როგორ გაჩნდა კარფურის სენდვიჩებში სალმონელას ბაქტერია
რა აღმოაჩინა სურსათის სააგენტომ
„კარფურში“ ნაყიდი ქათმის სენდვიჩით კიდევ 4 ადამიანი მოიწამლა. მათ ბაქტერია სალმონელა აღმოაჩნდათ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ჰიპერმარკეტის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ. მსგავსი ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებებს გუშინ 20-მდე ადამიანმა მიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პროდუქტში ძირითად პრობლემას ყოველთვის მაიონეზი წარმოადგენს. მისი თქმით, რაც არ უნდა კარგად გარეცხო მწვანილი, მას შეიძლება ერთი-ორი სალმონელა შეჰყვეს, ცალკე ასეთი მწვანილის ჭამა პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ის მაიონეზთან ერთად ხვდება და იქ ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია, სალმონელა მრავლდება და იწყება ცხელება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი და გულის რევა. „თბილისი მოლში“, “კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 იანვარს საწარმოო პროცესი შეუჩერა. თემაზე „მაესტროს“ შეკითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა თამთა მიქანაძემ უპასუხა.
ფოტო: ნუცა ტრაპაიძე
რის საფუძველზე შეუჩერდა სამუშაო პროცესი „კარფურში“ მდებარე სასენდვინჩეს, კონკრეტულად რა დარღვევები აღმოჩნდა?
ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება დაახლოებით 18 ადამიანის მოწამვლის შესახებ, რის საფუძველზეც „კარფურში“ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი. მომენტალურა წავიდნენ ჩვენი ინსპექტორები, საწარმოო ხაზი დაიკეტა და აღმოჩნდა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა იმ მაცივარში, საიდანაც ხდებოდა ამ სენდვიჩების რეალიზაცია. ყველა პაციენტი ერთი და იმავე პროდუქტს - ქათმის სენდვიჩს მიუთითებდა, ამიტომ ქათმის სენდვიჩის ნიმუშიც ავიღეთ. აგრეთვე, ყოველი შემთხვევისთვის, სხვა სენდვიჩიც ავიღეთ. აგრეთვე ყველა ის ინგრედიენტი, რაც გამოყენებული იქნა ქათმის სენდვიჩის საწარმოებლად. ეს ნიმუშები გაგზავნილია ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხს. აგრეთვე მიმდინარეობს მოკვლევა. ინსპექტირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. აღებულია ნაცხები, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა ხდება იმ დასაქმებული პირების, რომლებსაც შეხება ჰქონდათ აღნიშნული სენდვიჩების წარმოებასთან და ველოდებით პასუხებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გვაქვს ინფორმაცია, პაციენტებში დადასტურდა სალმონელოზის შემთხვევა და თუ ისევ რომელიმე ინგრედიენტში აღმოჩნდება სალმონელა, შემდგომ გაგრძელდება იმ მომწოდებლების სახელმწიფო კონტროლი, რომლის პროდუქტშიც აღმოჩნდება მიკრო-ბიოლოგიური დაბინძურება.
რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ, ამ კონკრეტული შემთხვევისას რომელ ინგრედიენტში ან პროდუქტში აღმოჩნდა სალმონელა?
ინგრედიენტს ვერ დავასახელებთ, სანამ კვლევის პროცესი არ დასრულდება, თუმცა დიდი ალბათობით ეჭვი არის, რომ იმ მაცივრის ტემპერატურა საიდანაც ხდებოდა სენდვიჩების რეალიზაცია, არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. ანუ, უნდა ყოფილიყო 4 გრადუსი და აღმოჩნდა ზოგიერთ ადგილას 13, ზოგიერთ ადგილას 15 გრადუსი. ტემპერატურა საკმაოდ იყო მომატებული და ამ ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, დიდი ალბათობით, ის გამოიწვევდა სალმონელას მიკრობების გამრავლებას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ინვაზიისთვის და ადამიანებს დასნებოვნებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ამას ვფიქრობთ, იმიტომ რომ, იგივე წარმოების ხაზიდან იქვე შიგნით სხვაგანაც ხდებოდა რეალიზაცია, რომელსაც არავინ არ მოუწამლავს. ყველა ასახელებს გარეთ არსებულ დახლს, იქ სადაც იყო ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა. ამიტომ ამაზე გვაქვს ეჭვი.
თუ არის ცნობილი, როდის იქნება ლაბორატორიული კვლევის პასუხები?
ლაბორატორიულ კვლევას 5 დღე უნდა. სავარაუდოდ, ახლა შაბათ-კვირა ემთხვევა და იმ კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.
ამ კვირის განმავლობაში რამდენიმე საწარმოს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის გურჯაანის ბაზარშიც დაფიქსირდა პრობლემები. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, რა შეუსაბამობები აღმოჩნდა გურჯაანის ბაზარში?
გურჯაანის ბაზარში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, ხოლო თელავის ბაზარში იყო გაცემული მითითებებს შეუსრულებლობა, რის გამოც დაჯარიმდა. კრიტიკული შეუსაბამობა ეს ისეთი შეუსაბამობაა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან პირდაპირი შეხება აქვს და ასეთ შემთხვევაში საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე შეუძლებელია ეს, კრიტიკული შეუსაბამობა აღმოიფხვრას. ამიტომ ჩერდება საწარმოო პროცესი და იმ ხაზების რეალიზაცია, სადაც შეუსაბამობები აღმოჩნდება.
საინტერესოა, რა პრევენციული ზომები შეიძლება განხორციელდეს, რომ მსგავსი პრობლემები მოგვარდეს, თუნდაც სამომავლოდ?
ყველა მეწარმე არის ინფორმირებული და სურსათს უვნებლობის სამსახური ყველაფერს აკეთებს, მეწარმეებთან შეხვედრებს ვაწყობთ, აქტიურად მუშაობს ცხელი ხაზიც, მომხმარებლებსაც ვთხოვთ 15 01-ზე დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ ყველა საეჭვო შემთხვევა, რომელიც შეიძლება დააფიქსირონ სურსათის რეალიზაციისას. თუ რაიმე არ მოგეწონებათ, აუცილებლად შეგვატყობინეთ. გარდა ამისა მეწარმეები ინფორმირებულები არიან რას უნდა აკმაყოფილებდნენ, საკანონმდებლო მოთხოვნები რაში მდგომარეობს, ამიტომ ამ ყველაფრის დაცვა აუცილებელია და შესაბამისად ეს არის პრევენციული ზომები. მეწარმე და მომხმარებელი, ორივე უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შესაბამისი ხარისხი გვქონდეს, უვნებელი სურსათი გვქონდეს.
ვიდეო


