21 მაისი 2018

სად და როგორ დაიცავს ქვეითი პატრული ტურისტებს

პოლიციის ახალი კორპუსის საქმიანობის დეტალები

დღეიდან თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითმა ქვედანაყოფებმა დაიწყეს პატრულირება. პირველი სამუშაო დღის დაწყების წინ ქვეით პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. ამ ეტაპზე პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურაა. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა.
 

ქვეთი პატრული
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, რითი განსხვავდება ქვეითი პატრული, ეგრეთ წოდებული ტურისტების პატრული, ჩვეულებრივი საპატრულო სამსახურისგან? რა განსაკუთრებული ფუნქციები აქვთ მათ, რა არის განსხვავებული მათ ქმედებებში და რა განაწესით იმოქმედებენ ისინი თბილისის ქუჩებში? 

პირველი და ყველაზე აშკარა განსხვავება, რაც ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსს აქვს განსხვავებით საპატრულო პოლიციის სხვა დანაყოფებისგან, არის, ბუნებრივია, ქვეითად ანუ ფეხით პატრულირება კონკრეტულად წინასწარ განსაზღვრულ იმ ლოკაციებზე თბილისში, რომელიც დატვირთულია ტურისტული  და გასართობი ინფრასტრუქტურით. რაც შეეხება ფუნქციურ ნაწილს, ანუ ფუნქციებისა და უფლებამოსილებების თვალსაზრისით მათ ფაქტობრივად განსხვავება არ აქვთ. მათ შეუძლიათ, როგორც ტრადიციული საპოლიციო სერვისების მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებისა და ტურისტებისთვის, ასევე მათი ძირითადი სპეციალიზაცია, რატომაც შევქმენით ეს საპოლიციო ინსტრუმენტი არის ის, რომ ისინი ახდენენ ტურისტებზე ორიენტირს და ტურისტებისთვის ქმნიან უსაფრთხო და დაცულ გარემოს. შედიან მათთან ურთიერთობაში, ამყარებენ კომუნიკაციას, აღმოუჩენენ ნებისმიერი სახის დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის ტურისტული მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან და ასე შემდეგ. მათი ძირითადი ამოცანა, რაზეც ისინი ყოველდღიურად მოახდენენ ორიენტირს, წარმოადგენს სწორედ ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად. 

იმისათვის, რომ ტურისტებთან ჰქონდეთ კონტაქტი, არის თუ არა გარკვეული სტანდარტები დაწესებული ქვეითი ტურისტული პატრულისათვის, რომ ამ სამსახურში მოხვდნენ? თუნდაც უცხო ენის ცოდნა და გარკვეული უნარ-ჩვევები?

რა თქმა უნდა, შერჩევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როდესაც ჩვენ ვაკომპლექტებდით ამ სამსახურს, იყო ის, რომ კანდიდატებს უნდა სცოდნოდათ უცხო ენა. რა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭებოდა უფრო მეტი უცხო ენის ფლობას. ბუნებრივია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაციაში შესვლას, მასთან კონტაქტის დამყარებას და ნდობის ხარისხის ამაღლებას, რაც პრინციპში იყო ამ სამსახურის შექმნის ძირითადი მიზანი, სჭირდებოდა გარკვეული პროფესიული გადამზადება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მოახდინა. ამ ქვეითი პატრულის ყველა წარმომადგენელს გავლილი აქვს სპეციალური კომუნიკაციის კურსი, რასაც ისინი აქტიურად გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში. დღევანდელმა დღემ შედეგი უკვე აჩვენა. როგორც მოგეხსენებათ დილიდან ავამოქმედეთ ეს სამსახური და არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც  მათ სხვადასხვა დახმარება აღმოუჩინეს ტურისტებს, იყო რამდენიმე სასიამოვნო ფაქტი, ტურისტებმა მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს, ასევე იყო სამართალდარღვევის შემთხვევები, როდესაც ქვეითმა პატრულმა აღკვეთა ალკოჰოლის მიღება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში, ასევე დააკავეს ცივი იარაღის მქონე პირი. ასეთი შემთხვევაც იყო. ფაქტია, რომ ნახევარი  დღეა გასული და ამ დანაყოფმა შეძლო კონკრეტული შედეგების ჩვენება ჩვენთვის.

გათვალისწინებულია, რომ ქვეითი პატრული იმოძრავებს ტურისტული არეალში. რა გეოგრაფიული საზღვრებით შემოისაზღვრება თბილისში ქვეითი პატრულის სამოქმედო არეალი?

მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მუშაობა წინასწარ მიდიოდა. ამ რეფორმის პირველი ფაზისთვის შეირჩა 10 სხვადასხვა ლოკაცია. ამ ლოკაციათა ფარგლებში მოხდა ჯგუფების გადანაწილება. თქვენ იცით, რომ ტურისტული პატრული შედგება ორკაციანი ინსპექტორების ჯგუფისაგან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ახდენენ ფეხით გადაადგილებას, პატრულირებას. ძირითადად ეს ლოკაციებია: ბამბის რიგი, ეგრეთ წოდებული შარდენის მიმდებარე ტერიტორია, ეს არის აბანოთუბანი, ლეღვთახევი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ევროპის მოედანი. ძირითადად 10 ლოკაციაა, სადაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ტურისტების გადაადგილება და დატვირთულია ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურით.

ეს პროექტი მარტო თბილისისთვისაა გათვალისწინებული, თუ სხვა ქალაქებშიც იმოქმედებს ქვეითი პატრული? საქართველოს არაერთი ქალაქია ტურისტული ზონა და შესაბამისად ტურისტებისათვის მსგავსი სერვისის შეთავაზება, მსგავსი უსაფრთხოების ნორმების შეთავაზება სხვა ქალაქებშიც მოთხოვნადი იქნება.

ბუნებრივია, პირველ ეტაპზე ჩვენ მოვიცავით თბილისის ტერიტორია. ეს პროექტი ახლახანს ჩაეშვა და ბუნებრივია სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სხვადასხვა ეფექტიანობის შეფასებისთვის, ასე ვთქვათ, წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორები. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს. ტურისტული სეზონი აქტიურობის ფაზაში გადადის მხოლოდ მომდევნო თვიდან. პროექტი ასევე ითვალისწინებს იმასაც, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე სხვადასხვა ქალაქებში, პირველ რიგში, ალბათ აჭარაში, ბათუმში, მოხდეს ამ  სახელმწიფო ინსტრუმენტის ამოქმედება.

ითქვა, რომ უკვე არსებულ კონტიგენტს ყოველთვიურად 20 ქვეითი პატრული დაემატება. რამდენი ქვეითი პატრული მოძრაობს ამჟამად თბილისში და საბოლოო ჯამში, როგორ გაიზრდება ეს შემადგენლობა?

დღეისათვის ამოქმედდა 40 პატრულ-ინსპექტორი, ეს არის ორი ცვლა. ისინი ცვლების მიხედვით მუშაობენ. 40 პატრულ-ინსპექტორი ცვლებში, ეს არის მათ სამოქმედო საათებში ქალაქის ტერიტორიაზე 10 ჯგუფის, ანუ, 20 პატრულ-ინსპექტორის მიერ პატრულირება. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ მთლიანად მთელი პროექტისთვის გამოიყოფა 120 პატრულ-ინსპექტორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით განახორციელებს ქვეით პატრულირებას.   

24-საათიანია ამ პატრულის სამუშაო გრაფიკი?

სამუშაო გრაფიკი 24-საათიანი არ არის. ის მოიცავს ტურისტებისათვის ყველაზე აქტიურ დღის მონაკვეთს, ეს არის დღის 12-საათიდან ღამის 2-საათამდე პერიოდს. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ქალაქის ტურისტულ უბნებში მუდმივად შეხვდებით ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლებს.

ვიდეო 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები