12 იანვარი 2018

"ესტონურმა მოდელმა გაამართლა"

ფინანსთა მინისტრის არგუმენტები

15 იანვრიდან ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გამარტივებულად დაბრუნება დაიწყება. დღგ-ს გადამხდელი კომპანიები, რომლებიც ყველა ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, ზედმეტობას 5-დღიან ვადაში დაიბრუნებენ, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო დრო სჭირდებათ, ზედმეტობა 14 დღის ვადაში დაუბრუნდებათ. ბიზნეს სექტორი დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას დადებითად აფასებს, როგორც კომპანიებში აცხადებენ, აქამდე არსებული ვადები ხშირად ირღვეოდა და მეწარმეებს ზედმეტობის დაბრუნებისას რთული ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწევდათ. როგორც ბიზნეს სექტორი აღნიშნავს, სისტემის დანერგა უზრუნველყოფს, რომ მეწარმეებს თავისუფალ ფინანსურ რესურსზე წვდომა მოქნილ რეჟიმში ჰქონდეთ და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი რეინვესტირების სახით ქართულ ეკონომიკას დაუბრუნდება. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა.
 

მამუკა ბახტაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დავიწყოთ ამ მთავარი თემით, დღგ-ს ზედმეტობის გადასახადის დაბრუნებით, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. როგორ გაუმარტივდება ცხოვრება ბიზნესს ამ გადაწყვეტილებით?

თქვენს სიუჟეტშიც ნათლად ჩანდა, როგორი აქტუალურია ეს საკითხი ქართული ბიზნესისთვის. ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა. სანამ ამ რეფორმის ინიცირებას გავაკეთებდით ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ბიზნეს ასოციაციებთან. ეს არის ჩვენი მთავარი მიდგომა, რომ არც ერთ რეფორმას თუ ინიციატივას არ გავაკეთებთ, სანამ არ გავივლით ძალიან დეტალურ კონსულტაციას ქართველ მეწარმეებთან. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს შემატებს დამატებით სტიმულს ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას. ეს ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები მიიღებენ წვდომას დაახლოებით 600 მილიონი ლარის ფულად მასაზე, რაც თავის მხრივ აისახება იმაზე, რომ ჩვენი მეწარმეები გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანები, შეძლებენ შეამცირონ თავიანთი პროდუქციის თვითღირებულება, გაზარდონ მათი ხარისხი, შეძლონ და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ.

უკვე ერთი წელია საქართველოში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი. თუ ნებას მომცემთ, შევაფასოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც? დღეს თუ გვაქვს გარკვეული შედეგები, რამდენად ისარგებლებს ბიზნესმენებმა რეინვესტირების შესაძლებლობით და თუ არის დაანგარიშებული რამდენი ფული დარჩა ეკონომიკაში ამ ინიციატივის წყალობით? 

სანამ ესტონურ მოდელზე გადავალ, თქვენი ნებართვით, მინდა მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო. დღგ-ს ზედმეტობის რეფორმა ითვალისწინებს ავტომატურ რეჟიმში დაბრუნებას. ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და პროგრამული უზრუნველყოფის გაკეთება, რომელიც დაახლოებით 6 თვეს წაიღებს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა მეწარმეებმა იგრძნონ აღნიშნული რეფორმის დადებითი და ძლიერი მხარეები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 15 იანვრიდან ძალიან გამარტივებულ რეჟიმში დავიწყებთ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესს. ეს ეხება ძალიან დიდი რაოდენობის კომპანიებს და ჩვენ მზად ვართ 5 დღის ვადაში დავუბრუნოთ მათ კუთვნილი დღგ-ს ზედმეტობა. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოვუწოდო ქართულ კომპანიებს, იაქტიურონ. მათი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.

რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, 2017 წლის მაჩვენებლები, ზოგადად, საუკეთესო არგუმენტია იმის აღსანიშნავად, რომ ეგრეთ წოდებულმა ესტონურმა მოდელმა გაამართლა. საერთოდ, როდესაც ასეთი რეფორმის წარმატებაზე ვსაუბრობთ, უფრო დიდი პერიოდი, 2-3 წელი უნდა იყოს გასული, მაგრამ ჩვენ უკვე 2017 წლის ტენდენციებში ნათლად დავინახეთ, რომ ეს რეფორმა ძალიან კარგად მიიღო ბიზნეს საზოგადოებამ. რეინვესტირების მოცულობები გაზრდილია თითქმის 2-ჯერ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის მნიშვნელოვან დადებით მხარეებს ჩვენ უფრო მეტად დავინახავთ 2 წლის თავზე.

გთხოვთ, შევაფასოთ ასევე თამბაქოს აქციზის მატებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ ინიციატივის დონეზე როდესაც განიხილებოდა ეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ შესაძლოა გაზრდილიყო კონტრაბანდის რისკი და თუ გავიხსენებთ მართლაც გასულ პერიოდს, მედიაში არაერთხელ გვქონია რეპორტაჟი, როდესაც სამართალდამცველებმა კონტრაბანდული თამბაქო ამოიღეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაამართლა იმ მოლოდინმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გქონდათ?

თუ ჩვენ ამ მოლოდინის ფისკალურ მხარეს შევეხებით, რა თქმა უნდა, გაამართლა. ბიუჯეტში მობილიზებულია დამატებით 120 მილიონ ლარზე მეტი და ეს განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა იმის ფონზე, რომ ზოგადად, მოხმარება შემცირდა საქართველოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერ რეფორმას ახლავს გარკვეული გამოწვევა, ეს გამოწვევა არის ის, რაც თქვენ აღნიშნეთ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალიან ეფექტიანად ებრძვიან კონტრაბანდას და პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად მობილიზაციას იწვევს ადგილობრივ მწარმოებლებში და ასევე იმპორტიორებში, რომ აღნიშნული ბიზნესი მაქსიმალურად ტრანსპარენტული იყოს. ფისკალის ნაწილში კი გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, 120 მილიონი ლარით მეტის მობილიზება მოხდა თამბაქოს ინდუსტრიიდან.

რაც შეეხება 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებას, როდის გახდება საბოლოო მონაცემები ცნობილი და წინასწარი ინფორმაციით თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ?

კოდექსის შესაბამისად ჩვენ 18 იანვრისთვის წარვადგენთ დეტალურ ინფორმაციას, მასმედიის საშუალებით საზოგადოებას გავაცნობთ თითოეული მუხლის შედეგებს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი არის წარმატებით შესრულებული, გვაქვს გადაჭარბება 120 მილიონი ლარის ოდენობით. ფაქტობრივად, ყველა მუხლი შესრულებულია, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვის ნაწილში. ძალიან კარგი, დადებითი ტენდენციები გვაქვს იმ ძირითად ინდიკატორებში, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, უყურებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და დეტალურ ინფორმაცის ამის შესახებ 18 იანვრისთვის მოგაწვდით.

კიდევ ერთი საკითხი. დღეს გახდა ცნობილი, რომ უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს წელსაც სახელმწიფო გადაიხდის. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და მომავალშიც ასე აპირებთ გაგრძელებას?

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ქართველ მეწარმეებთან. გასული წლის ბოლოს პირადად მე რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამ სექტორის წარმომადგენლებთან, ჩვენი მიდგომაა, რომ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს. აღნიშნულმა რეფორმამ, ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დადებითი შედეგი მოიტანა თვითონ მწარმოებელი კომპანიებისთვის, ვინაიდან მათ გაუადვილდათ დაგეგმვა თავიანთი წარმოების, ზოგადად ბაზარიც იზრდება და ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ წელსაც გვერდში დავუდგეთ ამ სექტორს ამ მიმართულებით და წელსაც დავაფინანსებთ ამ მიმართულებას, როგორც გავაკეთეთ ეს შარშან.

მომავალშიც გაგრძელდება ეს პრაქტიკა?

საერთოდ, როგორც წესი, ასეთი პრაქტიკა არ არის გრძელვადიანი, მაგრამ ვინაიდან სექტორი ძალიან იზრდება, ხდება თანხების მობილიზება დამატებით ამ სექტორიდან, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა, პრიორიტეტი მიენიჭა ბიზნესისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებას.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები