რა შეიცვალა კანონდამრღვევი მშენებლებისათვის
ვიცემერი ჯარიმების ახალ წესს განმარტავს
სამშენებლო კომპანიებს დარღვევებისათვის დედაქალაქსა და დანარჩენ საქართველოში სახელმწიფო სხვადასხვაგვარად მოსთხოვს პასუხს. თბილისში სასჯელი მკაცრი იქნება, - ეს საკითხი დღის წესრიგში დედაქალაქის მერმა დააყენა. შესაბამისად, ამ ეტაპზე თბილისში ჯარიმაც და სხვა ტიპის სანქციებიც იქამდე ამოქმედდება, ვიდრე მთავრობა ერთიან პოზიციებს შეაჯერებს და მთელ ქვეყანაში ერთი მიდგომა იმოქმედებს. სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების თანახმად თბილისში მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე კომპანიას 30 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ეს ინიციატივა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე გაახმოვანა. მენაშენეთა ასოციაცია, სადაც 50-მდე სამშენებლო კომპანიაა გაერთიანებული, ცვლილებებს დადებითად აფასებენ, თუმცა მერს ურჩევენ საკითხს უფრო კომპლექსურად შეხედოს. მშენებლები მიიჩნევენ, რომ სანქციის ახალი ფორმა გადამეტებული არ არის, თუმცა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მხოლოდ მშენებელს არ უნდა ეკისრებოდეს, რადგან შესაძლოა თავად მუშამ დაარღვიოს ეს მოთხოვნა. სანქციების გაზრდის პარალელურად მერია ზედამხედველობის სამსახურის რებრენდიგსაც გეგმავს. მშენებლებისა და ცვლილებებს ავტორებისგან განსხვავებით ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში კორუფციის ზრდის რისკებს ხედავენ საკრებულოს ოპოზიციაში. პროფკავშირები კი მიიჩნევენ, რომ რეგულაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს. ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტს დაემატება, რომელსაც მიმდინარე კვირაში კანონმდებლები მეორედ მოისმენენ. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ უპასუხა.
ფოტო: shutterstock.com
ჩვენ ახლა გარკვეული ეჭვები მოვისმინეთ, როგორც პროფკავშირებისგან, ისე ოპოზიციისგან და მარტივად გკითხავთ, ჯარიმების გაათმაგება რატომ არის ამ შემთხვევაშ გამოსავალი?
ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ახლა. ქვეყანაში ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მშენებლობების რაოდენობა, განსაკუთრებით თბილისში და იცით, რომ ზოგადად მშენებლობების მასშტაბიც გაზრდილია. ბოლო ტენდენციების თუ შევხედავთ სართულიანობა უფრო და უფრო მომატებულია, შესაბამისად უფრო და უფრო მწვავედ დგება საერთოდ მშენებლობების უსაფრთხოების საკითხები. ჩვენთვის საზოგადოებრივი დაკვეთა ნამდვილად არის ის, რომ დავამკვიდროთ ქალაქში უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე დღეს გვაქვს. შესაბამისად, ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი. ამისთვის საჭიროა, ერთის მხრივ არსებობდეს წესი და რეგულაცია, რომელიც მისცემს კონკრეტულ მითითებებს მშენებელ კომპანიებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს და მეორეა ამ წესების შესრულება. მთელი საზოგადოება ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ წესების შესრულება საჭიროა. ჩვენს ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს წესების შესრულების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში შეგვეძლოს მუშაობა.
თქვენვე ამბობთ, რომ საჭიროა ყველა შევთანხმდეთ, ამის კულტურა თუ ნება უნდა არსებობდეს. სწორედ ამიტომ გკითხეთ, მხოლოდ ჯარიმის გაორმაგება თუ გაათმაგება რატომ მიგაჩნიათ გამოსავალად? თუმცა, ცხადია, გეთანხმებით, რომ აუცილებელია ქმედითი ბერკეტების გამოყენება, რომ ის მძიმე შედეგი და სურათი არ გვქონდეს, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც დედაქალაქში რაც არსებობს.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ ჯარიმის გაზრდა და გაათმაგება მოგვცემს შედეგს. რა თქმა უნდა, საჭიროა სათანადო მონიტორინგი. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ერთის მხრივ, საჭიროა არსებობდეს ეს წესები და მეორეს მხრივ, ეს წესები რომ სრულდებოდეს. მე გეტყვით ერთ რამეს, როდესაც ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დაბალია, ხშირ შემთხვევებში წესის დარღვევა უფრო ხელსაყრელი და მიზანშეწონილია მშენებლისთვის, ვიდრე მისი შესრულება, ასეთი პრაქტიკა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. შესაბამისად, უნდა შევქმნათ სათანადო სტიმულატორები და მოტივატორები მშენებლებისთვის, რომ წესები უნდა შესრულდეს. მეორე საკითხია, როგორ განხორციელდება ამის ზედამხედველობა. დღეს ამ თემაზეც გაისმა რამდენიმე კითხვა და მე გეტყვით, რომ მერიას ჰყავს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომლის რესურსიც კიდევ უფრო გაძლიერებულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში და ეს გაძლიერების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, საუბარია ზედამხედველობის რებრენდიგზე და ალბათ ეს თემაც კიდევ უფრო აქტუალური გახდება, იმისთვის, რომ მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენ მონიტორინგის რამდენიმე საფუძველი გვაქვს, როდესაც ხდება გამოძახება, როდესაც ხდება საჩივრის დაწერა, როდესაც ხდება გეგმიური შემოწმება ობიექტის. არც ერთმა მშენებელმა არ იცის როდის შევა მასთან შემმოწმებელი, აქიდან გამომდინარე ჯარიმის ოდენობის გაზრდა ადეკვატური და თავსებადი ინსტრუმენტია მთლიან კონცეფციასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების მაღალი ხარისხით შესრულება.
22 თებერვლიდან უკვე უნდა ამოქმედდეს ახალი რეგულაციები. ფაქტობრივად, ძალიან ცოტა დრო დარჩა და რამდენად შეიძლება იმ კომპანიებმა, რომლებიც უკვე არიან ბაზარზე და ეწევიან საქმიანობას, ობიექტებზე, რომელიც მშენებლობის პროცესშია, მოასწრონ ამ ზომებისთვის მზადყოფნა, რომ ამ დიდ ჯარიმებს აცდნენ?
22 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის ახალი სტრუქტურა და ახალი მოდელი. ჯარიმების ამოქმედება 22 თებერვლიდან ფიზიკურად ვერ მოესწრება, იმიტომ რომ, პარლამენტშია განსახილველი, ჯერ მეორე მოსმენით უნდა გავიდეს, შემდგომში საკომიტეტო განხილვები იქნება და მესამე მოსმენა. აქიდან გამომდინარე, იმის ადეკვატური დრო, რომ მშენებლებმა გარკვეულად ადაპტირება მოახდინონ ახალ გარემოებასთან, ეს შესაძლებელია. თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ წესები არ შეგვიცვლია. უსაფრთხოების წესები იგივე რჩება, ჩვენ გავზარდეთ ჯარიმის ოდენობა. უფრო სწორად, ჯერ არ გაგვიზრდია, ინიცირებულია ეს წინადადება პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს. ეს არის ცვლილება მხოლოდ ციფრებში, არანაირი წესის ცვლილება არ ხდება, მშენებლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვა აქამდეც ევალებოდათ და ამის შემდეგაც დაევალებათ იგივე წესით და იგივე სტანდარტით. ჩვენ ახლა ახალი წესების შემოღებით არ დავკავებულვათ, უბრალოდ უფრო მეტად მოვთხოვეთ მათ ამ წესები შესრულება. აქიდან გამომდინარე, თუ ვინმე აქამდე არ ზრუნავდა უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ეს შეუძლია მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, იმიტომ რომ, ჯარიმა გაცილებით უფრო მაღალი იქნება.
პროფკავშირებიც ამბობენ, რომ მათი სურვილია ჩაერთონ ამ პროცესში. რამდენად გქონდათ მერიის წარმომადგენლებს მათთან კომუნიკაცია ან გექნებათ ამ მიმართულებით?
ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი დისკუსია და ზოგადად, კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიხარია ის, რომ ჩვენს შორის არსებობს ურთიერთგაგება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თქვენს სიუჟეტშიც ვისმენდი კომენტარებსაც, როდესაც ყველა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ეთანხმება, რომ უნდა გაძლიერდეს და უფრო უნდა გაიზარდოს სანქციები უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან მიმართებით. მიხარია ისიც, რომ მათ გააჩნიათ იმის მზაობა, რომ კიდევ უფრო აამაღლონ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების გაცილებით მაღალ სტანდარტს.
ოპოზიცია მაინც აქცენტს აკეთებს კორუფციის საფრთხეზე. დედაქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ აქ რაიმე კორუფციული გარიგებები გამორიცხულია?
მე ასეთ რაღაცას ვიტყვი. ჩვენ დღეს არ შემოგვიღია ჯარიმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა და თუ ეს წარმოშობს კორუფციის რისკს, შეიძლება ითქვას, რომ აქამდეც არსებობდა მაშინ. ჩვენ არასოდეს არ ვართ არაფრისგან დაზღვეულები, უბრალოდ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, პრევენცია უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შედეგები არ მივიღოთ. უნდა გავაძლიეროთ შიდა მონიტორინგის სისტემა, უნდა მუშაობდეს სამშენებლო ობიექტების მონიტორინგისა და ზედამხედველობის უფრო ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ასეთი შემთხვევების რისკს. თუმცა, სამწუხაროდ, წარსულშიც დაფიქსირებულა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, მხედველობაში ახლა არ მაქვს ზედამხედველობის სამსახური, არამედ სხვა მიმართულებები, ამას მერიის მხრიდან მოჰყოლია სათანადო რეაგირება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ დავაყოვნებთ რეაგირებას და კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მყისიერი და დაუყოვნებლივი იქნება ჩვენი რეაგირება, რა თქმა უნდა, ძალოვან სტრუქტურებთან ერთად.
ვიდეო


