17 იანვარი 2018

როგორ რეგულირდება საბავშვო ბაღებში კვების უსაფრთხოება

ინტერვიუ თბილისის მერის მოადგილესთან

დედაქალაქის რამდენიმე ბაღში რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული პაკეტით შეიტანეს. ამ ცნობას მერიაც ადასტურებს, რომელმაც ლაბორატორიას უკვე მიმართა და ამ პროდუქტის შემოწმებაც დაიწყო. ახალი შეფუთვით რძე ბაღებში მომავალი კვირიდან შევა. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა უპასუხა.
 

ფოტო: Shutterstock.com

თუ შეგიძლიათ დაზუსტება, რამდენ ბაღში აღმოაჩინეს მსგავსი პროდუქტი და ამ დროისთვის სრულად არის თუ არა ამოღებული ეს ნაწარმი ყველა ბაღიდან?

ვიდრე დასმულ შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ, ერთი განცხადება მინდა გავაკეთო. ჩვენ დღის განმავლობაში მოვისმინეთ რამდენიმე ადამიანის კომენტარი, ვინც აღნიშნული თემით სპეკულირებს. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა ასეთ ადამიანს, რომ ვინაიდან საქმე ბავშვების კვებას ეხება, თავი დავანებოთ აღნიშნული თემით სპეკულირებას, ვინაიდან ეს თემა თითოეული ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს საკითხი არ აღმოჩენილა რამოდენიმე საათის წინ, მინდა ესეც აღვნიშნო, ეს ხარვეზი აღმოჩენილია ჩვენს მიერ, ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი ჯგუფის მიერ, გუშინ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს საჭმელი პროდუქტის შესაბამისობას და ხარისხს. ამის ფარგლებში დაფიქსირდა ეს ხარვეზი, რომელზეც გუშინდელ დღესვე გვქონდა შესაბამისი ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, ცოტა ხნის წინ მე განვაცხადე, რომ ბაღებში ეს სრულად არ იყო მიწოდებული. არის რამდენიმე ბაღში. ამ ბაღების დათვლა ახლა მიმდინარეობს, ამ რძის პროდუქტებს ეტაპობრივად ამოვიღებთ. თან დღეს დილითვე ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამის ლაბორატორიას ხარისხის განსაზღვრისა და დადგენის მიზნით. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ, მერიაც და ბაღების მართვის სააგენტოც, ვართ ხარისხზე ორიენტირებულები. იმ შემთხვევაში თუ ლაბორატორიის მიერ დაფიქსირდება ამ რძის პროდუქტის შეუსაბამობა, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს ყველა კომპანია კანონის სრული სიმკაცრით და ჩვენც ამასთან დაკავშირებით ადეკვატური რეაგირება გვექნება.

როდის დასრულდება ეს პროცესი? თქვენ ბრძანეთ, რომ არკვევთ ბაღების რაოდენობის და ასევე ეტაპობრივად ამოიღებთ ამ პროდუქტს, მაგრამ ვიდრე ეს დასრულდება და გეცოდინებათ ლაბორატორიული კვლევის შედეგი, მანამ უზრუნველყოფილია თუ არა ის საკითხი, რომ ბაღებში ეს ნაწარმი არ გამოიყენონ?

ეს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილია. ამ პროცესს განვმარტავ. ვინაიდან დღევანდელი დადგენილი მენიუს მიხედვით კვირაში ერთხელ ხდება საბავშვო ბაღების მომარაგება კონკრეტულად რძით, შესაბამისად ამ კვირაში რძის მიწოდება აღარ განხორციელდება, შემდგომ კვირაში იქნება, სამშაბათს ან ორშაბათს და იმ პერიოდისათვის უკვე სრული პასუხი, სრული ანალიზი გვექნება ლაბორატორიული შემოწმების და შესაბამისად, შემდგომ მოქმედებებსაც ამის მიხედვით განვახორციელებთ.

თქვენ ბრძანეთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, მაგრამ სახეზე მაინც გვაქვს გარკვეული ხარვეზი, როგორ მოხდა ეს და პასუხისმგებლობის საკითხს რაც ეხება, ვის პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვისაუბროთ?

კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს, სწორედ ამის ფარგლებში მოხდა ამ შემთხვევის გამოვლენა. მე თან მაქვს წერილები, რომელიც გუშინდელი დღით თარიღდება და გუშინვე მოხდა ბაღების სააგენტოს მიერ ამაზე შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს,  ამაზე საუბარი შეგვეძლება მას შემდგომ, რაც გვექნება ლაბორატორიის დასკვნა, სადაც მითითებული იქნება ეს ნაწარმი შესაბამისობაში არის მოთხოვნებთან, თუ არ არის შესაბამისობაში. თუ ადგილი გვექნება ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან, აუცილებლად მიმწოდებელი კომპანია ამაზე პასუხს აგებს. ხოლო ამ ეტაპზე საჯარიმო სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ გაქვს ლაბორატორიული დასკვნა.

ზოგადად, ბაღებში კვების თაობაზეც რომ ვისაუბროთ - რამდენჯერმე ჩაიშალა ტენდერი ზაფხულში იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ბაღებში კვებას უზრუნველყოფდა. შეიძლება თუ არა ეს საკითხი გადაიხედოს? მე ზოგადად პრობლემას მაინცდამაინც ამ კონკრეტულ თემას არ ვაბამ, მაგრამ ამ მიმართულებით თუ მუშაობს მერია, რომ თუ პრობლემები არსებობს, ეს საკითხი გადაიხედოს და თუნდაც კომპანია შეიცვალოს?

პრობების გადახედვა ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ერთი დაზუსტება მინდა შეკითხვაში შევიტანო, რამოდენიმეჯერ არ ჩაშლილა. ტენდერი, შესყიდვის პროცედურა ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებში და მხოლოდ ერთხელ მოხდა ტენდერის ჩაშლა. უფრო სწორად, ტენდერის დასრულება უარყოფითი შედეგით. აქ სამი კომპანია მონაწილეობდა და ვერც ერთმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა პირობები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დაგეგმილი გვაქვს, გუშინაც გვქონდა სამუშაო შეხვედრა, დაგეგმილი გვაქვს გარკვეული პირობების გადახედვა. შეიძლება ცვლილებაც შევიტანოთ არსებულ დოკუმენტაციაში. ეს ყველაფერი არის მუშა პროცესი, რომელსაც თვითონ ყოველდღიური ნაბიჯები, ყოველდღიური მოქმედებები, თუნდაც ის, რომ ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგებით, ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ შეიძლება გადაწყვეტილება მივიღოთ და ამ დოკუმენტაციის რაღაც ნაწილში შევიტანოთ ცვლილებები. მინდა დავაზუსტო ეს თემა, ცვლილება განხორციელდება მხოლოდ ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისა და მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების ნაწილში.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები