01 თებერვალი 2018

რა იცვლება შეწყალების წესში და რა მიზანი აქვს მარგველაშვილს

ინტერვიუ უმრავლესობის დეპუტატთან

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება და მასში ცვლილებები შედის. ახალი რეგულაციებით, არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს შეწყალების მოთხოვნა პატიმრობის პირველივე დღეს შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელის 1/3-ის ან ნახევრის მოხდა საჭირო აღარ არის. კერძოდ, ცვლილება შეეხება ნარკოდანაშაულს, თუ ის რეალიზაციის ნიშნებს არ შეიცავს, ასევე შეეხება სამოხელეო და ეკონომიკურ მუხლებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ. აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის არჩევნებისთვის ემზადება და ეს ინიციატივაც მისი პოლიტიკური აქტია და არა ჰუმანური გადაწყვეტილება. მმართველი გუნდისგან განსხვავებით მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს ოპოზიცია. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ჰუმანურ მიდგომას იზიარებს სახალხო დამცველიც, თუმცა მისი შეკითხვები შეეხება ცვლილების იმ ნაწილს, რომელიც სამოხელეო დანაშაულის მუხლებს ეხება. ამბობს, რომ პირიქით, სამოხელეო დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკა კიდევ უფრო გასამკაცრებელია. გიორგი მარგველაშვილმა სულ 3 671 პატიმარი შეიწყალა, მათგან 2 384 გაათავისუფლა, ხოლო 1054-ს სასჯელი შეუმცირა. ამ მხრივ რეკორდსმენი მიხეილ სააკაშვილია, მან ჯამში 35 000 მსჯავრდებული შეიწყალა. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა.

გიორი მარგველაშვილი
ფოტო: Shutterstock.com

პირადად თქვენ, რა კითხვებს გიჩენთ ეს ინიციატივა, ცვლილება შეწყალების წესში?

თუ დააკვირდებით იმ ცვლილებებს, რაც ზეპირი სახით შემოგვთავაზეს, ფართოვდება და მარტივდება, ვერბალური ინფორმაციის დონეზე, გარკვეული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეწყალების უფლება. ესაა: ნარკოტიკული დანაშაული, სამოხელეო დანაშაული, ეკონომიკური დანაშაული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ბუნებრივია, შეიძლება მოქალაქეს გაუჩნდეს კითხვა, ცუდი რა არის, თუ გამარტივდება შეწყალების უფლება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არსებულ წესში, რომელიც წინა პრეზიდენტის დროსაც მოქმედებდა და დღევანდელი პრეზიდენტის დროსაც მოქმედებს, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ საგამონაკლისო წესით შეიწყალოს ვინც მოუნდება. აქიდან გამომდინარე, თავად არ დაიცვას მის მიერვე დადგენილი წესები და კომისიის გვერდის ავლით, როგორც ჩათვლის საჭიროდ, შეიწყალოს...

თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში ბევრჯერ მოჰკითხეს გიორგი მარგველაშვილს არგუმენტები, რის მიხედვით მოქმედებს შეწყალების დროს, შეახსენეს მორალი და ასე შემდეგ.

დიახ. როდესაც საგამონაკლისო წესით მოქმედებთ, ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება შეკითხვა, ეს გამონაკლისი რამ დაიმსახურა, რატომ აკეთებ ამ გამონაკლისს, რას ეფუძნება ეს შენი რჩეული გადაწყვეტილება, ხომ?! მაგრამ აქ არის ძალიან ყურადსაღები პოლიტიკურ ასპექტი. თუ დააკვირდით, ვერბალურ განცხადებაში ადმინისტრაციამ ბრძანა, რომ ვინც პირველად ჩაიდენს სამოხელეო დანაშაულს, მათ ექნებათ უფლება სასამართლო განხილვების დასრულებამდე ისარგებლონ შეწყალების უფლებით. ახლა არ მინდა სახელის და გვარის დასახელება, სამოხელეო დანაშაულებებიდან საკმაოდ მცირე ჯგუფია ცნობილი საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, თუ ადამიანის გეგმებია საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებ მონაწილეობის მიღებას, გექნება ძალიან საინტერესო შეთავაზება ოპოზიციის მიმართ.

პრეზიდენტ მარგველაშვილს ჯერ არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რას აპირებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. თქვენ უკვე გადაუწყვიტეთ, რომ იქნება კანდიდატი, იბრძოლებს ამისთვის?

ჩემი ვარაუდით მას სურს ეს და ამ ვარაუდს აქვს არსებობის საფუძვლები. პირიქით, დღევანდელი ეს ინიციატივა ამყარებს ამ ვარაუდის ნამდვილობას, იმიტომ რომ, ახალგაზრდა კაცია, შევიდა ამ ამპლუაში და რა არის გასაკვირი იმაში, რომ მეორედ მოინდომოს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ამაში უკანონოს და ამორალურს მე ვერაფერს ვხედავ. ასეთი სურვილი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, პირიქით, თუ პოლიტიკოსი ხარ, შესაძლებლობის ხელოვნებიდან გამომდინარე უნდა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. ნახეთ, თავის თავს აძლიერებს ერთი ძალიან სერიოზული ბერკეტით, რომ იგივე ოპოზიციასთან ჰქონდეს სალაპარაკო თემა. გაცვლითი თემა, მე სხვა ტერმინს არ ვიხმარ, რომ მე მაქვს უფლება, თუ თქვენ მხარს დამიჭერთ, არ დაველოდო 3 ინსტანციის გადაწყვეტილებას და შევიწყალო ის ადამიანი, ვინც საჭიროა. თუ არ დამიჭერთ მხარს, დაველოდები სამი სასამართლოს გადაწყვეტილებას. სამი სასამართლო კი შეიძლება სამი და ოთხი წელი გაგრძელდეს. ასე, რომ ძალიან საინტერესო და ჭკვიანური ინიციატივაა შეთავაზებების გამრავალფეროვნებისთვის. მან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვერ იქნება, ის უნდა იყოს ან დამოუკიდებელი კანდიდატი, ხოლო მეორე ტურის არსებობის შემთხვევაშ მას ჰაერივით დასჭირდება ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა. ასე, რომ პოლიტიკური მიზნები იკვეთება. ეს ნიშნები რომ არ შეამჩნიო, მაშინ ძალიან ბრიყვი უნდა იყო და მან გაიზარდა შეთავაზებების არეალი, როცა საზოგადოების ყურადღება ძალიან ნიჭიერად გადაიტანა ნარკოტიკულ დანაშაულზე, სინამდვილეში მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სამოხელეო დანაშაულის პირველ ეტაპზევე ჩადენის შემდეგ თავის თავს უფლებას აძლევს, რომ შეიწყალოს პირი, რაც არ უნდა მძიმე სამოხელეო დანაშაულში იყოს მსჯავრდებული.

ანუ, შეიძლება ის ემზადებოდეს იმისთვის, რომ შემდგომში გაამართლოს, მაგალითად ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილება?

ყველა შემთხვევაში ის აღიჭურვება თავის მიერ დადგენილი ბერკეტით, რომ ამ თემით ელაპარაკოს ოპოზიციას და აქ უკვე კულუარებში რა გარიგება შედგება, „რუსთავი 2“-ი ვის მიემხრობა, როგორ ილაპარაკებს პირველ ტურში, თუ მეორე ტურში, ამას ჩვენ ყველანი დავინახავთ 7-8 თვეში.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „მაესტროსთან“ საუბარში პირდაპირ თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი ცდილობს მიხეილ სააკაშვილი იხსნას სასჯელისგან. თქვენც ასე ფიქრობთ?

გიორგი ჭკვიანი კაცია, პრაგმატული პიროვნებაა. თუ ამაში თავისი პოლიტიკური სარგებელი ვერ ნახა, რატომ უნდა მიეხმაროს, რა ვალდებულება აქვს ახლა გიორგის?! ამიტომაც მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდ პოლიტიკაში...

თქვენი შეფასებით, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისცემს ეს რაიმე პოლიტიკურ სარგებელს?

თუ კარგად დამიგდეთ ყური, ჩემ შესავალ სიტყვაში აგისხენით თქვენ ეს შესაძლებლობა, რაც მას წარმოეშვა ამ წესის მიღებით და ეს ძალიან საინტერესო შეთავაზებაა ოპოზიციის მიმართ, თორემ დღეს არსებულ წესებში წერია, რომ თუ სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირი სამივე ინსტანციის სასამართლოს არ გაივლის, იქამდე მას შეწყალების უფლება არ წარმოეშვება. თვითონ აქვს ეს წესი დადგენილი საკუთარი თავისთვის. იქვე კი უწერია, მე შემიძლია დავარღვიო ეს წესიო, მაგრამ ეს, როგორც ძირითადი ნორმა, არსებობს და ეს ნორმა შემზღუდველია, პირმა უნდა გაიაროს სამივე ინსტანციის სასამართლო, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ხოლო, როდესაც თავის თავს ეუბნება, მოდი, პირველ ჯერზე ნასამართლევ მოხელეებს, თუ დამჭირდა პირველი სასამართლოს შემდეგ შევიწყალებ, ძალიან საინტერესო შეთავაზებაა და ზოგიერთი შეიძლება დაინტერესდეს ამ შეთავაზებით.

მოკლედ, თქვენი, როგორც პოლიტიკოსის შეფასებაა, რომ ჭკვიანური სვლაა მისი მხრიდან...

დიახ. თუ დააკვირდით, ყურადღება გადაიტანა ნარკოტიკულ დანაშაულზე, იმიტომ რომ, პირველი ინიციატივა გამოვიდა ამაზე და დღეს არსებულ ტალღას იყენებს ძალიან ეფექტურად პოზიციონირებისთვის. ეს დღეს ტრენდივით გახდა, ბევრს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ დაავადებული ადამიანები სძულს და ვიღაცას უყვარს დაავადებული ადამიანები, ან ჩვენ არ გვსურს, რომ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულებიდან გამოვიყვანოთ საზოგადოება და ეს ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი საერთო ღირებულება არ არის. ანუ, ეს ტრენდი, როგორც ასეთი, საზოგადოებაში არსებობს, ეს განცდა საზოგადოებაში არსებობს, ყურადღება ამაზე გადაიტანა, მაგრამ რეალური შეთავაზება ამ ინიციატივის ბოლოშია, რითაც გარკვეული პოლიტიკოსები ისარგებლებენ.

ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, მმართველი გუნდის პოზიცია, ჯერჯერობით, არ არის ერთიანი. პირადად თქვენ რომელ ნაწილს წარმოადგენთ, რა რისკებს ხედავთ, როგორია თქვენი ხედვა ნარკოპოლიტიკაზე?

ჯერჯერობით, არც ერთი ჯგუფის მხარდაჭერად არ მოვიაზრებ ჩემს თავს, არც მომხრეების, არც - მოწინააღმდეგეების. მე მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ვუთხარი, კი, ჩვენ ყველანი თანამოაზრეები ვართ, ვინც შუაში ვდგავართ, ვინც მარჯვნივ დგახართ, ვინც მარცხნივ დგახართ, რომ დაავადებული ადამიანები დასჯა ციხით და გამოსწორება ციხით არ შეიძლება. ეს  ჩვენი საერთო აზრია, მაგრამ ვსვამ შეკითხვას, რომ თუ ჩვენ ამის დეკრიმინალიზაციას მოვახდენთ და არ გვექნება სათანადო გაჯანსაღების, გამოჯანმრთელების და დამოკიდებულების მოხსნის შესაბამისი ფიზიკური და სამედიცინო ინფრასტრუქტურა, სად უნდა იყიდონ ამ ადამიანებმა ეს ნარკოტიკები - აფთიაქებში? თუ ისევ შავ ბაზარზე? თუ აფთიაქებში იყიდიან, გამოდის, რომ ჩვენ არა მარტო მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოვახდინოთ, არამედ - რეალიზაციის დეკრიმინალიზაციაც. თუ ვამბობთ, რომ მოხმარების დეკრიმინალიზაციას ვახდენთ და აფთიაქები ამით ოფიციალურად არ ივაჭრებენ, მაშინ, ესე იგი, შავ ბაზარზე უნდა მიიღონ. ჩვენ ვამბობთ, რომ მოხმარება არ არის დასჯადი და ჩვენ ხომ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ადამიანები ამ დამოკიდებულებას ერთ დღეში და ზოგიერთი ერთ წელში ვერ მოიხსნის. როგორც ამბობენ, ზოგიერთ თვეები და ზოგიერთს წლები სჭირდება მკურნალობისთვის, რომ ეს დამოკიდებულება მოიხსნას. გამეცით კითხვაზე პასუხი, ამ ხალხმა სად უნდა იყიდოს ნარკოტიკი, გინდაც მსუბუქი და გინდაც მძიმე, აფთიაქში, თუ შავ ბაზარზე? მინდა ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა. ორივე მხარეს ვეკითხები, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რა ვქნათ, დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ მოხმარების, მაგრამ რეალიზაცია იყოს კრიმინალური? და ისმის შეკითხვა, სად იშოვოს ამ დეკრიმინალიზებულმა მომხმარებელმა ნარკოტიკი, აფთიაქში არ ვყიდით, ქუჩაში, შავ ბაზარზე თუ გაიყიდება, დანაშაულია, ესე იგი რა შეიცვლება ამ შემთხვევაში?

მოკლედ, როგორც ვხვდები, ხანგრძლივი პროცესი გვაქვს წინ, ვიდრე პოზიციები ჩამოყალიბდება და რაიმე გადაწყვეტილებამდე მიხვალთ.

თუ ამ კითხვებზე პასუხი არ იქნა გაცემული და ჩვენ არ შევქმენით სათანადო სამედიცინო, გამაჯანსაღებელი, სარეაბილიტაციო მექანიზმები და დინამიკაში არ დავინახეთ პროცესი... რა თქმა უნდა, უნდა წავიდეთ დეკრიმინალიზაციისკენ, მაგრამ არა ისე, რომ ერთი სეგმენტი ჩავხსნათ, მაგრამ მეორე სეგმენტი არ გავაცნობიეროთ და ამის ჩახსნით, ფაქტობრივად, გასაღების ბაზარს ვუზრდით ნარკოტიკების შავ ბაზარს. ან მეორე ვარიანტი, რა გამოდის, საქართველოს რეგიონებში კულტივაციას და მოყვანას დაიწყებს ძალიან ბევრი ამ მსუბუქი ნარკოტიკების და რა ვქნათ ამ შემთხვევაში? კულტივაცია აკრძალული იყოს, ხოლო მოხმარება ნებადართული? ეს წინააღმდეგობა ამოსახსნელია და ორივე მხარეს ვთხოვ, რომ ამ წინააღმდეგობის ამოხსნაში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. დღეს უმრავლესობაში პოზიციები გაყოფილია, ერთი მხარე ამბობს, კი, აუცილებელია, მეორე ამბობს, რომ დაუშვებელია. მე ორივე მხარეს მოვუწოდებ, რომ შეხების წერტილები მოვძებნოთ და გავცეთ ამ სწორ შეკითხვებს პასუხები.

საუბრის ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ დაძველდა ეს თემა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია და მოკლედ გკითხავთ მეჭიაურის შესახებ. დაზავდით მასთან ბოლოს და ბოლოს და საქმიანი თვალსაზრისით, როგორი ურთიერთობა გაქვთ?

არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, იმიტომ რომ, უპასუხისმგებლო, მატყუარა ადამიანთან მე ვცდილობ, რომ დისტანციაზე ვიყო. არ შეიძლება, მთელი 2017 წელი გაატარა თავდასხმებში და ერთი ფაქტი ვერ დადო კანონის დარღვევის სახით. აღარ ვლაპარაკობ იმ უზრდელობაზე, რა უზრდელობასაც აფრქვევდა მთელი ამ თვეების განმავლობაში. ასე, რომ ღირსების გარეშე ადამიანი არც პოლიტიკოსად ვარგა, არც მეგობრად, არც ოჯახის წევრად, მით უმეტეს მე ძალიან გულნატკენი ვარ იმ უზარმაზარი უმადურობით, რაც მე დავინახე ზოგიერთი ადამიანის მხრიდან, თქვენ მიერ დასახელებულ სახელსა და გვარს ვგულისხმობ პირველ რიგში.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები