რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ ზედამხედველობის სამსახური
თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგები
ქალაქის იერსახის დამახინჯება, გარევაჭრობა, უნებართვო რეკლამების განთავსება, ქაოტური მშენებლობა - ყველა ამ მიმართულებით მონიტორინგი მკაცრდება. ცვლილებები დედაქალაქის მერიაში შეიმუშავეს და ის პარლამენტს გადაეგზავნება. ცნობილია ისიც, რომ ზედამხედველობის სამსახურმა თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის გამო 500 ობიექტი გააფრთხილა, 272 ობიექტი დააჯარიმა, 120-ს კი მშენებლობის ნებართვა შეუჩერა. ზედამხედველობის სფეროში ამოქმედებულ სიახლეებზე „მაესტროს“ კითხვებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა უპასუხა.
ფოტო: shutterstock.com
პირველ რიგში, სწორედ მშენებლობების საკითხით დავიწყოთ. თქვენ უკვე არაერთი კომპანია დააჯარიმეთ იმ დარღვევების გამო, რომელიც მათ საქმიანობაში გამოვლინდა. როგორია ბოლო დროს გამკაცრებული მონიტორინგის შედეგები, რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი?
თქვენ, ალბათ, გახსოვთ, ერთ-ერთი ის პირველი დავალება, როცა ბატონმა კახიმ მთავრობის სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურს მისცა, რომ გაგვემკაცრებია კონტროლი სამშენებლო მიმართულებით. ჩვენ გავამკაცრეთ კონტროლი და ეს არის 4 თვის შედეგი, რა ციფრებიც დღეს დაანონსდა, რომ გაფრთხილებულია 500-ზე მეტი ობიექტი, 272 დაჯარიმდა და 120 ობიექტს მშენებლობის ნებართვა დროებით შეუჩერდა. ეს არის მუდმივი პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ეს მშენებლობები გაჩერდა, ისინი არ გაგრძელდება. ხარვეზებთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მივდივართ ობიექტზე და ვნახულობთ თუ რა ხარვეზები აქვს მშენებლობის პროცესში ობიექტს, პირველ რიგში ვსწავლობთ უსაფრთხოების ზომებს, რაზეც გავცემთ მითითებას და ვაძლევთ გონივრულ ვადას, ასევე ვნახულობთ პროექტთან შესაბამისობაში თუ როგორ მიდის მშენებლობის პროცესი, ამ შემთხვევაშიც ვაძლევთ მითითებას და გონივრულ ვადას. თუ ამ ვადებში ვერ ჩაეტია კომპანია, ამ შემთხვევაში ხდება მათი დაჯარიმება და ამ შემთხვევაში ხდება შეჩერების დადგენილების გამოტანა. აქიდან გამომდინარე, არის კომპანიები, რომლებმაც გამოასწორეს და არ დასჭირდათ ეს დაჯარიმება და არც შეჩერების დადგენილების გამოტანა. ასევე არიან კომპანიები, რომლებიც დაჯარიმდნენ და დროებით შევაჩერეთ მათი საქმიანობა.
ყველაზე ხშირი დარღვევა პროექტთან შეუსაბამობაა?
პირველი, როდესაც ჩვენ ობიექტზე შევდივართ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უსაფრთხოების ნორმების შესწავლა და რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესის თამდევია სანებართვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობა, ხშირი შემთხვევაა, როცა პროექტთან არის შეუსაბამობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც სირთულესთან იყოს დაკავშირებული. არის ხარვეზები, რომელიც მარტივად კორექტირდება, არის, რომელიც დაჯარიმებას ექვემდებარება. აქიდან გამომდინარე თითო მშენებარე ობიექტს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მას შემდეგ გამოგვაქვს გადაწყვეტილება.
ასევე ამკაცრებთ პოლიტიკას გარევაჭრობის მიმართულებით. აქ რა ცვლილებებია?
გარევაჭრობასთან მიმართებაში გვინდა, რომ გავამკაცროთ. დაახლოებით 1 წელია, რაც გარევაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენ, ზედამხედველობის სამსახური მოქმედებს. დღეს არის დარჩენილი ლოკაციები, სადაც არის გარევაჭრობა და ამ გეგმის შემდეგი მიზანი ის არის, რომ ჩვენ ამ ლოკაციებზეც ავკრძალოთ გარევაჭრობა. ვფიქრობთ, როგორც თანხობრივ წილში გაიზარდოს დაჯარიმებასთან დაკავშირებით თანხა, როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე განმეორებით შეთხვევაში. ასევე, გარევაჭრობას გვინდა რომ ხაზი გავუსვათ და გამოვყოთ ის სუბიექტები, რომლებიც შეძლებენ გარე ვაჭრობას და ახორციელებენ გადასაადგილებელი საშუალებებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება თუ მისაბმელიანი საშუალებებით. აქიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ჯარებიც იყოს სხვა და სხვა.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში ქართული წარწერების განთავსების საკითხს. როგორც ჩანს, ეს თემა მართლაც ბევრს აწუხებს. პარლმენტშიც განიხილებოდა ეს საკითხი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ამბობდა, რომ იამაყებდა ისეთი თბილისით, როდესაც ყველა უცხოელი სწორედ ქართულ ენაზე განთავსებულ წარწერას ნახავდა და ეს იქნებოდა მერიის მართლაც დიდი მიღწევა. აქ რას გეგმავთ? ეს რთული საკითხია, უკვე არსებობს სხვადასხვა ენებზე განთავსებული წარწერები და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, გეთანხმებით და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს ჩვენი სამსახურის თანამშრომლები, როცა ყოველდღიურ რეჟიმში ინსპექტირებას ახორციელებენ, თუ სადმე ნახავენ, რომ ირღვევა რეკლამის შესახებ კანონი და არ არის ქართული წარწერა, აძლევენ გაფრთხილებას, რომ ჩამოხსნან ესა თუ ის ბანერი თუ რეკლამა, რათა წესრიგში მოიყვანონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანოთ. დღეს პროცედურა ისეთია, რომ ჩვენ ასეთი ტიპის დარღვევას როცა ვნახულობთ, მას აქვს თავისი პროცესი, ჯერ ვაფრთხილებთ, შემდეგ დაჯარიმების ოქმია, რომელსაც ვაგზავნით სასამართლოში. ეს პროცედურა ასეა გაწელილია. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, როცა ადგილზე გამოსწორების საშუალება იქნება, გაფრთხილება მიეცემა ნებისმიერ ობიექტს თუ სუბიექტს, მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, რომ გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, რომ ისეთი სანაქციები შევიტანოთ, რომ ადგილზე შევძლოთ დაჯარიმება, ეს იქნება აბრა, რეკლამა, ფასადზე მიმაგრებული გარეწარწერა თუ ასე შემდეგ.
დღეს რამდენია ჯარიმა?
გააჩნია. აბრებზე არის 200-300 ლარიანი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და ჩვენ გვინდა 1000 და 3000 ლარი გავხადოთ ეს ჯარიმები და ადგილზე მოვახერხოთ ამ ჯარიმის გამოწერა.
საბოლოოდ რა არის თქვენი მიზანი, არც ერთი წარწერა არ უნდა იყოს უცხოურ ენაზე? აქით მივდივართ?
არა, საბოლოოდ მიზანი არის სი, რაც „რეკლამის შესახებ კანონში“ არის ჩანაწერი, ის დავიცვათ და იყოს კანონთან შესაბამისობაში. შესაბამისად იქნება უცხო ენაზეც...
თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, დღეს როგორია რეგულაცია?
კიდევ მინდა გავიმეორო, თუ ჩვენ ნებისმიერ ადგილზე ვნახულობთ რეკლამას, ბანერს, მნიშვნელობა არ აქვს რომელს და თუ ის არ შეესაბამება იმ კანონმდებლობას, რომელიც დღეს გვაქვს, მაშინ ვეუბნებით, რომ ეს ხარვეზი გამოასწოროს. დღეს ჩვენ ძალიან ხშირად ვაწყდებით უნებართვო სარეკლამო ბანერებსაც. აქიდან გამომდინარე ჩვენ ამ მიმართულებითაც ვამკაცრებთ საჯარიმო სანქციებს. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ყველამ დავიცვათ კანონი, იყოს ნებართვიანი ბანერი იქნება თუ რეკლამა და იყოს შესაბამისობაში იმ კანონთან, რომელიც გვავალდებულებს როგორ უნდა მოვიქცეთ.
აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიებიც არანაკლებად მონაწილეობენ ქალაქის იერსახის დამახინჯებაში, ვიდრე სხვა დამრღვევები, იმიტომ რომ, ისინი არ ხსნიან იმ პლაკატებს, რომლებსაც არჩევნების წინ აკრავენ. აქ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დააჯარიმებთ პარტიებს?
ჩვენ დღევანდელი კანონმდებლობით ვმოქმედებთ, 59-მდე მისამართი აღმოვაჩინეთ, სადაც არ იყო ჩამოხსნილი პლაკატები. ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ამ მიმართულებითაც გვინდა ცვლილებები შევიტანოთ. როცა არის საარჩევნო პერიოდი და არის გამოყოფილი ადგილები, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის უფლება გააკრას თავიანთი პლაკატები, მაგრამ როდესაც დამთავრდება არჩევნები ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქის იერსახეზე და ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ პლაკატები ჩამოვხსნათ.
ეს ვალდებულება დღეს აქვთ მათ, მაგრამ არ ასრულებენ, არა?
კი ბატონო. 59-დე მისამართია.
მთავარია, რომელ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ ისინი, ვინც არღვევს?
მნიშვნელობა არ აქვს...
„ქართული ოცნებაც“ შეინიშნება? არის ასეთი შემთხვევები?
კი, ბატონო, ამ 59-ში თუ არის ასეთი რამ დაფიქსირებული, საჯარიმო სანქცია გატარდება „ქართულ ოცნებაზეც“.
ვიდეო


