22 დეკემბერი 2017

რას სთავაზობს დასაქმების პროგრამა მოქალაქეებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს გეგმა და ანგარიში

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა. რა სამუშაო ჩატარა უწყებამ ბოლო პერიოდში და რას სთავაზობს ის მოქალაქეებს - ამის შესახებ „მაესტროს“ კითხვებს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა უპასუხა.

თბილისი
ფოტო: shutterstock.com

რას გულისხმობს ეს ანგარიში და რომელია ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც თქვენ მუშაობთ და ემსახურებით მოქალაქეებს?

დიახ, დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს, კერძოდ კი დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს, აქვს შემაჯამებელი კონფერენცია. უნდა წარვდგეთ ანგარიშით ყველა დაინტერესებული რგოლის წინაშე და თითოეულ მათგანს გავაცნოთ, რა გავაკეთეთ წლის განმავლობაში, რა სერვისები განვითარდა ამ მხრივ საქართველოში და რა შეგვიძლია მომავალ წელს შევთავაზოთ თითოეულ ბენეფიციარს. საუბარს დავიწყებ იმით, იმ სტატისტიკის თანახმად, რაც უკვე მყარად გააჩნია დეპარტამენტს, 1 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა გრძელვადიანი დასაქმებით. მათ შორის, 102 შეზღუდული შესაძლებლობის პირია. წელს ძალიან წარმატებით განვითარდა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. ის ორ ეტაპად განხორციელდა, მოვიცავით მთლიანად საქართველო, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კოლეჯები 93 მოთხოვნად პროფესიაში, სადაც 2300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები. ძალიან აქტიურად განხორციელდა სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს იქით ვუხდიდით სტიპენდიას -150 ლარს, რომ კვალიფიკაცია აემაღლებინათ და 153 ასეთი ბენეფიციარი გადამზადდა. სუბსიდირების პროგრამა, რომელშიც სახელმწიფო 50%-იანი თანადაფინანსებით, 460-ლარამდე ოდენობით მონაწილეობს, გაიარა 49 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა. ამის გარდა, გრძელვადიანი დასაქმებით მათგან 22 უკვე დასაქმდა. ეს არ არის მყარი სტატისტიკა, ვინაიდან დამსაქმებლებისგან უკუკავშირი გვიჭირს. შესაძლოა 1 800 კი არა, 5 800 და მეტიც არის დასაქმებული.

დავაზუსტოდ, ვისთვისაა ეს პროგრამა? ბენეფიციარებს რა კრიტერიუმით არჩევთ?

ეს არის საუკეთესო პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერ მოქალაქეს ასაკის მიუხედავად, 16 წლიდან ზემოთ, ზედა ზღვარი შეუზღუდავია, თითოეულის უნარ-ჩვევების მიხედვით. მთავარია, მიაკითხონ ჩვენ სერვისებს საქართველოს მასშტაბით 69 მუნიციპალიტეტში, მოიკითხონ დასაქმების კომპონენტზე მომუშავე თანამშრომელი, ან დარეგისტრირდნენ ჩვენს საინფორმაციო პორტალზე worknet.gov.ge-ზე და მიიღებენ აბსოლუტურად ყველა ცნობას იმ არსებულ სერვისებზე, რასაც სახელმწიფო ახორციელებს დასაქმების სერვისების გასაუმჯობესებლად. ასაკობრივი ზღვარი, როგორც გითხარით, შეზღუდული არ არის. ჩვენ გვყავს მოწყვლადი ჯგუფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები. გვყავს კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები, რომლებიც, ასე ვთქვათ, უგეგმავენ როგორც ახლად დამთავრებულებს, ასევე დისკვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორ განვითარდნენ მომავალში კარიერული წინსვლისათვის. გარდა ამისა, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები ნებისმიერ მათგანს აძლევს შანსს, თუ რაღაც ჩავარდნა ან დისკვალიფიკაცია ჰქონდათ, თავიდან გაიარონ და მიიღონ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა. ასე, რომ თანდათან ვვითარდებით და მთლიანად საქართველოს მასშტაბით უახლოეს წლებში დაინერგება ახალი სერვის მოდელი „თვინინგის“ პროექტის ფარგლებში ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ დეპარტამენტი შრომის ბაზარს თვისობრივად იკვლევს და ყველა ეს პროფესია, წინსწრებითაა გამოკითხული დამსაქმებლებისგან, აუცილებლად იქნება მომზადება-გადამზადება მიზანმიმართულად იმ პროფესიებზე, რომლებიც გამოადგება მათ, ვინც ჩვენ სერვისებში ჩაერთვება.

იქნებ შრომის ბაზრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. რომელია ყველაზე პერსპექტიული მიმართულებები, მოთხოვნადი პროფესიები?

მოთხოვნადი პროფესიების დამუშავება მომავალი წლისთვის მოხდება, იანვრის ბოლომდე დაიდება, ვინაიდან ახლა, დეკემბრის ბოლოს იქნება შემაჯამებელი ანალიზი, რომელსაც ევროკავშირთან ერთად განვიხილავთ. ხდება ამ ინტერვიუების გადარჩევა და შეფასება. აქამდე მოთხოვნადი იყო ისეთი პროფესიები, როგორიცაა ბუღალტერი, ოფის მენეჯერი, საკონდიტრო წარმოების სპეციალისტები, სამშენებლო სექტორში მომუშავე ადამიანები. როგორც აღვნიშნე, 93 მოთხოვნად პროფესიაში ვახორციელებდით გადამზადებას და ჩვენთვის მთავარია, ეს პროფესიები მიზანმიმართულად იყოს შერჩეული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ეს სერთიფიკატები სახლში არ დაიდონ და წინსწრებად ვიცოდეთ, რომელ დამსაქმებელს რა მიმართულებით სჭირდება კადრები. ჩვენი მოვალეობაც ესაა, მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის შუამავალი რგოლი ვიყოთ და სამუშაოს მაძიებლები დავაკავშიროთ დამსაქმებლებს, რომლებიც კვალიფიციურ კადრებს ელოდებიან.

როგორ ვითარდება თქვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან? ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ყოველთვისაა ლაპარაკი. ამ ბოლო პერიოდში რამდენად განვითარდა ეს და რა ერთობლივი გეგმები გაქვთ მომავალში?

ჩვენი დადებითი მხარე ზუსტად ესაა, რომ ჩვენი სააგენტო და ჩვენი დეპარტამენტი თანამშრომლობს აბსოლუტურად ყველა სექტორთან, როგორც არასამთავრობი სექტორთან, პროფკავშირთან, ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ დასაქმების მიმართულებით საღი აზრი მოგვაწოდოს. ასევე არ გავურბივართ კრიტიკას. ჩვენი მედიატურები, რომლებსაც წელიწადში ორჯერ ვახორციელებთ და მედია საშუალებების წარმომადგენლები არიან ჩართულები მთლიანად საქართველოს მასშტაბით, განვიხილავთ რა შედეგზე გავდივართ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ეს ურთიერთობები, დღევანდელი კონფერენციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება. დღესაც მოწვეული გვყავს ყველა სექტორის წარმომადგენელი და დამსაქმებელთა და საუკეთესო პარტნიორების წასახალისებლად დღეს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ჩვენ გამოვავლენთ 5 საუკეთესო პარტნიორს და 5 საუკეთესო დამსაქმებელს, რომლებსაც შესაბამისი პრიზები გადაეცემათ.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები