რატომ არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტროს სხვა უწყებისთვის მიერთება
ინტერვიუ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის დასკვნაში აისახება ის უარყოფითი პოზიცია, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანებას ეხება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ კენჭისყრის წინ განაცხადა, მათ პოზიციას პარლამენტის სხვა კომიტეტებიც იზიარებენ და მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტს გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნების დათქმით დაუჭირეს მხარი. რას ითხოვენ გარემოს დამცველი კანონმდებლები? თემაზე „მაესტროს“ კითხვებს კახა კუჭავამ უპასუხა.
რამდენადაც ცნობილია, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს თქვენი კომიტეტი მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვის სამინისტრო არა თუ შენარჩუნდება, არამედ როგორც სტრუქტურა, გაძლიერდება.
ზოგადად დავიწყებ, რომ მთლიანად წარმოდგენილი პაკეტს, და ეს კომიტეტის სხდომაზეც აღვნიშნეთ და შესაბამისად დასკვნაშიც არის გათვალისწინებული, ძალიანაც ვუჭერთ მხარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც დაიწყო, იქნება ეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია, თუ სტრუქტურული ოპტიმიზაცია. თუმცა ძალიან სამწუხაროა ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცალკე ვუყაროთ კენჭი იმ საკითხს, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ანუ, ჩვენ რომ გვეყარა კენჭი ყველა სხვა საკითხისათვის, დასკვნა აუცილებლად დადებითი იქნებოდა, მაგრამ ბუნებრივია და არც არის გასაკვირი, რომ გარემოს დაცვის კომიტეტისთვის პრიორიტეტულია ზუსტად გარემოს დაცვის მიმართულებაა, შესაბამისად ის სამინისტრო, რომელიც ამ მიმართულებით ამ საკითხებს კურირებს და პოზიცია ცალსახაა - იმ წარმოდგენილი პაკეტით, რომელიც პარლამენტშია შემოსული, ჯერჯერობით კარგად არ ჩანს, თუ როგორი სტრუქტურული გადანაწილება იქნება, რა სახის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზეა საუბარი და რთულია, გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაბამისად, დასკვნაში მითითებულია ისიც, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ამის შემდეგ შევძლებთ უფრო დასაბუთებულად და არგუმენტირებულად მივიღოთ დასკვნები. ჩვენი მხრიდან არგუმენტი ძალიან ბევრია, თუ რატომ უნდა დარჩეს ეს სამინისტრო ცალკე და უნდა გაძლიერდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენმა კომიტეტმა ჯერ კიდევ მაისში დაიწო სამუშაო პროცესი გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და საკმაოდ არგუმენტირებული პოზიცია იყო, თუ რატომ უნდა გაზრდილიყო ბიუჯეტი სამინისტროსათვის, რადგანაც მას შეძლებოდა იმ გამოწვევებთან უფრო ეფექტიანი ბრძოლა, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ამ კუთხით წარმატება იქნა მიღწეული, ბიუჯეტის ნაწილი გაიზარდა სამი მიმართულებით. ერთი იყო სატყეო მიმართულებაზე. ეს იყო ტყის მცველების რაოდენობის ზრდა, მათი ხელფასების გაზრდა, ფაქტობრივად გაორმაგება, ისე, როგორც რეინჯერების. ასევე იყო გარემოს დაცვის დეპარტამენტის გაძლიერება და მესამე ეს იყო, დამატებითი კადრები, რომ ის ახალი კანონი ამოქმედდეს, რომელიც 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში. გარემოს დაცვის შეფასების კოდექსს ვგულისხმობ და იმას, რომ მისი აღსრულების კუთხით უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება მოხდეს. ამიტომ ბიუჯეტი გაიზარდა, ძალიან კარგი ტენდენცია იყო და ჩვენ გჭირდება ძალიან სწორი არგუმენტები იმაში დასარწმუნებლად, თუ რატომ იქნება უფრო ეფექტიანი, თუ ის გაერთიანდება სოფლის მეურნეობასთან. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე მაგალითი იყო მოყვანილი. აღსანიშნავია, რომ არის ქვეყნები, სადაც ეს მოდელი კარგადაც მუშაობს, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, მოითხოვს, რომ უკეთესია თუ სამინისტრო ცალკე იქნება. განსაკუთრებით ისეთ უწყებებთან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ეკონიმიკის სამინისტრო, რომლებიც უფრო მომხმარებლები არიან, მარეგულირებლების არსებობა, როგორიც გარემოს დაცვის სამინისტროა, ძალიან მნიშვნელოვანია.
გუშინ კომიტეტის სხდომაზე და მედიაშიც გაჟღერდა ერთი კონკრეტული დეტალი, რომ კარგად დასაფიქრებელია, როდესაც წიაღისეულის მართვას ეკონომიკის სამინისტროსთან მიერთების კონტექსტში განიხილავ. რას გულისხმობდით? რამდენად ცნობილია, ეკონომიკის სამინისტროსა და ამ მიმართულებით გარემოს დაცვის საკითხები შეიძლება ინტერესთა კონფლიქტში მოვიდეს ერთმანეთთან? ეს საშიშროება იგულისხმეთ?
ქვეყნების მიხედვით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით მიდგომა ძალიან მრავალმხრივია და ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ყველაზე სწორი პრაქტიკა და რაც ყველაზე მისაღებია, საქართველოსათვის მისაღები სტანდარტები. აქ იგულისხმება ის, რომ მარტო ლიცენზირების ნაწილი გადავიდეს და ეს ეკონომიკის სამინისტროში იყოს. კი ბატონო, ეს ბევრი ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეა. თუმცა ჩნდება კითხვა და ეს უკავშირდება გეოლოგიის დეპარტამენტს, მარაგების კომისიას და ძალიან საინტერესოა ამ კუთხით ერთ უწყებაში მოქცევა რამდენად სწორად ადმინისტრირებადი იქნება. თუ საერთაშორისო პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ, მიდგომა განსხვავებულია და ჩვენ ზუსტად, ამ რეფორმაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ აუქციონის ფორმით სასარგებლო წიაღისეულის გამოტანა მართებული საერთოდ არ არის. ეს სულ სხვა პრინციპზე უნდა იყოს დამყარებული, იმ პრინციპზე, რომელიც მისაღებია საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის, ვინც ამ სექტორში მუშაობს, რაც გულისხმობს პირველ რიგში, გეოლოგიურ პროგრამაზე, სამუშაოზე გათვლილ ლიცენზირებას და ნებართვის მიცემას. აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება, თუ რამდენად სწორი და მართებული იქნება დავუბრუნოთ ეს ეკონომიკის სამინისტროს, რომლის შემადგენლობაშიც ეს ფუნქციები ადრე იყო, შემდეგ ენერგეტიკაში გადავიდა და შემდეგ ისევ ბუნებრივ რესურსებში დაბრუნდა, რადგანაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ არამხოლოდ არ იყო სწორად ადმინისტრირებული და ხარვეზებს წარმოადგენდა, არამედ იმ დროს, როდესაც ამის გადატანა ჯერ ეკონომიკაში და შემდეგ ენერგეტიკაში მოხდა, ამან უშუალოდ დარგის განვითარებაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. მნიშვნელოვანია, მსგავსი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას სწორად იყოს წინ წამოწეული კომპანიების სამთო-გეოლოგიური პროგრამით მუშაობა და არა რომელიმე სხვა კომპონენტი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ როგორც თანდართული და არა როგორც მთავარი.
ამ სტრუქტურული ცვლილებების განხილვისას არა ერთხელ ითქვა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი გაერთიანებებია და მსგავსი სტრუქტურული სისტემა მუშაობს, თუმცა თქვენი კომიტეტის სხდომაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ამ ქვეყნებში აბსოლუტურად განსხვავებულია თვითშეგნებაა. ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა საქართველოში? ყალიბდება თუ არა, ან ტარდება თუ არა ამ მიმართულებით რეფორმა, რომ ეს თვითშეგნება საზოგადოებაში და შესაბამისად სამთავრობო სტრუქტურაში ცოტა უფრო მაღალი იყოს?
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის იმით, რომ გარემოს დაცვითი საკითხები ძალიან მაღალი თვითშეგნების საგანია. ეს მხოლოდ საჯარო სექტორს არ ეხება, კერძო სექტორიც რომ ავიღოთ, გარემოს საკითხები ყოველთვის მეორე პლანზეა გადატანილი და ამ კუთხით ძალიან ბევრი სამუშაოა, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რაც ხორციელდება, გარემოს დაცვის საკითხები აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, თუ არ ვცდები გუშინ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ის აღარ ითანამშრომლებდა კომპანიებთან, რომლებმაც ხეები მოაასფალტეს. მარტივი მაგალითია, გზას აგებ, ასფალტს აგებ და კეთილმოწყობას უკეთებ საფეხმავლო ბილიკს, მაგრამ იმდენად დაბალია თვითშეგნება, რომ მსგავსი კომპანიები ვერ ითვალისწინებენ იმ ელემენტარულ სტანდარტს, რაც ნიშნავს, რომ ხეებთან დიამეტრი უნდა იყოს დაცული, რომ ხემ განაგრძოს სიცოცხლე და მისი მიასფალტება მწვანე გარემოსთვის დამაზიანებელია. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს, ჰოლანდია, ავსტრია, ისინი ძალიან მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან, რომელიც მათი 1-2 წლის მიღწევა კი არ არის, შეიძლება ასწლოვანი მიღწევაა. იქ სისტემა სულ სხვა დონეზეა ჩამოყალიბებული. ამ კუთხით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თვითმმართველობებს აკისრიათ. იგივე წიაღისეულის კუთხით შემთხვევებია, როდესაც თვითმმართველობები გასცემენ ლიცენზიებსაც და ეს მათი პრეროგატივაა. თუმცა აქვე მოვიყვანდი კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის მაგალითს, პორტუგალიას ვგულისხმობ, რომელმაც 2014-ში თუ 2015-ში მიიღოს ეს გადაწყვეტილება და გააერთიანა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები, თუმცა წელს, 2017 წელს კვლავ გაყო ეს სამინისტროები და გარემოს დაცვის სამინისტრო აბსოლუტურად ცალკე უწყებად დააყენა და ამავდროულად აღიარა, რომ სამინისტროების თავის დროზე გაერთიანება პორტუგალიის მთავრობის ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა იყო. ასე, რომ მაგალითები არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. ჩვენ იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც საქართველოში არის და გადაწყვეტილება ამ რეალობიდან უნდა მივიღოთ.
რამდენად ერთსულოვანია საკანონმდებლო სივრცეში უმრავლესობა ამ საკითხთან მიმართებაში? ასევე, მთავრობის გუნდისთვის თქვენი რეკომენდაციები ცნობილია და გაქვთ თუ არა წინასწარი ინფორმაცია, რა შეიძლება შეიცვალოს და რამდენად გაითვალისწინებს პარლამენტის რეკომენდაციას მთავრობა?
გუნდის წევრებთან სათითაოდ, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებდი. მე ძალიან კარგად ვადევნებდი თვალყურს საკომიტეტო მოსმენებს და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყველა კომიტეტში ყველას მიერ ეს საკითხი იყო ნახსენები და კომიტეტების უმრავლესობამ დასკვნაშიც ჩაწერა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს საკითხი დეტალებში კიდევ ერთხელაა გასავლელი. ჩვენი დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ჩვენ კონსულტაციებს გავაგრძელებთ და იქნება არგუმენტირებული დისკუსია, რომლის შედეგადაც მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
ვიდეო


