28 აპრილი 2018

რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი

თბილისის მერი პარტიულ რეფორმასა და დედაქალაქის პროექტებზე

ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნდა. ეს კვირის მთავარი თემაა. ამ გადაწყვეტილებამდე კი მმართველ ძალაში მთელი თვის განმავლობაში დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებების სხვადასხვა სერიას ვადევნებდით თვალყურს. ამ დაპირისპირების პროცესში პრემიერ კვირიკაშვილის რამდენიმე მოწოდებაც გაისმა, თუმცა ეს პროცესი არ შეჩერებულა. ითქვა ისიც, რომ დაინიშნებოდა უმრავლესობის სხდომაც, სადაც დისციპლინარულ საკითხებთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტზე იმსჯელებდნენ. საბოლოოდ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება და ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მოვისმინეთ. მმართველმა ძალამ ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ გაძლიერებად შეაფასა. ამას მოჰყვა განმარტება, რომ შეიცვლება პოლიტსაბჭოს სტრუქტურა და წევრთა რაოდენობა. როგორი იქნება მმართველი ძალის მმართველი საბჭო, ჯერჯერობით უცნობია. ისევე როგორც უცნობია, რას ნიშნავს პარტიის რეფორმების ახალი ტალღა. ერთადერთი დადასტურებული პასუხი, რაც მიმდინარე კვირას მოვისმინეთ ისაა, რომ კახა კალაძე გენერალური მდივნის თანამდებობაზე რჩება. თემაზე „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვებს თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უპასუხა.
 

ფოტო: Facebook@kakha kaladze

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე განცხადება ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. თავად ივანიშვილმა 2015 წელს, სხვათა შორის ჩემთან ინტერვიუში, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ რაიმე უბედურება მოხდება. შემდეგ არაერთხელ მოგვისმენია განმარტება, რომ ივანიშვილს არ სურს საჯაროობა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიესალმებოდნენ მის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. თუკი გავითვალისწინებთ ამ ფონს და იმ დეტალებს, რომელიც ჩამოვთვალე, როგორ უნდა გავიგოთ პროცესი, რამაც ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება განაპირობა, როდესაც თქვენ საუბრობთ პარტიის გაძლიერებაზე, მაგრამ თუკი ამ ფონს გადავხედავთ, რატომ უნდა მივიჩნიოთ ის მხოლოდ ამ ფორმულირებით, შეგიძლიათ აგვიხსნათ?

ცოტა შორიდან დავიწყებ. მინდა გავიხსენო როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. მხედველობაში მაქვს 2011 წლის შემოდგომა, როდესაც, მე მგონი, არავის ქვეყანაში იმედი არ ჰქონდა იმის, რომ შესაძლებელი იქნებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლა, შეცვლა მშვიდობიანი გზით და მაშინ გამოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ოჯახი დააყენა საფრთხის წინაშე. მე მგონი ამაზე არავინ არ ვდაობთ. ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო, როგორი მიდგომები იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. შეუძლებელი იყო დაგეფიქსირებინა საჯაროდ განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე მტრად გაცხადებდნენ და ადამიანები ჩურჩულით საუბრობდნენ. მე მგონი ყველას კარგად გვახსოვს. თუმცა ბატონი ბიძინას გამოჩენით, მაშინაც კი იყო ნიჰილიზმი, არავის არ სჯეროდა იმის, რომ ჩვენ შევძლებდით მშვიდობიანი გზით ჩაგვენაცვლებინა ხელისუფლება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით ამ ადამიანის ირგვლივ გავერთიანდით, მოხდა კონსოლიდაცია და ჩვენ მოვახერხეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ჩანაცვლება არჩევნების გზით. თუმცა ეს ადამიანი პირველივე დღეებიდან ამბობდა იმას, რომ ის მოიგებდა არჩევნებს და არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დატოვებდა თანამდებობას. ესეც ყველასათვის გასაკვირი იყო, იმიტომ რომ, ასეთი თანამდებობებიდან ადამიანები თავისი ნებით არ მიდიან. შეიძლება ვერც კი გავიხსენოთ ასეთი მაგალითები, როდესაც თავისი ნებით მიდიან, მაგრამ მან ყველა დაპირება, რაც გასცა არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით და შემდეგ მის წასვლასთან დაკავშირებით, შეასრულა. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, პრემიერმა გააკეთა განცხადება და ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ბატონი ბიძინა ბრუნდება პარტიის თავმჯდომარედ. ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პარტია კიდევ უფრო გავაძლიეროთ, ახალი იმპულსი იქნება ყველა მიმართულებით ქვეყანაში, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ყველა მიმართულებით...

ეს განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ, ამიტომაც მოვყევი პრეისტორია 2015 წელს რა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მანამდეც არაერთხელ უთქვამს რატომ მიდიოდა პოლიტიკიდან. თქვენ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ 4 არჩევნები მოიგეთ. ანუ, თუკი ამაზე საუბრობთ, რომ მას არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს ზოგადად „ქართული ოცნებისთვის“, ივანიშვილის გარეშედაც მიაღწია ხომ „ოცნებამ“ არჩევნებში წარმატებას და ამიტომ გაჩნდა საკითხი, რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში? თქვენ ხაზს უსვამთ, რომ ეს არ არის კრიზისი. თუ კრიზისი არ არის, რა პროცესია, რასაც მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი ვერ გაუმკლავდა პარტიაში?

კი ბატონო. მოდით, შევხედოთ თუნდაც იმ მიღებულ შედეგებს, რაც ქვეყანას აქვს სტაბილურობის თვალსაზრისით, შევხედოთ რა მდგომარეობა აქვს ქვეყანას ეკონომიკურ განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ 2017 წლის მონაცემები და თამამად ვნახოთ, გინდ რეგიონში, გინდ ევროპაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა საქართველო. ასევე სტაბილურობის თვალსაზრისით, როგორც გითხარით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ზოგადად პარტიის როლს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ, წარმატებას მივაღწიეთ და ის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაამკვიდრა, ეს კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და რა თქმა უნდა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ თავისუფლების და დემოკრატიის სტანდარტები. ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ პარტიის როლი ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეუძლებელია წარმატებაზე ჩვენ ვისაუბროთ, თუ მმართველი პარტია არ იქნა ძლიერი.

არ არის დღეს მმართველი პარტია ძლიერი? ანუ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამდე არ იყო ძლიერი?

რა თქმა უნდა, მმართველ პარტია არის ძლიერი, ეს მეტყველებს თუნდაც იმ შედეგებზე, რომელიც ჩვენმა გუნდმა აჩვენა არჩევნებში, ჩვენმა გუნდმა აჩვენა მმართველობის პერიოდში, ის გატარებული რეფორმები, მაგრამ გვინდა უკეთესი. კი, რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის, დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება, მაგრამ, მე მგონი, არავინ არ ვდაობთ იმაზე, რომ არსებობს პრობლემები. შეუძლებელი იქნებოდა ყველაფერი ამ ბოლო წლების განმავლობაში მოგვარებულიყო, რაც ქვეყანაში 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. შესაბამისად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ტემპი, საჭიროა უფრო მეტად გავაძლიეროთ მუშაობა ყველა მიმართულებით, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიმართულებით, ასევე პარტიის როლი და პარტიული მუშაობა. არ უნდა ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ზოგადად, პარტიის კულტურა და პარტიული მუშაობა ქვეყანაში არ არსებობს, მოდით პირდაპირ ვთქვათ და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვექნება ჩვენ სამუშაო.

ამ ყველაფერს გიორგი კვირიკაშვილის რესურსი არ ეყოფოდა და ამიტომ გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება?

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, გიორგი კვირიკაშვილი ასევე არის პრემიერ-მინისტრი, მას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მართავს ქვეყანას. ასევე, რა თქმა უნდა, მე ვარ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი და პირდაპირ ვიტყვი, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, რომ რაღაც 100%-ით გადართული ვიყო პარტიულ მშენებლობაში და პარტიის განვითარებაში.

მაგრამ, თქვენ ხომ მაინც რჩებით გენერალურ მდივნად?

ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინას შემოსვლა, იმიტომ რომ, პარტიის როლი გაძლიერდება ზოგადად მმართველობაში და ეს ნორმალური პროცესია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ძლიერი პარტიები და ეს ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიის განვითარებას.

ამ საუბრიდან გამომდინარე, თქვენი თანაგუნდელების საუბრებიდან გამომდინარეც, თქვენ კატეგორიულად გაურბიხართ ისეთ შეფასებას, რომ პარტიაში შეიძლება იყოს რაღაც კრიზისი. თუმცა ჩვენ ვადევნებდით მთელი თვის განმავლობაში თვალყურს. როგორი დაპირისპირება იყო თქვენს თანაგუნდელებს შორის. კარგით, თქვენ არ აძლევთ ასეთ შეფასებას, რომ პარტიაში სერიოზული პრობლემა და კრიზისია, თავად ივანიშვილი როგორ აფასებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?

მე გამიჭირდება ბატონი ბიძინას მაგივრად პასუხი გაგცეთ. ალბათ, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ყრილობის შემდეგ დაუსვათ კითხვები, რომელიც აქტუალურია საზოგადოებაში.

ყრილობამდე არ აპირებს რაიმე განცხადების გაკეთებას?

მე მგონი, სწორი იქნება თანმიმდევრულად მივყვეთ ყველაფერს. უახლოეს დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭოს შეხვედრა. ამას მოჰყვება პარტიული ყრილობის ჩატარება, სადაც მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა. რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ყოველთვის გახსნილი იყო, ყოველთვის გახსნილია და მზად არის ყველა იმ შეკითხვას უპასუხოს, რომელიც აქტუალური იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნებას სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, თუნდაც იგივე ექსპერტულ წრეებში. გამოითქვა  მოსაზრება, რომ ამ გადაწყვეტილებით უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების ერთმა ფრთამ გაიმარჯვა, მეორე - დამარცხდა. ჰყავს ამ პროცესს გამარჯვებული და დამარცხებული?

ბოლო დღეების განმავლობაში საოცარ განცხადებებს ვისმენთ ექსპერტების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს თავისი ვიწრო პარტიული და სუბიექტური ინტერესები გააჩნიათ და თავისებურად უნდათ დახატონ არსებული სიტუაციები. არანაირი დაპირისპირებული ფრთები არ არსებობს ჩვენს პარტიაში. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, რაც მგონია, ნორმალური პროცესია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთი ადამიანი მართავდა ყველაფერს, ერთ ადამიანზე იყო მორგებული მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ საბედნიეროდ ეს 2012 წელს დავასრულეთ და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა ფრთას ჰქონდეს თავისი მიმართულება. ზუსტად ეს არის დემოკრატიულად ქვეყნის მართვა, თორემ ჩვენ თუ გვინდოდა იმ მდგომარეობაში ვყოფილიყავით, რაშიც 2012 წელს, კარგად გვახსოვს რა პროცესები მიდიოდა ქვეყანაში და რა მდგომარეობა იყო. თვითონ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება გაშლილი იყოს ეს. თუნდაც როდესაც გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა, იყოს მსჯელობა და არ არის-ხოლმე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ის, რომ კონკრეტულ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მე მგონია, ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესები...

ეს მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა არ იყო. ლამის პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზეც იყო საუბარი, ეს პროცესი დავიწყოთო, ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ. მინდა ერთი მაგალითიც მოვიყვანო და შემდეგ მოგცემთ შესაძლებლობას დაასრულო აზრი. იყო მინიშნება, რომ ირაკლი კობახიძესთან დაახლოებული დეპუტატთა წრე მეორე წრეს იგივე უმრავლესობიდან არ აძლევდა ინფორმაციას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ანუ, ისინი რიგ საკითხებზე ინფორმირებულები არ იყვნენ. ასეთი სახის პრობლემებზე თქვენი თანაგუნდელები საუბრობდნენ და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ამ პრობლემებს როგორ მოაგვარებს?

იცით, მე არ ვიცი რა კონკრეტულ საკითხებზეა საუბარი, ვინ ვის არ აყენებდა, თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც  არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის ნორმალური პროცესი. პიროვნული შეურაცხყოფა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი თანაგუნდელებისთვის. რაც შეეხება იმას, როცა საუბარი იყო, რომ თითქოს უმრავლესობა იშლება, სერიოზული პრობლემებია, დაპირისპირებებია, ეს ყველაფერი არის სიცრუე. ვაფიქსირებ, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა ეს  არის ნორმალური პროცესი და ეს ასეც უნდა იყოს. ყველა ერთნაირად ვერ ვიაზროვნებთ და ყველას ერთნაირი შეხედულებები ვერ გვექნება რაღაც საკითხებზე. გუნდში არის მსჯელობა, ხდება შეჯერება, თუმცა უმრავლესობის დაშლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. აქ შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან გავერთიანდით „ქართული ოცნებაში“ იმ პრობლემების ირგვლივ, რომელიც აწუხებდა სრულიად საქართველოს. ამ ყველაფრის ლოკომოტივი, რომელიც თავში ჩაუდგა, იყო ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ქართველ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოვახერხეთ დაგვემარცხებინა ის რეჟიმი, რასაც სრულიად საქართველო ებრძოდა.

როგორ მოხდა ივანიშვილის დაბრუნება პარტიულ საქმიანობაში, ეს იყო თქვენი მხრიდან, კონკრეტულ რომელიმე პირის მხრიდან შეთავაზება თუ მან გამოთქვა სურვილი?

ამაზე დიდი ხანია მიდიოდა საუბარი და არაერთხელ ყოფილა შეთავაზება პრემიერის მხრიდან ბატონი ბიძინას პარტიაში დაბრუნებაზე, თუმცა მისი დათანხმება ვერ ხდებოდა. ბოლოს, როდესაც რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა, ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა ის დაბრუნებულიყო პარტიაში, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე ნამდვილად მიხარია...

ეს მოთხოვნა დაასაბუთეთ სწორედ იმით, რომ პარტიაში არსებობს პრობლემები? ამით დაასაბუთა პრემიერმა ეს მოთხოვნა?

პარტიაში არანაირი პრობლემები არ არსებობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ თქვენ პრობლემებს ეძახით იმას, რომ კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მე ამას პრობლემებს ვერ დავარქმევ. ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ნამდვილად მიხარია ის, რომ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, უფლება აქვთ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, განსხვავებული შეხედულებები. აბა, ჩვენ როგორ გვინდა ქვეყნის განვითარება?! ისევ იმ ფორმატში გვინდა დავბრუნდეთ, როდესაც ერთი ადამიანი აწევდა ხელს და ყველა ამბობდა, რომ ეს სწორია და მივდიოდით ერთი მიმართულებით. ეს გამორიცხული და შეუძლებელია. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდება და ამ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული ქვეყნის განვითარება და მმართველობა.

მეორე ასეთი ვერსიაც არსებობს, რომ მისი დაბრუნება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. განიხილება ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა ამ მიმართულებით?

ამას ვერ დაგიდასტურებთ. ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას, რა თქმა უნდა, მოახდენს, რადგან ეს გადაწყვეტილება ახლა მოხდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი იმპულსის შემომტანი იქნება არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს მისასალმებელია.

პოლიტსაბჭოზეც ვისაუბროთ. გაკეთდა განცხადება, რომ პოლიტსაბჭოს რეფორმირება მოხდება. როგორ, რა მიმართულებით და რა კრიტერიუმებით მოხდება პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება?

პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ეს ყველასთვის ცნობილი იქნება. რაღაც გასაოცარი არაფერი არ არის. მუდმივი არაფერი არ არის. პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია და ჩვეულებრივად, დინამიურად ვითარდება. შესაბამისად, ცვლილებები, რომელიც ხდება, ნორმალური პროცესებია. უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ამის შემდეგ ყრილობის თარიღიც გამოცხადდება და გაიგებს საზოგადოება, როდესაც პარტიის თავმჯდომარის არჩევა მოხდება.

რეფორმების ახალ ტალღაზეც იყო საუბარი და შეიძლება რეფორმების ახალმა ტალღამ პარტიის გარდა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამდეც მიაღწიოს?

რამდენიმე დღის წინაც დამისვეს ეს შეკითხვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გუნდში მსჯელობა რაიმე ცვლილებებზე არ ყოფილა. თუ რაიმე გადაწყვეტილებები იქნება ამ მიმართულებით მიღებული, ესეც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

ჩვენ ცოტა დრო გვრჩება და მინდა ვისარგებლო შემთხვევით. გარდა იმისა, რომ თქვენ პარტიის გენერალური მდივანი ხართ, ხართ ქალაქის მერი, ამიტომ მინდა ქალაქის პრობლემებზე ვისაუბროთ და შევეცდები რამდენიმე საკითხზე მოვისმინო თქვენგან პასუხები. მაგალითად, ავტოფარეხებთან დაკავშირებით თქვენს ინიციატივას რამდენად აქტიური გამოხმაურება მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან და რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას თქვენი დაკვირვებით?

ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან. უკვე კონკრეტულ რაიონებში, კონკრეტულ უბნებში არის შესაძლებელი ავტოფარეხების დანგრევა და იმ კონკრეტულ ადგილებზე მწვანე სივრცეების და სპორტული მოედნების მოწყობა. მე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თუმცა მნიშვნელოვანია ეს სამუშაოები უფრო მასშტაბური გავხადოთ. ყველას კარად გვესმის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე. ჩვენ, თბილისის მერია ძალიან ბევრს ვაკეთებთ, ვმუშაობთ იმისთვის რომ ეს რეალობა შევცვალოთ, მაგრამ საზოგადოების, მოქალაქეების ჩართულობა და თანადგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად ეს ინიციატივა გავაჟღერეთ. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული მაგალითები ავიღოთ, შევიდეთ კონკრეტულ რაიონებში, კონკრეტულ უბნებში და ვნახავთ ეს სიმახინჯეები რამდენ ადგილს იკავებენ. ასევე, ავტოფარეხებადაც კი არ იყენებენ...

არის რამდენიმე კაპიტალური ავტოფარეხი, რომელიც არ გამოიყენება ამ დანიშნულებით, მაგალითად საწყობის მიზნით უყენებენ მოქალაქეები, ამ შემთხვევაშიც ვრცელდება ეს?

ეს არის მოქალაქეების ნებაზე. მე მგონია მოქალაქეების შეგნება არის მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული პროექტის  განხორციელებაში. ჩვენი შეთავაზებაა, რომ დავანგრიოთ ის სიმახინჯეები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ ჩვენი სახსრებით, თბილისის მერია იღებს ყველა ხარჯს თავის თავზე,  იმ კონკრეტულ ადგილებზე გავაშენებთ საუკეთესო ბაღებს, გავაშენებთ საუკეთესო სკვერებს, სპორტულ მოედნებს და ეს ისევ კეთდება მათი შვილებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რომ ამ პატარებს, ამ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მწვანე გარემოში გაატარონ წლები. ჩვენ თუ ვნახავთ სტატისტიკას, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თუ რამდენად საფრთხის შემცველია, ონკოლოგიური დაავადებები, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ეს არის სრული კატასტროფა, თუ ჩვენ ერთად არ დავდექით, არ გავერთიანდით. რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ ყველამ. მესმის, რომ რთულია, ადამიანს აქვს საკუთრებაში რაღაც მოწყობილი და ამაზე უნდა თქვას უარი, მაგრამ მე მჯერა მოქალაქეობრივი შეგნების და იმ არსებული მდგომარეობის გამოსწორებაში მოქალაქეების ჩართულობის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება.

ეკოლოგია ახსენეთ და დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ავტოფარეხების მიმართულებით ეს გეგმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. მაგალითად დავით ნარმანია გვპირდებოდა გამწვანებულ ქალაქს. ამ მიმართულებით ამ ავტოფარეხების ინიციატივის გარდა კიდევ რა იგეგმება ახლო მომავალში?     

აქ სპეციალურად რატომ ვახსენე მოქალაქეების ჩართულობა. ჩვენ, მერია ჩვენს სამუშაოს და გასაკეთებელს, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ და გავაკეთებთ. ჩემი საარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ეს პრობლემა მომდევნო წლების განმავლობაში მოგვეგვარებინა. რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა არის ტრანსპორტი, სერიოზული პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამონაბოლქვი, მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსები და შემთხვევითი არ არის ის, რაც ჩვენ დავაანონსეთ, რომ გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი და შემოვიყვანოთ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსები. ასევე მშენებლობები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ის არსებული სკვერები, რომელიც სარეაბილიტაციოა. ახალი საქალაქო პარკები, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია და მისახედია. ამაზე, რა თქმა უნდა ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ამ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა იმ კონკრეტულ ნაწილში თუ მოქალაქეების მხრიდან იქნება თანადგომა, მოქალაქეების მხრიდან იქნება მხარდაჭერა, ჩვენ ამ ხარჯებს ჩვენ თავზე ავიღებთ და გავაკეთებთ საუკეთესო სკვერებს ისევ მათთვის, საუკეთესო მოედნებს ისევ მათი შვილებისთვის და ჩვენი პატარებისთვის და მგონია, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის და ამ გამოწვევების დაძლევას.

თქვენ მშენებლობები ახსენეთ. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ავიღოთ მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ შეჩერდა მშენებლობები თუ მშენებლობებზე ნებართვების გაცემა? რა ელით იმ მოქალაქეებს, ვისაც მიწის ნაკვეთები სწორედ მშენებლობის მიზნით აქვთ შეძენილი?

მინდა ყველა დავაწყნარო და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ არავის არ ვერჩით, არანაირ მშენებლობებს არ ვაჩერებთ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია სწორად განვითარდეს და არ მოხდეს ქაოტური განაშენიანება. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ 3-4 თვე დასჭირდება. ჩვენ დავდებთ იმ კონკრეტული ტერიტორიების სწორი განაშენიანების გეგმას, რომ მათ შეძლონ სწორად განვითარება. მერწმუნეთ, თუ დღეს მათი ტერიტორიების ფასი პირობითად არის 100 დოლარი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფასი გაორმაგდება და გასამმაგდება და მოხდება ამ ტერიტორიის სწორად განვითარება. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო, როგორ არ უნდა განვითარდეს მშენებლობები. ამის საუკეთესო მაგალითი არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის სრული კატასტროფა. შესაბამისად, ასეთი მშენებლობები რომ არ მივიღოთ ქალაქში, თავისი რეკრეაციული სივრცეებით, რეკრეაციული ზონებით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი ქალაქისთვის და მნიშვნელოვანია მისი სწორად განვითარება.

ვიდეო 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები