21 მაისი 2018

როგორ გააკონტროლებენ შვეიცარიელები რუსეთ-საქართველოს საზღვარს

ინტერვიუ პრემიერმინისტრის წარმომადგენელთან

რა ტიპის ტვირთი გავა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების გავლით რუსეთში, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მალე ექნება. მრავალწლიანი მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შეთანხმებით დასრულდა. საერთაშორისო ტენდერით შერჩეული შვეიცარიული კომპანია სავაჭრო დერეფნებში მონიტორინგს იწყებს. შეთანხმების დეტალებზე „მაესტროს“ შეკითხვებს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უპასუხა.
 

ზემო ლარსი, საქართველო-რუსეთის საზღვარი
ფოტო: shutterstock.com

უპირველესად განვმარტოთ, რა ტიპის ტვირთების მონიტორინგზე ვსაუბრობთ და რა მარშრუტებს გააკონტროლებს სპეციალური მონიტორი?

გავიხსენოთ, რომ ეს ქართულ-რუსული შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს, ამის შემდეგ კარგა ხანს მიმდინარეობდა მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც უნდა გაფორმებულიყო ქართული მხრიდან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც ერთობლივად შეირჩა და რუსეთის მხრიდანაც ანალოგიური კონტრაქტი იმავე კომპანიასთან. ჩვენ გასული წლის ბოლოს გავაფორმეთ ეს კონტრაქტი, თუმცა ადრეც შეგვეძლო გაგვეკეთებინა. გაცილებით ადრე ვიყავით მზად ამისთვის. ახლა, რამდენიმე დღის წინ რუსეთმა გააფორმა ეს კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა შეიძლება უკვე მოსამზადებელი ეტაპიდან გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე. პრინციპში, ამ ახალ ეტაპს ვუახლოვდებით. 3 დღის შემდეგ პრაღაში მე მექნება შეხვედრა ჩემს რუს კოლეგასთან ამ პრაღის დიალოგის ფორმატში. ზოგადად ვისაუბრებთ ამაზე, დეტალებში ვერ ვისაუბრებთ. დეტალებისათვის საჭიროა სპეციალისტების იქ ყოფნა, რომლებიც ჩახედულები არიან ამ საქმეში უფრო საგნობრივად, მაგრამ ჩვენ ზოგადად მიმოვიხილავთ ამას, გავიმეორებთ კიდევ ერთხელ იმ პრინციპულ მიდგომებს, რაც აუცილებელია ამ შეთანხმების განსახორციელებლად და შევეცდებით მოვნიშნოთ რაღაც შემდგომი ნაბიჯები. ასე წარმომიდგენია მე. შეხვედრა 24 მაისს გაიმართება და ამის შემდეგ მოგახსენებთ.

ანუ, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია წინ ამ შეთანხმების საბოლოო აღსრულებამდე?

ასეა ნამდვილად. ეს არის ძალიან არაორდინარული შეთანხმება და არაორდინარული პროექტი. ამის ანალოგი ვერ ვიპოვეთ, რომ სადღაც იყოს, გაეცნო და შეისწავლო, ამიტომ ბუნებრივია, ბევრი კითხვა იქნება და ბევრი ნიუანსი შეიძლება ჯერ კიდევ არც ჩანს. შემდგომ ეტაპზე უნდა შეიქმნას სამმხრივი სამუშაო ჯგუფი - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული. ეს უკვე სპეციალისტების შემადგენლობა იქნება, რომლებიც დროდადრო შეიკრიბებიან შვეიცარიაში და ისინი მონიტორინგს გაუწევენ უკვე პროფესიონალურ დონეზე ამ შეთანხმებისა და ამ პროექტის განხორციელებას.  

სავაჭრო დერეფნები ხომ განსაზღვრულია უკვე ამ შეთანხმების ფარგლებში და რა სავაჭრო დერეფნებსა და მარშრუტებზე გავრცელდება კონტროლი?

ეს დერეფნები ხელშეკრულებით განსაზღვრულია. სამ დერეფანზეა საუბარი. ერთი გადის არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ყაზბეგი-ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. მეორე სავაჭრო კორიდორი გადის ცხინვალის რეგიონზე, მესამე - აფხაზეთზე. ასე რომ, შვეიცარიელი მონიტორები უნდა განთავსდნენ ტერმინალებში, ყოველი სავაჭრო კორიდორის დასაწყისში და ბოლოში, საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთის ტერიტორიაზე. მათ უნდა გაუწიონ მონიტორინგი ტვირთების გადაადგილებას.  

უფრო ზუსტად რომ აღვწეროთ, რა ტიპის ვალდებულებას აკისრებს როგორც ქართულ, ისე რუსულ მხარეს ეს შეთანხმება?

იქ ბევრია, ახლა ამაზე საუბარი გაგვიჭირდება. შეთანხმება საჯაროა. ისეთი ვრცელი დოკუმენტი არ არის. კონტრაქტი გაცილებით უფრო დიდია, იქ უფრო მეტი დეტალია, იქ ყველაფერი განხილულია საკმაოდ ნიუანსურად და ალბათ, გაგვიჭირდება ჩვენ ახლა ასე სატელევიზო საუბრით ყველაფრის აღნიშვნა.

პოლიტიკური თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს ამ შეთანხმებას საქართველოსთვის?

მნიშვნელობა ისაა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია იმ ტვირთების შესახებ, რომელიც გადაადგილდება ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის მიმართულებით. საქართველოდან რუსეთის მიმართულებით რაც გადის, ჩვენ ამის შესახებ, ბუნებრივია, ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს რუსეთის მხარეს და ანალოგიურად, ყველა ის ტვირთი, რაც რუსეთის მხრიდან შემოვა საქართველოს მიმართულებით უნდა გვქონდეს ჩვენც. ეს უნდა მივიღოთ ამ შვეიცარიელი კოლეგების, ამ შვეიცარიული კომპანიის მეშვეობით. ეს არის  მთავარი ფუნქცია, ნებისმიერი ტვირთი, რაც გადაადგილდება, მისი აღრიცხვა უნდა მოხდეს. საუბარია აღრიცხვაზე და არა კონტროლზე.

თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენიმე დღეში თქვენს რუს კოლეგას შეხვდებით პრაღაში და ამ შეთანხმების დეტალებზე ისაუბრებთ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ გრიგორი კარასინის განცხადება ორი ქვეყნის მაღალი რანგის პირთა სავარაუდო შეხვედრის თაობაზე. საინტერესოა ამ მიმართულებით თუ გეგმავთ დისკუსიას თქვენს კოლეგასთან?

არა, ამის შესახებ მე არ მაქვს არც არანაირი დავალება, არც არავის უთხოვია, რომ ეს საკითხი წამოვჭრა იქ. ასე, რომ ამის მანდატი არ მაქვს. ზოგადად, ცნობილია ჩვენი პრინციპული მიდგომა ასეთი მაღალი დონის შეხვედრების თაობაზე, ეს არაერთგზის თქმულა. ალბათ, ჩვენი მაყურებლისთვისაც ცნობილია, რომ ასეთი შეხვედრა მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის რაღაც შედეგებს გამოიღებს ყველაზე რთულ საკითხებზე. მხედველობაში მაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება ასეთი შესაძლო შეხვედრის შედეგად, მაგრამ ვიმეორებ, რომ მე ახლა ამ თემის წამოწევას შეხვედრაზე არ ვაპირებ.

თავად პრეზიდენტის იმ განცხადებას როგორ აღიქვამთ, რომელსაც მოჰყვა კარასინის კომენტარი? მარგველაშვილმა ბრძანა, რომ ისურვებდა ამ ფორმატის შეხვედრას.

მე უკვე მოგახსენეთ ჩვენი პოზიცია. მეც გავაკეთე განცხადება და მხოლოდ განმეორება შემიძლია, თუ როგორ წარმოგვიდგენია ასეთი მაღალი დონის შესაძლო შეხვედრის მიზანშეწონილობა - თუკი შეხვედრა გაიმართება, მან შედეგი უნდა გამოიღოს, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე რთულ საკითხებთან დაკავშირებით. ახალ ასეთი შეხვედრისათვის მზადება არ მიმდინარეობს არსად.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები