ვინ და როგორ დაისჯება სუნელების რეალიზაციის წესის დარღვევისთვის
ინტერვიუ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსთან
სუნელების რეალიზაციის წესი იცვლება. მთავრობის დადგენილებით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავების და ბაზარზე განთავსების დროებითი ზომები 2 წლით ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების მიერ (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) სუნელებისა და სანელებლების წარმოება. ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე იფქვება სუნელები და სანელებლები. ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული სუნელების და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ უპასუხა.
ფოტო: shutterstock.com
რა საფრთხეს წარმოადგენს სუნელები იმ სახით, როგორც ჩვენ ის ვიცით, იციან ჩვენმა მშობლებმა, წინაპრებმა. საერთოდ ეს არის ძალიან ტრადიციული სურათი, დახლებზე ლამაზად განთავსებული სუნელი და რა საფრთხეა მათში?
ჩვენ 2017 წლის განმავლობაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად ვახორციელებდით სურსათის ნიმუშების შესყიდვას და მათ ლაბორატორიულ კვლევას, მათ შორის სუნელებს და სანელებლებს. 187 ნიმუში იყო აღებული სუნელების და სანელებლების და 33 შემთხვევაში დაფიქსირდა ტყვიის მაღალი შემცველობა. აქიდან გამომდინარე დადგა საჭიროება გარკვეული ღონისძიებების გატარებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობაში მოხდა ამ დადგენილების პროექტის ინიცირება და შემდეგ მიღებული იქნა ეს დროებითი ზომები, რომელიც იმოქმედებს 2 წლის განმავლობაში.
არა მხოლოდ თქვენი კვლევაა, ჩვენ გვახსოვს შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების კვლევაც, როდესაც სწორედ საქართველოდან ჩატანილი სუნელები შეისწავლეს და იქაც აღმოჩნდა ეს მაღალი შემცველობა, რასაც სერიოზული პანიკა მოჰყვა. ეს რეგულაციები ეხება ყველას, ვინც სუნელს ყიდის რეგისტრაციის გარეშე?
არა მხოლოდ მათ, რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორებიც კი, რომლებიც სუნელების და სანელებლების რეალიზაციას ახდენენ, უნდა მოახდინონ დაფასოებული სახით, შესაბამისად ეტიკეტირებული, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის ხელმისაწვდომი იყოს მიკვლევადობის განხორციელება, კონკრეტულად იმ წარმოებაში მისვლა და მისი სახელმწიფო კონტროლი, სადაც აღნიშნული სანელებლების ან სუნელის წარმოება ხდება.
ეს სერიოზულად შეცვლის ამ ბაზარს, იმიტომ რომ დღეს ჩემი წარმოდგენით ეს პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში იყიდება დაფასოების გარეშე, აბსოლუტურად ღიად.
აქაც ჩვენ გარკვეული შეღავათები გვაქვს. შესაძლებელია ამ სახითაც გაიყიდოს სუნელი და სანელებლები, მაგალითად აგრარულ ბაზარში, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილზე, მომხმარებლის თვალწინ დაფქვა და ასეთი სახით რეალიზაცია, რომ არ მოხდეს ფალსიფიკაცია.
როგორ გაკონტროლდება ეს ყველაფერი, ამის მექანიზმი არსებობს? გვითხარით რა იქნება სანქციები და პლუს, ეს კონტროლი როგორ წარმოგიდგენიათ, ნებისმიერ ადგილზე, ქუჩაში თუ ბაზარში შეიძლება ეს გაიყიდოს და თქვენ უბრალოდ ვერ გაიგოთ ამის შესახებ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს როგორც ცენტრალური ოფისი, ანუ მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ასევე გვაქვს თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონუlი სამმართველოები. ჩvენ გვყავს ინსპექტორები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლს. ეს კონტროლი დაიწყება აგრარული ბაზრებით და შემდეგ გადავა უკვე სხვა სარეალიზაციო ქსელში, სადაც ხდება სუნელების და სანელებლების რეალიზაცია. რაც შეეხება ამ დადგენილების დარღვევით წარმოებულ ამ პროდუქციას და თუ რეალიზაციის მომენტში აღმოჩნდება ასეთი ფაქტები, ის ექვემდებარება ბაზარზე განთავსების აღკვეთას, აგრეთვე გამოთხოვას ბაზრიდან და განადგურებას. ზომები ესაა.
როგორ დაისჯება დამრღვევი, ვიცით ეს?
თუ შესაბამისად ეტიკეტირებული არ იქნება, ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაისჯება, სხვა შემთხვევაში მოხდება ამ სუნელების დალუქვა და განადგურება.
რაიმე სპეციალური ჯარიმა არ არის, არის ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო?
დიახ, ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო იქნება საჯარიმო სანქციები.
ხართ თუ არა თავად მომხმარებლის იმედადაც? მაგალითად, შემიძლია თუ არა, თუკი დავაფიქსირებ დარღვევას, დავრეკო?
მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი არის: 15 01 და ამ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში ყველა შეტყობინება ოპერატიულად რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ამ რეგულაციების შედეგად გაძვირდება თუ არა სუნელი?
რეალურად, სუნელის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. აქ არ არის ის რეგულაციები, რაც რაიმე დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. უბრალოდ, აგრარულ ბაზრებს დაუფასოებელი სახით უნდათ სუნელების რეალიზაცია, ადგილზე უნდა ჰქონდეთ საფქვავი აპარატი, რომლითაც დაიფქვება ნედლი სახით სუნელი, ადგილზე, მომხმარებლის თვალწინ. ხოლო რაც შეეხება შეფუთვას და ეტიკეტირებას, ეს დიდ თანხებთან დაკაშირებული არ არის.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს დროებითი რეგულაციაა. სამომავლოდ რა იგეგმება, როგორ შეიცვლება ეს წესი?
ჩვენ ვმოქმედებთ კოდექსის მიხედვით, სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით, სადაც მითითებულია, რომ შესაძლებელია გამოყენებული იყოს დროებითი ზომა. სწორედ ამით ვხელმძღვანელობდით ამ დადგენილების მიღების პროცესში. ევროპული გამოცდილებაა, რომ ეს ზომები არ შეიძლება გაგრძელდეს 2 წელიწადზე მეტი ვადით. თუმცა ამ 2 წლის განმავლობაში და შეიძლება უფრო ადრეც, მოხდეს რისკის შეფასება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
2 წლის შემდეგ შეიძლება კიდევ გააგრძელოთ?
რისკის შეფასების შედეგებიდან იქნება გამომდინარე უკვე შემდგომ დადგენილებას რა სახე მიეცემა.
მიზეზებზეც ვისაუბროთ. ძალიან სწორია, რომ იცავთ მომხარებელს, მაგრამ რის გამო ხდება სუნელში ტყვიის შემცველობის გაზრდა, ამ პრობლემაზე თუ მუშაობთ?
ზუსტად ეს არის რისკის შეფასების ნაწილი. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია თუ საიდან მოდის დაბინძურების წყარო, ეს არის გარემოს ობიექტები, მაგალითად სარწყავი წყლები, თვითონ სასმელი წყალი, ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი, ის სათამაშოები, რომელსაც ბავშვები თავიანთი ყოველდღიური თამაშის დროს იყენებენ, ან თვითონ გარემო, სადაც ცხოვრობს ადამიანი, საღებავები, თუ რა. პრობლემა კომპლექსურია და კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს, სუნელები და სანელებლები ამ პრობლემის მხოლოდ ერთი ასპექტია და ეს არის კომპლექსური რისკის შეფასების ამოცანა.
გასაგებია, მაგრამ რა უნდა ვქნათ სხვა პროდუქტების შემთხვევაში? სუნელებთან დაკავშირებით რეგულაცია ამოქმედდა და კარგია, მაგრამ შესაძლებელია სხვა პროდუქტშიც იყოს ტყვია და აქ კვლევები ტარდება?
შესაძლებელია იყოს. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ამ კვლევებს. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, 2017 წელს გვქონდა ცხოველური წარმოების სურსათში გარკვეულ დარღვევები. მინდა ისიც გითხრათ, რომ წინა წლებში ჩვენთან მოქმედებდა სხვა ნორმატივები, რომელიც იყო ძველი სანიტარული ნორმატივებიდან ამოღებული და ამით ვმოქმედებდით. ისიც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები კანონმდებლობის აპროსიმაქციის და ამ კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ევროპული რეგულაცია, ვიდრე მანამდე წესები იყო, შესაბამისად დარღვევების რაოდენობამ მოიმატა.
ვიდეო


