რა იცის ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე
ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გახდა. ის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს დააკავა 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში ცემით მოკლეს. სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობაა. საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას მოითხოვს, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებიდან ითქვა, რომ ექსპერტიზაა ჩასატარებელი, ამიტომ ცხედარს ორშაბათს ან სამშაბათს გადმოასვენებენ. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით გამოძიება დაიწყო. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე, რომელიც დღეს გაათავისუფლეს, თუმცა მათ საბუთები ჩამორთმეული აქვთ და ოკუპირებულ ტერიტორიას ვერ ტოვებენ, თან ცხინვალის რეჟიმის თქმით, ისინი ჯერ უნდა დაკითხონ. ტატუნაშვილის ოჯახი წილკანში ცხოვრობს. გახალგორის გამგებლის თქმით, ტატუნაშვილი 2008 წლის ომში არ მონაწილეობდა, რადგან იმ დროს ერაყის მისიაში იყო. თემაზე „ქრონიკის“ კითხვებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უპასუხა.

პირველ რიგში, გვაინტერესებს, თქვენ, თავად მინისტრი რა ინფორმაციას ფლობთ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე?
ამ სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რა თქმა უნდ, ჩართული ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ყველა შესაძლო მექანიზმით, იმისათვის, რომ ერთის მხრივ, დადგინდეს ძალიან ბუნდოვანი გარემოებები, რომელზეც არის მინიშნებები ოსური და რუსული მედიით გავრცელებულ ცნობებში, რომ თითქოს ეს გახდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი და მეორეს მხრივ, რაც ძალიან პრიორიტეტულია დროში, ეს არის სწორედ ის, რაზეც თქვენ სიუჟეტში საუბრობდით, რომ მისი ცხედარი იქნას გადმოსვენებული და მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ექსპტერტიზა. გუშინ ჩვენს მოთხოვნაზე, რომ ექსპერტი შეეშვათ იქ და ადგილზე ჩატარებულიყო ექსპერტიზა, უარი მივიღეთ. შემდგომი მოთხოვნა გახლავთ ის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხერხდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული პირობა, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეების კომუნიკაციითაც, რომ ეს მოხდებოდა გუშინვე ან დღეს. ეს პირობა ამ წუთამდე არ არის შესრულებული. ასევე, რა თქმა უნდა, დროში ძალიან პრიორიტეტული ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. როდესაც ჩვენ ვითხოვთ გათავისუფლებას, შესაბამისად ჩვენი პარტნიორების, ცხელი ხაზის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქ იგულისხმება ის, რომ მათ მიეცეთ საშუალება გადმოსვლისა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ისინი ამჟამად იმყოფებიან ახალგორში და სახელდება სრულიად გაუმართლებელი რაღაც მიზეზები, ეგრეთ წოდებული გამოძიების საჭიროებასთან დაკავშირებით, რათა გაჭიანურდეს დრო და არ მიეცეთ შესაძლებლობა გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თქვენ ეთერში ჩართვამდეც მეც, რა თქმა უნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, ყველა შესაბამისი სტრუქტურა ვართ მუდმივ კომუნიკაციაში ჩართულები, რომ ეს ამოცანები იქნას მიღწეული. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტის შეფასებას, მე ამაზე გუშინაც ვისაუბრე, გაკეთდა არაერთი განცხადებაც.
გუშინ გაკეთდა განცხადებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით. პრეზიდენტმა გუშინვე პირდაპირ განაცხადა, რომ ეს იყო მკვლელობა. სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი წყაროს მიერ მიწოდებული ცნობით, გარდაცვლილს აღენიშნებოდა დაზიანებები და საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ამ დეტალების საქმის კურსში თუ ხართ თქვენ, ან რაიმეს დამატება თუ შეგიძლიათ?
ის სურათი, რომელიც იკვეთება არის აშკარა და შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი, რა მუხლებითაც აღიძრა საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, ზუსტად ამის გამოძახილია, ჩვენი პოზიციისა და ხედვისა. ტატუნაშვილი და ჩვენი ორი სხვა მოქალაქე დააკავეს სრულიად უკანონოდ. ტატუნაშვილის მიმართ გამოიყენეს ძალა და ეს დასტურდება მათ შორის, იმ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციებში. ამის შემდგომ მოხდა მისი გარდაცვალება. ფაქტობრივად, დიახ, მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს. ბუნებრივია, აქ შეიძლება იყვნენ კონკრეტული პირები, ვინც ამ ყველაფრის მონაწილეები არიან, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აშკარაა. ის, რაც ხდება დღეს, გაჭიანურება ცხედრის გადმოსვენების, დაკავებული პირების გადმოცემის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძიმებს და ამძაფრებს ამას. ვერსიები, რომელიც გავრცელდა მათი მედიით, სხვათა შორის, თვითონვე იყო წინააღმდეგობრივი ის გარემოებები, რაც სახელდებოდა გარდაცვალების მიზეზად.
რომელს გულისხმობთ? დივერსიული აქტის მოწყობაზე იყო ერთ-ერთი მინიშნება, რომ ის თითქოს ქართული სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა გარკვეულწილად.
მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი რაღაც ალოგიკური ეგრეთ წოდებული ბრალდებაა. ვიცით, რომ ეს ადამიანი და ოჯახიც ამას ადასტურებს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გადადიოდა ახალგორში, ეწეოდა პატარა საქმიანობას მისი ოჯახისათვის და ამდაგვარი პრობლემა, რაიმე ტიპის შეფერხება მას არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ის, რომ რაღასაც აპირებდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. მოხდა მისი უკანონოდ დაკავება და განხორციელდა ის, რამაც სამწუხაროდ შეიწირა ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. საუბედუროდ, ეს არ არის პირველი მსხვერპლი, რომელიც ამ რეჟიმს ჰყავს. გარემოებებზე როცა ვსაუბრობდი, თუ დააკვირდებით მათ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ სახელდებოდა ის, რომ მის მიმართ ძალა იყო გამოყენებული, თითქოს კიბეზე ფეხი დაუცდა და დაგორდა. შემდეგ გამომრიცხავი ინფორმაციები, რომ თითქოს გულის შეტევით გარდაიცვალა, რაზეც ოჯახის კომენტარიც მოისმინეთ, რომ აბსოლუტურად დაუჯერებელია და არანაირად არ არის სარწმუნო გარემოებები. მით უმეტეს, რომ ექსპერტიზის შესაძლებლობა არ არის. აქ დასკვნების გამოტანა ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია და შეფასებებიც სწორედ აქიდან გამომდინარე გაკეთდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატში ხელი შეუწყოს განხილვებს. მაინტერესებს, რამდენად ელოდებით ამ საკითხზე ცხინვალთან თანამშრომლობას და რეაგირებას გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით? არის ეს მოსალოდნელი?
მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეაგირებენ და მათი მხრიდან არის ჩართულობის სრული მზაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რათა დადგინდეს რეალური გარემოებები და ეს არის გასაკეთებელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამისათვის, მათ შორის იგულისხმება ისეთი ტიპის შეხვედრა, როგორიცაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა. თუმცა ეს არ არის ექსკლუზიური ფორმატი. უკვე გუშინ, დღეს და მიმდინარე რეჟიმში მომავალშიც, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ პასუხებს ამ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ვიდრე არ მოხერხდება დაკავებულების გათავისუფლება, ისევე როგორც ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ამ საკითხებზე ოპერატიულ რეჟიმშიც ვიმუშავებთ და საერთაშორისო ფორმატებში ეს იქნება ძალიან მკაფიოდ დაყენებული, რათა მოხდეს მთელი საერთაშირისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება მათი მხარდაჭერისა და ზეწოლის. იმიტომ რომ, ჩვენ გარდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ტრაგედია მოხდა, ეს უნდა განვიხილოთ უფრო ფართო პროცესის კონტექსტშიც. ყველა მსგავსი ქმედება, ხისტი, დესტრუქციული მოქმედებები, რომელსაც ახლა ადამიანის სიცოცხლე, ყველაზე ღირებული რამ შეეწირა, ეს არის ერთი პროცესის ნაწილი, რომელიც მიმართული გახლავთ იმაზე, რომ დაპირისპირების მუდმივი ფონი, დაძაბულობის მუდმივი ფონი არსებობდეს. ხელი შეეშალოს ადამიანებს შორის კონტაქტს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მზარდია და ასევე როგორც ჩანს, გამიზნულია იმ სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და დღესაც აქვს შედეგები, როგორც გითხარით, ხალხთა შორის კონტაქტების და ურთიერთობების თვალსაზრისით, მომავალშიც ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რითაც ამ ხელოვნური დაშორიშორების პოლიტიკას და მავთულხლართებს ვუპირისპირდებით და ადამიანებზე ვზრუნავთ. როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგაც არის მიმართული შანტაჟის, გარკვეული დაშინების პოლიტიკა, რასაც ბუნებრივია, არ ვაპირებთ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკას ავყვეთ. ჩვენი თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთის მხრივ უმკაცრესი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტზე და მთელი საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება...
მსგავს შემთხვევაზე საუბრისას ყველას გვახსენდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. ჩვენ ვიცით, რომ ინტერპოლის მიერაა ძებნილი რაშიდ კანჯი-ოღლი, მაგრამ დე ფაქტო აფხაზეთი მის გადმოცემაზე მაინც უარს ამბობს. ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მონდომებაც ამ კუთხით. არ ვიცი, რა აკლდება ამ პროცესს, რომ მართლაც მოხდეს კონკრეტულ საქმეებზე დამნაშავე პირების დასჯა? ახლაც თითქმის იგივე ისტორია ვითარდება ჩვენს თვალწინ. სხვათა შორის, ოთხოზორიას საქმეზე თუ არის ახალი დეტალი?
ოთხოზორია თქვენ სწორად გახსენდებათ. ასევე აქ არის (დავით) ბაშარულის საქმეც, სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცის, რომლის სიცოცხლის ხელყოფაც ასევე გაურკვეველ გარემოებაში მოხდა 2014 წელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს კონკრეტული ტრაგედია მთელი პროცესის ნაწილია. პირველი დაბრკოლება ის გახლავთ, რომ 2008 წლიდან ასეთი ღია ფორმით ოკუპაციის მოცემულობაა, როდესაც ჩვენ პირდაპირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, ასევე არ გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებასაც და როდესაც მე რეაგირებაზე ვსაუბრობ, ამასაც ვგულისხმობ, რომ გარდა კონკრეტული ინციდენტებზე რეაგირებისა, აუცილებელია და სწორედ ამიტომ ვაყენებთ დღეს ასეთ მაღალ რეგისტრში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ამოქმედების საჭიროებას ამ ორივე რეგიონში, რომელიც იქნებოდა ის ინსტრუმენტი, რომელიც მეტ გარანტიას მისცემდა ადამიანებს, რომ მეტად უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ. იქ მუდმივად, ყოველდღიურად ილახება ადამიანის უფლებები და სხვათა შორის, ასევე მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველების, არამედ ეთნიკურად ოსების და აფხაზების. ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას, რომ მაგალითად გადმოვიდნენ დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე. თვითონ რუსული სტატისტიკა ადასტურებს ამას, რომ შარშან 3-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს ეფ-ეს-ბეს დანაყოფებმა მცდელობისას, რომ გადმოეკვეთათ საოკუპაციო ხაზი ცხინვალიდან დანარჩენ საქართველოში, ვიდრე პირიქით. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მეტყვეებს...
ეს სტატისტიკა გაზრდილია თუ არა ბოლო თვეების განმავლობაში? სახალხო დამცველი საუბრობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ახალგორში მაგალითად ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა.
გეტყვით სტატისტიკასთან დაკავშირებით. ასეთი დაკავებების მზარდი ტენდენცია, ყოველ შემთხვევაში კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკანონო დაკავებებისა არ იკვეთება, მაგრამ მე სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, ეს არის ტენდენცია, რომელიც საუბედუროდ ნარჩუნდება 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც ეს ხელოვნური დაბრკოლებები ჩნდება, მაგრამ მანამ, ვიდრე არსებობს ერთი ასეთი უკანონო დაკავება და არსებობს ბარიკადები, ეს არ გვაძლევს არანაირ მოდუნების საშუალებას, პირიქით, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ყველა მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებების მექანიზმის ამოქმედებისათვის. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ძალისხმევას და ზეწოლას იმისთვის, რომ ეს გახდეს შესაძლებელი. კონკრეტულად ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს იმისას, რომ პასუხისმგებლობა თავიდან არ იქნას არიდებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ.
ვიდეო