17 თებერვალი 2018

რა შემთხვევაში დაკარგავენ უნივერსიტეტები ავტორიზაციას

ინტერვიუ განათლების ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელთან

თბილისის სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია გაუუქმდათ. ეს ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ სასწავლებლებში ფიქსირდება დარღვევები როგორც სასწავლო პროცესის, ისე ხარისხის მიმართულებით. სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას მხოლოდ ამ დაწესებულების სტუდენტებისათვის. აკრედიტაციის კომისიამ ასევე დაიწუნა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, GIPA-ს სამართლის პროგრამა. აკრედიტაციაზე უარი უთხრეს სასწავლებლის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამას. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესზე „მაესტროს“ კითხვებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ უპასუხა.
 

თბილისი
ფოტო: shutterstock.com

„ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ საკითხით დავიწყოთ. უფრო ზუსტად რომ განმარტოთ, ამ ორმა უმაღლესმა სასწავლებელმა რა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მიიღეთ მათთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება?

პირველ რიგში, ალბათ, უნდა აღვნიშნო, რა პროცედურის ფარგლებში დადგინდა ეს ხარვეზი. ეს არ იყო გეგმიური ავტორიზაცია, ეს იყო მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, რაც ნიშნავს, რომ კანონის შესაბამისად მონიტორინგის დროს გამოვიყენეთ ჯერ კიდევ ძველი სტანდარტები, იმიტომ რომ, კანონის გარდამავალი პერიოდია, რადგანაც გადავადდა საავტორიზაციო პროცესი, რომელიც ამას გულისხმობდა. ის მინიმალური სტანდარტებიც კი, რომელიც მანამდე მუშაობდა პერსონალის მიმართ, საგანმანათლებლო რესურსების და პროგრამების მიმართ, საკმაოდ უხეშად იყო დარღვეული. დარღვევები იყო თვითონ საგანმანათლებლო პროცესში. როგორც ექსპერტთა დასკვნებიდან იკითხება, ეს პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. არ იკვეთებოდა ჩვეულებრივი რეჟიმი, ასე ვთქვათ საგანმანათლებლო პროცესისა, რომელსაც ახორციელებს პროფესორ-მასწავლებლები, წვდომა რესურსებთან იყო ძალიან შეზღუდული. დასკვნაში აღწერილია, რომ ფიზიკურად საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებული იყო და არ ფიქსირდებოდა მათი გამოყენების არანაირი ფაქტები. პრობლემები იყო ფინანსურ მდგრადობასთან დაკავშირებით, ძალიან მყიფე იყო სტანდარტი ამ ნაწილში. საორგანიზაციო სტრუქტურა და კიდევ სხვა ადმინისტრაციული საკითხები, როგორც ისევ და ისევ დასკვნიდან იკითხება, საერთოდ ვერ პასუხობდა საგანმანათლებლო სპეციფიკის მოთხოვნებს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება საბჭომ, რომ ამ ორი დაწესებულებისთვის სხვადასხვა ხარვეზის გამო შეეჩერებინა ფუნქციონირება. ახლა რა ხდება შემდეგ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის სტუდენტების თემა. ჯამში ჩვენ საუბარი გვაქვს 500 სტუდენტზე, რომლებსაც ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი და მათთვის სასურველ სხვა სასწავლო დაწესებულებებში პროგრამების მიხედვით დროულად გადანაწილდნენ. უკვე იყო რამდენიმე ზარი, გვიწევს პასუხების გაცემა, თუმცა საკონსულტაციო რეჟიმი უკვე  ჩართულია. ამისთვის უკვე გამოყოფილნი არიან სპეციალურად ადამიანები ცენტრის ფარგლებში. ორშაბათს ვფიქრობთ, რომ გამოიცემა ბრძანება და ამის მიხედვით გავხსნით მობილობას მხოლოდ ამ სტუდენტებისთვის, რომ ისარგებლონ მათ რიგგარეშე მობილობით და ისინი შეძლებენ გადავიდნენ სხვა სასწავლებლებში. რა თქმა უნდა, კომუნიკაციაში დაწესებულებებთან და თვითონ ამ  წესებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავეხმარებით, იმიტომ რომ, ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა სტუდენტების ხელშეწყობაა.

ვიდრე იმ ახალ წესზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე 2018 წლიდან ამოქმედდა და რომლის ფარგლებში უმაღლესებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ 2 მარტამდე, მინდა გკითხოთ GIPA-ს თაობაზეც. საჯარო მმართველობის პროგრამამ ვერ გაიარა აკრედიტაცია და სასწავლებელს გარკვეული ეჭვები აქვს. შეგიძლიათ გვითხრათ, რასთან გვაქვს საქმე და რატომ შეიძლება იყოს ეს პროცესი საეჭვო?

რაც შეეხება ახალ სისტემას, ის ნამდვილად უკვე დამტკიცებული და ამოქმედებულია. ამ ახალი სისტემის ფარგლებში, რომელიც სრულად არის მორგებული ევროპულ სტანდარტებს და პროცედურებს, ასევე რეკომენდაციებს, რომელიც ასევე გახლავთ ბოლონიის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უკვე ხორციელდება, საპილოტე რეჟიმში ინსტიტუციები უკვე შეფასდა, შეფასდა ასევე 21 პროგრამული მიმართულება. უკვე ძალიან კარგი ინფორმაცია გვაქვს დაგროვილი, რომელიც გავუზიარეთ ჩვენს სასწავლებლებს და ამ ასე ვთქვათ, პილოტირების შედეგების მიხედვით უკვე ჩავატარებთ იმ მნიშვნელოვან ძირითად ტრენინგებს დაწესებულებებისთვის, რომელიც მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ უკეთესად მოემზადონ ახალი საავტორიზაციო რეჟიმისთვის.

რაც შეეხება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტზე შეკითხვებს პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, აქ ისევ და ისევ კითხვები უნდა დავსვათ პროგრამის ფარგლებში იმ შინაარსთან, რაზეც იმსჯელა საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. მაგალითად მე, შეკითხვას უფრო სხვა ჭრილში დავსვამდი. რატომ ვსაუბრობთ მარტო GIPA-ზე, როდესაც ეს პროცესები გამოიარა ძალიან ბევრმა ინსტიტუციამ და შეფასებული იყო უკვე 38 პროგრამა?!

იმიტომ რომ, აქ საუბარია იმაზე, რომ საბაკალავრო პროგრამა შეფასების 5 კომპონენტიდან 4-ს აკმაყოფილებდა და მხოლოდ 1 არ იყო სტანდარტის შესაბამისი.

კეთილი, მოგახსენებთ. აქეთ მივდიოდი მეც. 38 პროგრამის ფარგლებში 19-მა პროგრამამ მიიღო დადებითი შეფასება, 7-მა მიიღო პირობითი და 12-მა - საერთოდ ვერ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზების გამო. სტანდარტის ის ნაწილობრივი დაკმაყოფილება, რომელზედაც საუბრობენ, ხარისხობრივად იმდენად დაბალია სტანდარტთან შესაბამისობის ნაწილში, რომ საბჭომ ამაზე ძალიან ბევრი იმსჯელა, სხვათა შორის. ასევე ის ხარვეზები და გადაცდომები, რომელიც დაფიქსირდა, არ იყო იმ მსჯელობის დროს მიუღებელი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებისთვის და ისინი ყველა ხარვეზზე აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ გამოსასწორებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ახალი პროგრამა, მასზე სტუდენტები არ სწავლობდნენ, საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, უმჯობესია პროგრამა გაიმართოს თავიდანვე და ისე ჩაეშვას სისტემაში. თუმცა უკმაყოფილების გამოთქმის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს. უფრო მეტიც, ახალი წესებით გვაქვს ძალიან გამჭირვალე პროცედურები დაგეგმილი, მათ შორის სააპელაციო პროცედურები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ და უკვე მომართეს ამ საბჭოს. სააპელაციო საბჭოში აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები არიან, რომლებიც ამ თემას განიხილავენ და თუ მართლაც მისაღებია ის არგუმენტები, რომელსაც აყენებს მაგალითად საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ამ ეტაპზე, საბჭო უკვე არგუმენტირებულ პოზიციას დაუბრუნებს ისევ აკრედიტაციის საბჭოს განსახილველად. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს და სამუშაო პროცესია. მინდოდა ხაზი გამესვა იმ მომენტისთვის, რომ GIPA-ს წარმოდგენილი 4 პროგრამიდან 3-მა უკვე მიიღო სრული შესაბამისობა და ეს 1 პროგრამაა, რომელზეც მუშაობა გრძელდება. არავინ არ საუბრობს  და არ დასვამს კითხვას იგივე ჭრილში, შეკითხვები რა თქმა უნდა, ისმება, ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე იყო ხარვეზიანი და ზოგმა ვერ მიიღო აკრედიტაცია, ზოგმა კიდევ საერთოდ შეწყვიტა საქმის წარმოება იმისათვის, რომ პროგრამების უფრო გაუმჯობესებული ვერსიები წარმოედგინათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვებს უნდა მოვუნაცვლოთ ადგილი და გადავიტანოთ იქ, სადაც საჭიროა და პროგრამის შინაარსსა და იმ ხარვეზებზე ვისაუბროთ, რაზეც ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ სასწავლებელთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გამოვასწორებთ.  

არაგეგმიური შემოწმების პროცესი გაგრძელდება თუ არა? ასევე თქვენ ბრძანეთ, „ჰიპოკრატემ“ ის მინიმალური სტანდარტიც ვერ დააკმაყოფილა, გარკვეულ ჭრილში, რაც ძველი წესების მიხედვით იყო გათვალისწინებული და ამ ფონზე ფიქრობთ თუ არა, რომ ახალ სტანდარტებს გაუმკლავდებიან ქართული უმაღლეს სასწავლებლები, რომლებსაც უკვე 2 მარტიდან უნდა უპასუხონ?

არაგეგმიური მონიტორინგები და სასწავლო პროცესების შემოწმება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იმიტომ რომ, ნამდვილად არ არის შედეგის მომტანი ავტორიზაციის ციკლის დროს, რომელიც 6-წლიანი ციკლია, დაწესებულების მხოლოდ ერთხელ შემოწმდება. ამიტომ მონიტორინგები თავისთავად გაგრძელდება. რაც შეეხება დაწესებულების მზაობას, მე მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ვისაუბრო იმ ფაქტებით, რომელიც გაგვაჩნია და რა გამოცდილებაც, ასე ვთქვათ, საპილოტე შეფასებების დროს დავაგროვეთ, როცა ახალი სისტემით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მოვახდინეთ ეს შეფასებები. ძირითადი სურათი შემდეგნაირია: არის დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ სუსტი მხარეები, მაგრამ მათ ასევე გააჩნიათ ძლიერი მხარეები. მნიშვნელოვანია, რომ მათ ზუსტად კონცენტრაცია მოახდინონ იმ ძლიერ მხარეებზე, რომელიც გააჩნიათ და თავიანთი ნიშები დაიკავონ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ თუ ამ კონტექსტში ჩამოყალიბდებიან და შედგება, ასე ვთქვათ, შიდა სამუშაოები, ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან. მე ასევე მინდა ვისაუბრო ხარვეზებზე, რომელიც აღმოჩნდა თითქმის ყველა დაწესებულებაში, რომელიც ნაწილობრივ მენეჯმენტის თემებია, ნაწილობრივ - უფრო ადამიანური რესურსების. აქაც მინდა გითხრათ, რომ გაუკეთებელი და გამოუსწორებელი ხარვეზები არ არის, უბრალოდ დაწესებულებას მართლა მოუწევს მუშაობა ამ ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ძალიან კარგი ხელშეწყობა აქვთ ამ ეტაპზე ხარისხის ცენტრიდანაც კი. მაგალითად, შარშან სამინისტროს მიზნობრივი პროგრამიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა პილოტირებებში და იმ მხარდამჭერ ღონისძიებებში, რომელიც დაწესებულებებმა მიიღეს. წელსაც გრძელდება ანალოგიური ხაზი და ძალიან ბევრი საინტერესო და ვფიქრობ სასარგებლო ღონისძიებები და გადამზადების კურსები გვაქვს დაგეგმილი აკადემიური პერსონალის და ზოგადად უნივერსიტეტებისთვის.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები