19 იანვარი 2018

რა სანქციებს ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი

ინტერვიუ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან

სამშენებლო ობიექტზე კიდევ ერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გუშინ თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. 26 წლის კაცი შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდა. საავადმყოფოში ინსპექციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო წესებისა და ნორმების უსაფრთხოების დარღვევის, 240-ე მუხლით დაიწყო. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

გუშინ თემქაზე მუშა გარდაიცვალა. არს თუ არის შესწავლილი ეს ფაქტი ინსპექტორების მხრიდან და როგორია პირველადი მონაცემები, იყო თუ არა ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული?

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ინსპექტირების დეპარტამენტმა მყისიერი რეაგირება ჰქონდა. ჩვენ ინციდენტის მოკვლევა გუშინ დავიწყეთ, რაც გრძელდება დღემდე. სამუშაო ჯგუფი ახლაც ობიექტზეა და დეტალურად შეისწავლის თუ რას უკავშირდებოდა კონკრეტული უბედური შემთხვევა. პირველადი მონაცემებით ფიქსირდება, გარკვეული ხარვეზები შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებული არ იყენებდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ასევე არასტანდარტულად იყო დამზადებული ხარაჩო. დანარჩენ დეტალებს, რაც კომპლექსურ სურათს მოგვცემს და გვაჩვენებს, სჭირდება დეტალური ანალიზი და სამუშაო ჯგუფი შესწავლის შემდეგ ამ სურათს ასახავს.

დასაქმებული არ იყენებდა უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად არსებულ ქამარს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დასაქმებულზეა დამოკიდებული უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებულ წესებს დაემორჩილება თუ არა?    

ჩვენ ამ კუთხით ორმაგი პრობლემა გვაქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში დასაქმებულებს აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალება, თუმცა არ იყენებენ, ხოლო მეორე კუთხით შეიძლება იყოს ის, რომ როცა არ ხდება მისი გამოყენება, დამსაქმებლის მხრიდან უნდა არსებობდეს კონტროლი, რომელიც გააკონტროლებს დასაქმებულებმა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა მოხდეს სიღრმისეული შესწავლა, რამდენად ხდებოდა ობიექტზე საფრთხეები იდენტიფიცირება და რისკების შეფასება, რამდენად ხორციელდებოდა სისტემური მიდგომა შრომის უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით და სრულყოფილად კომპლექსურ სურათს ჩვენ ამის შემდგომ აღვწერთ.

როდის გახდება პასუხი ცნობილი? როდის დასრულდება მოკვლევა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირია მუშების ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე და საბოლოო ჯამში, კონკრეტული ინფორმაცია, ასე თუ ისე, არ ჩნდება მედიისთვის და არ არის ცნობილი მიმდინარე გამოძიების დეტალები. ამ შემთხვევში როდის დასრულდება გამოძიება, რომ გავიგოთ რასთან გვქონდა საქმე?

მე მოგახსენებთ რას უკავშირდება უბედური შემთხვევის მოკვლევა. ეს ნიშნავს ობიექტის დათვალიერებას, დოკუმენტაციის გამოთხოვას, შემსწრე პირთა ინტერვიუირებას. როდესაც სრულყოფილად მოხდება მისი გაანალიზება, ინსპექტირების დეპარტამენტი ადგენს შესაბამის ანგარიშს. ეს ანგარიში ღიაა ყველასათვის, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ასეთი ანგარიში, სადაც სრულყოფილად იქნება გაანალიზებული საბოლოოდ დასრულებული პროცესი კონკრეტულ ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ნამდვილად ღიად ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაცია ღია იქნება მედიისთვის.

დათვლილია თუ არა სტატისტიკა 2017 წლის მონაცემებთან დაკავშირებით, რამდენ ფაქტზე მოგიწიათ რეაგირება და როგორია შედეგები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით?

აქ ჩვენ ვხვდებით გარკვეულ ხარვეზს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობით დამსაქმებელს არ ჰქონდა ვალდებულება იმისა, რომ გამოეგზავნა შეტყობინება შრომის ინსპექციაში კონკრეტული უბედური შემთხვევის ან სამუშაო ინციდენტის შესახებ და ეს იქნება აღმოფხვრილი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ახალ კანონპროექტზე, ეს არის საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, სადაც ეს ხარვეზი არის გამოსწორებული და დამსაქმებლებს ექნებათ იმის ვალდებულება, რომ ნებისმიერი ინციდენტი იქნება ეს თუ უბედური შემთხვევა, შეტყობინება გამოუგზავნონ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და სრულყოფილი სტატისტიკა ხელმისაწვდომი მხოლოდ ამის შემდგეგ გექნება. რაც შეეხება იმას, არის თუ არა შემთხვევები გაზრდილი, მიჭირს ამაზე სრულყოფილი პასუხი გაგცეთ. თუმცა ბოლო წლების ტენდენცია სამწუხაროდ არის ის, რომ სამშენებლო სექტორში განსაკუთრებით გაზრდილია უბედური შემთხვევები.

შრომით უფლებებთან დაკავშირებით ხომ არ დასრულებულა თქვენი ინსპექტორების მიერ ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი ინციდენტის მოკვლევა, სადაც მუშები აცხადებდნენ, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტზე დაცული არ არის?

პირველადი შეფასებით, ხარაგაულის შემთხვევაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები. ეს ეხებოდა შვებულების საკითხს, საავადმყოფო ფურცელს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას. ცხადია, ჩვენ შევხვდით ორივე მხარეს, მაგრამ ველოდებით სრულყოფილ დოკუმენტაციას, რომ სიღრმისეულად მოხდეს გაანალიზება რამდენად იყო ორმხრივი ეს პროცესი. ამიტომ მომდევნო კვირაში ჩვენ ველოდებით უკვე, რომ ეს პროცესიც იქნება დასრულებული და ანალიზიც იქნება გაკეთებული ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ აღმოჩენილია დარღვევა, როგორია შრომის ინსპექციის რეაგირება მომხდართან დაკავშირებით?

დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, რომელიც შრომის ინსპექციას მისცემს მანდატს, რომ გამოიყენოს გარკვეული ადმინისტრაციული სახდელები თუ სახეზე იქნება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ამიტომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ ამ პროცესზე, უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ ეს კანონი იქნება დამტკიცებული და მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ და ეს უკვე იქნება მექანიზმი, რომელიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს გახდის სრულყოფილს.

საუბრობთ, რომ მზადდება კანონპროექტი, რომელიც ვალდებულებას და გარკვეულ ტვირთს დააკისრებს სამშენებლო ობიექტებთან დაკავშირებით ავარიულ შემთხვევებზე შეტყობინების გამოგზავნასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად რომ განგვიმარტოთ, რა ვალდებულება ეკისრებათ სამშენებლო ობიექტების მფლობელებსა და მშენებლებს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ინციდენტები მოხდება და რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ ამ მოთხოვნისა და რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში?

თუ კონკრეტულად ფოკუსს უბედურ შემთხვევებზე გავაკეთებთ, უბედური შემთხვევები კანონპროექტის მიხედვით კლასიფიცირდება რამდენიმე კლასად და შესაბამისი კლასის მიხედვით, თუ სახეზე იქნება ნებისმიერი ინციდენტის დროს შრომის უნარიანობის შეზღუდვა 3-დღიდან ზემოთ, კომპანიას ექნება ვალდებულება შეტყობინება გააკეთოს ინსპექტირების დეპარტამენტში, რომ კონკრეტულ ობიექტზე ასეთი ინციდენტი მოხდა. რაც შეეხება რეაგირებას, რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამას, კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელები და ხარისხისა და სიმძიმის გათვალისწინებით მოხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები