12 თებერვალი 2018

რა ვალდებულებები დაეკისრებათ თბილისში ტაქსის მძღოლებს

კალაძის სატრანსპორტო რეფორმის დეტალები

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს „იაფი პროცედურა იქნება“. რეგისტრაცია კი სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება. დედაქალაქის მერის თქმით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტიც და უახლოეს მომავალში მუშაობაც დაიწყება. რეფორმის პირველი ეტაპი გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, საქართველოს პარლამენტის განხილვის შემდეგ კი მიიღებენ კანონს, რომლის საფუძველზეც საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ნებართვების გაცემა, ანუ ტაქსების აღრიცხვა დაიწყება. ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან. ასევე, უკვე ცნობილია, რომ ხარჯების შეზღუდვის ნიადაგზე დაგროვილი 50 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებას მოხმარდება და გეგმის მიხედვით თბილისში 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი იმოძრავებს. ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ „მაესტროს“ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესაუბრა.
 

თბილისი
ფოტო: shutterstock.com

დღეს მასშტაბური რეფორმა დაანონსეთ თბილისის მასშტაბით. პირველ რიგში, საინტერესოა ტაქსებთან დაკავშირებული სიახლე. დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ სავარაუდოდ, უკვე სექტემბრისათვის მოსალოდნელია ქალაქში ტაქსების აღრიცხვიანობის და პირველადი რეგისტრაციის დაწყება. შეგიძლიათ ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი განგვიმარტოთ?

პრინციპში, ეს საკითხი პირველად დღეს არ გაისმა, ამაზე ჩვენ უკვე ერთი თვეა ვსაუბრობთ. მერმა დაახლოებით რამოდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოვამზადეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მათ შორის ეგრეთ წოდებული N1 კატეგორიის მსუბუქი მანქანების, ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპის საფუძვლების შექმნას. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ეს თავის თავში გულისხმობს რეგისტრაციის ძალიან მარტივ სქემას, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამომავლოდ  სურს განაგრძოს საქმიანობა მომსახურების ამ სფეროში, ვალდებული იქნება რეგისტრაცია გაიაროს ძალიან მარტივი პროცედურით და რეგისტრაციისათვის ერთჯერადი მინიმალური თანხა გადაიხადოს და განაგრძოს ფუნქციონირება. როდესაც ვსაუბრობთ მინიმალურ თანხაზე, ვგულისხმობთ ეგრეთ წოდებული ფურცლის თანხას. იმ სერვისზე, რასაც სანებართვო მოწმობის გაცემა ჰქვია. სანებართვო პირობად განისაზღვრება ძალიან მარტივი მოთხოვნა, მათ შორის ეს არის ეგრეთ წოდებული ტაქსის ნიშნის გამოყენება სავალდებულო ფორმით. ეს არის რეგისტრაციის  ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს იმ სეგმენტის აღრიცხვას, რომელიც დღეს ამ სფეროშია დასაქმებული, რათა ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების ამ სეგმენტის მეორე ეტაპზე გადასასვლელად ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს, თუ რა ტიპის ჩარჩოებში უნდა მოექცეს ეს სფერო. ბუნებრივია, ტაქსები, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სეგმენტი აუცილებლად უნდა მოექცეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან ჩარჩოში, რაც ხელსაყრელი იქნება ზოგადად ამ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებისთვის, ასევე ხელსაყრელი იქნება იმ სეგმენტისთვის, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ სეგმენტის სერვისს ახორციელებს და მომსახურებით სარგებლობს.

რეგისტრაცია უფასო იქნება ტაქსის მფლობელებისათვის?

ამ წუთას ვთქვი, რომ ეს იქნება ერთჯერადი გადასახადი...

სავარაუდოდ რამდენია განსაზღვრული?

დაახლოებით ეს ის თანხა იქნება... ჩვენ ამ წუთას ვმუშაობთ სოფტზე, რომ ადამიანებს ელექტრონულადაც ჰქონდეთ წვდომა ამ სერვისზე და შესაბამისად სახელმწიფოს რა თანხაც დაუჯდება ამ ელექტრონული ბაზის და თვითონ ფურცლის გაცემის საკითხი, ის იქნება გადასახადი. დაახლოებით ისეთ საფასურზეა საუბარი, როგორსაც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოში ვიხდით, როდესაც ამა თუ იმ  ნებართვას ვიღებთ, მაგალითად პასპორტს, პირადობის მოწმობას და ასე შემდეგ.

პირველი ეტაპი ეს არის რეგისტრაცია და ძალიან მინიმალური მოთხოვნები, თუნდაც ის, რომ ტაქსის ტრაფარეტი უნდა ჰქონდეს მძღოლს და ამ სფეროში დასაქმების მსურველს. საინტერესოა, რა შედის მეორე ეტაპში, როდისთვის იგეგმება მეორე ეტაპის ამოქმედება და როდის მოხდება უკვე გარკვეული წესების ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ამ სფეროში ცოტა უფრო მეტი კომფორტი და ვალდებულებები შეიქმნას?

თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ტაქსების რეგულირება არ არის ერთადერთი, რა კუთხითაც ვაპირებთ მასშტაბურ ღონისძიებებს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. იცით, რომ ავტობუსების პარკის განახლებასთან ერთად სანებართვო პირობების კონტროლის გამკაცრება დავიწყეთ სამარშრუტო ტაქსებზე. იქაც განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მიექცევა მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას...

უშუალოდ ტაქსებთან დაკავშირებით რეფორმის პირველი ეტაპის დასრულება რამდენ ხანში იგეგმება?

ახლა ზუსტად მაგას ვამბობდი. სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში სამწუხაროდ არ არსებობდა და ერთჯერად, სპონტანურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიიღებოდა გადაწყვეტილებები, ამ საკითხისადმი დამოკიდებულებას რადიკალურად ვცვლით და სამარშრუტო ტაქსების, B1 კატეგორიის რეგულირება სწორედ ამ სატრანსპორტო პოლიტიკაში შედის, რომელიც იდეურად თავის თავში რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის ეს არის მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის საკითხები, ასევე ტექნიკური დათვალიერება, რომელიც სხვა სამართლებრივი სივრცის ფარგლებში 19-დან ამოქმედდება. ეს ასევე არის ამ ქალაქის სახე. მეორე ეტაპზე გადასასვლელად ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური ფართო ჩართულობა საზოგადოების ყველა იმ წევრისა, რომელიც ამითაა დაინტერესებული. ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით სპეციალისტები და მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი გადაწყვეტილებით იქნება გადაგმული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მომდევნო ეტაპს ეხებოდეს დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ჩვენ დაახლოებით 4 წელზე გვაქვს გათვლილი რეფორმის მთელი მასშტაბი. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება რეგულაციასთან თუ  დამატებით მოთხოვნასთან, როდესაც იქნება მიღებული, ისე იქნება მიღებული, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ამოუდგეს მხარში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტრასპორტის ამ მიმართულებაში საქმიანობს. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს, უბრალოდ იქნება ისეთი მოდელი, რომელიც საქართველოსთვის იქნება ადეკვატური, ხოლო მეორეს მხრივ, გამოყენებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ადეკვატურია ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის. დღეს ითქვა და ამ დღეებში ისმის რაღაც ტიპის ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ტაქსების სექტორის რეფორმა არამც და არამც არ ისახავს მიზნად იმას, რომ ვიღაც უმუშევარი დარჩეს, ან ვიღაცას გაუძვირდეს გადასახადი. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ადამიანი მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით და ეგრეთ წოდებული მარშუტკით, ადამიანი უნდა იყოს უსაფრთხოდ გადაყვანილი ა-დან ბე-წერტილამდე და მან იცის ზუსტად, რას უნდა ელოდოს გადაყვანის ფარგლებში, რომ მაგალითად „მარშუტკა“ მას რუსთაველის მაგივრად არ წაიყვანს აეროპორტში. ასეთი ტიპის, ელემენტარულ ლოგიკურ მოთხოვნებზეა საუბარი სწორედ ტაქსების მიმართ, რომელშიც როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე ჩვენი დედაქალაქის სტუმრები ბევრად ძვრის იხდიან, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სეგმენტში.

თქვენ ახსენეთ მიკროავტობუსები. მიკროავტობუსები ამ ქალაქის ერთ-ერთი მტკივნეულ პრობლემაა, იმიტომ რომ გარკვეული დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონში მგზავრების გარკვეული პრეტენზიები ჩნდება ხოლმე. ამ მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თბილისის მერია?

დაახლოებით 2-3 კვირის წინ თქვენს ეთერშიც ვთქვი, რომ სამარშრუტო ტაქსების კომპანია, რომლებიც ჩვენი ნებართვის მფლობელები არიან, მათთან მოლაპარაკებებისა და მათი ძალიან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ გავამკაცრეთ კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე, კომპანია თვითონ გამოთქვამს მზადყოფნას და ძალიან გვეთანამშრომლება მათ შორის, სამარშრუტო ტაქსებში შიდა უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის კონტროლს მერია ძალიან აქტიურად აპირებს. თუმცა ამ ეტაპზე, იგივე ის საპილოტე მოდელი, რასაც ჩვენ სამარშრუტო კომპანიებისგან ვითხოვთ და ვთანამშრომლობთ მათთან ერთად 14 ქუჩაზე მოსაცდელებზე გაჩერების თაობაზე, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ 1-ლი მარტიდან ეს სქემა ძალიან წარმატებულად ამოქმედდება. შესაბამისად, რაც შეეხება კონდიციონერების საკითხს, სამარშრუტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გვაქვს და ამ საკითხებზე ვსაუბრობთ. ისინი ძალიან გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს, რომ მერია სანებართვო პირობებს მკაცრად გააკონტროლებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებაც უფრო კომფორტული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. თუმცა ჩვენთვის მაინც პრიორიტეტია ავტობუსების პარკის განახლება და უკვე იცით, რომ 100 ავტობუსით განახლდება ჩვენი ავტოპარკი მიმდინარე წელს, რადგანაც საყოველთაოდ ცნობილია, ბევრად კომფორტულია ისეთი დიდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, როგორიცაა ავტობუსი. თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სატრანსპორტო სქემის მოდერნიზებას ვგეგმავთ, მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალური პრიორიტეტი მიენიჭოს ავტობუსებს გადაადგილებას, რათა მეტად მიმზიდველი გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სეგმენტი.

არ შემიძლია არ გკითხოთ მეტროსადგურ ვარკეთილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. რა ეტაპზეა გამოძიება, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? ასევე, რამდენადაც ცნობილია, საკრებულოში დღევანდელ შეხვედრაზე სხვა მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესებითაც დაინტერესდნენ დეპუტატები. როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროექტში მოხვედრილი სხვა მეტროსადგურების დათვალიერება, არის თუ არა სხვა მეტროსადგურებში განსაკუთრებული ზომების მიღება საჭირო?

რაც შეეხება კონკრეტულად ვარკეთილის შემთხვევას, ვერ გეტყვით ზუსტად რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, რომ გავარკვიოთ რასთან გვქონდა საქმე კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა ვიცით, რომ არა მარტო ვარკეთილის შემთხვევაა, მანამდე იყო რაგბის მოედნის და ერთ-ერთი ახლად რეაბილიტირებული ბაღის თემა, რის შედეგადაც, დამატებით ვარკეთილის შემთხვევის შემდეგ მერმა მკაცრად დაავალა შესაბამის სამსახურებს და თავის მოადგილეებს, რომ ხარისხის კონტროლს ძალიან დიდი ყურადღება დაუთმონ. შესაბამისად, ამ ჩარჩოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკვე რეაბილიტირებული, დაპროექტებული, მიმდინარე და ჯერ არ დაწყებული მეტროსადგურების პროექტებთან მიმართებით დამატებით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს, რაც მიმდინარეობს და ჩვენ უმოკლეს ვადებში გვეცოდინება შედეგები, რომლის მთავარი მიზანია ისე მოხდეს შეკვეთა და შემდეგ განხორციელდეს თითოეული პროექტი, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ის ეფექტი, რომლის მიზანიც თითოეული ობიექტის რეაბილიტირებაა და რაც მთავარია, საერთოდ არ უნდა იყოს ფიქრი და არ უნდა გვქონდეს საქმე ისეთ უკუშედეგებთან, რაც სამწუხაროდ გვქონდა როგორც ვარკეთილის შემთხვევაში, ასევე რაგბის მოედნისა თუ ერთ-ერთი ბაღის შემთხვევაში.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები