10 თებერვალი 2018

რა სანქციები ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევისთვის

ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგანგებო თათბირი გამართა და სამოქმედო გეგმა დასახა. მიზანი ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შემცირებაა. პრემიერმინისტრის განცხადებით, თავიდან უნდა ავიცილოთ გართულება იმ ქვეყნებთან, სადაც ეს პრობლემა რეალურად დგას. განკარგულება გაიცა, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდეს, მათ შორის იქნება ფულადი ჯარიმაც. დეპორტირებული მოქალაქე დეპორტაციის ხარჯებს თავად გადაიხდის, გართულდება გვარის შეცვლის პროცედურებიც. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დავალება საგანგებო თათბირზე მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილებაზე მინისტრთა კაბინეტი დაჩქარებული წესით მუშაობს. გეგმა მთვარობის უახლოეს სხდომაზე უნდა წარადგინონ. სანქციების გამკაცრება დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა. 2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად პოლიციის ატაშეები ჩართოს. „მაესტროს“ კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

ამ ზომების ამოქმედების შესაძლებლობზე პრემიერმა ადრეც ილაპარაკა, თუმცა რატომ გადაწყდა მაინცდამაინც ახლა და რამდენად სახიფათოა მდგომარეობა? თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას ვგულისხმობ.

პირველ რიგში, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად უნდა გაითავისოს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლა არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ ყოველდღიურად, პირველი დღიდან, რაც ეს შეთანხმება ძალაში შევიდა, აქტიურად ვადევნებთ თვალს, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და ბუნებრივია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიხატა თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში, ჩვენ ძალიან ყურადღებით და გულდასმით გავიზიარეთ და აქიდან გამომდინარე, რეაგირება მყისიერია. მოგეხსენებათ, რომ დღეს პრემიერმინისტრის მეთაურობით გაიმართა საგანგებო თათბირი, სადაც სწორედ ამ საკითხებზე იყო მსჯელობა და იმაზე, თუ რა პრევენციული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლის შეჩერება. დღევანდელი შეკრების შედეგად სამი მიმართულება გამოიკვეთა. ანუ, აუცილებელია გადაიდგას ძალიან სწრაფი ნაბიჯები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან, ახალ საკანონმდებლო ზომებთან დაკავშირებით; ასევე აუცილებელია კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი ურთიერთობა ევროპელ პარტნიორებთან და მესამე მიმართულება გახლავთ საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გასატარებელი და ამ სამივე მიმართულებით ყველა უწყება, როგორც აღმასრულებელ დონეზე, ისე საკანონმდებლო დონეზე, მზად არის რომ აქტიურ ნაბიჯები გადადგას.

უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს რა კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი, თუ შეგიძლიათ უკვე ამის შესახებაც ლაპარაკი?

რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებთან ძალიან აქტიური ურთიერთობა გვაქვს. მათი მხრიდან გამოთქმული ყველა წუხილი, შენიშვნა, რეკომენდაცია არის გაზიარებული და სწორედ ის ანალიზი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პარტნიორი ქვეყნებიდან, გვაძლევს შემდგომ იმის საშუალებას, რომ სწორად გავაანალიზოთ და შემდგომი ნაბიჯები დავგეგმოთ მთლიანად საქართველოს მთავრობასთან ერთად. სწორედ ის ნაბიჯები, რომელზეც საუბარი მქონდა და რომელზეც საუბარი იყო დღევანდელ თათბირზე, პირველ რიგში გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. ეს მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის ვთქვათ, გვარის შეცვლის პროცედურების გართულება, ასევე ვთქვათ, რეადმისიის საკითხი. ანუ, რეადმისირებულ პირთათვის შესაბამისი ფინანსური ვალდებულების გაზრდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ეს გართულება თავიდან ავიცილოთ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ რომ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. ეს დღეს არ დაწყებულა. მაშინვე, როგორც კი მიღებული იყო თავისუფალი სავიზო მიმოსვლა და მანამდეც, ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური ურთიერთობა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთობა ჰქონდა თუნდაც იგივე გერმანიის სხვადასხვა მიწებთან და იყო ასევე გარკვეული შეთანხმებებიც...

საინტერესოა, ამ პერიოდის განმავლობაში რა სიგნალს იღებდით ევროპელი კოლეგებისგან? თქვენ ბრძანეთ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია გაქვთ დღიდან უვიზო მიმოსვლისა. თუ იყო რაიმე მითითებები, რეკომენდაციები მანამ, ვიდრე ამ გაფრთხილებას ოფიციალურად მივიღებდით?

ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა, ვაანალიზებდით იმ პროცედურებს და პროცესს, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა. ამ პერიოდამდე საგანგაშო ვითარება არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ დღეს საგანგაშო ვითარებაა, თუმცა ჩვენ გვმართებს ყველა გაფრთხილებაზე, ყველა, თუნდაც მცირე წუხილზე, რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გააჩნიათ, გადაუდებელი რეაგირება, რადგანაც თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულება. სწორედ აქიდან გამომდინარეა ის ნაბიჯები, რომელიც აქამდე იყო გადადგმული და რომელსაც ამჟამად ვგეგმავთ შესაბამის სტრუქტურებთან ერთად. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხდა, რომ იგეგმება ვიზიტები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც გარკვეულწილად პრობლემა არის, სადაც ჩვენ გვყავს პოლიციის ატაშეები საელჩოებში და სადაც არ გვყავს, რადგანაც იყოს მუდმივი კონტაქტი და ჩვენ გვქონდეს მუდმივად პულსზე ხელი იმისთვის, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და შემდგომი ნაბიჯები იყოს თანმიმდევრული და გეგმაზომიერი. გარდა ამისა, ვისაუბრე ასევე საინფორმაციო კამპანიაზე, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ თითოეულ მოქალაქეს ძალიან კარგად უნდა განემარტოს, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ეს არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ეს არის აღიარებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ამიტომ ფუჭია ყველა ის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამასთან მიმართებაში ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია გვექნება, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი გართულება.   

თქვენი ბრძანეთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაანონსებული ვიზიტების შესახებ. მიხეილ ჯანელიძეც ხომ არ გეგმავს ამ თათბირიდან უახლოეს მომავალში გამომდინარე რაიმე ტიპის შეხვედრებს ან ვიზიტს?

ჩვენ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ ყველა ვიზიტზე, რომელიც იყო დაგეგმილი და განხორციელდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ბუნებრივია, ყველა შეხვედრა, რომელიც ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან გვექნება, იქნება ამ მიმართულებითაც გამოყენებული, რათა მათ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები