რომ ველოლიავებოდით 2 წლის განმავლობაში, რადგან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა თუ რომელი ბიზნესის, რომელიმე საწარმოს ბიზნეს მოდელი დგას იმაზე, რომ გადასახადები არ გადაიხადოს, ხოლო თუ გადასახადებს იხდიან, კოტრდებიან, მაშინ ასეთი ბიზნესები არავის არ სჭირდება. შესაბამისად, გადასახადების გარეშე და ხალხის ხარჯზე აწყობილი ბიზნესი ბიზნესი არ არის. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შეღავათებს ვუკეთებთ.
ჩვენი საუბრის ბოლოს, სად გადის ზღვარი ბიზნესისადმი ხელშეწყობასა და იგივე საბიუჯეტო გადასახადების გადახდის ვალდებულებას შორის?
ეს ზღვარი გადის ვალდებულებების გადახდაზე. კიდევ გიმეორებთ, ჩვენ წელს გვაქვს ასევე უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები საგადასახადო კუთხით ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. უბრალოდ ბიზნესის ზრდის, ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ხდება ეს და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ხარჯზე ხდება. შესაბამისად, ზღვარი გადის კანონზე. კანონი ითხოვს გადასახადების გადახდას, თუმცა ამავდროულად ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ასევე კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ იქნება სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძიებები.
ვიდეო


