19 თებერვალი 2018

რას ფიქრობს თურქეთის ბრალდებებზე და ქართული სახელმწიფოს ქმედებებზე

ინტერვიუ 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროცესს ჩაბუქის მეუღლე, ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გადაწყვეტილების გამოცხადებას ჩაბუქის ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც მას სხდომათა დარბაზის გარეთ ელოდებოდნენ, ტაშით შეხვდნენ. დემირელის სკოლის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. სულ ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა ჩაბუქმა „მაესტროს“ კითხვებს უპასუხა.
 

ფოტო: ნანუკა ქაჯაია

მადლობას გიხდით, რომ თქვენთვის ასეთ ემოციურ და სასიხარულო მომენტში გვითმობთ დროს და მთავარ კითხვებზე გვიპასუხებთ. თქვენი პირველივე განცხადება იყო ის, რომ ეს იყო პოლიტიკური პატიმრობა. რით ამტკიცებთ ამას? ბრალდება, რომელიც თქვენს წინააღმდეგაა წაყენებული, უსაფუძვლოა?

პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით პატივისცემით. 9 თვე პატიმრობაში ვიყავი, დღეს კი თავისუფალი ვარ. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მე გახლავართ მასწავლებელი და მხოლოდ განათლებით ვარ დაკავებული. 15 წელია საქართველოში განათლების სფეროში ვმოღვაწეობ. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში შევიძინე უამრავი მეგობარი - ათასობით მოსწავლე, მათი მშობელი. ამ ხნის განმავლობაში ჩემს მოსწავლეებს ვასწავლიდი მხოლოდ მშვიდობას, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას. 15 წლის განმავლობაში ჩემი საქმიანობა სწორედ ამის დამადასტურებელია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემმა ამ 15-წლიანმა საქმიანობამ, როგორც ქართველი ხალხის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არც ერთი ტერორისტული ორგანიზაციისათვის მხარი არ დამიჭერია, არც ერთი ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ. ჩემ წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება არის უსამართლო და მე გახლდით პოლიტიკური პატიმარი. ეს არა მხოლოდ საქართველოში გახდა ცხადი, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომაც მე ვგრძნობდი მხარდაჭერას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, ჩემი პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში, მხარს მიჭერდა და მხარს უჭერდა ჩემს ოჯახს. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მოსწავლეებს, ჩემს თანამშრომლებს, მთელ ქართველ ხალხს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სახალხო დამცველს და ევროპარლამენტის წარმომადგენელს, ქალბატონ რებეკა ჰარმსს. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ, მასმედიის წარმომადგენლებს იმიტომ რომ, ეს პროცესები გააშუქეთ დამოუკიდებლად და სამართლიანად. დიდი მადლობა.

გმადლობთ, ჩვენი მუშაობის ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ დავუბრუნდეთ თქვენ წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას. თუ თქვენ არანაირი კავშირის არ გქონიათ ამ ორგანიზაციასთან, მაშინ რას ეყრდნობა დღეს თურქეთის პროკურატურა?

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი, ურთიერთობა არ მაქვს. მოგახსენეთ, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრალდება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ხასიათისაა. ჩემ წინააღმდეგ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არანაირი მტკიცებულება, არანაირი დოკუმენტი არ არის იმის დამადასტურებელი, რომ მე გახლავართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და რაიმე ტერორისტული ქმედება ჩამიდენია.

რატომ არ ცდილობთ, რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ თურქეთის სასამართლოში, რასაც ითხოვს რეალურად თურქულ მხარე? 

ჩემს წინააღმდეგ წარმოდგენილი საბუთები არის უსაფუძვლო. მე ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ტერორიზმითაა დაკავებული და ვისაც უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვს ხელები გასვრილი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. 15 წელია მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, როდესაც თურქეთში იყო გადატრიალების მცდელობა, მე ფიზიკურად საქართველოში ვიყავი და მე მბრალდება ის დანაშაული, რომელშიც არანაირი ფორმით მონაწილეობა არ მიმიღია.

რატომ არ გაქვთ იმედი, რომ სიმართლეს დაამტკიცებთ თურქეთში? გასაგებია, თქვენ თავი უდანაშაულოდ მიგაჩნიათ, რატომ არ გინდათ, რომ თურქეთის სასამართლოს დაუმტკიცოთ ეს?

მე, რა თქმა უნდა, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად შემიძლია ბრძოლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თურქეთში არ იქნება ჩემს მიმართ სამართლიანი სასამართლო, ამიტომ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ თურქეთში ჩემი ექსტრადიცია მოხდეს.

მოდით ქართული სახელმწიფოს ქმედებებზე ვისაუბროთ. როგორ აფასებთ მთელ ამ პროცესს, რომელმაც ჩაიარა? სამართლიანი იყო თუ არა თქვენ მიმართ სასამართლო და ის სახელმწიფო უწყებები, ვისთანაც თქვენ შეხება გქონიათ?

მე 9 თვეა დაკავებული ვარ და მგონია, რომ უსამართლო ოყო ის, რომ 9 თვე საპატიმროში გავატარე.

სასამართლოს მთავარი გადაწყვეტილება წინააა. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა თქვენი ექსტრადირება თურქეთში და შემდეგ იქნება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება. გაქვთ მოლოდინი, რომ საქართველოში დაგტოვებენ?

რა თქმა უნდა, სამართლებრივი პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება და სასამართლო გადაწყვეტილებამდე ჩემს იურისტებთან, ადვოკატებთან ერთად გავაგრძელბ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ჩემი სიმართლე დამტკიცდეს.

როგორი მოლოდინი გაქვთ, გადაწყვეტილება თქვენ სასარგებლოდ იქნება თუ არა? პროცესების დროს თქვენ რა შთაბეჭდილება გექმნებათ, მოსამართლე, ასე ვთქვათ, თქვენს მხარესაა? მას ესმის თქვენი არგუმენტების?

ჩემი მოლოდინია ასეთი: მჯერა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო იზეიმებს, მჯერა, რომ  გადაწყვეტილება ჩემს საწინააღმდეგოდ არ იქნება მიღებული და ჩემი თურქეთში ექსტრადირება არ მოხდება.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები