29 იანვარი 2018

რა ახალი რეგულაციები ამოქმედდა ფინანსურ სექტორში მომხმარებლების დასაცავად

ინტერვიუ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტთან

კერძო სექტორის დაკრედიტება იზრდება, მათ შორის ლარში გაცემული სესხების. 1-ლი იანვრისთვის წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. ლარიზაციის პროგრამამ პირველი შედეგები გამოიღო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბიზნესისთვის გრძელვადიანი ფულადი რესურსი საკმარისი არ არის. მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში კერძო ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე გაცემულ მთლიან დაკრედიტებაში იზრდება, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილის ზრდის ფონზე ბიზნეს სექტორი პრობლემად გრძელვადიანი ლარის სესხზე წვდომას ასახელებს. როგორც კომპანიებში აცხადებენ, რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა აიკრძალა, ამ მიმართულებით მცირე ზომის მსესხებლების პრობლემა გადაჭრა, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევად გრძელვადიანი და შედარებით დიდი მოცულობის სესხებთან მიმართებაში. საბანკო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკებში ლარის ლიკვიდური რესურსის საკმარისია, თუმცა იმავდროულად კერძო სექტორს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ბანკების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსზე წვდომა დაგეგმილი ლარიზაციის ღონისძიების ფარგლებში გაიზრდება. თუ როგორ აისახება საბანკო და არასაბანკო სექტორში დაგეგმილი რეგულაციები სამომავლოდ, რომელსაც ეროვნული ბანკი გეგმავს მათ დაკრედიტების პოლიტიკაზე და რა ნაბიჯებს გეგმავს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კომერციულ საბანკო სექტორში, ამ საკითხებზე „მაესტროს“ კითხვებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

მინდა დავიწყო ბოლო სიახლეებით, რაც წინა რადენიმე დღის განმავლობაში გავიგეთ. ეროვნულ ბანკს რიგი მიმართულებით რეგულაციები შემოაქვს, რაც გულისხმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ შორის არასაბანკო იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ფინანსური სახსრების მოზიდვა 20-ზე მეტი ადამიანისგან ლიცენზიის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ვაჭრობას ელექტრონულ სავაჭრო სისტემებში ვალუტით, ასევე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწევთ სასურველ შედეგებს ამ რეგულაციებით, ან რამდენად აღარ დადგება მომხმარებელი იმ საფრთხის წინაშე, რაც მოგვიტანა „საფინანსო კომპანია საქართველომ“?

მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საბანკო კანონმდებლობაში, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და ასევე 18-მდე სხვა კანონში განხორციელდა ცვლილებები. ვისარგებლებ ამ ეთერით, რომ განმარტებები გავაკეთო, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. პირველ რიგში, ვის და რას ეხება ეს ცვლილებები, რა არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ. გამოვყოფდი მეწარმეების მიერ ფიზიკური პირებისგან, ანუ მოსახლეობისგან თანხების მოზიდვის საკითხს, რომელიც 2 თვის შემდგომ უკვე  მკაცრ რეგულაციას დაექვემდებარება და არავის არ ექნება უფლება ბანკის, მიკრო საფინანსო ორგანიზაციის და საკრედიტო კავშირის გარდა 20-ზე მეტი ადამიანისგან მოიზიდოს თანხა. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ეს უკვე ხდება კრიმინალიზებული, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. აქიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა და ვთხოვ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ასეთ საქმიანობას და ექცევიან ამ რეგულაციის ქვეშ ამ განსაზღვრულ ვადაში მიმართონ ეროვნულ ბანკს, გაიარონ რეგისტრაცია ან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა.

რა ბერკეტები აქვს ეროვნულ ბანკს რეგისტრაციის შემდეგ იმისთვის, რომ აღკვეთოს ისეთი სავალალო შედეგები, რომელიც რამდენიმე შემთხვევაში დადგა?

კანონმდებლობის ეს ცვლილება მიმართულია ე.წ. ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ და მგონია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მნიშვნელოვნად შევცვლით სურათს ამ სექტორში, ვინაიდან არავის ექნება უფლება რეგულაციისა და ლიცენზიის გარეშე, გამჭირვალობის გარეშე, ანგარიშვალდებულობის გარეშე, აწარმოოს სახსრების მოზიდვა მოსახლეობისგან. მეორეს მხრივ, ვინც უკვე აწარმოებს ასეთ საქმიანობას, მაგალითად მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, მათზე ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება გაეზარდა, ვინაიდან აქამდე არ იყო ეს ზედამხედველობის ნორმები სრულფასოვანი, შესაბამისად მათ მიმართაც გარკვეული მოთხოვნები დადგა, როგორიცაა მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, ანგარიშგების, სხვადასხვა ლიმიტებისა და ვალდებულებების შესრულება, რითაც მთლიანობაში ქვეყანაში სახსრების მოზიდვა მოსახლეობისგან გახდება გაცილებით უსაფრთხო და ნაკლებ რისკიანი.

აქვე ჩაგეკითხებით. რადგან თავად ახსენეთ მიკროსაფინანსო სექტორი, დიახ, ნამდვილად ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მათ შორის 2019 წლიდან საკუთარი კაპიტალის გაზრდა უკვე 1-მილიონამდე მოუწევთ, რაც ძალიან ბევრ სპეციალისტს უჩენს იმის განცდას, რომ მალე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ბაზარზე შემცირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი დაწყებულიცაა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 2017 წელს უკვე ვნახეთ, რომ თითქმის 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზრიდან გავიდა. მათგან ნაწილი ბანკად გადაკეთდა. ამ რისკზე ბევრი საუბრობს. უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში ამ მხრივ ცვლილებებს იმ რეგულაციების ფონზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს?

მართალი ბრძანდებით, ცვლილებები მოხდება ბაზარზე და სწორედ ბაზარზე ცვლილებებია ჩვენი მიზანი. უბრალოდ ჩვენი ხედვით, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ბაზარი გახდება უფრო გამჭირვალე, უფრო ურისკო, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი ინვესტიციები შემოვა ამ ბაზარზე. ჩვენი ამოცანა, ჩვენი ინტერესი არის მომხმარებლის უფლებები და მომსახურების პირობები. ანუ, მთელი ეს რეგულაციები, რაც არის შესული, სწორედ ამ კუთხით აყენებს ამ საკითხს. ჩვენი ინტერესია, რომ თუ სესხებს ეხება საქმე, მომხმარებელმა მიიღოს უფრო ნაკლები განაკვეთით, გამჭირვალე და ცხადი პირობებით. მომხმარებელი თავიდანვე იყოს ინფორმირებული... 

თუმცა ეს პრობლემა ხშირად ბანკებშიც დგას, არა მხოლოდ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში...

ზუსტად ამიტომ, დამეთანხმებით, ჩვენ შარშან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით და საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები დაუწესდათ ბანკებსაც, მიკრო საფინანსოებსაც მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, დაწყებული ინფორმაციის გამჟღავნებიდან, დამთავრებული წინასწარი გადახდის საკომისიოების მოხსნაზე და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა, საბოლოო ჯამში ის არის, რომ ქვეყანაში ყველა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ახდენს სესხის გაცემას, იქნება ეს ბანკი, მიკრო საფინანსო თუ სხვა იურიდიული პირი, მისი დაწესებული სტანდარტი იყოს, არის ასეთი ტერმინი - პასუხისმგებლიანი დამკრედიტებელი და ეყრდნობოდეს ამ სტანდარტს. ეს ორგანიზაციები უნდა სწავლობდნენ მსესხებლის კრედიტუნარიანობას, მის შემოსავლებს და რაც მთავარია, გადახდის უნარს, რამდენად შეუძლიათ ათ მოემსახურონ აღებულ სესხს. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს რისკების შემცირებას, როგორც მთლიანად საფინანსო სექტორში, ასევე პირველ რიგში, მოსახლეობისთვის.

თუმცა, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, შემოდის კიდევ ერთი საკითხი - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ძალიან ბევრი ეკონომისტი მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს განიხილავს, როგორც ალტერნატიული დაფინანსების წყაროს ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუ ბანკი რაღაც მიზეზის გამო არ აძლევს სესხს ამა თუ იმ მოქალაქეს, თუ იურიდიულ პირს. მათ შორის მიკროსაფინანსო კომპანიებსაც აფინანსებს და გარკვეული სექტორის წარმომადგენლებსაც. ამ თვალსაზრისით რამდენად არის დაცული ბალანსი იმისთვის, რომ ბაზრიდან არ გაქრნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, როგორც ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ სეგმენტს აფინანსებენ, რომელსაც შესაძლოა ბანკი არ აფინანსებდეს და ამავდროულად ბანკებთან კონკურენციაც მოახერხონ იმ პირობებში, როდესაც რიგი პრივილეგიები ბანკებივით არ გააჩნიათ?

მადლობა ამ შეკითხვისთვის. არც ერთ შემთხვევაში ეს ცვლილებები არ ითვალისწინებს იძულებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან გასვლის. პირიქით, ეს რეგულაციები და ნორმატიულ აქტები, რაც შემოგვაქვს ეროვნული ბანკის მხრიდან უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ბაზარი, მიკრო საფინანსო სესხების ბაზარი გახდეს კიდევ უფრო გამჭირვალე, ხელმისაწვდომი, ოღონდ იმ პირობით, როცა დაცულია მომხმარებლის ინტერესიც. დამეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში საბანკო სექტორთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში არის პირობები განსხვავებული, როგორც ცა და დედამიწა, მარტო საპროცენტო განაკვეთზე არ ვსაუბრობ. ჩვენი მიზანია, რომ დაკრედიტების მხარეს თამაშის წესები იყოს ცხადი, გამჭირვალე და კონკურენციისთვის ველი არის აბსოლუტურად ფართო და ღია, როგორც ბანკებისთვის, ისე ამ ორგანიზაციებისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს კომპანიები იყვნენ ინსტიტუციურად გამართულნი, გააჩნდეთ შესაბამისი კაპიტალი, გააჩნდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, კორპორაციული მართვა და ასე შემდეგ, რათა მათმა საქმიანობამ უფრი მეტი სიკეთე მოიტანოს მოსახლეობისთვის.

არის თუ არა იმის შანსი, რომ სამომავლოდ, როდესაც ისინი ყველანაირ რეგულაციას დაექვემდებარებიან და მათ მიმართ გამკაცრდება რეგულაცია და მოთხოვნები, მათაც ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, ვთქვათ რეფინანსირების სესხებზე, იგივე რაც მაგალითად ბანკებს აქვთ?

მე ამას არ გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენთვის ბევრი სუსტი ინსტიტუტი არც ერთ სექტორში არ ნიშნავს კონკურენციას, პირიქით, ბევრი სუსტი ინსტიტუტი არის უფრი მეტი რისკის შემცველი. ჩვენ გვინდა ინსტიტუციურად გამართული, კაპიტალიზირებული საფინანსო შუამავლები, რომლებიც სწორედ ამ გზით, მათი ანგარიშების მეტი აუდირებით, რომელიც კლიენტისთვისაც ასევე ხელმისაწვდომია,  რომელთა დამფუძნებელები, მათი დირექტორები ცხადია ვინ არის და ასე შემდეგ. მთელი ეს კომპლექსი ამ ღონისძიებების სწორედ იწყებს იმ შედეგს, რომ სექტორი ხდება უფრო მიმზიდველი ინვესტიციებისთვის, გარე ინვესტიციებისთვის, ხოლო ამით აბსოლუტურ სარგებელს იღებს მომხმარებელი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

მინდა გკითხოთ კომერციული ბანკების რეგულირებაზეც. სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდით, ვუსმენდით ჩვენს ჟურნალისტს, რომელიც ლაპარაკობდა დაკრედიტების პრიორიტეტებზე კომერციულ ბანკებში. თქვენი აზრით, ის რეგულაციები და მოთხოვნები, რაც ცოტა ხანში ამოქმედდება ბანკების მიმართ, მათ შორის კაპიტალის მოთხოვნა, იგივე დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაშიც მათ გარკვეული კონტრიბუციის გაკეთება უწევთ. როგორ აისახება მათი პრიორიტეტები დაკრედიტირებაში, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეამცირონ?

არანაირად, არც ერთი რეგულაცია არ გულისხმობს იმას, რომ ბანკებმა დაკრედიტება შეზღუდონ ან შეამცირონ. პირიქით, ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვან, კაპიტალის მოთხოვნებში შეტანილ ცვლილებას, რომელიც ახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას, თუნდაც ეს მაგალითი კმარა... თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს მნიშვნელოვანი რეფორმა მოხდა კაპიტალის ადეკვატურობის კუთხით საბანკო სექტორში. მარტივად რომ ავხსნა, ბანკებს შედარებით ნაკლები კაპიტალი სჭირდებათ იმისთვის, რომ დააკრედიტონ მცირე და საშუალო ბიზნესი, ვიდრე მაგალითად იგივე სამომხმარებლო სესხებისთვის. ეს ღონისძიებები უზრუნველყოს იმას, რომ ერთის მხრივ დაკრედიტების ტემპი არ  შენელდეს, მაგრამ ის ეფუძნებოდეს ეგრეთ წოდებულ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას, რათა ამავდროულად არ მივიღოთ რისკები ჭარბ ვალიანობასთან დაკავშირებითაც.

ქართულ კომერციულ ბანკებს ხშირად აკრიტიკებენ-ხოლმე იმის გამო, რომ მათ საკმაოდ მაღალი ლიკვიდობა აქვთ, თუმცა საკმაოდ თავშეკავებულად აკრედიტებენ ეკონომიკას, გამომდინარე იქიდან რომ, როგორც აფასებენ, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ რისკებს და საკმაოდ კონსერვატორული მიდგომა აქვთ ბაზარზე. თქვენ ასევე იყავით კომერციული ბანკის წარმომადგენელი, ვიდრე ეროვნულ ბანკში მოხვიდოდით, როგორ ფიქრობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ შეიცვლება, ან თუ არის ეს რეალობა და თუ ელით გარკვეულ ცვლილებებს ქართულ კომერციულ ბანკებში ამ მიმართულებით?

მაინც გამოვყოფ დაკრედიტებას მსხვილი კორპორატიული სეგმენტისა და მცირე და საშუალო ბიზნესის. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ეს არ არის ქართული გამოგონება, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებას რომ შევხედოთ, იქ გაცილებით მეტი შანსები და შესაძლებლობებია ფასიანი ქაღალდების განვითარების კუთხით. ჩვენ ვნახეთ კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე გასულ წელს საკმაო აქტიურობა იყო და წელსაც ველით, რომ ამ კუთხით სიახლეები იქნება. ქართულ დიდ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა და უნდა ილტვოდნენ იქითკენ, რომ ბანკების გარეთ სხვა ტიპის დაფინანსებები ეძებონ. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, მე უკვე ვახსენე, გარკვეული ღონისძიებები უკვე გავატარეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეიძლება.

რამე კონკრეტულს გეგმავთ?

კი, ჩვენ გვაქვს საკმაოდ გახსნილი დიალოგი ბანკებთანაც და ბიზნეს ასოციაციასთანაც. ბუნებრივია, მთავრობასთანაც და მგონია, რომ წელს იქნება საკმაო ინიციატივები, რომელიც ამ კუთხითაც საბანკო სექტორში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები