24 მარტი 2018

რას ელის ქართული მხარე ჟენევის მორიგი რაუნდისგან

ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეზე ამ დღეებში მხოლოდ საქართველოში არ საუბრობდნენ. საერთაშორისო თანამეგობრობამ ჟენევაში გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობა მოითხოვა. ყველა ეს დეტალი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუციის სახით მიიღო. რეზოლუციის ინიციატივა საქართველოს ეკუთვნის. გაეროს შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ რეზოლუციას ქართული მხარე უკვე ევროპარლამენტიდან ელის. რამდენიმე დღეში ისევ ჟენევაში კიდევ ერთი შეხვედრა - მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს, სადაც ტატუნაშვილის მკვლელობასთან ერთად განხილვის თემა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება უნდა იყოს. ოკუპაციასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე „ქრონიკის“ კითხვებს ჟენევიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა უპასუხა.
 

დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

თქვენ ახლა ხართ ჟენევაში, სადაც გუშინ ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდა სიტყვიერი მხარდაჭერისა, რაც დაფიქსირებულია ამ რეზოლუციაში, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება თუ არა ეს მხარდაჭერა უფრო ქმედითი გახდეს რუსეთის წინააღმდეგ, რადგანაც ცნობილია, რომ რუსეთის საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს დიდად არ სცემს პატივს?

დიახ, მართლაც გუშინ უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2016 წლის შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა გავხდით, მაქსიმალურად ვიყენებთ მის ფორმატს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით იყოს ადეკვატურად შეფასებული და მას მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. პირველი რეზოლუცია ჩვენ შარშან გავიტანეთ, რომელსაც, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრების მხრიდან და ეს იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველო მუდმივად ყოფილიყო ამ ორგანიზაციის დღის წესრიგში. აქიდან გამომდინარე ჩვენ წელსაც გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ ეს იოლი პროცესი არ არის. ამას წინ უძღვის ძალიან სერიოზული მუშაობა ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება და რეზოლუციის მიღება. მართლაც, გუშინ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა არა მარტო კენჭისყრაში, არამედ იმ მხარდამჭერ განცხადებებში, რომელიც გუშინ გაკეთდა. მათ შორის, რეზოლუციის წარდგენის დროს მე ვრცლად ვისაუბრე იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით. ასევე ჩემი მხრიდან იყო საუბარი მართლაც ძალიან ტრაგიკულ შემთხვევაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე, რომელიც იყო ნაწამები და მე საერთაშორისო თანამეგობრობას ვაცნობე თუ როგორ მოხდა ეს და ასევე ის, რომ 26 დღის განმავლობაში იყო მისი ცხედარი იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ეფექტიანი კონტროლი საოკუპაციო ძალების მხრიდან.

თქვენ აღნიშნეთ, რომ შარშანაც გამოიყენეთ ეს შანსი. ანუ, პირველი რეზოლუცია შარშან მიიღო ამავე საბჭომ, წელსაც გამოიყენეთ ეს შანსი. შეგიძლიათ გვითხრათ ამ ერთი წლის განმავლობაში გარდა ამ ვერბალური მხარდაჭერისა რაიმე ქმედითი მოხდა თუ არა, რომ მაგალითად იმედი გვქონდეს, რომ მორიგი რეზოლუციაც ასევე ეფექტიანი იქნება რუსეთის მიმართ?

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ რეზოლუციაში ორ მნიშვნელოვან მომენტზეა საუბარი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით და ასევე გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული ქართული მოსახლეობის ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მიმართულებით უფლებების შეზღუდვაზე. აღნიშნავს, რომ მათ არა აქვთ წვდომა მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, არ აქვთ წვდომა მიიღონ შესაბამისი ჯანდაცვა. ასევე არის მოწოდება იმ ძალაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუშვას საერთაშორისო თანამეგობრობა, დაუშვას საერთაშორისო მექანიზმების არსებობა ამ ტერიტორიაზე, რათა მოხდეს ადეკვატური შეფასება. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, ძალამ, რომელიც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს, კერძოდ რუსეთის ფედერაციამ, არ მისცა შესაძლებლობა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ამ ტერიტორიებზე ჰქონოდა წვდომა და წელს, კიდევ ერთხელ იყო ეს მოთხოვნა.

წელს რა გვაიმედებს, რომ სიტუაცია შეიცვლება ამ მხრივ? რა გვაძლევს იმედის საფუძველს?   

რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია არის სწორედ ის მექანიზმი და საშუალება, რომ ჩვენ გავზარდოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე. ეს არის ჩვენს ხელთა არსებული ერთადერთი მექანიზმი და ბერკეტი, რომ ეს ზეწოლა იყოს თანმიმდევრული, ეს ზეწოლა იყოს რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა ეს ძალა იძულებული გახდეს გახსნას შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მოახდინოს იქ არსებულ მდგომარეობაზე ადეკვატური რეაგირება და სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება. მიუხედავად იმისა იქნება თუ არა დაშვებული საერთაშორისო თანამეგობრობა, ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ მაინც არსებობს მექანიზმები, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ადეკვატურად იყოს შეფასებული იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. ჩვენ ეს მოვახერხეთ გასულ წელს, ისევე როგორც წელსაც და ამ რეზოლუციით დაევალება ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, რომ წელიწადში ორჯერ ადამიანის უფლებათა საბჭოს მიაწოდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ანგარიში და მოხდეს განხილვა, თუ რა მდგომარეობაა იქ. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ რამდენჯერმე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ მაღალ ფორმატში შევაფასოთ იქ არსებული მდგომარეობა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მისცეს ამას ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და კიდევ ერთხელ გაიზარდოს ზეწოლა იმისთვის, რომ იქ მოხდეს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების დაშვება.

ეს რაც შეეხება რეზოლუციას, მაგრამ ჟენევა ჩვენთვის მხოლოდ ამ მხრივ არ არის საინტერესო. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღეში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი არის დაგეგმილი, რასაც ერთი საინტერესო ინფორმაცია უძღოდა წინ, რომელიც რუსულ მედიაში გახმოვანდა და რამაც ჩვენთან აზრთა სხვადასხვაობა და ვნებათაღელვა გამოიწვია. ალბათ, ხვდებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებაზეა საუბარი. დღეს თქვენმა კოლეგამ პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არავითარ დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგეგმილი არ არის და რომ ეს ზეპირი განცხადება იქნება. თუ ამ დოკუმენტს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ იქნება ხელმოწერილი, რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ დეკლარაციის თანამონაწილე ვიყოთ თუნდაც ზეპირი სახით, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა არ იყოს გარკვეული მიზეზების გამო?

დიახ, მართალს ბრძანებთ, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ძალის გამოუყენებლობის შესახებ მუშაობა ამჟამად არ დაწყებულა. 2012 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო ეს. ძალიან მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არ გამოყენების ვალდებულება. თუნდაც ის შეთანხმება, ის სავარაუდო შეთანხმება, რომელზეც საუბარია, არ ხსნის დღის წესრიგიდან იმას, რომ რუსეთის ფედერაციამაც აიღოს იურიდიულად სავალდებულო ძალის არ გამოყენების ვალდებულება. ძალიან მკაფიოდ მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ისე როგორც დღეს ჩემმა კოლეგამ განაცხადა პარლამენტში შეხვედრებზე, არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. ეს იქნება ერთგვარი ზეპირი დეკლარაცია, თუკი იქნება. მე მგონი, ჩვენ ყოველგვარ სპეკულაციებს უნდა მოვერიდოთ...

ანუ, ასე დადასტურებულად და გადაჭრით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება?

რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ეს პროცესი არ დამთავრებულა. მოგეხსენებათ, რომ ეს დიპლომატიური მოლაპარაკების პროცესია, როგორც მე აღვნიშნე, 2012 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და როდის დამთავრდება, ძნელია ამაზე საუბარი. თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი ამ თვალსაზრისით იყო მიღწეული და შესაძლოა ის შემდეგ რაუნდებზე გაგრძელდეს, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად მისაღები იქნება მონაწილეებისთვის ამ შესაძლო ზეპირ განცხადებაში მიღწეული დებულებები. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუკი ამ ზეპირი დეკლარაციის მიღწევა გახდება შესაძლებელი, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულების იმპლემენტაცია დაიწყოს. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა და სადაც ერთ-ერთი პუნქტში, მე-6 მუხლში არის საუბარი იმაზე, რომ უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია. სწორედ ამ თვალსაზრისით, თუკი შესაძლებელი იქნება ამ ზეპირ დეკლარაციაზე კონსენსუსის მიღწევა, ეს იქნება განხილული ერთგვარ ნაბიჯად, რომელიც შემდგომ შესაძლებლობას მოგვცემს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე მუშაობის დაწყების და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნაზე მოლაპარაკების დაწყების, რა პუნქტის გარეშეც ძალის არ გამოყენებაზე საუბარი ზედმეტია.  

თქვენ საუბრობთ ამის მნიშვნელობაზე, მაგრამ ოპოზიციას აქვს გარკვეული მინიშნება და რჩევა, რატომ არ ღირს თუნდაც ზეპირი შეთანხმება ამ საკითხზე, იმიტომ რომ, ეს რუსეთს კიდევ ერთ მტკიცებას მისცემს, კიდევ ერთ საშუალებას მისცემს, რომ ის არ წარმოადგენდეს კონფლიქტის მხარეს. ამ საშიშროებას თქვენ არ განიხილავთ?

არ განვიხილავ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, ისევე როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეებს, ასევე სხვა მონაწილეებს, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. აქიდან გამომდინარე, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს გვერდით არის საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების და აქიდან გამომდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნების კუთხით არის ერთგვაროვანი, ისევე როგორც, ერთგვაროვანია ამაზე ჩვენი მიდგომა. აქიდან გამომდინარე ეს რუსეთს არ ათავისუფლებს იმისგან, რომ მან აიღოს ძალის არ გამოყენების ვალდებულება.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები