რა ეტაპებს მოიცავს დედაქალაქის საბიბლიოთეკო რეფორმა
ინტერვიუ კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან
თბილისის მერია დედაქალაქში ბიბლიოთეკების მოდერნიზებას გეგმავს. ლაპარაკია გეგმაზე, რომელიც ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას, თანამშრომლების ტრენინგს, ბიბლიოთეკარების ტესტირებას და სხვა სიახლეებს გულისხმობს. ამ ეტაპზე დედაქალაქში სულ 36 ბიბლიოთეკაა და ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევათ მათ განახლების შემდეგ. იმ ფაქტს, რომ ბიბლიოთეკები სარემონტოა, იქ მომუშავე პერსონალიც ადასტურებს, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ამის გამოსასწორებლად სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. ბიბლიოთეკარები თვლიან, რომ გადამზადებაც და ტესტირებაც მხოლოდ ფორმალური ნაწილია. ისინი მოდერნიზების გეგმას სკეპტიკურად უყურებენ. მიაჩნიათ, რომ ამას ბიბლიოთეკების დახურვა მოჰყვება და ისინი სამსახურს დაკარგავენ. ოპოზიციაში უკვე გაჩნდა გარკვეული ეჭვები. „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ იგეგმება 36 ბიბლიოთეკიდან 20-ის დახურვა და ამ ყველაფრის უკან კერძო პირების ბიზნეს ინტერესები დგას. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა სოფო ხუნწარიამ უპასუხა.

ფოტო: shutterstock.com
საინტერესოა ყველა დეტალი, რომელიც თქვენს გეგმას უკავშირდება, მაგრამ დავიწყოთ ამ სკეპტიკური დამოკიდებულებით. ოპოზიციის განცხადებები გასაგებია, მაგრამ მოვისმინეთ ბიბლიოთეკარების პოზიციაც, რომ არ იციან რა იქნება და პირველი, რისიც ეშინიათ, არის ის, რომ დაკარგავენ სამსახურს.
პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო თქვენს კითხვას, რომ თითქოს ბიბლიოთეკარებმა არ იციან რა მოხდება. ზუსტად 4 დღის წინ შევხვდი 36-ვე ფილიალის დირექტორს, ძალიან დეტალურად ავუხსენი მათ ყველა ეტაპი, თუ როგორ გავივლით ამ ეტაპებს სწორედ მათთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები და ქალაქ თბილისის ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი პროფესიონალია დასაქმებული და დღეს კიდევ ერთხელ, მას შემდეგ რაც გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა იგეგმება ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია, მე დილით 10 საათზე შევხვდი ასევე ბიბლიოთეკარებს. გული დამწყდა, რომ მათ შორის არ იყო რამდენიმე ბიბლიოთეკარი. ისინი უბრალოდ არ მოვიდნენ, რომ თავიდან მოესმინათ ჩემი განმარტება ამასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკარების უმრავლესობამ გაიგო თუ რა პროცედურები გვაქვს წინ და ვთანხმდებით გარკვეულ ეტაპებზე იმისათვის, რომ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ იმისათვის, რომ მივიღოთ მოდერნიზებული ბიბლიოთეკები.
სანამ მოგვიყვებით, როგორი იქნება ეს მოდერნიზებული ბიბლიოთეკები, ოპოზიციის ეჭვზეც გვიპასუხეთ, რომ არსებობს გარკვეული კომერციული ინტერესი. აქ ლაპარაკია ფართებზე, რომელიც შეიძლება იყოს ვიღაცისთვის საინტერესო კერძო სექტორში.
ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. რაც მე ქალაქ თბილისის მერიაში მოვედი ორჯერ შემხვდა ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც დაინტერესებული იყო დადიანის ქუჩაზე არსებული ბიბლიოთეკით. საკმაოდ პატარა ფართია ის ბიბლიოთეკა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ, ელემენტარულად არ იგეგმება ბიბლიოთეკის გაყიდვა, არამედ იგეგმება ბიბლიოთეკის მოდერნიზება. სწორედ დადიანის ქუჩაზე იგეგმება ერთ-ერთი პრესტიჟული, საიმიჯო ბიბლიოთეკის გაკეთება.
როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ბიბლიოთეკა? დღეს, ამ ციფრულ სამყაროში ვინ უნდა მივიდეს იქ, რატომ უნდა მივიდეს?
სანამ მივალ იქამდე, როგორი იქნება ჩვენი ბიბლიოთეკები, მინდა ეტაპები გავშალოთ, თუ რა ეტაპები გვექნება ჩვენ 3 თვის განმავლობაში. თუ როგორ უნდა მივიდეთ საბოლოო შედეგამდე. პირველ რიგში მინდა ვახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მოსაწესრიგებელი, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი წელია ქალაქ თბილისის ბიბლიოთეკა არის კულტურის სამინისტრო სსიპ-ი, ხოლო მას წლების განმავლობაში აფინანსებს ქალაქ თბილისის მერია, რაც მოგეხსენებათ, რომ გაუმართავი სამართლებრივი ფორმაა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში შეიქმნება აიპი, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელშიც გაერთიანდება. როგორც ქალაქ თბილისის ბიბლიოთეკები, ასევე მედიათეკები. ქალაქს 3 მედიათეკა აქვს და მედიათეკა აპრიორი თავის თავში გულისხმობს ბიბლიოთეკას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, დღეს ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 2 ბიბლიოთეკაა სრულად გარემონტებული და სრულად აღჭურვილი, თუმცა გარკვეულ შეფუთვას ისიც საჭიროებს. 4 ბიბლიოთეკას აქვს გარკვეულწილად სარემონტო სამუშაოები ჩატარებული მინიმალულ დონეზე და დანარჩენი ბიბლიოთეკები არის უმძიმეს ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი წიგნზეც ვრცელდება, იმიტომ რომ ჩვენ ელემენტარულად არ გაქვს კონკრეტული მიკროკლიმატი, რომ წიგნების ფონდი გვქონდეს დაცული. ძალიან ბევრ წიგნს დღეს სოკო აქვს გაჩენილი და ბუნებრივია, ეს თემაც უნდა იყოს აღმოფხვრილი და მოწესრიგებული. რაც შეეხება თანამშრომლების ღელვას...
ტრენინგი რას გულისხმობს, ესეც გვითხარით.
კი ბატონო, მოვყვები ამ ყველაფრის შესახებ. მიკვირს მათი ღელვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რომ კულტურის სამინისტროს დაეწყო ლიკვიდაციის პროცესი, ჩვენ პირდაპირ დაგვეფუძნებინა აიპი და პირდაპირ დაგვეწყო თანამშრომლების აყვანა ახალ აიპი-ში. ჩვენ ასეთ პროცედურაზე უარი ვთქვით, პირიქით, ცოტა გრძელვადიანად შევხედეთ ამ პროცესს იმისათვის, რომ თითოეულ თანამშრომლის სურვილი ყოფილიყო გათვალისწინებული და მათი უფლებები ყოფილიყო დაცული სრულად. შესაბამისად, ჩვენ საკითხს ამგვარად მივუდექით, რომ ბიბლიოთეკართა ასოციაციასთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად თვენახევრის განმავლობაში, მთლიანობაში მათ 2 თვე ექნებათ საშუალება, რომ კონკრეტული ტესტირებისთვის მოემზადონ. მოხდება მათი დატრენინგება იმ საქმეში, რომელიც მათ ისედაც უნდა იცოდნენ, იმ საკითხებში, რომელიც მათ ისედაც ევალებათ, რომ იცოდნენ. ეს არის საბიბლიოთეკო საქმის შესახებ კანონი და ბიბლიოთეკარის პროფესიული სტანდარტი. ბუნებრივია, შესაძლოა იქ კითხვები იყოს დამატებით, ასე ვთქვათ, იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიოთეკას უკავშირდება. ჩვენ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მათთვის დავუშვათ, უნარები, ქართული ლიტერატურა და მათაც ჩაებარებინათ მსგავსი ტიპის ტესტები, მაგრამ შევჯერდით, რომ გვექნება მხოლოდ საკითხები იმასთან დაკავშირებით, რასაც ისინი დღეს აკეთებენ და საქმიანობენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადამიანები ტესტირებამდე კომფორტულად მოსულიყვნენ, გადაემეორებინათ, ასე ვთქვათ, ის საკითხები, რომელიც მათ ეხებათ და ალბათ, დაახლოებით აპრილის ბოლოს ტესტირება ჩატარდება. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც გადალახავს ბარიერს და გაივლის ტესტირებას, იქნება ეს 340 ადამიანი, იქნება 300, 200 თუ რამდენიც, აბსოლუტურად ყველა შეინარჩუნებს თავის ადგილს და უკვე ახალ აიპი-ში იქნება ის აყვანილი.
მოდით გვითხარით, თუ არსებობს თანამედროვე ბიბლიოთეკის კონცეფცია?
მინდა დავამატო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი. ჩვენ გვყავს ხანდაზმული ადამიანებიც, შეიძლება ითქვას უხუცესებიც, რომლებიც ძალიან ბევრი წელია მუშაობენ ბიბლიოთეკაში. მესმის, რომ შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა უარით თქვას ტესტირებაზე გამოსვლაზე. შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ, მათი გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ მათ ნამდვილად გადაარჩინეს წიგნები და მოგვიტანეს დღეს და წიგნის საპატიო მცველი, ასეთი სტატუსი იქნება, ასეთ შტატი შეიქმნება საბიბლიოთეკო სისტემაში. ჩვენ ეს ქალბატონები ძალიან გვჭირდება და ბუნებრივია, გვერდით გვეყოლებიან.
ძალიან კარგია, რომ ზრუნავთ ამ თანამშრომლებზე, მაგრამ დამეთანხმეთ, თუ არავინ არ ისარგებლა ბიბლიოთეკით, ეს ზრუნვა აზრს მოკლებულია.
ბუნებრივია, დღეს ბიბლიოთეკებით სარგებლობენ. თუმცა უმჯობესი იქნება, მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. ჩვენ გვაქვს თითოეული ბიბლიოთეკის მონაცემი, თუ რამდენი ადამიანი წლის მანძილზე დადის ბიბლიოთეკაში, თუ ძირითადად რისი გამოთხოვნა ხდება და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკა არც ისე სახარბიელოა ამ მიმართულებითაც. ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები კვლავ შევაბრუნოთ ბიბლიოთეკებში და ბიბლიოთეკები მოთხოვნადი გახდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული სერვისების დანერგვა. ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვართ, თანამედროვე გამოწვევები გაქვს და რასაკვირველია, ეს ბიბლიოთეკები უნდა იყოს სრულად მულტიმედიური. ასევე დამატებით წიგნების ფონდი უნდა შეივსოს.
საინტერესოა, ახალი გამოცემები შედის ბიბლიოთეკებში?
ბუნებრივია, ახალი გამოცემები შედის ბიბლიოთეკებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მეტი შევიდეს. პლუს, დამატებით სერვისებზე გავამახვილებ ისე და ისევ ყურადღებას, იმიტომ რომ, იქ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, უნდა შეიქმნას ელქტრონულ სისტემაზე მორგებული გარკვეული სერვისები და ასე შემდეგ. ის, რითიც სარგებლობენ დღეს ჩვენი ახალგაზრდები და რითიც ჩვენ შეგვიძლია ეს ახალგაზრდები დავაახლოვოთ კონკრეტულად წიგნს. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან ბიბლიოთეკებში, იმიტომ რომ, დღეს თუნდაც გარემონტებულ ბიბლიოთეკაში, სადაც დგას პრაქტიკულად სკოლის მერხი, ჩვენ ახალგაზრდას სკოლის მერხთან ვერ დავაბრუნებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია შევქმნათ სწორი გარემო, სწორად გადავფუთოთ ეს ბიბლიოთეკები იმისათვის, რომ მეტი და მეტი მკითხველი მოვიდეს. ეს არის ჩვენი სტრატეგია.
თუ სწორად მესმის, თქვენი გეგმა გარკვეულწილად გულისხმობს, რომ უნდა გაფართოვდეს ბიბლიოთეკების დატვირთვა, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ წიგნია, იქ სხვა ტიპის კომუნიკაციაც შეიძლება შედგეს?
ბუნებრივია, წიგნი იქნება მნიშვნელოვანი ღერძი ამ სისტემის, იმიტომ რომ, ეს არის ბიბლიოთეკა და ჩვენ წიგნებთან უნდა ვიმეგობროთ და არა ვუმტროთ. ჩვენ არ ვართ წიგნის მტრები და მებრძოლები, მაგრამ, ასე ვთქვათ, ასევე უნდა იყოს კულტურული დატვირთვის ობიექტები, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით იმუშავებს. ჩვენ სულ 10 რაიონი გვაქვს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეულწილად ჩვენს რაიონებში იყოს დატვირთული კულტურული ცხოვრება, არ გვაქვს ბევრი კულტურული ობიექტები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბიბლიოთეკებმა გარკვეულწილად ეს ფუნქციაც უნდა მიიღონ და შეითვისონ წიგნთან ერთად. ბუნებრივია, ჩვენ ამ ღონისძიებებით წიგნთან უნდა მივიდეთ აუცილებლად.
მაინც გამოდის, რომ ახალგაზრდებზე იქნებით ორიენტირებულები?
არა, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მკითხველი, უხუცესები, რომლებიც მაგალითად პრესით არიან დაინტერესებულები. ამ მიმართულებითაც საინტერესო კონცეფციას ვამუშავებთ, რომ მეტად კომფორტულად იგრძნონ მათ ამ გარემოში თავი. მნიშვნელოვანია თითოეული მკითხველი და არა ასაკობრივი კატეგორია ჩაშლილი. თუმცა წიგნის სიყვარული, მოგეხსენებათ, რომ ბავშვობიდან იწყება, შესაბამისად, ჩვენ ბავშობიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა, თუ როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბიბლიოთეკას, წიგნს და ამ გარემოს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის მკითხველი, რომელიც დღეს ბიბლიოთეკაში დადის. ასევე დავამატებ, რომ გვაქვს რაიონები, სადაც ერთი ან ორი ბიბლიოთეკა არ იქნება საკმარისი. შესაბამისად, 3-4 წლის განმავლობაში გაიწერება გეგმა, უკვე ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, სადაც დაემატება კიდევ ასევე მულტიფუნქციურ სივრცეში გათვალისწინებული ბიბლიოთეკები იმისათვის, რომ ჩვენ ყოველ რაიონს, უბანს შევწვდეთ და სრულად მივიღოთ დატვირთვა, რომელიც მოთხოვნადი იქნება.
ვიდეო