რა ვადები აქვს მძღოლს წარუმატებელი ტექდათვალიერების შემთხვევაში
ავტომობილების შემოწმებისას გამოვლენილი მთავარი ხარვეზები
7 006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1 592-მა ვერ გაიარა. ძირითადი დარღვევები იყო სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, ფარების გაუმართაობა, საბურავები და საჭის მართვის მექანიზმი. ცნობისთვის, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება უნდა გაევლო სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონაზე ზემოთ) ავტომობილებს. 2018 წლის 1 ივლისიდან კი ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. 2019 წლიდან კი ტექნიკურ შემოწმებას ყველა ავტომობილი დაექვემდებარება. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრის ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი პასუხობდა.
თბილისი
ფოტო: shutterstock.com
შემოწმებული ავტომობილების თითქმის 22%-მა ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რომელსაც ეგრეთ წოდებული ტექდათვალიერება მოითხოვს ავტომობილების მფლობელებისგან. ეს დიდი ციფრია ამ სტატისტიკაში?
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა წლებში ეს ციფრი დაახლოებით 7% იყო, ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა, დიდი ციფრია. ანუ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური გამზომი ხელსაწყოები დაინერგა ინსპექტირების ორგანოებში, რომლის მეშვეობითაც ხდება ბაზაში გადაცემა მონაცემების, ისე, რომ პერსონალი ვერ ერევა ამ მონაცემებში. ვფიქრობ, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია და დაახლოებით ამ სურათს ველოდით.
არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბებული იქნება კრიტერიუმები. რამდენი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს შემოწმებაზე შემოსულმა ავტომობილმა?
ძირითადი კრიტერიუმი თქვენ ჩამოთვალეთ. ეს არის სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, მაშუქი ფარები, საჭის ელემენტები, საბურავები. ასე, რომ ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რაზეც იქნება შემოწმებული ავტომობილი და ამისთვის საჭიროა რომ მძღოლები მოემზადონ შესაბამისი ინსპექტირებისთვის.
ასე ვთქვათ, „ყველაზე პოპულარული დარღვევა“ ამ კრიტერიუმებიდან რომელია აღმოჩენილი 22%-ში, სამუხრუჭე ხუნდები, გამონაბოლქვი თუ სხვა?
ძირითადად წამყვანია მაინც სამუხრუჭე სისტემა და გამონაბოლქვი. ეს ორი მთავარი პარამეტრებია, რასაც ვერ გადიან ავტომობილები.
საინტერესოა, შეიძლება ერთბაშად რამდენიმე კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდეს ავტომობილი, მაგრამ ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთს თუ ვერ აკმაყოფილებს გადასაადგილებელი საშუალება, ამ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში, ითვლება, რომ მან ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება?
რა თქმა უნდა, როდესაც ავტომობილი ინსპექტირებაზე მიდის, ის უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რაც არის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული. თუ ერთი პარამეტრი მაინც ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ცხადია, მას ეძლევა ერთთვიანი ვადა. ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოასწოროს აღნიშნული უწესრიგობა. განმეორებით მისვლაზე თანხა გადასახდელი არ იქნება.
როგორაა გადანაწილებული ტექდათვალიერების ცენტრები ქვეყნის მასშტაბით, რამდენი ცენტრი მუშაობს და როგორია მათი მუშაობის პრინციპი? ასევე, თუ არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, ამ დროისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება იგივე სამგზავრო ტრანსპორტისათვის, იგივე სატვირთო ავტომობილებისათვის რა ღირებულებაა?
რაც შეეხება ცენტრების რაოდენობას. სულ 27 ინსპექტირების ორგანოა საქართველოს მასშტაბით, რომელთაგან ჯერჯერობით ორს შეჩერებული აქვს აკრედიტაცია დროებით...
რა მიზეზით?
ტექნიკური ხარვეზი იყო. იმედი გვაქვს, რომ მალე გამოსწორდება და ისინიც შეუერთდებიან ჩვენს რიგებს. მათ გააჩნიათ 40-მდე ინსპექტირების ხაზი საქართველოს მასშტაბით. ეს, ჯერჯერობით მცირე რაოდენობაა, თუმცა მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმის შესაბამისად 9 მარტამდე გამოცხადდება შერჩევის პროცესი იმ თავისუფალ სივრცეზე, სადაც არ გვაქვს ინსპექტირების ორგანოები. 9 მარტისთვის იქნება კონკრეტული შედეგები, რომ რაიონში რამდენი ინსპექტირების ორგანო უნდა იყოს იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგები. ეს არის ძირითადი გეგმა მთავრობის მიერ შემუშავებული.
ინსპექტირების ცენტრები კერძო სექტორის მფლობელობაშია, რომლებსაც მუშაობის ლიცენზია გააჩნიათ. როგორ რეგულირდება ეს საკითხი?
ეს არის კერძო სექტორი. ბაზარზე დაშვების ერთადერთი კრიტერიუმი არის აკრედიტაცია, რომელსაც გასცემს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყება, აკრედიტაციის ცენტრი. შესაბამისად, ის 27 ინსპექტირების ორგანო ყველა აკრედიტებულია და შემდგომ, რომელიც ბაზარზე შემოვა, ცხადია დაექვემდებარება სავალდებულო აკრედიტაციას.
რაც შეეხება ღირებულებას, არის თუ არა გადასახადებში დიფერენცირება სხვადასხვა ავტომობილებისთვის?
დიახ, დიფერენცირება ხდება. მსუბუქი ავტომობილებისთვის ინსპექტირების საფასური 60 ლარია, ყველა დანარჩენისთვის ღირებულება 100 ლარია.
სტანდარტული მოთხოვნაა, რომ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს?
წელიწადში ერთხელ უტარდება სტანდარტულად სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტს. თუმცა გამონაკლისი გაქვს, ამ შემთხვევაში სამგზავრო ავტობუსები და მიკროავტობუსები წელწადში 2-ჯერ გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. ძალიან ბევრს ახსოვს როგორ ტარდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში ტექდათვალიერება და ეს ხშირად კორუფციის დიდი წყარო იყო, ახალ რეგულაციებში როგორაა განსაზღვრული კონტროლი, მონიტორინგი ინსპექტირების ცენტრებთან დაკავშირებით? გარანტიები არსებობს, რომ შეიძლება სამუშაო სრულყოფილად არ შესრულდეს?
ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. ტერმინოლოგიითაც რომ დავიწყოთ, ტექნიკური დათვალიერება ჩაბარდა ისტორიას, ახლა არის ტექნიკური ინსპექტირება. რაც შეეხება თვითონ პროცესს, პირველ რიგში მძღოლი არ დაიშვება სივრცეში, სადაც ხდება უშუალოდ ინსპექტირება; ყველა ინსპექტირების ორგანო აღჭურვილია შესაბამისი ვიდეოთვალის მეშვეობით, თითოეულ ხაზზე ორი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული; გარდა ამისა, შექმნილია ერთიანი ელექტრონული პროგრამა, სადაც მონაცემები აიტვირთება მომენტალურად და დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი, ეს არის სამუხრუჭე სისტემა და გამონაბოლქვი, ამაზე მონაცემები პირდაპირ გადაეცემა სერვერს და არ ხდება პერსონალის ჩარევა. შესაბამისად, წვდომა კამერებთან და პროგრამასთან აქვს, როგორც შესაბამის უწყებებს, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ყველა დაინტერესებულ უწყებას აქვს ამასთან წვდომა. ცხადია, მონაცემებთან პირდაპირი წვდომა აქვს საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც უშუალოდ გზებზე ახორციელებს ადმინისტრირებას.
ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდა. სამგზავრო 8 ადგილს ზემოთ და სატვირთო 3.5 ტონაზე ზემოთ ავტომობილები გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას, საინტერესოა, რომ მოინდომოს მსუბუქი ავტომობილის მფლობელმა ტექდათვალიერების გავლა, მოემსახურებიან თუ არა მათ არასავალდებულო შემთხვევაში?
რა თქმა უნდა, მოემსახურებიან. თქვენს მიერ ჩამოთვლილი იყო პერიოდულობა, რომელი ავტომობილისთვის როდის დგება სავალდებულო ინსპექტირების რეჟიმები. ცხადია, მოსახლეობას შეუძლია დღესაც გაიაროს ტექნიკური ინსპექტირება. ეს ნებაყოფლობითია, სანამ სავალდებულო ინსპექტირების ვადა დადგება.
გაქვთ თუ არა ანალიზი გაკეთებული, როგორ პროგნოზს შეიძლება ველოდოთ მსუბუქ ავტომობილებში, იქნება თუ არა ისევ 22% მაჩვენებელი, რომელიც ვერ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას?
ჩვენი ვარაუდები შეიძლება ავიღოთ მეზობელი ქვეყნების გამოცდილებიდან. მაგალითისთვის, თურქეთიც გამოდგება ამ შემთხვევაში. უახლოეს წარსულში სავალდებულო ინსპექტირების შედეგად 30%-მა ვერ გაიარა პირველადი ინსპექტირების დროს, მაგრამ განმეორებით, როდესაც მათ კონკრეტულ დარღვევაზე მიეთითათ, უმრავლესობამ გამოასწორა ხარვეზები და დაახლოებით 5% დარჩა ინსპექტირების მიღმა, რომლებიც არ დაიშვებიან გზებზე. ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთანაც დაახლოებით ანალოგიური ციფრები გვექნება. რადგან სატვირთოებისა და სამგზავროების 22%-ზეა საუბარი. უნდა აღინიშნოს რომ მათთვის სავალდებულო ინსპექტირება არც არასდროს გაუქმებულა, თუმცა მაინც არსებობს მსგავსი პრობლემები.
მანქანამ, რომელმაც ვერ გაიარა სავალდებულო ტექნიკური შემოწმება, ის დაიწუნეს და მიეცა დრო, რომ გამოასწოროს პრობლემები, ეს მფლობელი განმეორებითი შემოწმების დროს ისევ იხდის თუ არა გადასახადს, თუ ერთხელ გადახდილი გადასახადი საკმარისია?
ინსპექტირებიდან მას ეძლევა ერთთვიანი ვადა. ერთი თვის განმავლობაში განმეორებით მისვლის დროს აღარ იხდის საფასურს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მაშინაც ვერ მოხდა უწესრიგობის გამოსწორება, შემდგომ მესამე მოსვლის ჟამს ისევ გადაიხდის საფასურს ხელახლა.
მეორედ აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში გადაეცემა ინფორმაცია შესაბამის უწყებებს, თუ ისევ გონივრული ვადა ეძლევათ პრობლემების გამოსასწორებლად?
არა, განმეორებითი ინსპექტირებისას, უნდა დავაზუსტოთ, უწესიერობა მოწმდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რაც დაფიქსირდა პირველადი შემოწმების დროს. შესაბამისად განმეორებითი შემოწმებისას მხოლოდ ის პარამეტრი მოწმდება და თუ კვლავ ვერ დააკმაყოფილა ინსპექტირების სტანდარტები ავტომობილმა, ცხადია ის ბაზაში ავტომატურად ჩაეშვება და პატრულ-ინსპექტორი უფლებამოსილია ადმინისტრირება გამოიყენოს.
ვიდეო


