02 დეკემბერი 2017

რა რესურსი აქვს საქართველოს ახალი ტექნოლოგიების დასანერგად

ინტერვიუ Bitfury ჯგუფის ხელმძღვანელთან

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თემატური პანელების ერთ-ერთი მონაწილე, Bitfury Group-ის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი იყო, რომელმაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ილაპარაკა. ერთ-ერთი უმსხვილესი ბლოკჩეინ კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში კარგი ბიზნეს გარემოა და ქვეყანას ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. როგორ აფასებს Bitfury ჯგუფი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგებს, რა სამომავლო გეგმების აქვს და როგორია ბიტკოინის ფასთან დაკავშირებული მოლოდინები? „მაესტროს“ კითხვებს ბიზნესმენი ვალერი ვავილოვი პასუხობს.  


Bitfury ჯგუფი დაახლოებით 3 წელია რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და უკვე 2 მონაცემთა ცენტრი გაქვთ - გორში და თბილისში. როგორ აფასებთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგებს?
 
საქარველოში მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ორივე დატა ცენტრი ეფექტურად მუშაობს. გაკვირვებულები დავრჩით, თუ რა მარტივი აღმოჩნდა საქართველოში ბიზნესის კეთება. ვიდრე 2014 წელს აქ შემოვიდოდით, ბევრი ქვეყანა შევისწავლეთ და სწორედ საქართველო აღმოჩნდა ისეთი ქვეყანა, რომელმაც ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. აქ პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ბიზნესისთვის კი დრო უმნიშვნელოვანესია. ჩვენ არ ვაწყდებით არანაირ ბიუროკრატიას, აქ არ არის კორუფცია, ქვეყანაში კარგი და მარტივი საგადასახადო სისტემაა და ბიზნესს პრობლემები არ ექმნება. ასევე სამუშაო ძალაც არ არის ძვირი და ხალხი ძალიან შრომისმოყვარეა. 

უახლოეს პერიოდში აპირებთ თუ არა საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და რა მიმართულებით?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზრით ძალიან კმაყოფილები ვართ, მომავალ წელს აქ კიდევ ერთი დატა ცენტრის მშენებლობას ვგეგმავთ. ახალი დატა ცენტრი სავარაუდოდ, ისევ გლდანში, თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განთავსდება და ის რეგიონში ყველაზე დიდი იქნება.

თქვენ ასევე თანამშრომლობთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან. რას შედეგები გაქვთ ამ მიმართულებით და თუ გეგმავთ სააგენტოსთან ერთად ახალ პროექტებს?

საჯარო რეესტრთან თანამშრომლობა გასულ წელს დავიწყეთ და უკვე შესაძლებელია უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის სისტემაში შენახვა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშს ამ პროექტის სრულად ამოქმედებას ვგეგმავთ, რათა ყველა მოქალაქემ ისარგებლოს ბლოკჩეინ სისტემის სიკეთეებით. ადამიანები საკუთარი სმარტფონებით შეძლებენ უძრავი ქონების რეგისტრაციას. ანუ როდესაც უძრავი ქონების გაყიდვას გადაწყვეტთ, არსად წასვლა არ დაგჭირდებათ, ბლოკჩეინ სისტემის მეშვეობით ამ ყველაფერს თქვენი სმარტფონების გამოყენებით გააკეთებთ.

თუ განიხილავთ საქართველოში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას სხვა სექტორშიც?

მთავრობა მოსახლეობას ათასობით სერვისს აწვდის და ყველა სექტორში არსებობს პოტენციალი ბლოკჩეინ სისტემის დასანერგად, მაგალითად, ჯანდაცვაში, დაზღვევაში, საბანკო სექტორში. ბლოკჩეინ სისტემა მონაცემებს საიმედოდ და უსაფრთხოდ ინახავს, რადგან ამ სისტემაში მონაცემები ვერ წაიშლება და ვერც დაიკარგება. ამ ეტაპზე ვაანალიზებთ თუ რომელი სექტორი იქნება საქართველოში შემდეგი, სადაც ეს სისტემა დაინერგება.

რაც შეეხება ბიტკოინის ფასს - რას უკავშირებთ მისი ღირებულების სწრაფ ზრდას? მიმდინარე კვირაში ბიტკოინის ფასმა  10 000 დოლარს მიაღწია.

ჩვენ ბიტკოინის შესაძლებლობების ყოველთვის გვჯეროდა. ის ამ ეტაპზე ყველაზე სანდო კრიპტოვალუტაა. მსოფლიოში ათასობით მილიონერია, ყველა მილიონერმა რომ მოინდომოს ერთი ბიტკოინის შეძენა ამ დროისთვის ბაზარზე არსებული მოცულობა ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოთხოვნა იზრდება კრიპტოვალუტაზე და ფასიც იზრდება. ფასთან დაკავშირებით პროგნოზირება ძალიან რთულია , მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მსოფლიო ინტერნეტ ერადან ბიტკოინ ერაზე გადადის. ბიტკოინი მხოლოდ ვალუტა არ არის, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი რამის გასაციფრულებლად.

რაც შეეხება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოსაზრებებსა და კრიტიკას, რით არის გამოწვეული საზოგადოების ნაწილში მისდამი ნაკლები ნდობა და არსებობს თუ არა ამ მიმართულებით რეალური საფრთხე?

ნაკლები ნდობა ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. კრიპტოვალუტისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია და გასაკვირი არ არის, რომ ამ პროცესს თან მერყეობა ახლავს, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ ეს მერყეობები სულ უფრო მცირდება. ვფიქრობ, დაახლოებით 2 წელში ჩვენ ბიტკოინის ფასის საკმაოდ სტაბილურ ზრდას ვიხილავთ.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები