05 თებერვალი 2018

რა ცვლილებები შედის ზოგადი განათლების კანონში

მოზარდებში ძალადობის პრევენციის კანონპროექტი მზადაა

მოზარდებში ძალადობის პრევენციის საკითხზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა უწყებათაშორისი კომისია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა. ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის. მაგალითად, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება, ძლიერდება მანდატურის სამსახური, რაც გამოიხატება იმაში, რომ ერთის მხრივ, უფრო მეტად დაიტვირთება მათი გადამზადების კურსი პრაქტიკული სწავლებით და ასევე მათ უკვე კანონმდებლობის საფუძველზე ექნებათ მოსწავლეების შეყოვნების უფლება. თუ, მაგალითად, სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო კონფლიქტი, მანდატურს შეეძლება მოსწავლეები შეაყოვნოს მათი მშობლის ან პოლიციის გამოცხადებამდე. ასევე ცვლილება შეეხება მანდატურის დანიშვნის წესს, თუ აქამდე მას სკოლის დირექტორი ნიშნავდა, ახლა მანდატურის უფროსი დანიშნავს და მინიმალური ასაკი 21 წლით განისაზღვრება. შეხვედრაზე გამოითქვა ეჭვები, რომ მანდატურისთვის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერებამ შესაძლოა სკოლებში საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, თუმცა ეს საშიშროება უარყვეს პროექტის ავტორებმა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კვირის ბოლომდე ყველა მხარე წარმოადგენს წერილობით საკუთარ მოსაზრებებს და შემდეგ შეჯერდება საბოლოო ვერსია, რომელსაც პარლამენტში წარადგენენ. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა უპასუხა.
 

დღევანდელი პაკეტი ეს არის პირველი რეალური პასუხი იმ ტრაგიკულ მოვლენებზე, რაც სახელმწიფომ საზოგადოებას შესთავაზა. უკვე მოვისმინეთ შენიშვნებიც. არის თუ არა ეს, გარკვეულწილად, პოლიციური რეჟიმის შექმნა სკოლებში? ამ პირველ შეშფოთებაზე, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოითქვა, რა პასუხი გაქვთ?

დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოგეხსენებათ, რომ პირველად გავიტანეთ საზოგადოების სამსჯავროზე ჩვენი ნამუშევარი, ის პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ ამ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მოამზადა. მინდა გითხრათ, რომ თვითონ საქმიანობების გაფართოებასთან დაკავშირებით არ ყოფილა არსებითი შენიშვნები, მხოლოდ ტერმინოლოგიაზე იყო ძირითადად პრეტენზიები და ამ კუთხით, ნამდვილად, გადაიხედება და ჩვენ მომავალში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. კანონპროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების მექანიზმების შექმნას სკოლაში. მანდატურის სამსახური დღესაც ემსახურებოდა სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვას, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მისი მანდატი შემოიფარგლებოდა რეაგირებით. ჩვენ გავაფართოვეთ და უფრო კომპლექსური მიდგომით წარმოვაჩინეთ მანდატურის საქმიანობა. თითოეული მანდატური ჩაერთვება არა მხოლოდ რეაგირების პროცესში, არამედ ის მონაწილეობას მიიღებს პრევენციულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიებში, ასევე სხვადასხვა კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამებში, თუ კატასტროფების დროს და საგანგებო სიტუაციებში მოსწავლეებს გაუწევს დახმარებას სკოლიდან ევაკუაციაში, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მანდატურის დამოკიდებულებას თითოეული მოსწავლის ქცევის მიმართ და რისკების დროულ იდენტიფიკაციას, რეფერარის სწორად წარმართვას და რა თქმა უნდა, შემდგომ რეაგირებას. რაც შეეხება იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე იყო გამოხატული, არსებითად ჩვენ ვეთანხმებით მას, ტერმინოლოგიაზე ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად. ჩვენ მათ ვთხოვეთ, წარმოადგინონ საკუთარი ფორმულირებები, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში და შემდგომი შეხვედრისთვის ჩვენც მოვემზადებით, როგორ შეიძლება უფრო მკაფიო გახდეს ჩანაწერები ისე, რომ რაიმე დამატებითი ეჭვები არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს სკოლაში პოლიციური სისტემა იქმნება. არა და არა, ძალინ მკაფიოდ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ცვლილება ემსახურება სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვას.  

მაგალითად ეს შენიშვნა, რომ ფსიქოლოგიური სამსახური არ უნდა იყოს მანდატურის დაქვემდებარებაში?

მოგეხსენებათ, როდესაც ფსიქოლოგიური სამსახური შეიქმნა მანდატურის სამსახურის ფრთის ქვეშ,  შეიძლება ასე ვთქვა, წარმოიქმნა ორი მიმართულება - ერთია, მანდატურის სამსახური და მეორეა, ფსიქოლოგიური სერვისები, რადგან იმ პერიოდში გადაწყვეტილი იყო, რომ ამ სამსახურის სახელი შეცვლილიყო და მას რქმეოდა მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის სამსახური. შემდგომში ვერ განხორციელდა სახელის ცვლილება სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო და დღეს კვლავ მიდის მსჯელობა ამ სამსახურის დასახელების ცვლილებაზე. ასე, რომ მანდატურის საქმიანობასა და ფსიქოლოგების საქმიანობას შორის აღრევა ნამდვილად არ ხდება. ეს არის ორი გამიჯნული მიმართულება და ერთი ქუდის ქვეშ არის გაერთიანებული, ეს ქუდი გახლავთ მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა, როგორც ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა, ასევე ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად, ეს არის უსაფრთხოების დაცვის სამსახური და ჩვენ ვეთანხმებით იმ ნაწილში, რომ მაშინ ამ სახელია ქვეშ არ უნდა იყოს ეს გაერთიანებული და კვლავ გრძელდება მსჯელობა, როგორ შეიცვალოს ამ სამსახურის დასახელება ისე, რომ არ გაჩნდეს ასეთი ეჭვები, თითქოს მანდატურები უწევენ ფსიქოლოგიურ მომსახურებას მოსწავლეებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ორი განსხვავებული მიმართულება, ერთი მიმართულებაა, ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის და პრევენციული ღონისძიებების მიმართულება, რომელსაც მანდატურის მიმართულება ახორციელებს და მეორე გახლავთ ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების დაცვა, რომელსაც მანდატურს სამსახური თავის შვიდ ფსიქოლოგიურ ცენტრთან ერთად ახორციელებს. 

ის დატვირთვა, რომელიც ენიჭება მანდატურის სამსახურს, ძალიან დიდია. თქვენ ჩამოთვალეთ უკვე, ეს არის თავად საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობაც გარკვეული თვალსაზრისით, კონფლიქტების პრევენცია. ეს არის თუ არა ის პასუხისმგებლობა, რომელიც თავად სკოლის კოლექტივს, პედაგოგებს აქვთ და ხომ არ მოხდება რაღაცნაირად ამ უფლებებისა და პასუხისმგებლობის გადაფარვა? საუბარი იქით მიმყავს რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, წლების წინ, როდესაც მანდატურის ინსტიტუტი შეიქმნა, სკოლასა და ამ ინსტიტუტს შორის კონფლიქტი წარმოიქმნა და ამან გამოიწვია შემდგომ უკვე მანდატურის ფუნქციების შესუსტება. იმავე წრეზე ხომ არ ვტრიალებთ და იგივე სიტუაცია ხომ არ შეგვექმნება, როდესაც პედაგოგი თავს დაჩაგრულად იგრძნობს, რადგან მანდატური აიღებს თავზე იმას, რაც სინამდვილეში პედაგოგის ვალდებულებაა?

ძალიან კარგი შეკითხვაა და დიდი მადლობა, რომ მაძლევთ საშუალებას, გავმიჯნოთ ეს ერთმანეთისაგან. პირველ რიგში, როდესაც კონფლიქტი წარმოიქმნა მანდატურის სამსახურის შექმნის შემდეგ მანდატურის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, ეს არ ეხებოდა პრევენციულ ღონისძიებებში მათ მონაწილეობას, არამედ ეს კონფლიქტი დაკავშირებული იყო კანონში არსებულ ჩანაწერთან, სადაც მანდატურს ჰქონდა ზედამხედველობის უფლება სკოლის დირექციასა და პედაგოგებზე, მათ საქმიანობაზე, გაკვეთილზე შედიოდა, აღრიცხვას ამოწმებდა და ასე შემდეგ, რამაც გამოიწვია აღრევა მათი ფუნქციების და ამ ზედამხედველობამ პროტესტი გამოიწვია, რა თქმა უნდა, პედაგოგიურ საზოგადოებაში და მთლიანად სასკოლო საზოგადოებაში. რაც შეეხება პრევენციულ, საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიებში მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც დღეს უკვე ჩვენ არაერთ სკოლაში გვქონდა პილოტირების რეჟიმში გადამოწმებული ამ ფუნქციების თავსებადობა. ეს ეხება იგივე კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით სიმულაციების წარმართვას, ინფორმირებას, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაცია ხანძრის, ზვავის, სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, როგორ უნდა დატოვონ სკოლა, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები. ასეთ შემთხვევაში ამ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიებში, როგორც საერთაშორისო სტანდარტებიც გვიჩვენებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორულ ურთიერთობებს პედაგოგებსა და მანდატურს შორის. მოგეხსენებათ, ჩვენ ახალი კანონპროექტით ავწიეთ სტანდარტები, რადგან მანდატურს პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება უკვე კანონით ექნება მინიჭებული, მას ვთხოვთ უმაღლეს განათლებას და სპეციალურ მომზადებას, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება, მათ შორის მედიაციას და კონფლიქტების პრევენციასაც. ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მასწავლებელი თანამშრომლობდეს მანდატურთან და ისინი ერთად ატარებდნენ ამ ღონისძიებებს, მანდატური სამართლებრივი კუთხით აცნობდეს რისკებს, მასწავლებელს აქვს ის მეთოდები და მიდგომები, იცის ასაკობრივი თავისებურებები, რომელშიც ტრენინგს ასევე მანდატურიც გაივლის და მათი ტანდემი იქნება სწორედ შედეგზე ორიენიტრებული. ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება დაგროვდა ძალიან ბევრ სკოლაში, სადაც საპილოტე პროექტები მიმდინარეობდა და ჩვენ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია, როდესაც დაიძაბა ურთიერთობა მანდატურსა და მასწავლებელს შორის.

კიდევ ერთი საკითხი, ესაა ვიდეოკამერების თემა. მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ამოცნობა ვიდეოჩანაწერის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია და ამის მაგალითად მოჰყავთ თავად ხორავას ქუჩის შემთხვევა, სადაც დაფიქსირდა, რომ მოსწავლეები გავიდნენ სკოლის შენობიდან და ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ ეს ტრაგედია მოხდებოდა. ამ შემთხვევაში რა არის ამ ვიდეოკონტროლის დატვირთვა, თუკი იქ მოსწავლეებს შორის დაძაბულობა არ გამოჩნდება?

გეთანხებით, რომ ყოველთვის შეიძლება არ იყოს ეს სახეზე და ვიზუალურად არ ჩანდეს, რომ მოსწავლეებს გულში აქვთ ან რაღაც წყენა, ან ნერვიულობენ, მაგრამ თუ სკოლის ტერიტორიაზე მოხდება გარკვეული კონფლიქტები, შეკრება, ფიზიკური დაპირისპირება, ვიდეოკამერები ამას აღიქვამს და ერთი მანდატური ყოველთვის აკვირდება სკოლის შიგნით და სკოლის პერიმეტრზე რა ხდება სწორედ ვიდეოკამერების საშუალებით. სხვა დანარჩენი მანდატურები, დღევანდელი რეგულაციებითაც და საქმიანობის წესითაც ფუნქციები ისეა გაწერილი, რომ მოძრაობენ სკოლაში შიგნით, დერეფნებში, ყველა იმ ადგილზე, სადაც შეიძლება გარკვეული შეჯგუფებები მოხდეს და მაღალი იყოს რისკი მოსწავლეებს შორის დაპირისპირების და დროულად ხდება ამ კონფლიქტური სიტუაციების აღკვეთა. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეების ქცევის მონიტორინგი ხდებოდეს, რომ სადაც წარმოიქმნება ცხელი კერები, დროულად იყოს პრევენციული ღონისძიებები ჩატარებული და ეს რეალურ კონფლიქტებში არ გადაიზარდოს. ჩაერთოს, როგორც მანდატური, ასევე მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ იქნება კონფლიქტის რისკი, მოგეხსენებათ, რომ კიდევ ერთი ცვლილება შევიდა კანონში, ანუ ამ პროექტში წარმოდგენილია შეყოვნების მექანიზმი, რომ თუ გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი მანდატურს ან მასწავლებელს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გადაიზარდოს სკოლის გარეთ, ან იმ შემთხვევაში, თუ ეს არის მაღალი რისკის მატარებელი, ატყობინებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და თუ მაინცდამაინც გამიჯვნა-განცალკევებაა საჭირო და გარკვეული მცირე რისკები არსებობს, რომ შეიძლება დაპირისპირება გაგრძელდეს, გააჩნია სიტუაციას და კონკრეტულ პრობლემას, აუცილებლად აყოვნებს მას მშობლის მოსვლამდე.  

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჩხუბის გაშველებაზე, უკვე არსებული კონფლიქტის ჩაცხრობაზე და მასზე რეაგირებაზე, ყველას გვესმის, რომ ეს არის ხანძრის ჩაქრობის რეჟიმი. რა პასუხი გაქვთ მთავარ ნაწილში, რაც არის პრევენცია, რაზეც უნდა იზრუნოს მართლაც არა მანდატურმა, არამედ პედაგოგმა და დაწყებით კლასებში, მშობლის როლის წამოწევაზე, მშობლის ჩართვაზე სკოლის ცხოვრებაში. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მშობელმა არ იცის მისი შვილი რას აკეთებს და როგორ ურთიერთობს თავის მეგობრებთან სკოლაში. პრევენციის ამ ძალიან მნიშვნელოვან და რთული ნაწილში თუ არის რაიმე ცვლილებები?

დღეს რადგან კანონპროექტზე ვსაუბრობდით, არ შევეხე სხვა ღონისძიებებს, რომელიც ასევე დაგეგმილია და ძალიან დიდი ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია. მოგეხსენებათ, რომ კომპლექსური მიდგომა სჭირდება უსაფრთხოების ფორმირებას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე ზოგადად საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, პირველი ბერკეტი, რაც შეიძლება განათლების სისტემას ჰქონდეს, ეს არის განათლება და პრევენციული ღონისძიებები. პრევენციული საგანმანათლებლო ღონისძიებები რამოდენიმე მიმართულებით არის დაგეგმილი, ეს გახლავთ მოსწავლეების ინფორმირება და განათლება და რისკების გაცნობიერება, ეს გახლავთ მშობელთან აქტიური კომუნიკაცია და მშობლებისთვის რისკების გაცნობიერება, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური სერვისების შეთავაზება იქ, სადაც აგრესია მატულობს, იქ, სადაც მაღალი რისკია გამოხატული და რა თქმა უნდა, ეს გახლავთ თანამშრომლობითი ურთიერთობები ყველა იმ სუბიექტთან, რომლებმაც შეიძლება რაიმე წვლილი შეიტანოს ზოგადად უსაფრთხოების პრევენციაში...

რეკომენდაციების დონეზე რჩება ასე, თუ იცვლება რაიმე წესები სკოლის მუშაობაში? რამდენად რეალისტურად გატარდება ეს ცხოვრებაში?

მინდა გითხრათ, რომ რეალისტურად გატარდება, იმიტომ რომ, იმ სკოლებში, სადაც ეს პროგრამები დაწყებულია, თუ იცნობთ ამ სკოლებს, დარწმუნდებით იმაში, რომ იქ, სადაც ეს პროგრამები უკვე დაწყებულია, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები. მით უმეტეს, რომ ჩვენ საინფორმაციო კამპანიები და ასევე ფორმალური განათლების კონტექსტში უფლებების დაცვას და უფლებების შესახებ ინფორმირებას ვიწყებთ უფრო დაბალი კლასებიდან, ფაქტობრივად უკვე პირველი კლასიდან არის ეს თემები ინტეგრირებული, როგორც გამჭოლი კომპეტენციები, ასევე სადამრიგებლო საათშიც გახლავთ და მშობელთა განათლების პროგრამებიც ასევე. ის საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც უკვე კონკრეტულად ბულინგსა და ძალადობაზეა ორიენტირებული, დაწყებულია საპილოტე კამპანიის სახით. მოგეხსენებათ, ჩვენ პირველი ფლაერებისა და საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება უკვე დავიწყეთ, როგორც მშობლებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, თუ ვის უნდა მიმართონ, თუკი გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი ბულინგთან დაკავშირებით, თუ აწუხებთ ან ეეჭვებათ, რომ ან მსხვერპლნი არიან ან მათი მეგობარია მსხვერპლი, მშობელმა როგორ უნდა შეამჩნიოს შვილის ქცევაში ცვლილებები, რომელიც შეიძლება იყოს სწორედ იმის მანიშნებელი, რო მისი შვილი ან ბულინგის მსხვერპლია, ან იყო მსხვერპლი და ახლა თვითონ ხდება ბულერი. ასევე მასწავლებლებთან მიმართებაშიც ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი გავრცელდა ფლაერების სახით და ნაწილი ტრენინგებშია ინტეგრირებული.

იქნება თუ არა ამ კონტექსტის ნაწილი რელიგიის სწავლება, თუნდაც არჩევით დონეზე?

რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავაკეთებ კომენტარს. რელიგიის ისტორიისა და კულტურის სწავლებაზეა საუბარი და არა რომელიმე კონკრეტული რელიგიის სწავლებაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს ის ადამიანების განვითარებაში, ხელოვნების განვითარებაში, ქვეყნების განვითარებაში და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც არჩევითი საგანი, შეთავაზებული იყოს საშუალო საფეხურზე. ეს გახლავთ მე-10, მე-11, მე-12 კლასები და არჩევითი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ამ მიმართულებით გამოხატავენ ინტერესს. ამ ეტაპზე ჯერ არ დაწყებულა არც სტანდარტზე მუშაობა და რაიმე ხელშესახები დოკუმენტი არ შექმნილა. ეს, ჯერჯერობით, განიხილება როგორც იდეა, რომელსაც მას შემდეგ, რაც დამთავრდება საბაზო საფეხურს ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავება და დამტკიცდება ის, ჩვენ გადავალთ საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასა და შემუშავებაზე, სწორედ მაშინ დაიწყებ ამ საკითხების განხილვა. ამ ეტაპზე მინისტრმა გააჟღერა იდეა სწორედ რელიგიების კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებით.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები