15 აპრილი 2018

რა ამუხრუჭებს ქართულ ეკონომიკას

ფინანსთა მინისტრი ბანკების და ახალი რეფორმის შესახებ

ფინანსთა მინისტრმა ბანკებს შეუტია. მამუკა ბახტაძემ საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის დამუხრუჭებაში დაადანაშაულა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ ბანკები ღიად, საჯაროდ გააკრიტიკა. სამინისტრო ისეთი ფინანსური მექანიზმების შემუშავებას აპირებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. საუბარია „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე“, რაც გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. საბანკო სექტორი მინისტრის კრიტიკას არ იღებს, თუმცა ამბობს, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა. ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და საწყის კაპიტალზე წვდომის გაიოლებას დადებითად აფასებენ ექსპერტები. ზუსტად როგორი იქნება ახალი თამაშის წესები, რომელსაც სახელმწიფო და საბანკო სექტორი უნდა დაემორჩილოს, ჯერ უცნობია. „იმედის კვირის“ კითხვებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა.
 

მამუკა ბახტაძე
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო

ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, იყო ინტერპრეტაცია იმ შეფასების, რომელიც თქვენ გააკეთეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიკითხოთ პირდაპირ: მამუკა ბახტაძე ბანკების წინააღმდეგ? ასე უნდა შევაფასოთ თქვენი განცხადება?

მე დავაზუსტებდი და ვიტყოდი, რომ ფინანსთა მინისტრი - ახალი, სამართლიანი თამაშის წესებისთვის. ჩემი აზრით, ეს არის ამ რეფორმის ლაიტმოტივი. ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროთ.

ბუნებრივია, თუმცა თქვენი საუბრიდან გამომდინარე გამოდის, რომ აქამდე თამაშის წესები არ იყო სამართლიანი?

ჩემი აზრით, დიახ, ეს ასეა და ნება მიბოძეთ განვმარტო, თუ რატომ ვფიქრობ ასე. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მთავარი რესურსი და მთავარი სიმდიდრე არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ადამიანები, ჩვენი შემოქმედებითი საზოგადოება, რომელსაც აქვს ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, ეკონომიკურად კონკურენტული იდეები და პროექტები, მაგრამ სხვადასხვა ბარიერების გამო ისინი ვერ ახორციელებენ ამ პროექტების რეალურ რეალიზაციას. თუ ჩვენ შევხედავთ ამას მაკროეკონომიკის გადასახედიდან, რა თქმა უნდ,ა მთავარი ბარიერი ეს გახლავთ სასტარტო ფულის და სასტარტო კაპიტალის მკვეთრი დეფიციტი. შესაბამისად ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოქალაქეს სურს დაიწყოს ბიზნესი და ეს ძირითადად გააკეთოს საკრედიტო რესურსით. იმ მაღალი პროცენტებით, რომელიც ასეთ შემთხვევაში საკრედიტო რესურსს მოჰყვება, ეს ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, ამოცანა სასტარტო კაპიტალის რეფორმის, რომ ფინანსური რეფორმის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად ჩვენ შევქმნათ ისეთი მექანიზმები, და ასეთი ფინანსური მექანიზმების ნაწილი უკვე შექმნილია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი სიცოცხლე მივცეთ ისეთ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან პროექტებს, რომელიც დღეს ვერ ხორციელდება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში არ ხორციელდებოდეს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან თამაშის წესებზე, აქვე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, უპირველეს ყოვლისა ვისზე ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს აუდიტორია სასტარტო კაპიტალის რეფორმის, იმიტომ რომ მის ქვეშ ჩვენ რამდენიმე პროგრამას ვგულისხმობთ. ესენი იქნებიან: ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რეგიონული განვითარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ჩვენი ემიგრანტებიც, ვინაიდან რეალურად ძალიან დიდი ინტელექტის გადინება მოხდა ქვეყნიდან, რომლის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გადასახედიდან, სწორედ  არასამართლიანი თამაშის წესები იყო. ბევრ მათგანს აქვს ძალიან ჯანსაღი პროექტები, კონკურენტუნარიანი პროექტები და ჩვენ უნდა გავაკეთოთ და შევქმნათ ისეთი თამაშის წესები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ ამ პროექტების რეალიზაციას სწორედ საქართველოში თავისი ოჯახებისა და ეროვნული ეკონომიკის საკეთილდღეოდ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო თამაშის წესებზე, მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთი განცხადება, ოღონდ ოპოზიციური ფლანგიდან. თქვენი განცხადების შემდეგ მე ვნახე ტყეში, მწვანეში ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტი, რომელმაც ასევე ისაუბრა უსამართლო თამაშის წესებზე. რა განასხვავებს იმ უსამართლობას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებისაგან?

არ მგონია, რომ ამ ადამიანის განცხადება დიდი ინტერესით სარგებლობდეს მოსახლეობის დიდ ნაწილში, მაგრამ გიპასუხებთ. სხვაობა არის ის, რომ მას სურს ნგრევა, ჩვენ გვსურს შენება და განვითარება. ჩვენ გვსურს ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ისეთი სამართლიანი წესების დადგენა, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავისი ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზაციას. ეს არის სწორედ სხვაობა.

როდესაც თქვენ გამოსვლა გქონდათ, იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ექსპერტებმა და ასევე სპეციალისტებმა შემდეგ ისაუბრეს. მიანიშნეთ დაბალი კონკურენციის არსებობაზე. ალბათ, საინტერესოა ავუხსნათ ჩვენ მაყურებელს, რა იგულისხმება დაბალ კონკურენციაში და თქვენ უნდა გვითხრათ, რეალურად რა გზები არსებობს ამ დაბალი კონკურენციიდან გამოსვლის, თუ ეს პრობლემაა, რომ სახელმწიფო მას გაუმკლავდეს?

დღეს ჩვენი ბიუჯეტის 50% ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიიდან მიღებული შემოსავლებით. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი არის ძალიან მაღალი. საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები ნიშნავს ნაკლებ ეფექტურობას, კონკურენციის დაბალ დონეს, გაზრდილ ხარჯებს და ხშირ შემთხვევაში ეს ნიშნავს ვთქვათ სამეწარმეო სულისკვეთების შემცირებას და დაკნინებას. როდესაც მე ვსაუბრობ ბარიერებზე, დამერწმუნეთ, ამაში მე მხოლოდ კერძო სექტორს არ ვგულისხმობ. ამაში სახელმწიფო სექტორიც შედის. მე ძალიან ბევრს დავდივარ რეგიონებში, იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ და ამ ბარიერების მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არის ის მართლაც მსოფლიოში უპრეცენდენტო რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან. ეს არის ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის გადასახადის 5-ჯერ შემცირება. ყველა მეწარმე, რომლის შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გადაიხდის სიმბოლურ 1%-იან გადასახადს. საგადასახადო სტიმულირების თვალსაზრისით ამაზე მეტად დახმარება მცირე ბიზნესისთვის თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ აქვე მინდა დავამატო შემდეგი გარემოება, რომ დაბალი გადასახადები, გამარტივებული საგადასახადო პროცედურები არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, რომ ჩვენ მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს. აქიდან გამომდინარე, ეს პირობების რომ საკმარისი იყოს, ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასტარტო კაპიტალის რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია.

თქვენი განცხადებიდან ძალიან მალევე საბანკო სექტორის გამოხმაურება მოვისმინეთ. განსაკუთრებით ალბათ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ორ ბანკზე. ერთი, პრინციპში თქვენს მოსაზრებას ბოლომდე დაეთანხმა, მეორეს ჰქონდა პრინციპული განსხვავება. როგორია თქვენი შეფასება იმ განცხადებების შემდეგ, რაც ბანკებისგან საპასუხო რეაქციებისას მოვისმინეთ?

ალბათ, პირველ რიგში უნდა შევაფასოთ, თუ რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. სიღარიბის დამარცხება გადის მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე და წახალისებაზე. შესაბამისად, მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოს მთავრობა გადაუხვევს ამ გზას, რასაც ჰქვია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და სასტარტო კაპიტალის რეფორმის ინიცირება სწორედ ამ ჯგუფისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ინიციატივებმა გარკვეულწილად გამოიწვია საჯარო დისკუსია, მე ვიტყოდი - ჯანსაღი დისკუსია. არსებობს კითხვები, მათ შორის მძაფრი კითხვები და ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. მე ხვალ ფინანსთა სამინისტროში მექნება შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და ბუნებრივია საუბარი იქნება ძალიან საგნობრივი და პრინციპული. აქვე მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ მე სრულად ვიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებაში ჭარბვალიანობის პრობლემაზე. სამწუხაროდ ეს ტენდენცია დაიწყო 2008 წლიდან და მოხდა ისე, რომ ჩვენ ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რეალურად ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს ჭარბვალიანობა მოსახლეობაში, მაგრამ ეს ღონისძიებები თუ არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, კანონი აუცილებლად გამკაცრდება და გამკაცრდება წელსვე. ზოგადად რომ შევხედოთ, საბაზრო ეკონომიკაში ბანკები და საბანკო სისტემა არის მთავარი ენერგიისა და სისხლის მიმცემი მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომ მათ თავის მხრივ განავითარონ რეალური ეკონომიკა და შექმნან დოვლათი. იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება ამ პრიორიტეტების აღრევა და იმის მაგივრად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუანარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტის ავტორი მეწარმეების ინტერესები, ფოკუსირება ხდება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისათვის, სწორედ მაშინ იქმნება სიტუაცია, როდესაც სისტემა არის არა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, არამედ ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი. ეს არის ძალიან მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა იგივე, და საზოგადოებაში ეს განცდაა, ონლაინ და ეგრეთ წოდებული სწრაფი სესხების შემთხვევაში. ჩემი მოსაზრებით, ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ამ გამოწვევას სჭირდება ადეკვატური რეაგირება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ანალოგიურად უყურებს ამ პრობლემას.

ფაქტია, რომ ხვალ ამ მიმართულებით გაგრძელდება შეხვედრაზე საუბარი და ვნახოთ თამაშის ერთიანი წესები რამდენად ეფექტიანი იქნება, თუმცა რეფორმებზე საუბრის პარალელურად უნდა გკითხოთ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე. როდესაც მამუკა ბახტაძეს აქვს მთავრობის წევრების, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი, რომ ეფექტურად განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები, პარლამენტში შიდა დაპირისპირება არ გიქმნით რაიმე დაბრკოლებას?

გულწრფელად ვფიქრობ, რომ ასეთი სახის იაფფასიანი პოლიტიკური ამბები ნამდვილად არ არის ყველაზე საინტერესო მაყურებლისთვის, რომელიც ახლა გვიყურებს. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას და დისკუსიას, ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი და სწორედ ასეთი ტიპის დემოკრატიისკენ მიისწრაფვის ჩვენი საზოგადოება. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით, აქიდან გამომდინარე და მივმართო საქართველოს პარლამენტს. შემდეგ კვირას მინდა მივიდე საქართველოს პარლამენტში, შევხვდე როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციას, კიდევ ერთხელ გავაცნო და იმ ინიციატივების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც უკვე დაანონსებულია, ამავე დროს ვისაუბრო იმ რეფორმებზე, რომლის გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ, მოვისმინო მათგან შეკითხვები, გავცე ამ შეკითხვებს პასუხები და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდება, თუ ვინ არის საქართველოში სიღარიბის დამარცხების და ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების მომხრე, ხოლო ვინ არის ამ ყველაფრის საპირისპიროს მთავარი ლობისტი.

ვიდეო   

სხვა ინტერვიუები