გამწვანების რა სტრატეგია აქვს თბილისის მერიას
ინტერვიუ დედაქალაქის მერის მოადგილესთან
დღეს მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დაამტკიცა 50 ხის ჯიში, რომლითაც თბილისი უნდა გამწვანდეს. კალაძის თქმით, ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით; მერიამ მორიგი გრანტი მიიღო ევროკავშირისგან. ფინანსური დახმარების ფარგლებში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება; ასევე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე ყვითელ ავტობუსებს 100 ახალი ტრანსპორტი ჩაანაცვლებს; ხოლო მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში სამშენებლო კომპანიები ვალდებულები იქნებიან პროექტები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებთან შეათანხმონ. კალაძის განცხადებით, თავიდანვე მოხდება გათვლა რამდენად შესაძლებელია კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება უნდა, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ უპასუხა.
თბილისი
ფოტო: shutterstock.com
მშენებლობის სფეროში არსებულ ახალ რეგულაციებზე მინდა გკითხოთ. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რა პრობლემის წინაშე იდექით და უფრო დეტალურად მოგვიყევით, როგორ განხორციელდება ეს გადაწყვეტილება?
რეალურად, ის გამოწვეულია იმ ქაოტური განაშენიანებით, იმ ვიზუალით, რაც დღეს თბილისს აქვს. ბუნებრივია, ამის კატალიზატორი იყო ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც ბატონმა კახიმ არაერთხელ გააჟღერა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისში სამომავლოდ ურბანული განვითარება წარიმართოს ისე, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს ღირებული, რომ ამ ქალაქს ეკონომიკური პოტენციალი არ დაეკარგოს საბოლოოდ და შენარჩუნდეს ის ღირებულება, რასაც თბილისში ცხოვრება ჰქვია. იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობამ თავი იგრძნოს დაცულად, მომავალმა თაობებმა, რომლებიც ამ ქალაქში გააგრძელებენ ცხოვრებას, კომფორტულად გააგრძელონ ცხოვრება, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გადასადგმელი, მათ შორის სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობის კუთხით. სამწუხაროდ, დღემდე ასე იყო და ასე ვთქვათ, დერეგულაციის მთელმა ათწლიანმა პერიოდმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ დღესდღეობით მშენებლობის ნებართვები გაიცემოდა ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით სატრანსპორტო და გარემოს დაცვით პოლიტიკასთან მიმართებით. რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არანაირად არ იყო სავალდებულო, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის პოლიტიკის საწყის და ყველა ეტაპზე, გათვალისწინება, რამაც საბოლოო ჯამში, ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან დაგვაყენა ჩვენ დღეს, რომ არაფერი არ ვთქვა სარეკრეაციო სივრცეების შემცირებაზე, გამწვანების ზოგადი კოეფიციენტის შემცირებაზე ჩვენს დედაქალაქში და იმ სატრანსპორტო კოლაფსზე, რომელიც ამა თუ იმ განაშენიანებას მოჰყვება დღეს თან. შესაბამისად ის, რომ ჩვენ ინსტიტუციურ ცვლილებებს პარალელურად მოჰყვა სამართლებრივი ცვლილებები არის აბსოლუტურად სწორი მიმართულება იმისთვის, რომ აწი გაცემული ყველა მშენებლობის ნებართვის ფარგლებში და განაშენების რეგულირების გეგმის დამტკიცების ფარგლებში ამ ორ კომპონენტს - მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობას და ტრანსპორტის ნაკადების, საფეხმავლო მისასვლელების, წვდომას საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი - ამ კომპონენტებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
არ ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააძვირებს მშენებლობას? მომხმარებლებზეც ხომ არ აისახება ეს?
დამერწმუნეთ, არანაირად არ გააძვირებს. მე ისიც მინდა ვთქვა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, მერია, ახალი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ დისკრეციულ უფლებას დღესაც ვიტოვებთ და დღესაც ვახორციელებთ და არაერთი კომპანიაა, რომელიც დღეს უკვე ახორციელებს მშენებლობის ნებართვას, მერიას გარკვეულ ცვლილებებზე მომართა, მათ აიღეს ვალდებულება და დენდროლოგიური პროექტები უკვე შეათანხმეს მერიასთან. თანაფარდობა იმ დანახარჯისა, რომელიც გამწვანების კოეფიციენტზე უნდა მიემართოს, არანაირად არ არის ისეთი ძვირადღირებული, რომელმაც საბოლოო ჯამში შეიძლება გაზარდოს თვითღირებულება ამა თუ იმ ბინის. აბსოლუტურად მოქმედი კონცეპტუალური, თუმცა არასამართლებრივი მიდგომითაც თითოეულ მშენებლობას და თითოეულ განაშენების გეგმას უნდა ჰქონდეს თავისუფალი სივრცე, რომელიც მათ შორის გამწვანებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. თუმცა სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობაში დარჩა დეკლარაცია და არანაირი პროცედურები არ იყო გაწერილი, ამას არავინ არ ასრულებდა, რამაც პრაქტიკულად იმ კოლაფსამდე მიგვიყვანა, სადაც დღეს ჩვენ ვართ.
რა ხდება მეტროსადგურების რეაბილიტაციის შესწავლასთან დაკავშირებით? მიმდინარე სამუშაოების შესწავლა მერიამ უკვე დაიწყო და რაიმე დასკვნები არის თუ არა და გაგრძელდება თუ არა სამუშაოები?
სამუშაოები, ბუნებრივია, გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ მეტროსთან დაკავშირებით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან, ჩვენ ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. თუმცა, იმავდროულად ხარისხის კონტროლი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვის და არა რაოდენობა. თითოეული პროექტი, რომელიც თბილისს ჩაბარდება, იქნება 100-ჯერ შემოწმებული. რაც შეეხება კონკრეტულ არსებულ მდგომარეობას, ვარკეთილთან დაკავშირებით იცით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოიკვეთა, რა იყო მიზეზი?
გამოძებას უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ სრული სურათი თუ ვის რა პასუხისმგებლობა დაეკისრება და დაეკისრება თუ არა, რა კონტექსტში. ხოლო რაც შეეხება სხვა დაგეგმილ პროცესებთან მიმართებით, იცით, რომ მერმა წინა კვირას დავალება მისცა შესაბამის მოადგილეებს, რის შედეგადაც დაიწყო დამატებითი ექსპერტიზა თითოეული პროექტის, რომ ჩვენ რაიმე გადაცდომასთან სამომავლოდ არ გვქონდეს საქმე. ასევე დაიწყო ექსპერტიზა უკვე რეაბილიტირებული სადგურებისა და ამ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზოგადად ხარისხის კონტროლის გამკაცრების მექანიზმების შემოღების შემდეგ ჩვენ გვექნება სრული სურათი. თუმცა იმის გარანტიას ვიძლევით, რომ არც ერთი პროექტი არ დაიგეგმება და არ განხორციელდება ისე, რომ ეს რაიმე საფრთხის შემცვლელი იყოს.
ვარკეთილის გარდა რომელიმე სხვა ობიექტზე ხომ არ არის პრობლემა, ეს ხომ არ გამოიკვეთა შესწავლის პროცესში?
ზუსტად ეს ვახსენე, რომ სულ რამოდენიმე დღის ამბავია და პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სისტემურად თუ შეცვლით რამეს ვარკეთილის ინციდენტის შემდეგ? მერმა უკვე თქვა, რომ აუცილებელია არსებობდეს გარკვეული მოდელი, როგორ უნდა მოხდეს ხარისხის შეფასება ობიექტის ჩაბარების დროს. რამე იდეები არის უკვე?
ბუნებრივია, არის. ზუსტად ეს ვთქვი, რომ მერმა დავალება გასცა გასულ კვირას. იდეები არის რეგულაციების არა მხოლოდ გამკაცრების, არამედ ხარისხის კონტროლის კუთხით. ანუ, დავალებები არის რამდენიმე მიმართულებით და ჩვენ ძალიან მალე გვექნება წარმოდგენილი კონკრეტული გეგმები თუ რას და როგორ ვაპირებთ ხარისხის კონტროლის გამკაცრების თვალსაზრისით, როგორც აღსრულების ნაწილში, ასევე სამართლებრივი რეგულირების ნაწილში და ინსტიტუციური მოწყობის ნაწილში. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოწვევა, ყოველდღიურ რუტინულ პრობლემებთან ვიყოთ ადეკვატურები, ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, სისტემურად მოვაწესრიგოთ რაღაც საკითხები, რამაც საბოლოო ჯამში უნდა აღმოფხვრას მათ შორის ტექნიკური პრობლემა, როგორც მართვის, ასევე აღსრულების ნაწილში, რომელიც დღეს სამწუხაროდ იკვეთება.
როგორია მერიის მიდგომა უკვე არსებულ სამშენებლო დავებთან მიმართებაში? ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითისთვის ვამბობ, თვალს ვადევნებთ ატენის ქუჩაზე არსებულ დაპირისპირებას. ამ დროს რა შეიძლება გააკეთოს ქალაქის მთავრობამ?
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ როდესაც საუბარია ახალზე, აქ ბევრად მარტივად არის საქმე. ხოლო იქ, სადაც საუბარია კერძო საკუთრებაზე, უკვე გაცემულ მშენებლობის ნებართვაზე, ჩვენ უკვე დღეს მიმდინარე პროცესი გაქვს რამდენიმე ასეთ შემთხვევასთან მიმართებით, სადაც ინდივიდუალური მიდგომით უნდა გადაწყდეს თითოეული საკითხი. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ, იგივე, რაც დღეს იქნა გაჟღერებული და სამართლებრივი ცვლილებები არის მხოლოდ პირველი ეტაპი იმ ცვლილებებისა, რასაც ჩვენ ვაპირებთ. ბევრი ცვლილება გვექნება საკანონმდებლო დონეზე და ეს მერმა უკვე დაანონსა. ვმუშაობთ პარლამენტთან ერთად. რაც შეეხება უკვე გაცემულ ნებართვებს, მეტ წილად პრობლემურ შენობებთან დაკავშირებით მოხდება ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება, რომ ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მძიმე სიტუაცია, როგორიც, როგორც თქვენ ახსენეთ არის ჟვანიას ქუჩა, სადაც ელემენტარულად თუ დავაკვირდებით, ტრანსპორტისადმი წვდომას და ტრანსპორტის გადაადგილებას პრაქტიკულად ძალიან არანათელი მომავალი აქვს.
თუმცა იქ არიან ადამიანები, ვინც ამ მშენებლობის დასრულებას ელოდება და ძალიან რთული საქმეა.
ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ რიგ შემთხვევებში გვექნება ინდივიდუალური მიდგომა და ბუნებრივია, როგორც კერძო, ასევე საჯარო ინტერესების გათვალისწინებთ. თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან ამ ბინებს, ბინაში შესახლების შემდეგ აუცილებლად დასჭირდებათ ამ ბინამდე მისვლა. ესეც ერთმნიშვნელოვანია. დამეთანხმებით, ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ, გვაქვს საუბარი კერძო საკუთრებაზე, დანახარჯებზე, რომელიც იმ ადამიანებმა გაიღეს, რომლებიც ბინაში უნდა შესახლდნენ, გვაქვს დანახარჯებზე საუბარი, რომლებიც ინვესტორებმა გაიღეს, შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებისა და ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებით ჩვენ უკვე ვმსჯელობთ გარკვეულ პრობლემების მოსაგვარებლად.
სასიამოვნო თემით რომ დავასრულოთ, მოგვიყევით იმ ხე-მცენარეების შესახებ, რომელთა ნუსხაც დაამტკიცა მერმა. როგორ შეარჩიეთ, რომელი ხეებია, იქნებ დაგვისახელოთ?
ერთის მხრივ, სასიამოვნოა და მეორეს მხრივ, ძალიან ლოგიკურია, რომ ნებისმიერი განვითარებული ქალაქის, განვითარებულ ქვეყნებში მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი რომ ნახოთ, ყველას აქვს დამტკიცებული ის ხე-მცენარეები, შესაბამისი დიამეტრის და ასაკის, რომელიც ადეკვატურია ამა თუ იმ ქალაქის კლიმატის და არქიტექტურის. როდესაც ვსაუბრობთ კლიმატზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ან მცენარის გვალვა გამძლეობა ან მცენარის ადაპტაცია ტენიან ჰავასთან. ასევე გასათვალისწინებელია სტრესული ურბანული გარემო და ბუნებრივია, არქიტექტურა. არ შეიძლება, რომ მაგალითად თბილისში პალმები დავრგოთ, ხომ?! რაღაც შესაბამისი უნდა იყოს ეს.
სიმართლე გითხრათ, ეს გემოვნების საკითხია...
გემოვნების საკითხია, თუმცა ჩვენ გვყავს დარგის ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში და სხვადასხვა სექტორში მუშაობენ, მათ შორის არასამთავრობო სექტორიც.
რა შეარჩიეთ თბილისის სიმბოლოდ, ერთი მცენარე მაინც დაგვისახელეთ?
მერმა თქვა, რომ ჩვენ 50-ზე მეტი მცენარეა, აქიდან 39 არის სავალდებულო რიგში და ყველა დანარჩენი არის რეკომენდირებული. მხოლოდ ხეებზეა აქ საუბარი. ესეც უნდა ვიცოდეთ, როდესაც მშენებელი თუ მერია როცა გააკეთებს მწვანე ინფრასტრუქტურის პროექტებს, არ უნდა იყოს მცენარე 3 მეტრზე ნაკლები და რაღაც კონკრეტულ ასაკზე მცირე, უნდა იყოს კონტეინერული წესით გამოყვანილი, რათა ადვილად ადაპტირდეს. შესაბამისად, თბილისის სიმბოლო ბუნებრივია იქნება ის მცენარეები, რომელიც წლებია თბილისში ხარობს, და ჩვენ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, რომელიც ადაპტირებულია ამ გარემოსთან და ბუნებრივად იხარებს ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, არის ძალიან ფართო სპექტრი არჩევანი იმ ხეებისა, რომელიც საჯარო იქნება მერიის შესაბამისი სამსახურის ელექტრონულ გვერდზე და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ერთგვაროვანი გამწვანება მივიღოთ ჩვენს ქალაქში. ეს არის ხეებთან მიმართებით, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვაქვს სახელმძღვანელო დოკუმენტი შექმნილი, არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომელიც ნიადაგმფარავ მცენარეებს ეხება, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
ვიდეო


