ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილ პროკურორთან
პირველი საჯარო პასუხები ბრალდებებზე, გამოძიებასა და ბიზნესზე
ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და იმავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას მხოლოდ 37 დღის განმავლობაში მართავდა და არც მანამდე და არც მერე პრესასთან საჯარო კომუნიკაციის სურვილი არ ჰქონია. 5 წლის შემდეგ, 13 მაისს, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ თქვა, რომ ღამით, კლუბ "ელ-ცენტროში" მას ყოფილი მთავარი პროკურორი და მისი გარემოცვა ფიზიკურად გაუსწორდნენ. მთავარმა აუდიტორმა ივარაუდა, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი სამსახურის დასკვნამ გააღიზიანა, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანია მიწების შეძენისას თბილისის მერიისგან დაუმსახურებელი შეღავათებით სარგებლობდა. ბრალდებებზე, ინციდენტის გამოძიებასა და ბიზნესზე ყოფილ პროკურორს ქეთი ფარცხალაძე ესაუბრა.
ბატონო ოთარ, ვიდეოში პირველად ვინ მოიქნია ხელი?
როგორც ვიდეოში ნახეთ, თქვენც და საზოგადოებამაც, პირველი ხელიც თორდიამ მოიქნია და ბოლოც. მერე შეიძლება ვინმემ ხელი შეუბრუნა, ეგ არ მახსოვს, მაგრამ მე რომ არ ვიყავი, ეგ კარგად მახსოვს.
ვიდრე თორდია მოიქნევდა, მანამდე ვიდეოში ვიღაცის ხელი ჩანს...
არა, ვიღაცამ შეიძლება ხელი მაღლა აიქნია ან თავზე გადაისვა, მაგრამ თორდიასთვის არავის დაურტყამს. შეიძლება ლაპარაკის დროს ვიღაცამ ჯიბეში საათს დაჰხედა, ეს დარტყმა ხომ არ არის. ვფიქრობ, მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ხელია მოქნეული, მოქნევაზე ხელს არ ურტყამენ...
მოგვიყევით, რა მოხდა „ელ–ცენტროსთან“.
არაფერი მომხდარა, ინციდენტი იყო. მთლად ინციდენტიც არ ეთქმის. შეხვედრა, შემთხვევა, შელაპარაკება... თორდია მთვრალ მდგომარეობაში... მერე კამერაზეც ჩანს, რაც მოხდა. შელაპარაკებისას იყო მთვრალი, არც ახსოვს, რა მოხდა. ხომ ნახეთ, კამერაზეც ჩანს.
რამ გამოიწვია შელაპარაკება, რა უთხარით?
მე არაფერი. თორდიას რატომ არ ეკითხებით, თვითონ მან რა მითხრა ასეთი.
ის ამბობს, თითქოს უთხარით, არ აპირებ ცხოვრების გაგრძელებასო?
მსგავსი არაფერი მითქვამს თორდიასთვის. გამაჩერა და არ მომცა გასვლის შესაძლებლობა. არაფერი მომხდარა. თავად იქნევდა ხელებს. დაარტყა ჩემს მეგობარს, მეც მომიქნია, რამდენიმე წამი იყო, განიმუხტა სიტუაცია. მაგის მერე თორდია სამი საათი არაყს სვამდა, თუ სხვა მძიმე სასმელს. მანამდეც მთვრალი იყო.
თქვენი აზრით, თორდია რამ გააღიზიანა?
გააღიზიანა იმან, რომ 2 თვეში ვადა უმთავრდება, როგორც ჟურნალისტებისგან გავიგე. პროვოკატორია. არ უყურებთ, ვინ არის თორდია? თქვენთან მაქვს შეკითხვა, ჟურნალისტებთან. თორდიამ რომ ტყუილი თქვა, თავს დამესხაო, არც მკითხულობდით, თავს დავესხი თუ არა, ისე აცხადებდით ყველა ტელევიზია, ფარცხალაძე თავს დაესხაო. ახლა რატომ არ ეკითხებით თორდიას, რატომ დაესხა ის თავს მოქალაქეს, რომელსაც მოკვლას უპირებდა იარაღით? კუბლაშვილი გადაეფარა, მისი ძმაკაცი, თორემ ისიც რომ მის ჭკუაზე ყოფილიყო, ერთად მოკლავდნენ ალბათ.
რა იცით ამ ვიდეოს შესახებ?
მე არაფერი ვიცი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ის ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, თორდიას და მისნაირებს ნუ უსმენთ...
რაც თქვა იმ კაცმა, რამე სიმართლე გამოდგა? ატრიალეს "თავდასხმა, თავდასხმა“. ახლა გამოდის, რომ მთვრალი თორდია თვითონ დამესხა თავს. სხვაგან დანაშაული ჩაიდინა. ის, რაც ვიდეოში ჩანს, როგორ ემუქრება, აწიოკებს მოქალაქეებს იარაღით... თითებს იშვერს, იმან დამიდო, ამან დამიდო. და როგორ არის? თორდიაზე ყველაფერი შეიძლება და მე ვიღაც მთვრალს რომ დავინახავ, უნდა გავიქცე?
თორდიას მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება?
მაგას საგამოძიებო ორგანოები გადაწყვეტენ, მე არ ვერევი, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდა დაიწყოს? 10 კაცი დამესხა თავსო, მკლავდაო, ათკაცთავდასხმულმა კაცმა კიდე დაიმატა, დათვრა, გადათვრა. მერე კი იცით, რაც მოხდა, არც ახსოვდა თავი-ბოლო. სხვადასხვა ინტერვიუს იძლეოდა. მერე აღმოჩნდა, რომ თვითონ დასხმია ჩემს მეგობარს თავს და დაურტყამს.
"ელ–ცენტროს" ინციდენტზე, ხომ არ აპირებთ თორდიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას?
ჯერ არ გადამიწყვეტია. საგამოძიებო ორგანოები მიხედავენ, რომელთა მიმართ დიდი ნდობაა საზოგადოებაში.
მაინც რაზე საუბრობდით იმ დროს?
არაფერზე. როგორი გაუგებარიც იყო ბრალდება, ისე გაუგებრად ამბობდა რაღაცას. მუსიკა იყო, არ მესმოდა, ვცდილობდი გავლას.
აუდიტის წარმოების პროცესშიც არ გქონიათ კომუნიკაცია?
არა. პირველად გავიგე, თორდიამ როცა დამაბრალა. ჩემთვის ეს ძალიან უინტერესოა, ვინმეს რომ ეთქვა არ მოვუსმენდი. რაც არ ხდება, ის არის უინტერესო. სხვა ბევრი საქმით ვარ დაკავებული.
რა შეგიძლიათ თქვათ იმაზე, რაც აუდიტის შუალედურ ანგარიშშია გამოქვეყნებული?
იქ არაფერია გამოქვეყნებული, უინტერესოა. არ ჰქვია შუალედური, ესაა თორდიას მოგონილი ჭორი, სისულელეები. „რუსთავი 2“-მაც კი არ გაუშვა თორდიას ანგარიში, ნაციონალების ტელევიზიამ, რომელიც ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს. იმიტომ, რომ იქ არაფერია.
აუდიტის დასკვნის თანახმად, კომპანიამ, რომელსაც ზარალი 2012 წელს მიადგა, რადგან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის გაყვანის მონაკვეთში მოხვდა, ზარალის ანაზღაურება 2 წლის შემდეგ მოითხოვა. თბილისის საკრებულომ ანაზღაურების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო, მაგრამ მერიამ მოლაპარაკების და ზარალის ანაზღაურების პროცესი მხოლოდ 2016 წელს დაიწყო, როდესაც ნაკვეთი კომპანია "როიალ დეველოპმენტმა" იყიდა, რომლის მეწილეებშიც თქვენი გვარი ფიგურირებს და ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ, საბოლოო ჯამში, ზარალი 4 წლის დაგვიანებით და უფრო ძვირად ანაზღაურდა. აუდიტის შეფასებით, 2012 წელს ზარალის მოცულობა 513 346 ლარი იყო, 2016 წლის მდგომარეობით "როიალ დეველოპმენტს" 2 615 100 ლარის ღირებულების მიწები გადაეცა.
ეს მიწა ნაციონალებმა, როგორც აკეთებდნენ ხოლმე, უკითხავად წაართვეს ინვესტორებს. ისე დააგეს გზა, არავისთვის უკითხავთ. შემდეგ ამათ დაბრუნება მოითხოვეს. ესაა ვაკე და აქ არის ნუცუბიძე, ხრიოკია და ამ მიწას თან მოყვება ფიზიკის ინსტიტუტის აშენების ვალდებულება, მაგრამ ამას, რატომღაც, არავინ ამბობს. ფასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. მაშინ მე ამ კომპანიაში არ ვიყავი. მაგ მიწაში იმაზე ბევრად მეტია გადახდილი, ვიდრე ღირდა. გამოძიება დაიწყება, თუ არა და მე მოვითხოვ დაიწყოს. ძალიან კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოებია საქართველოში საბედნიეროდ და გამოძიებამ დააადგინოს. ხომ ამბობდა თორდია, ნათელს მოვფენ ყველაფერს საზოგადოებისთვისო, რას მოჰფინა ნათელი?
2016 წელს თქვენმა კომპანიამ მერიას მომიჯნავე ნაკვეთის შეძენის სურვილით მიმართა. მიწა აუქციონზე გამოიტანეს იმ პირობით, რომ ის უნდა გაერთიანებულიყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. აუდიტის დასკვნაში გამოთქმულია ეჭვი, რომ თქვენ ამ პირობის გამო მიწა უკონკურენტოდ შეიძინეთ. იყო თუ არა ეს სასათბურე პირობა თქვენთვის?
ჩემ გარდა, 4 თუ 5 კომპანია იყო მომიჯნავედ. ყველაზე მაღალ ფასად მოვიგე მე.
აუქციონზე იყო კიდევ ვინმე დარეგისტრირებული?
ასე არ მახსოვს, ფასი შეგიძლიათ ნახოთ.
აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის ფასიც თითქოს საბაზრო ფასის ნახევარია. აუდიტის დოკუმენტის თანახმად, აუქციონზე გასატანი ქონება შეფასებულია შპს „კომპაუდის“ დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ მიწის ღირებულება შენობა-ნაგებობით განსაზღვრულია 274 ლარით, მაშინ როცა მომიჯნავედ არსებული მხოლოდ მიწა ერთი კვადრატული მეტრი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებულია 464 ლარად. ამას როგორ ახსნით?
თქვენ გაქვთ ერთი მხარის ინფორმაცია. ამაზე მერიამ უნდა გაგცეთ პასუხი. მერიის კომპეტენციაში მე ვერ ჩავერევი, მანდ უკანონო არაფერი მომხდარა. მერიაც გაგცემთ აუცილებლად პასუხს.
მერიის მხრიდან თქვენ მიმართ ვერ ხედავთ კეთილგანწყობას, ხელის შეწყობას?
ვერ ვხედავ, პირიქით, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ისე მექცევიან მეც. არანაირი კეთილგანწყობა ჩემ მიმართ არ არის.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კითხვები არსებობს. 2015 წელს მთავრობის დადგენილებით 200 ათას ლარად თქვენს კომპანიას სამგორში 62887 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელიც მოგვიანებით, ოპოზიციის მტკიცებით, გაცილებით ძვირად მიჰყიდეთ საპარტნიორო ფონდს.
ჩემთვის არაფერი გადმოუციათ. ეს არის ებრაული კომპანია, ინვესტორები არიან ებრაელები. ახლაც მიდის მშენებლობა, მე არ ვარ იქ. უნდა აეშენებინათ თვითმფრინავის ნაწილების კომპანია. გადაეცა მას, ვინც უნდა ააშენოს. მე არაფერ შუაში ვარ.
თქვენს კომპანიას არ გადმოეცა? 2015 წლის 25 აგვისტოა.
მე იმ კომპანიაში მქონდა პატარა წილი, საკონტროლო პაკეტიც არ მქონია, სხვები მართავდნენ. გადაცემას მოჰყვა ვალდებულებებიც, უნდა აშენებულიყო ქარხანა. მე გავყიდე ჩემი წილი. გამოვედი ამ კომპანიიდან.
ეს ნაკვეთი ხომ საპარტნიორო ფონდის დაარსებულ კომპანია „ციკლონს“ გადაეცა.
საპარტნიორო ფონდი და ებრაული მხარე მსჯელობდნენ. მე გამოვედი ამ კომპანიიდან. როგორც ჩანს, შემდეგ რაღაც მოხდა და გადაეცა ფონდს. მე არაფერ შუაში ვარ. საკონტროლო პაკეტიც არ მქონდა, არც მართვის უფლება. მე არ ვწყვეტდი, რა მეყიდა, რა გამეყიდა. უბრალოდ, ვიყავი პარტნიორი, ცოტა ხნით... ასე რომ, არაფერი მიყიდია იაფად და გამიყიდია ძვირად. ამას აკეთებდნენ სააკაშვილი და მისი ბანდიტები, ახლა რომ გარეთ არიან. ძველი მერი, უგულავა. ჩვენ მაგას არ ვაკეთებდით.
რა ხარჯი გასწია კომპანიამ? რა უნდა აშენებულიყო?
არ მახსოვს, მე არ ვმართავდი. მაშინ ბატონი ღარიბაშვილი იყო პრემიერი. მთელი მთავრობა დახვდა ინვესტორებს, ებრაული კომპანია „ელბიტის“ პრეზიდენტიც იყო ჩამოსული – ბატონი ბუცი. და ეს პროექტი არ გაჩერებულა. გრძელდება და ძალიან კარგი პროექტია. ზემოაღნიშნული კომპანია წინა ხელისუფლების დროს გააძევეს აქედან, რაღაცები ვერ გაიყვეს, ეგეც საყურადღებოა.
კვადრატული მეტრი მიწის ფართობი კომპანიამ დაახლოებით 3 ლარად იმიტომ მიიღო, რომ ვალდებულებები დაეკისრა?
კი, რა თქმა უნდა. ქარხანა უნდა აშენებულიყო, კომპანიას ის ვალდებულებებით გადაეცა. აშენდება. ამ ვალდებულებებით გადაეცა ახალ კომპანიასაც. ტყუილებს რომ ავრცელებენ, იქნებ მიხვიდეთ, კითხვები გაუმეოროთ.
თქვენს ქონებრივ ნაწილსაც რომ შევეხოთ, რომელიც 2015-2016 წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა...
2013 წლის 30 დეკემბერს დავტოვე საჯარო სამსახური და ვარ კერძო ბიზნესში. შეიძლება მქონდეს საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც. ეს საიდუმლოა, ბიზნესი პირადია, არავის საქმე არ არის, რა ქონება მექნება. ნაცმოძრაობამ გაძარცვა ხალხი, რომელმაც დღემდე ვერ მოიშუშა მათი მიყენებული ჭრილობები. ეგენი ძარცვავდნენ ხალხს, მაგათ თავიანთ ქონებას გადახედონ.
ბიზნესწარმატებაზე იქონია თუ არა გავლენა წარსულში თქვენმა პროკურორობამ, კავშირებმა, გავლენებმა?
არა, არა, ბიზნესი ძირითადად უცხოეთში მაქვს, ასე რომ, არანაირი გავლენა არ ჰქონია.
შეგიძლიათ ცოტა მოგვიყვეთ თქვენი ბიზნესის შესახებ?
არ, არა, არაფერი. დავასრულოთ.
"იმედის კვირა"