23 იანვარი 2018

ვის უფლებებს დაიცავს შსს-ს ახალი დეპარტამენტი

მინისტრის მოადგილე პრიორიტეტებს ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უკვე ოფიციალურად ამოქმედდა. მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ ცოტა ხნის წინ პრეზენტაცია თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა გამართა.  გიორგი გახარიამ დაასახელა პრიორიტეტები, მათ შორის არის სამართალდამცველების მხრიდან დანაშაულის ჩადენის პრევენცია. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრები, კანონმდებლები და სამოქალაქო სექტორი. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებისა და პრიორიტეტების შესახებ „მაესტროს“ კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა.


შემიძლია თუ არა წარგადგინოთ, როგორც ახალი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი?

არა, ვერ წარმადგენთ, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თუმცა როგორც ჩემს, როგორც მინისტრის მოადგილის საკურატოროში იქნება ეს ახალი დეპარტამენტი, რომლის დაკომპლექტება ახლა მიმდინარეობს. გამოცხადებული გვაქვს ღია კონკურსი და ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სისტემის გარედან, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანებს. მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე სისტემის შიგნიდან შესაბამისი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე გამომძიებლებს. ჩვენ გვინდა, რომ დაბალანსებული იყოს ეს დეპარტამენტი, როგორც სისტემის შიგნიდან, ასევე სისტემის გარედან... დეპარტამენტს ეყოლება შესაბამისი ხელმძღვანელი და დეპარტამენტი იქნება ჩემს დაქვემდებარებაში. ასეა განსაზღვრული დებულებით.

პრიორიტეტებზე ვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ სპექტრი საკმაოდ დიდია, დაწყებული ქალთა უფლებებით, ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი, მაინც ვვარაუდობ, რომ მთავარი გამოწვევა ესაა პრევენცია თავად სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაულის. თქვენ სწორედ ამ მისიას ხედავთ თუ არა დეპარტამენტის ფუნქციონირებაში?

დეპარტამენტის ფუნქციები არის ცოტა განსხვავებული. თქვენ რაც ბრძანეთ, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი გადაცდომები, ამ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით სისტემაში გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმებია დაგეგმილი, ის რეფორმები, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა არაერთხელ ილაპარაკა. საუბარია კრიმინალური პოლიციის რეფორმაზე, საპატრულო პოლიციის რეფორმაზე, რომლის კონცეფციასაც ჩვენ ამ დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ ეტაპობრივად წარვუდგენთ საზოგადოებას. თვითონ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს რაც შეეხება, სწორად აღნიშნეთ, საკმაოდ ფართო სპექტრია დანაშაულების. თუმცა ეს არის ის დანაშაულები, რაც საკმაოდ პრობლემატურია დღეს ჩვენ საზოგადოებაში და ამ დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება სპეციალიზებული გამომძიებლების მიერ, რომელიც ჩვენ გვეყოლება თითოეულ სტრუქტურულ დანაყოფში, თითოეულ პოლიციის სამმართველოში და თითოეულ განყოფილებაში, ბევრად არის დამოკიდებული ძალადობის ეფექტიანი პრევენციისთვის...

ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებს თუ გავითვალისწინებთ, იქნება ეს რატიანის საქმე, მაჩალიკაშვილის გარდაცვალება თუ სხვა, მინისტრმა თავად გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანიანდობის აღდგენა საზოგადოებასა და პოლიციას შორის, თანამშრომლობის ხელახალი რაკურსით დაწყება. არის თუ არა ეს დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ საქმეში?

რა თქმა უნდა, დეპარტამენტის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ისიც იყო, რომ საზოგადოების მხრიდან სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობა განმტკიცებულიყო. დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული მსხვერპლთა მხრიდან სამართალდამცავი სისტემის და კონკრეტულად ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის გაზრდა. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ რომ ხვალ თითოეულ სტრუქტურულ დანაყოფში გვეყოლება კვალიფიციური გამომძიებლები, რომლებსაც ამ მიმართულებით, ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით სპეციალური გადამზადება ექნებათ გავლილი, როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების მიმართულებით და ეფექტიან რეაგირებას მოახდენენ ძალადობის თითოეულ ფაქტზე, სწორედ ეს იქნება ინდიკატორი იმისა, რომ დაზარალებულების მხრიდან, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადოების, გაიზრდება და განმტკიცდება სამინისტროს მიმართ ნდობა. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ამ დეპარტამენტის შექმნის. გარდა იმისა, რომ დეპარტამენტი მიზნად ისახავს იმ დანაშაულებზე, რაც მე ჩამოვთვალე, გამოძების ხარისხის გაუმჯობესებას.

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გაჩნდა დეფიციტი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ? ეს არის ის, რომ მართლაც გახშირდა გადაცდომები პოლიციის მხრიდან, აქ მე რამდენიმე საქმეც ვახსენე, თუ ეს არის ის, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი დღეს უფრო ჩასაფრებულ მდგომარეობაშია და ყველა ასეთ შემთხვევას მოსდევს სერიოზული რეზონანსი? მინისტრმა ერთხელ უკვე თქვა, რომ ვერ შეიცვლება ათეული ათასი პოლიციელი ერთ დღეში ისე, როგორც ერთი ადამიანი, მაგრამ რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს იმას, რომ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე?

მოდით, ამ დეპარტამენტის ფუნქციების ფარგლებში ვიტრიალებ ისევ და შევეცდები, თქვენს შეკითხვას პასუხი გავცე. ეს საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური. რამ განაპირობა ამ დეპარტამენტის შექმნა იმ დანაშაულებთან მიმართებით, რაზეც ჩვენ წეღან ვსაუბრობდით და რაში მდგომარეობს პრობლემის კომპლექსურობა? ჩვენი ერთის მხრივ, ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ მსხვერპლები, დაზარალებულები ნაკლებად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ეს არის ცნობიერების ნაკლებობის პრობლემა, ეს არის ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პრობლემა, რაც ბუნებრივია, გამოძების საბოლოო შედეგებზე, როგორც წესი, აისახება. თუმცა გარდა ამ ობიექტური ფაქტორებისა, ასევე არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ მიმართულებით გამოძიების ხარისხზე გავლენას ახდენენ. ეს არის, მაგალითად, ნაკლები მგრძნობელობა ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები, ოჯახში ძალადობის საკითხები. დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია და გამომძიებელთა სპეციალიზაციის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ესეც არის, რომ გამომძიებელთა შორის გავზარდოთ მგრძნობელობა ოჯახში ძალადობის თემების მიმართ, რომ ისინი გაცილებით უფრო სენსიტიურები გახდნენ ამ მიმართულებით, გაცილებით უფრო სენსიტიურები გახდნენ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიების მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ გამომძიებელთა სპეციალიზაცია და ეს კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი დეპარტამენტის სახით ამ მიზანს უმოკლეს ვადებში მიგვაღწევინებს და შედეგები გვექნება საკმაოდ დადებითი უახლოეს მომავალში.

გამოდის, რომ მაინც საზოგადოების პრობლემაა, რომ ვერ თანამშრომლობს პოლიციასთან, რცხვენია, ასე ვთქვათ „ჩაშვების“?

პრობლემა, როგორც გითხარით, ორივე მხარეს არსებობს. ერთის მხრივ, დაზარალებულებისგან თანამშრომლობის ნაკლებობის პრობლემაა, მეორეს მხრივ, სისტემის შიგნით ნაკლები სენსიტიურობაა ასეთი თემების მიმართ. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს წლების განმავლობაშ ასე გრძელდებოდა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან, რომ ასეთი ძალადობის ფაქტები ეფექტიანად გამოიძიონ, მაინც გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით გამოძიების ეტაპზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ერთის მხრივ გამომძიებლების მგრძნობელობა გავზარდოთ, კვალიფიკაცია ავამაღლოთ, გაცილებით უფრო სენსიტიურები გავხადოთ ისინი ძალადობის თითოეული ფაქტის მიმართ, მოვუწოდოთ მათ, რომ ეს ფაქტები ეფექტიანად გამოიძიონ, დროულად მოახდინონ რეაგირება დ მეორეს მხრივ, საზოგადოებას მოვუწოდოთ და განვუმარტოდ, რომ ჩვენთან თანამშრომლობის გარეშე და ამ გადამზადებულ და სპეციალიზებულ გამომძიებლებთან კომუნიკაციის, ინფორმაციის მიწოდების გარეშე, ასეთი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ამ ორ მხრივ კომუნიკაციაზე ვლაპარაკობს, სისტემის შიგნით და სისტემის გარეთ, რის გარეშეც უბრალოდ ეფექტიანი გამოძიება და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა შეუძლებელი იქნება.

საუბრის ბოლოს - ძალიან დიდია ინტერესი ქუთათელაძის საქმის მიმართ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს გიორგი ჭანტურიას მამის დაკითხვა. გიორგი ჭანტურია ზეწოლაზეც საუბრობს და მინდა ამაზეც გააკეთოთ კომენტარი, რომ თითქოს მისი დაკითხვის დროს იყო გარკვეული მუქარა მინისტრის მოადგილის მხრიდან.

ეს არის სრული სიცრუე. მე არ მესმის უბრალოდ ამ თემით სპეკულაცია რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს, ან ალბათ დაცვის მხარის ტაქტიკა შეიძლება იყოს ასეთი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ერთი ადამიანი ამ საქმეზე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული იყო, შემდეგ ეს ადამიანი, ჭანტურიაზე მაქვს საუბარი, გათავისუფლდა დაკავებიდან. ჭანტურია იყო ადამიანი, რომელმაც ქუთათელაძე ბოლოს ნახა, მკვლელობამდე და შესაბამისად, გამოძიებას ლოგიკურად გაუჩნდა კითხვები, მათ შორის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მის მიმართ და ამ კითხვების დასმა, რა თქმა უნდა, მოხდა გამოკითხვის პროცესში. ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი გამოძიების, ეს არის გამოძიების ტაქტიკა, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი. ამ კონტექსტში საუბარი იმაზე, რომ ვინმემ მის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლა განახორციელა, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირებმა, ყოველგვარ ლოგიკურ აზრს მოკლებულია, არის სიცრუე და არ ვიცი, ალბათ, შედის დაცვის მხარის ინტერესებში.

ზოგადად რომ გვითხრათ, გამოძიებას თუ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი? მესმის, რომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ რაიმე რეალური, მყარი ვერსია თუ არსებობს?

დეტალებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. თქვენ კარგად მოეხსენებათ, ამ ეტაპზეც ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიული სამძებრო მოქმედებები და როგორც კი რაიმე იქნება ცნობილი, ხელჩასაჭიდი უშუალოდ ამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებას პროაქტიულ რეჟიმში მივაწვდით ინფორმაციას.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები