02 ივლისი 2017

მედიკამენტები ერთ ლარად

ვინ და როგორ შეძლებს უფასო წამლების პროგრამით სარგებლობას

1 ივლისიდან, ეგრეთ წოდებული უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. სააფთიაქო ქსელში უკვე 13 დასახელების ასეთი მედიკამენტია, რომელსაც ივლისის ბოლოს კიდევ 10 დაემატება. ვინ შეძლებს ახალი პროგრამით სარგებლობას. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ჟურნალისტი თეა სიჭინავა ესაუბრა.


 

 

1 ივლისს ამოქმედდა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ქრონიკული დაავადებებისთვის. ესენია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2. ამ დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელსაც აქვს 100 ათასი სარეიტინგო ქულა, სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, ვინ ისარგელებს ამ პროგრამით?

საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს. რაოდენობრივად ეს არის 700 ათასზე მეტი ადამიანი. 

რატომ აირჩია ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ოთხი დაავადება?

საყოველთაო ჯანდაცვაში ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო ეს. მედიკამენტები, როდესაც პაციენტი სტაციონარში იმყოფება, რა თქმა უნდა, მკურნალობის ნაწილია და უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაგრამ ქრონიკული დაავადებები, როდესაც პაციენტმა ესა თუ ის წამალი უნდა მიიღოს ყოველდღიურად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც, ყველაზე მტკივნეული და პრობლემური მიმართულება იყო. ჩვენ ავარჩიეთ ის ქრონიკული დაავადებები, რომელიც მოიცავს ამბოლატორიული პაციენტების თითქმის 70%-ს. ანუ ეს ჩარევა, უზრუნველყოფს ასეთი პაციენტების პრაქტიკულად 70%-ის საჭიროებებს. 

რა ეტაპების გავლა უწევთ მოქალაქეებს, რომ მათ საბოლოოდ მიიღონ ეს მედიკამენტები?

ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ეტაპები ერთი მხრივ ყოფილიყო მარტივი და არ გამოეწვია დისკომფორტი ჩვენს მოქალაქეებში, და მეორე მხრივ, გვინდოდა გვქონოდა ზუსტი გარანტია და დაცვა იმისგან, რომ არასაჭირო დანიშნულება ან მედიკამენტის არასწორად გამოწერა და მიღება არ მოხდებოდა. როგორც ვიცით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადამიანისთვის ოჯახის ექიმთან ვიზიტს აფინანსებს სახელმწიფო. ეტაპები ასეთია: პაციენტი უნდა მივიდეს თავისი ოჯახის ექიმთან, ჩვეულებრივ გეგმიურ ვიზიტზე, სადაც ის გამოუწერს დანიშნულებას და მისცემს დოკუმენტს, რომ მას მართლაც აქვს ეს ქრონიკული დაავადება. ამის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადგილზე ადამიანი უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც დაარეგისტრირებენ მონაცემთა ბაზაში და უკვე ჩნდება ბმა აფთიაქებთან. ამის შემდეგ მიდის აფთიაქში და იღებს მედიკამენტს. ვეცადეთ, რომ მოკლე, მაგრამ დაცული პროცესი ყოფილიყო.

სახელმწიფოსგან უზრუნველყოფა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კონკრეტული მოქალაქეები, ვისაც ეკუთვნის ეს მედიკამენტები, მათ სრულად უფასოდ მიიღებენ?

ეს მედიკამენტები შეისყიდა სახელმწიფომ. თუმცა მხოლოდ შესყიდვა და მათი საწყობში განთავსება არ არის საკმარისი. ის სწორად უნდა მივიდეს პაციენტთან და ადამიანმა ამაში ბევრი ფული არ უნდა დახარჯოს. რეალურად ჩვენ გადავიხადეთ ამ მედიკამენტების ფული, ჩვენ შევისყიდეთ ის. პაციენტს მედიკამენტის მისაღებად მოუწევს მხოლოდ სიმბოლური თანხის გადახდა, რომელიც არ იქნება ერთ ლარზე მეტი. მას შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის მედიკამენტები იყიდოს, თუმცა არაუმეტეს სამი თვისთვის საკმარისი რაოდენობისა. 

ანუ მოქალაქე რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, სამი თვის მედიკამენტებს შეიძენს ერთ ლარად? 

მაქსიმუმ ერთ ლარად, შეიძლება ნალებადაც. ამ ქრონიკულ დაავადებებზე საშუალოდ, თითოეულ ადამიანს ამ ჯგუფიდან ეხარჯებოდა 20-25 ლარი. ზოგი საერთოდ ვერ ხარჯავდა, რადგან არ ჰქონდა, ზოგს ეხარჯებოდა ძალიან ბევრი, ანუ იმაზე მეტი ვიდრე ჰქონდა შემოსავალი. 

სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი უკვე მიმართავს PSP-ს, სააფთიაქო ქსელს. რატომ შეჩერდა არჩევანი PSP-ზე?

მედიკამენტები, სპეციფიკურ განაწილებას, შენახვას და გაცემას მოითხოვს. ეს რთული პროცესია. ჩვენ ცალკე კონკურსი გამოვაცხადეთ იმ კომპანიაზე, რომელიც უზრუნველყოფდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ მიერ შესყიდული მედიკამენტების განაწილებას. ამ განაწილებას რესურსი და თანხა სჭირდება. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ PSP-მ ჯერადობით დააკლო თანხა და ფაქტობრივად, სიმბოლური თანხით უზრუნველყო ეს რთული ბიზნეს პროცესი. მათ რეალურად კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ნაბიჯი გადადგეს და ჩვენ დაგვეზოგა ასეულ ათასობით ლარი ამაში, რაც დისტრიბუციაში უნდა გადაგვეხადა. რა თქმა უნდა, ამ თანხას მივმართავთ ისევ მედიკამენტებზე. PSP-მ გაიმარჯვა ამ კონკურსში და ვფიქრობ ძალიან ღირსეულად. დაახლოებით ათჯერ ნაკლები თანხა მოითხოვა, ვიდრე გამოვაცხადეთ კონკურსით.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დაახლოებით 700 ათასი მოქალაქეა, ვისაც ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია. ამდენი მოქალაქის მონაწილეობას ელოდებით?

700 ათასზე მეტი იქნება ისეთი ადამიანი, რომელზეც გავრცელდება ეს პრივილეგია. საბედნიეროდ, ყველა მათგანს არ აქვს ეს ქრონიკული დაავადება. ჩვენ დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომეთ  სპეციალისტებთან ერთად გათვლების ჩატარებას, რომ გაგვერკვია ამ 700 ათასიდან, ამ ასაკობრივი ჯგუფებიდან, რამდენს შეიძლება დასჭირვებოდა ესა თუ ის მედიკამენტი და სწორედ ამ გათვლებზეა დაფუძნებული ჩვენი პროექტი. რა თქმა უნდა, ყველას არ სჭირდება ეს მედიკამენტები. ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს ეს დაავადება. ჩვენ დაზუსტებულად ვიცით სტატისტიკით, რამდენი შეიძლება იყოს.

პროექტი ითვალისწინებს 23 სახეობის მედიკამენტით უზრუნველყოფას. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მხოლოდ 13 სახეობის წამალი დარიგდება. დანარჩენ 10 მედიკამენტზე გადაწყვეტილებას როდის მიიღებთ? და რამ გამოიწვია ეს შეფერხება?

მედიკამენტების შესყიდვა არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის ინდიკატორი დავაწესეთ, იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვებს ახლავს ბევრი ფორმალური მხარე. ამიტომ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია. უახლოესი დღეების, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში, პროგრამა სრულად 23 მედიკამენტზე ამუშავდება.

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ეს მედიკამენტები სახელმწიფო შეისყიდა, რომ სახელმწიფომ დახარჯა ფული. რა ჯდება ეს პროგრამა და ხომ არ დააწვება ის ტვირთად ბიუჯეტს? ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" ზედმეტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. რას უპასუხებდით თქვენს კრიტიკოსებს?

ციფრებში გეტყვით. საქართველოში ჯანდაცვაზე იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%. ამით ხასიათდება ხოლმე პარამეტრები. ევროპაში ეს არის 5-7-10%, ამერიკა ხარჯავს 17%-ს. ამიტომ, სამწუხაროდ არ ვართ სოციალურად და ჯანდაცვაზე ძალიან ორიენტირებულნი. წელიწადში ეს პროექტი დაჯდება, დაახლოებით 10 მილიონი ლარის ფარგლებში. 6 თვის შესყიდვაზე, ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული 5 მილიონი ლარი. ამით ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და რაც ასევე პრინციპულია, დავზოგავთ ჯანდაცვის ხარჯებს. რადგან პაციენტებს, რომლებსაც ეს მედიკამენტები არ ჰქონდათ, მდგომარეობის გართულებამდე ექიმთან არ მიდიოდნენ და გართულების დროს მიდიოდნენ პირდაპირ სტაციონარში, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ჩვენ უფრო მეტ თანხას ვხარჯავდით. ეს 10 მილიონი პირდაპირი ინვესტიციაა ჯანდაცვაში. საბოლოო ჯამში ჩვენ ბევრად ნაკლებ თანხას დავხარჯავთ ამ 10 მილიონის საშუალებით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 4 წელი გავიდა. იმ პოლიტიკას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ? გაამართლა? ამ პროგრამასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და ხელისუფლებამაც გარკვეული დროის შემდეგ მასში კორექტივები შეიტანა

გაამრთლა თუ არ გაამართლა, ჩემგან შეიძლება უხერხული იყოს ამაზე მსჯელობა. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს, მსოფლიო ბანკი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩვენი თხოვნით საქართველოში მიმდინარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეტალურ შეფასებას აკეთებენ. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში შეფასებები იყო ცალსახად პოზიტიური. ორი გამოწვევა რჩებოდა. ერთი, ეს რაც დავიწყეთ დღეს, ამბოლატორიული მედიკამენტები და მეორე, არასაკმარისი ბიუჯეტი. დანარჩენს რაც შეეხება, თავად პროექტი არის ცალსახად წარმატებული, ამას მე არ ვამბობ, ამას ეს საერთაშორისო ორგანიზციები ამბობენ. რაც შეეხება კორექტირებებს, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია და უბრალოდ არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელიც აფუძნებს ჯანდაცვის სისტემას და თუნდაც უახლოესი 5 წლის განმავლობაში მასში ცვლილებები არ შეაქვს. თუ გაიხსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის პირველი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის ახალ პროექტზე ხელმოწერა.

უფასო მედიკამენტების პროგრამის ამოქმედება ემთხვევა პერიოდს, რომდესაც ჩვენ აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევდივართ. არის მოსაზრება, რომ ეს პროცესი საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ალბათ კრიტიკოსების მოსაზრებაა?

დიახ. 

შეიძლება მე კრიტიკოსებზე ზედმეტად ვაკეთებ აქცენტს, მაგრამ უბრალოდ შევახსენებ მაყურებელს, რომ 2014 წლიდან ეს საკითხი, ამბოლატორიულ მედიკამენტებზე წვდომა, იყო საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტერესი და ამ პროექტის დაწყებაზე იყო ყველაზე მაღალი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროსადმი და მთავრობისადმი, მათ შორის ჩვენი კრიტიკოსებისგანაც, რომლებიც ამბობდნენ - სად არის დაპირებული, მიწვდომადი მედიკამენტები? ახლა შევძელით ამის გაკეთება და არანაირ კავშირში ეს არჩევნებთან არ არის.

C ჰეპატიტის ელიმინაციაზეც მინდა გკითხოთ. ამ პროგრამით ამაყობს არამხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა. აქტიურად დაიწყო სამინისტრომ სკრინინგების კამპანია. რატომ გააქტიურდა ეს მიმართულება? ჩვენ ვიცით, რომ პროექტი წარმატებით წარიმართა

ამ პროექტის უნიკალურობა ბევრ რამეშია, და მათ შორის იმაში, რომ მსოფლიოში ჯერ არავის გაუკეთებია ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგულისხმობ პაციენტების აქტიურ გამოვლენას. მარტივად რომ აგიხსნათ, პირველი 40 ათასი ადამიანიდან, რომლებსაც ჩვენ ვუმკურნალეთ, უმრავლესობამ, 90%-ზე მეტმა იცოდა, რომ ეს დაავადება ჰქონდა, აწუხებდა, შორს წასული შემთხვევებიც გვქონდა, და ჩვენ პირიქით, რაღაცნაირად ვარეგულირებდით ამ რიგს. ახლა ეს კრიტიკული მასა, ანუ ვინც იცოდა, ვისაც აწუხებდა, უკვე გავლილია, და ახლა ჩვენ საქმე გვაქვს 110 ათას ადამიანთან, რომელთა 90%-ზე მეტმა არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს, რადგან არ აწუხებს, არ არის შორს წასული შემთხვევები და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ აქტიურად გამოვავლინოთ, დავეხმაროთ მათ რომ გაიგონ, რომ აქვთ დაავადება, დავეხამროთ იმაში, რომ მკურნალობის ეს უნიკალური შანსი გამოიყენონ. ჩვენი ამბიცია და ამოცანაა, რომ მოზრდილი მოსახლეობის არანაკლებ 90%-მა გაიაროს სკრინინგი.

სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, 41 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა საწყისს ეტაპზე, 40 ათასზე მეტი ჩაერთო მკურნალობის პროცესში და 30 ათასზე მეტი განიკურნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებმა, რომლებმაც უკვე იმკურნალეს C ვირუსი სრულად დაამარცხეს?

დიახ. ამას თავისი ძალიან მკაცრი კლინიკური პროტოკოლი აქვს. მკურნალობის კურსის დროსაც მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობის კურსის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ ტარდება ეგრეთ წოდებული კონფირმაციული, დამადასტურებული ტესტი. თუ მკურნალობის დასრულებიდან სამი თვის შემდეგაც ნულია ვირუსული დატვირთვა, ესეიგი განკურნება საბოლოოა.

თუ ყოფილა გართულების შემთხვევები? ითქვა, თითქოს რამდენიმე ადამიანი მკურნალობის პროცესში გარდაიცვალა.

სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით პირველი ხუთი ათასი პაციენტი ვინც ჩაერთო მკურნალობის კურსში, იყვნენ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. მათი მდგომარეობა იყო კატასტროფული. ამ პროექტმა ბევრს მიუსწრო. 2000 ადამიანი გადარჩა 2014 წელს, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული ადამიანისთვის ეს მკურნალობაც კი არ აღმოჩნდა ეფექტური, იმდენად მძიმე იყო მათი ზოგადი მდგომარეობა.

ბოლოს, თქვენს თანაგუნდელზე კახა კალაძეზე მინდა გკითხოთ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც თანაგუნდელებმა გადაწყვიტეს, რომ ის იმსახურებს თბილისის მერობის კადიდატობას. თქვენ რა კრიტერიუმით გამოარჩევდით კალაძეს, როგორც მერობის კანდიდატს?

მგონი მაქვს უფლება ცალსახად ვთქვა. ოთხი წელია გვერდიგვერდ ვმუშაობთ და მართალი გითხრათ, მე იშვიათად შემხვედრია ადამიანი, რომელიც არის ასეთი შედეგზე ორიენტირებული, ასეთი შრომისუნარიანი, და რომელსაც შეუძლია ასეთი გუნდური სულის შენარჩუნება და განვითარება. მართლაც, რეალურად, ყოველდღიურ საქმიანობაში ასე იყო. ამიტომ მე მჯერა, რომ მისი ეს თვისებები იქნება გადამწყვეტი და სიკეთისმომტანი ქვეყნისათვის.

ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, თქვენი "ოცნების ქალაქი" როგორია?

რთული სათქმელია. ალბათ უსაფრთხო. უსაფრთხო გარემო, უსაფრთხო ტრანსპორტი, მიწვდომადი ჯანდაცვა და განვითარებული სოციალური მხარდაჭერა.

დიდი მადლობა.

გმადლობ თქვენ.     

1 ივლისი. "ქრონიკა" 20:00 საათზე      

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები