24 იანვარი 2018

რას ცვლის კალაძე თბილისის ტრანსპორტის მუშაობაში

დედაქალაქის მერის ახალი პოლიტიკის დეტალები

თბილისის მერმა განცხადა, რომ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის დანერგვაზე მუშაობას იწყებს. კახა კალაძემ მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა: ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა. კალაძე ამბობს, რომ ქალაქში დასარეგულირებელია ტაქსების საკითხი და მალე მათი სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყება. თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევებისთვის განსაზღვრული ტარიფიც იზრდება. თემაზე  „მაესტროს“ კითხვებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

ტაქსებთან დაკავშირებული ინიციატივით დავიწყოთ. მერისაგან მოვისმინეთ, რომ სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყება. დღეის მდგომარეობით, დედაქალაქში არსებობს არაერთი ტაქსის კომპანია და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად ეწევიან ამ საქმიანობას. ამას ვინ გააკონტროლებს და როგორ წარიმართება ეს პროცესი?

დღეს ჩვენ მერიის მთავრობის სხდომაზე მერისგან მოვისმინეთ მოკლე ინფორმაცია იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა. რაც თავის თავში, ბუნებრივია, რამოდენიმე კომპონენტიანი სქემაა. იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვაპირებთ, და ეს არაერთხელ იქნა დაანონსებული, ავტობუსების პარკის განახლებას, უკვე ამ წლიდან დაწყებული. გარდა ამისა დიდი ძალისხმევა და საბიუჯეტო სახსრები იქნება მიმართული მეტროს რეაბილიტაციისკენ. ასევე შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწყობისკენ, რაც მისცემს ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს გადაადგილების პრიორიტეტულობის უფლებას. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ და ეს უკვე დაანონსდა დღეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გარკვეული რეგულაციების შემოღებას, მათ შორის N1 კატეგორიის ამჟამად დაურეგულირებელი ტაქსების, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ქვაკუთხედში. ეს თავისთავში, როგორც დაანონსებული იქნა, მოიცავს რამოდენიმე ეტაპიან სამუშაოს, რაც პირველ ეტაპზე იქნება აბსოლუტურად უმტკივნეულო და მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მათ ნამდვილად სურთ ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება, მისცემს იმის საშუალებას, მიიღონ შესაბამისი  ნებართვა. ოღონდ, მას შემდეგ, რაც სამართლებრივი ცვლილებები ძალაში შევა, მისცემს საშუალებას, მიიღონ შესაბამისი ნებართვა და ნებართვის მისაღებად მათ ძალიან მარტივი პროცედურა ექნებათ გასავლელი. ესაა: პირადობის მოწმობის წარდგენა, მართვის მოწმობის წარდგენა. მათ აუცილებლად მოეთხოვებათ ჰქონდეთ ტრაფარეტი. ანუ მაიდენტიფიცირებელი საშუალება, რათა ჩვენ ამოვიცნოთ, რომ ეს არის საქმიანობის განხორციელების დროს ამ ტაქსის სერვისით დაკავებული სუბიექტი და ასევე მინიმალური ერთჯერადი საფასური, რაც სანებართვო მოწმობის ფორმის აღების დროს იქნება საჭირო. ეს არის პირველი ეტაპი.

ეს გასაგებია, მაგრამ მთავარი მიზანია, რაც იყო ნათქვამი, რომ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს და გარკვეული ერთიანი სტანდარტი შემუშავდეს. იმას რა ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, დღეს მოქმედი ყველა ტაქსის მძღოლი, წესით, აკმაყოფილებს. მართვის მოწმობა ყველას აქვს და მეტნაკლებად ტრაფარეტსაც იყენებს ყველა, მაგრამ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტანდარტზე როდესაც ვსაუბრობთ, ამას როგორ გააუმჯობესებთ?

ბატონმა კახიმაც აღნიშნა ეს და ახლაც დავაზუსტებ, რომ ეს არის პირველი ეტაპი იმ სქემისა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასე ვთქვათ, გაუმჯობესების კუთხით. პირველ ეტაპზე N1 კატეგორიის, ანუ ტაქსის, როგორც სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალების კუთხით ვახდენთ მათ განებართვიანებას, სადაც ნებართვის აღების პროცედურა ძალიან მარტივია, ესაა რეგისტრაცია, ხოლო მეორე ეტაპზე, რომელიც სხვა სამართლებრივ ცვლილებებს მოითხოვს, ჩვენ უკვე აქტიურ დისკუსიას გავხსნით სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან - კერძო სექტორთან, სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებთან და ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად. ეს იქნება უკვე ეტაპობრივად. ეტაპობრიობა ძალიან მნიშვნელოვანი სქემა და პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ეს ვინმესთვის მძიმე ტვირთად არ იქცეს. ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ხარისხის ამაღლების ისეთ სტანდარტზე, რომელიც ადეკვატური უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქისთვის, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ასევე იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ჩვენ დედაქალაქს სტუმრობენ და იცით, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველ წელიწადს იმატებს ჩვენ დედაქალაქში.

რა სტანდარტზე შეიძლება ვისაუბროთ?

ზოგადად, ეს ის სტანდარტებია, რაც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში და აქ ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ, თუმცა ეს იქნება ადეკვატური ჩვენი იმ გამოწვევებისთვის, რაც შეიძლება ეკონიმიკური და სოციალური გამოწვევები იყოს ჩვენს ქვეყანაში. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაადგილდება ქალაქში, ტაქსი იქნება ეს თუ სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალება, 2019 წლიდან ეტაპობრივად ტექნიკურ დათვალიერებასაც დაექვემდებარება. მე არ ვლაპარაკობ დიდი გაბარიტების მანქანებზე, რომლებზეც ტექნიკური დათვალიერება უკვე ამოქმედდა. მოთხოვნების შეიძლება იყოს თვითონ ტაქსების შიდა სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან მიმართებით, შეიძლება იყოს მოთხოვნები მძღოლების მიმართ, რომ მათ იცოდნენ თბილისის ქუჩები და არ იყოს შეფერხება ამ კუთხით და რა თქმა უნდა, უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, კომფორტი იმისთვის, რომ ტაქსი იყოს თბილისის სახე. აქ შეიძლება საუბარი იყოს თვითონ ტაქსის ვიზუალიზაციაზე, გარდა ტრაფარეტისა და ასე შემდეგ. ეს ყველა ის თანამედროვე სტანდარტებია, რაც მთელ მსოფლიოშია აპრობირებული და შესაბამისად, ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლები, ჩვენი დედაქალაქი ზოგადად და მისი სტუმრები იმსახურებენ იმას, რომ ეს სისტემა ქვეყანაში აუცილებლად მოწესრიგდეს, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წავა ტექნიკურ დათვალიერების ამოქმედების პარალელურად.

თუ შეიძლება ტარიფებსაც შევეხოთ. ხშირად ტურისტებს ვახსენებთ და ყველასთვის ცნობილია, რომ ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის ხშირია დიდი სხვაობა ტაქსით მომსახურებისას. შესაძლებელია აქაც გაჩნდეს გარკვეული სტანდარტი?

ბუნებრივია, მეორე ეტაპი ამ საკითხის დეტალურ რეგულირებას მოახდენს. ამ ეტაპზე ფართო დისკუსიის ფარგლებში, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ სატარიფო პოლიტიკაზეც, იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი, რაც ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს  შორის აბსოლუტურად განსხვავებულ სატარიფო პოლიტიკას ადგეს, რიგ შემთხვევაში გაურკვეველი მიზეზის გამო, ეს საკითხიც ასევე დარეგულირდეს. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს არის მეორე ეტაპზე განსახორციელებელი ქმედებები, რაშიც ჩვენ აუცილებლად განხილვის ფორმატში ძალიან აქტიურად ჩავრთავთ ყველა იმ ექსპერტს, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის კუთხით, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კიდევ ერთი - ასაკობრივი ცენზი შეიძლება თუ არა განისაზღვროს მძღოლებთან მიმართებაში, ვინაიდან, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სწორედ იმიტომ რომ, დასაქმებული არ არის, ამით ირჩენს თავს დღეს? ალბათ, ამ ადამიანებს აინტერესებთ, ასაკის მიუხედავად შეძლებენ თუ არა კვლავაც, თუკი თქვენ მიერ ჩამოთვლილ წესებს დააკმაყოფილებენ, გააგრძელონ საქმიანობა ამ კუთხით? შეიძლება ასაკი იყოს ცენზი?

ზოგადად ამასთან მიმართებით, ტექნიკურ დეტალებთან მიმართებით ჩვენ, ალბათ, უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, რეფორმის მეორე ეტაპს, სადაც ჩვენ უკვე დეტალები გვეცოდინება, თუმცა ასაკთან მიმართებით ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ადამიანს მართვის მოწმობა უნდა ჰქონდეს. მართვის მოწმობა გარკვეული ასაკიდან გაიცემა და მას არ აქვს ზედა ზღვარი, არც მაინცდამაინც 21 წელთან არ არის მიბმული. შესაბამისად, ეს არის მეორე ეტაპის თემა და აქ მთავარია არა ადამიანის ასაკი, არამედ ადამინს შეეძლოს ავტომობილის მართვა. შესაბამისად, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ბუნებრივია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, დაეფუძნება არსებულ მდგომარეობას და საერთაშორისო საერთაშორისო პრაქტიკას იმისთვის რომ ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი ველოსიპედი არ გამოვიგონოთ იმ მიმართულებით, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა ევროპაში რეგულირდება.  

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს როდის წარუდგენთ საკანონმდებლო ორგანოს?

მოგეხსენებათ, რომ მერიას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, თვითონ არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით, და ეს ბატონმა კახიმაც აღნიშნა, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან, შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ დაწესებულებებთან, რომლებმაც უნდა განახორციელონ კონტროლი ყველა მიმართულებით, რომელიც დღეს დაანონსდა. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ კანონპროექტის საბოლოო ვერსიას და ვფიქრობთ, რომ მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე იქნება, რის შედეგადაც საკრებულოებს, მუნიციპალიტეტის დონეზე, მათ შორის თბილისს, მიეცემა იმის საშუალება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტის დონეზე განსაზღვროს უკვე ზუსტი დეტალები, რის თაობაზეც ჩვენ დამატებით აქტიურად მივაწოდებთ მოსახლეობას ინფორმაციას, რათა მათ მიეცეთ დროის გარკვეული მონაკვეთი, რომ მოემზადონ ყველა იმ რეგულაციისთვის, რაც მათ შორის ნებართვის აღებასთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, ან კუთხით, ნებართვის აღების მარტივ მექანიზმს შევთავაზებთ მოსახლეობას, როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული საშუალებით იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი არ იყოს და ეს ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები