14 აპრილი 2018

ემუქრება თუ არა უმრავლესობას დაშლის საფრთხე

„ქართული ოცნების“ სტრეს-ტესტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დიდი პოლემიკა და აურზაური მთელი კვირის განმავლობაში არ ცხრებოდა. თითქმის ყოველდღე მედია და საზოგადოება თანაგუნდელების მხრიდან ერთმანეთის მიმართ წაყენებულ ახალ-ახალ პრეტენზიებსა და ბრალდებებს ისმენდა. მეტიც, ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარეს კომუნისტური მართვის სტილი თუ სკოლის დირექტორის ტონი დაუწუნა და გაისმა მისი იმპიჩმენტის იდეაც. საქმეში თავად პრემიერის ჩართვაც გახდა საჭირო. ამის მიუხედავად სიტუაცია არ შეცვლილა. საუბარი დაიწყო უმრავლესობაში ბანაკებად დაყოფისა და გასარიცხი დეპუტატების სიის არსებობის შესახებაც. გუნდში დაჯგუფებების არსებობა გამორიცხა პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსავლად პარტიული დისციპლინის პუნქტებად გაწერა მიიჩნია. დეპუტატთა ნაწილს დისციპლინურ რეგულაციებზე საუბარი არ მოსწონს, ნაწილი - რეგულაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ამან პარლამენტში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს. რა ჩაიწერება შიდაპარტიული დისციპლინის ახალ წესებში, რა რეაგირება მოჰყვება წესების დარღვევას და გაირიცხებიან თუ არა კოლეგების კრიტიკის გამო დეპუტატები - უმრავლესობის სხდომის გამართვამდე ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.
 

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი 

თითქმის ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრთა ნაწილი თემის კომენტირებისას აცხადებდა, რომ ეს კრიზისი არ არის. მაშინ რა უნდა დავარქვათ იმ პროცესს, როდესაც ერთი გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს აკრიტიკებენ ასე ღიად და რამდენჯერმე დღის განმავლობაში?

მართლაც ეს არის ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. მე ამ დღეების განმავლობაში ვერ მოვახერხე, რომ საჯაროდ მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერს, ვინაიდან ბატონ კახა კალაძესთან ერთად გახლდით ისრაელში სამსახურეობრივი მივლინებით, მაგრამ დღეს მზად ვარ ყველა კითხვას ვუპასუხო. პირველ რიგში, მინდა გითხრათ თქვენ და საზოგადოებას, რომ უმრავლესობის შიგნით არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხზე არ არსებობს უთანხმოება. ჩვენი გუნდი არის ერთიანი და კონსოლიდირებული ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება საქართველოს, რომელიც ეხება საპარლამენტო ცხოვრებას და რომელიც ეხება ჩვენს პარტიას, „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება ამ კამათს და უთანხმოებას, რომელიც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებამ ნახა ტელეეთერებით, ეს არ უკავშირდება არც ერთ სტრატეგიულ საკითხს, ისევ და ისევ. თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და თქვენ თვითონაც გაიხსენებთ საკითხს, თუ რას უკავშირდება ეს კამათი და უთანხმოება, რომელიც იყო საჯარო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტებას, თუ არ ვცდებით, ხომ? ამის შემდეგ იყო გედევან ფოფხაძის განცხადება, რასაც დომინოს პრინციპით რამდენიმე დეპუტატის გამოხმაურება მოჰყვა და შემდეგ უკვე გაგრძელდა და გაგრძელდა. შეიძლება ეს არ არის სტრატეგიული და საგარეო საკითხებს არ უკავშირდება, მაგრამ ამან ფაქტობრივად გამოიწვია გარკვეული პროცესები უმრავლესობის შიგნით.

დიახ, მე ველოდი თქვენგან ამ პასუხს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ოპოზიციის კვოტით კანდიდატის შეყვანის საკითხი ეს არ არის სტრატეგიული საკითხი ჩვენი გუნდისთვის. ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული მოცემულობა, რომ როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, ოპოზიციას ბორდში აქვს კვოტა. ბორდი და საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მთელი საზოგადოების კუთვნილება, ის ემსახურება მთელ საზოგადოებას და შესაბამისად ამ ბორდში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის ადამიანები არიან წარმოდგენილები. ეს არის მოცემულობა.

კი, ბატონო, მნიშვნელობას დავანებოთ თავი. რა პროცესი მიმდინ არეობს უმრავლესობაში - ეს არის აქ მთავარი.

რაც შეეხება პროცესს, ამაზე პირდაპირ და ძალიან კონკრეტულად გიპასუხებთ, რომ ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი სტრეს ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ, ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ აუცილებლად და გარწმუნებთ, რომ შიდა კონსულტაციები, რომელიც დღეს პარტიაში მიმდინარეობს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება გამოყენებული „ქართული ოცნების“, ჩვენი გუნდის გაძლირებისათვის. მათ შორის პარლამენტში გამოყენებული იქნება ჩვენი მომავალი განვითარებისთვის.

გაძლიერებაში რას გულისხმობთ?

მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იმუშავებს 2020 წლის ოქტომბრამდე და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველა იმ საკითხს, ყველა იმ ამოცანას, რომელიც საზოგადოების წინაშე პირობად გვაქვს აღებული. მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, თუ რა საკითხები იყო განხილული პარლამენტში და რა საკანონმდებლო აქტები მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ ამ წელიწადნახევარში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, სადაც ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც როგორც ნახეთ, ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა, მთელმა საზოგადოებამ სათანადოდ და დადებითად შეაფასა, ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო პაკეტები გარემოსთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებით. ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვა და მომავალშიც ჩვენ კიდევ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. 

ამ ამბიციური გეგმების შესასრულებლად ყველა ერთად იქნებით 2020 წლამდე? ის დეპუტატებიც, რომლებიც მაგალითად კომუნისტურ სტილს ახსენებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში?

ჩემი ამოცანა, ლიდერების, ჩვენი ამოცანა არის გუნდის კონსოლიდაცია, მისი ყველა წევრის შეკავშირება ერთმანეთთან, განსაკუთრებით სტრატეგიული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების  გარშემო და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ასე იყოს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტს დღეს ჰყავს ახალგაზრდა, ძალიან განათლებული, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა და თავისი ქვეყნის ინტერესები აქვს ნომერ პირველ ამოცანად დასახული. ეს დასტურდება მისი საქმიანობით. რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებდა პარლამენტში არჩევამდე, რასაც ის აკეთებს პარლამენტში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ის ყველაფერი საუბრობს მის შესახებ. ამიტომ ახლა, რა თქმა უნდა, დამატებით მე მის დახასიათებას აქ არ შევუდგები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და ჩვენი საპარლამენტო გუნდის ხელმძღვანელის მიმართ პირადად მე მინდა მას სრული მხარდაჭერა თქვენი ეთერითაც გამოვუცხადო.

ეს თქვენი დახასიათება და შეფასებაა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით, მაგრამ მაგალითად დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მოსაზრება არ ემთხვევა თქვენს მოსაზრებას. მე სწორედ იმიტომ ვახსენე კომუნისტური სტილი, რომ ჭიჭინაძეს ეკუთვნის ეს ფრაზა და ის პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით თქვა. თქვენ აცხადებთ, რომ ამბიციური გეგმები გაქვთ 2020 წლამდე ამ გუნდთან ერთად, მაგრამ ასეთი აზრთასხვადასხვაობა არ შეგიქმნით უხერხულობას, რომ ისევ ერთ გუნდად იმუშაოთ?

მე თავს არ ავარიდებ ამ კითხვას. ძალიან სამწუხაროა. რომ საჯარო სივრცეში იყო ასეთი განცხადებები გაკეთებული. ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი გუნდი საერთო ინტერესებს, ნამდვილად არ ემსახურება იმ ამოცანებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამ თემებზე უკვე გვაქვს და მომავალშიც გვექნება შიდა პარტიული კონსულტაციები. ეს არ არის ის საკითხები, რომელსაც საზოგადოება ელოდება ჩვენგან. საზოგადოება ჩვენგან ელოდება ეკონომიკური, დასაქმების, რეგიონული და ქვეყნის უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. სწორედ ეს არის ის თემები, რომელზეც ჩვენ საჯარო საუბარი გვჭირდება. ბუნებრივია, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეს განცხადებები იყო გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ შეფასებებს ირაკლი კობახიძის მიმართ. როგორც გითხარით მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და გუნდი ყველა სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით დღესაც არის ერთიანი.

ამ განცხადებების ფონზე რამდენჯერმე გაჟღერდა დისციპლინასთან დაკავშირებიული პრობლემები. გეთანხმებით, რომ უმჯობესი იქნებოდა პროექტებზე და მომავალ გეგმებზე გვესაუბრა, მაგრამ რადგან ასეთი განცხადებები კეთდება, მათ გვერდს ვერ ავუვლით. რადგანაც დისციპლინაზე გაკეთდა აქცენტი, მაინტერესებს, ეს მხოლოდ დისციპლინური შეუთავსებლობაა გუნდში, თუ იდეოლოგიური? არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ გამოირჩევა პოლიტიკური პლატფორმის პარტიების მრავალფეროვნებით.

რაც შეეხება დისციპლინას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააკეთა საჯარო განცხადებები პარლამენტის ტრიბუნიდან დისციპლინასთან დაკავშირებით და პირველ რიგში ეს უკავშირდებოდა დეპუტატების დასწრებას პლენარულ სხდომებზე, ქვორუმებს, რეგისტრაციას. ასე, რომ დისციპლინაზე ეს საუბარი ისედაც დაწყებული იყო და ეს იცის პარლამენტის თითოეულმა წევრმა. შესაბამისად, საზოგადოება ჩვენ გვიყურებს, საზოგადოება ჩვენ გვიხდის ხელფასს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული დეპუტატი არის სამუშაო პროცესში ჩართული მაშინ, როდესაც მას კანონით ევალება. რაც შეეხება განცხადებებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იდეოლოგიური დაპირისპირება, რაოდენ ეს მიუღებელი შეიძლება იყოს ჩვენი ოპონენტებისთვის, რომლებსაც შესაძლოა უხარიათ კიდეც ამ ტიპის განცხადებები, რომელიც საჯაროდ ისმის უმრავლესობის წევრების მხრიდან, იდეოლოგიური დაპირისპირება პარტიაში დღეს არ არსებობს, სტრატეგიულ საკითხებზე დაპირისპირება არ არსებობს და კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ, როგორც ჟურნალისტი და ვერც სხვა ჟურნალისტები ვერ გაიხსენებთ თუნდაც ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვერცერთ სტრატეგიულ საკითხს მაინც, რომელზეც უმრავლესობის წევრებს უთანხმოება აქვთ. შესაბამისად, მე კონკრეტული მაგალითები შემიძლია ჩამოგითვალოთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეხება, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებს, უმრავლესობას აქვს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია და ეს მომავალშიც ასე იქნება.

ხომ მაგრამ, ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს უმრავლესობის ერთიანობას რა შეუქმნის საფრთხეს, სტრატეგიულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა თუ კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი? უმრავლესობაში პრობლემა ხომ არსებობს და უმრავლესობის ერთიანობას რამდენად არ ემუქრება საფრთხე?

ეს კარგი შეკითხვაა. ჩვენ უკვე წელიწადნახევარია ვმუშაობთ ერთად, ჩვენ მივიღეთ 20-ზე მეტი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტში, ჩვენ გვყავს 116 წევრი უმრავლესობაში, გვყავს 5 პოლიტიკური პარტიის ფრაქცია და გვყავს ადამიანები, ძალიან განსხვავებული სამუშაო გამოცდილებით, ძალიან განსხვავებული წარმატების ისტორიით უკან, როდესაც ისინი მოვიდნენ პარლამენტში. შესაბამისად, ბუნებრივია, თავიდანვე, ნულოვან პირობებშიც ამ ტიპის უმრავლესობის ფუნქციონირება, რა თქმა უნდა არის რთული ამოცანა. თუმცა წელიწადნახევრის საქმიანობამ ჩვენ გვაჩვენა, რომ ეს არის შესაძლებელი ამოცანა. როგორც გითხრათ, ჩვენი ფუნქცია არის გუნდის კონსოლიდაცია, ჩვენი ფუნქცია არის, რომ იყოს თანხმობა სტრატეგიულ საკითხებზე, მაგრამ ამავე დროს იყოს დისკუსია გუნდში.

ნუკრი ქანთარიას ერთი განცხადება მინდა მოგიყვანოთ. მან ვარაუდი გამოთქვა, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული გასარიცხი დეპუტატების სია. როდესაც ასეთი ვარაუდი ჩნდება, ეს სულ ცოტა ნიშნავს იმას, რომ გუნდში ერთგვარი უნდობლობაა თანაგუნდელებს შორის, არა?

ასეთი სია არ არსებობს, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ და რომ არსებობდეს შეურაცხყოფაც კი იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობისთვის.

მაშინ ასეთ განწყობას რა ეშველება?

ასეთი განწყობა შექმნა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საჯარო კომენტარები და პასუხები კოლეგების მიმართ, კოლეგებს შორის, რამაც გააჩინა ეს განცდა, რომ ადამიანების მიმართ, საპარლამენტო უმრავლესობის კონკრეტული წევრების მიმართ არსებობს კონკრეტული საკითხები, რაზეც შიდა პარტიული კონსულტაციები აუცილებელია. პარლამენტის თავმჯდომარემ სხვათა შორის გააკეთა შეფასებები ამ განცხადებებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს არის მიუღებელი,  არის შეცდომა ასეთი განცხადებების გაკეთება საჯაროდ. რა თქმა უნდა, მე გითხრათ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ის საკითხები არ არის, რაზეც საჯარო განცხადებები უნდა კეთდებოდეს უმრავლესობის მხრიდან. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ზუსტად გვესმის საზოგადოება რას ელოდება ჩვენგან.

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი-ო, ეს იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ. რა შემთხვევაში შეიძლება ამოიწუროს ეს რუსურსი? შეიძლება დადგეს სცენარი, რომ ამ დეპუტატების გარეშე აღმოჩნდეს უმრავლესობა?

რესურსი აქვს ყველაფერს ამ ქვეყანაზე. არჩევნები იმიტომ ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, რომ დემოკრატიულ სისტემაში ითვლება, რომ ამ რესურსს და ნდობას სჭირდება განახლება. შესაბამისად, ჩენ რესურსთან დაკავშირებით, ჩვენს მიმართ შეფასებებს საზოგადოება გააკეთებს 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც „ქართული ოცნება“ისევ გამოვა საპარლამენტო არჩევნებში, მანამდე კი ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს - უმრავლესობის შიგნით არსებობს ნამდვილად დიდი რესურსი, ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გუნდი პარლამენტის ისტორიაში, ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ადამიანების, რომელთა უკან დგას დიდი წარმატებები, არა მხოლოდ საჯარო სექტორში, არა მხოლოდ ბიზნესში, არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის.

ის დეპუტატები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ, დარჩებიან თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ 2020 წლამდე? ეს უმრავლესობის მორიგ შეკრებაზე გაირკვევა, რომელსაც ყველა ინტერესით ელოდება?

ეს საკითხი მეც რამდენჯერმე მედიით მოვისმინე, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საჯაროდ მოხდება ამ ადამიანების მიმართ გარკვეული შეფასების გაკეთება. მე მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით ასეთი რამ დაგეგმილი არ არის. ეს საკითხები გადაწყდება შიდა პარტიული კონსულტაციების გზით, ხოლო უმრავლესობის სხდომაზე კონკრეტულად იმაზე გვექნება მსჯელობა არის თუ არა საჭირო მაგალითად უმრავლესობის დებულებაში, ფრაქციების დებულებებში რაიმე ცვლილებების, რაიმე თამაშის წესების დამატება. როგორც გითხარით, ჩვენი ამოცანა, ჩვენი ლიდერების ფუნქცია არის კონსოლიდაცია, თუმცა ის, რომ გუნდის წევრები გუნდის წინააღმდეგ საჯაროდ აკეთებდნენ კრიტიკულ განცხადებებს, თან იმ საკითხებზე, რომელზეც რეალურად მსჯელობა საზოგადოებას არ აინტერესებს, ჩემთვის პირადად, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის, ეს ნამდვილად არ არის დადებითი მოვლენა.

ვიდეო    

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები